Wednesday, April 18, 2012

მალე მოდი, გაზაფხულო!


თითქოს თავზე დაგვაფხრიწეს,
როგორც ქუდი, ცა და მიწა,
მალე მოდი, გაზაფხულო,
გაანელე ცათა რისხვა...

                  *   *    *
სოფელ-სოფელ, ეზო-ეზო,
მოდის, მოდის გაზაფხული,
როგორც მორცხვი პატარძალი,
ვნების ცეცხლით ალანძული...
ალუბლის და ატმის ტოტებს
მხრებით დააქვთ თითქოს ზეცა,
სიყვარულით  გათანგული
კვირტი კვირტთან ლეკურს ცეკვავს...
სიოს მოაქვს სითბო მხრებით,
ალყა-ალყად აყრის მინდვრებს,
მიწას მკერდი გაუღეღავს, -
სალაღობოდ იწვევს ჩიტებს...
ფთილა-ფთილად დასერილ ცას
ცოდვა-მადლის ნისლი ჰბურავს
და სატირლად გამზადებულს
მზე ალერსით სხივებს ურთავს.
ლურჯი ფერით შეღებილა
ცის ღრუბელთა ნაფლეთები,
ჩვენი მიწა  გაპოხილა
სისხლიანი ნაწვეთებით...
მალე მოდი, გაზაფხულო,
ნუ ზოზინებ ურმის თვალით,
კვლავ გვენახოს მომავალში
საქართველო გულმთლიანი!

No comments:

Post a Comment