ბებია
პატარა რომ ვიყავი, მაქებდნენ, საჭმელს თუ შევჭამდი, ცუდი მჭამელი ვიყავი და საშინლად გამხდარი.
- ინდაურის წონა ხარ, - მეტყოდა ბებია, ძველ რკინის სასწორზე დამაყენებდა, ფქვილს წონიდნენ იმაზე, ასე წონით ჩამიბარებდა ხოლმე სოფელში ჩასულს. იწყებოდა ჩემი გამოკვება. ყოველ დღე წიწილი იკვლებოდა, ეზოში მორბენლებს რომ მოუღებდა ბოლოს, ბებიაჩემი თავშალს მოიხვევდა და ბაზრისკენ დაიძვრებოდა ხოლმე. მოიყვანდა თავდაყირა დაკიდებულ ქათმებს, ფეხებში ხელწაჭერილებს, სიცხისაგან ენაგადმოგდებულებს. შემეცოდებოდნენ. ავყვირდებოდი: - არ დაკლა, ბებია! - ააა... - გავაგრძელებდი კიდეც ტირილს.
- ქათმის ხორცის ჭამა ხომ გიყვარს, - მეტყოდა, ან როგორ დაინდობდა, როცა მე ვყავდი გასასუქებელი.
რაც მართალია, მართალია, მიყვარდა წიწილის ჭამა, ბებია ქათმის ხორცს ხან ნიგოზში ჩამიწყობდა, ხან მაყვლის წვენში... ხან ისე დამიბრაწავდა ტაფაზე. ეს ბოლო კერძი ყველაზე მეტად მიყვარდა. ალბათ ძვირი უჯდებოდა ჩემი იქ ჩასვლა ბებიაჩემს, მაგრამ შვილიშვილის სიყვარულს რა ფული გადაწონიდა.
ახლა გობზე ამოზელილი ეკალა ფხალი და მწვანე ლობიო, ხაჭაპურები, ჩხარის თონის პურები, განსაკუთრებული სურნელი რომ ჰქონდათ, დღესაც არ მიჭამია არსად და არასოდეს ისეთი არც ხაჭაპური და არც პური.
სასექტემბროდ ჩამოვიდოდნენ მშობლები, ისევ ამწონიდა ბებია რკინის სასწორზე, სამი კილო მოიმატაო, ამაყად განაცხადებდა და ასე ჩამაბარებდა ხოლმე მშობლებს.
დაილოცოს ბებიების ხელები, მუდამ მზად რომ არიან შვილიშვილებს რამე სასუსნავი მოუმზადონ, მზად არიან ხელისგულზე ერბოკვერცხი მოიწვან, და ამით თავდადების, სიყვარულის მაგალითი მისცენ და დაუტოვონ მომავალ თაობას.
მაია დიაკონიძე
19.10.2025 წელი
No comments:
Post a Comment