Tuesday, April 17, 2012
არ მიმიღია მეც ზიარება
,,თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასო"
თავაწეული ვდგავარ მე მთაზე,
ქარი მიწეწავს თმას და ტანსაცმელს,
მთა მთას შერთვია, ღელე კი - ღელეს,
მწვერვალი - მწვერვალს, ცაში ანაგებს.
მორბის მდინარე გაშმაგებული,
ქაფმორეული ასკდება ლოდებს,
ვიხსენებ, მახრჩობს დარდი და სევდა,
ეს მოჩვენება კვალდაკვალ მომდევს.
ღვთივკურთხეული ბუნების მქონე
ახლა სადა ვარ და სადა ვგოდებ,
სახლში ჩართული ოთახი ბნელი,
რით ვანაცვალე ჭრელ ველს და კორდებს?
ჩემო სამშობლოვ, ჩემო ლამაზო,
საით გავრბივართ, რა გვეჩქარება?
უღმერთოება, ფულის ტრფიალი,
ნუთუ ეს გვინდა, ეს გვენატრება?!
ქალი ქალს არ ჰგავს, კაცი კი - კაცსა,
ყველა ოქროს კერპს ეთაყვანება,
ცოდვის უფსკრულში გადაჩეხილებს,
არ მიუღიათ მათ ზიარება!
მეც შორს წავედი, გადავიკარგე,
ვწუხვარ, ვნატრულობ და მენანება...
და სხვა წასულთა მსგავსად და დარად
არ მიმიღია მეც ზიარება...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment