ბებიას ვარდების მურაბა
არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა, ლამაზი არის ან თუ იყო თქვენი ბებია, მე კი ძილის წინ სარკესთან მჯდარი ბებია, დღისით მუდამ თმაშკრული, ხის ჩუქურთმებიან სავარცხელს რომ ამოიღებდა კომოდის უჯრიდან, თმებს გაიშლიდა და ივარცხნიდა, ყოველთვის მზეთუნახავი მეგონა. გრძელი ქერა თმა ჰქონდა, ჭაღარაშერეული, რითაც კიდევ უფრო ზღაპრულად მეჩვენებოდა მისი მოვერცხლისფრო-მოოქროსფრო თმები. ნამდვილად ჯადოქარია ბებიაჩემი, ვფიქრობდი და თვალს არ ვაშორებდი ხოლმე მის თეთრ კანს, სადაც მზე არ ხვდებოდა, თოვლივით უელვარებდა და უბზინავდა. დღისით ნაჯაფარი, ხან ბაღსა და ბოსტანში, ხან ვენახსა და ყანაში, შაბიამნის აპარატს მოიკიდებდა ხოლმე და ვაზის ფოთლებს წამლავდა, ბაბუას რომ არ შეეძლო, სხვა რა გზა იყო, საღამოს დედოფლად გადაიქცეოდა ხოლმე, ვარდის წყლით იბანდა სახეს, სარკეში სახის ნაოჭებს ითვლიდა, მემატება და მემატებაო წლიდან წლამდე - ნაღვლიანად იტყოდა, ჩემთვის კი ის მუდამ ერთნაირად ლამაზი იყო, როგორც ის ვარდები, მის ბაღში რომ ყვაოდა: თეთრი, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი. ვერ ვამჩნევდი მის დაბერებას.
ჩვენი ხის სახლი მუდამ გაჟღენთილი იყო ვარდის მურაბის სურნელით, ჯამებში სამურაბე ვარდების ფურცლები ეყარა, მეც ვეხმარებოდი ვარდების დაფურცვლაში. - გულის წამალიო ვარდის მურაბა, გვეტყოდა შვილიშვილებს, თითო კოვზს ჩამოგვირიგებდა. ყოველთვის სიამოვნებით ვჭამდი.
გუშინ ლახათ-ლუხუმი ვიყიდე. - ვარდის გინდათ თუ რომელიმე ხილისო, - მკითხა გამყიდველმა. - რა თქმა უნდა ვარდის. - ვუპასუხე. მოვიტანე სახლში. ერთი სული მქონდა, როდის გავსინჯავდი. დავაგემოვნე, ბებიას ვარდის მურაბის გემო ვიგრძენი, მთელ ოთახში ბებიას ვარდების სუნი დატრიალდა. ღმერთმა გაახაროს, იმ ლახათ-ლუხუმის გამკეთებელი, დავულოცე ხელები,
- პატიოსანი კაცი ყოფილა.- გავიფიქრე.
მაია დიაკონიძე
20.10.2025 წელი
No comments:
Post a Comment