Saturday, April 28, 2012
ახალ თაობას (ეძღვნება წინა საუკუნის სამოციან წლებში დაბადებულებს)
მოგვიხდა ბრძოლა, ჭიდილი დროსთან,
მას გავუსწარით დარდით, ფიქრებით,
ჩვენი თაობა სულ ნორჩი მოკვდა,
ახალ ცხოვრებას ვერნაღირსები.
გადაიარა ჩვენს ზურგზე მტერმა,
ზოგმა ცეცხლით და ზოგმა თხრილებით,
შიმშილით, ომით, სისხლით დაღლილებს
სხეულზე გვაჩნდა დანის პირები.
გადავიკარგეთ აქეთ და იქით,
სხვა ქვეყნის შვილთა მწედ და მსახურად,
თუმცა მამული გვიხმობდა ფიქრით,
ბედი გვარბევდა მუხანათურად.
სამშობლოშივე ლტოლვილად ქცეულთ
გვიწვევდნენ მხოლოდ შავი მღვიმენი,
ვკვდებოდით დარდით, ვკვდებოდით მალვით,
ვკვდებოდით არყით, ნარკოტიკებით.
პატარა ქვეყნის პატარა შვილებს,
გულით დაგვქონდა დიდი იმედი
რომ საკუთარი ტკივილის ფასად
გადაგვერჩინა ჩვენი შვილები.
ახლა კი როცა, ხანდახან მაინც,
შაოსან დედას ჩახედავთ თვალში
ან გლახას უნდოდ გამოწვდილ ხელზე
"დიდ" მოწყალებად წვრილ ხურდას დაყრით,
იქნებ შეიცნოთ ჩვენი თაობა,
ნაწამები და ნატანჯი მარცხით
და უპასუხოთ კაცურ-კაცურად,
ძეგლის დადგმით და წესების დაცვით!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment