ავტ. ამირან გოდერძიშვილი
ახლა მე იმ ასაკში ვარ, რომ სიამოვნებით ვიხსენებ ჩემი ცხოვრების ლამაზ ეპიზოდებს, ხიფათიანსაც, თუკი მას მშვიდობიანად განვერიდე.....
ერთი ლამაზი ლექსის ლამაზი ისტორია მინდა მოგიყვეთ, ლექსი, რომელიც ულამაზეს ქალბატონს მივუძღვენი და გავახარე, სამწუხაროდ და ჩემდა სავალალოდ, მისმა მეუღლემაც წაიკითხა და.....
სჯობია, ჯერ ლექსი გაგაცნოთ და თავს დამტყდარ ხიფათებს მერე მოგახსენებთ, აი, ის ბალის კუნწულა ლექსიც:
ბოლომდე შენი ერთგული ვრჩები
(ქალბატონის სახელი საიდუმლოა, რა თქმა უნდა)
ბოლომდე შენი ერთგული ვრჩები,
მაოცებს შენი ხიბლი და კდემა,
ასე მგონია, იყავი ჩემი
და შენი თავი წამართვა დევმა...
ვიცი, მზის სხივებს მოყევი ციდან,
მთვარემ გაჩუქა ფერები სანთლის,
ასეთი
ნაზი,
ასეთი
წმინდა
არ მემეტები დევებისათვის....
....ერთხელაც , ვესტუმრე ამ ქალბატონს სამსახურში, შეხვედრა იყო თავაზიანი და სასიამოვნო, შეჩერდა მისი სამუშაო პროცესი და დაიწყო ულამაზესი ერთსაათიანი ,, პოეზიის ხუთი წუთი" ....
.....გაიხსნა კარი და....მართლა დევივით, მართალი დევი დამადგა თავს....
___აბა, ახლა , შენ ხომ ამირანი ხარ და მე ხომ დევი ვარ, მოდი და დამეჭიდეო,___ აიკაპიწა სახელოები და წამოვიდა ჩემსკენ, თურმე, ლექსი წაუკითხია და გულშიც წყენა ჩაუდვია, თანაც ფაქტზეც წამასწრო, ....რა ვქნა, რა ვუთხრა, რანაირად დავამშვიდო,....
ვცდილობ ხუმრობაში გადავიტანო მისი მუქარა:
___ხომ იცი, ამირანმა დევი დასცა, დააწყებინა ღრიალი- მეთქი, ჭიდაობა გადაიფიქრე-მეთქი,
___ვინც იღრიალებს , ახლა ვნახავთო!!!წამოვიდა და დამადგა თავზე...
სახეზე ფერი აღარ მადევს, ხმაც დავკარგე და სათქმელიც გამომელია, ....
.....ჩემმა უმშვენიერესმა და ულამაზესმა, ჩემი პოეზიის დედოფალმა გადამარჩინა და რას გადამარჩინა,
___რას შვრები, (მიმართა სახელით), შენ ხუმრობ და ამირანს მართალი ჰგონია, ხედავ სახეზე ფერი აღარ აქვს ბიჭსაო, არა გრცხვენიაო, დღეს მთელი დღე მოწყენილი ვიყავი, გამიხარდა ამირანი რომ მოვიდა და სიხარული შემოიტანა ჩემთანაო!!!!
____გაგეხუმრე, ამირან, გაგეხუმრე, მაგრამ ძალიან თამამ ლექსებსაც ნუ დასწერ, ვინმე მართლა არ გააბრაზოო___ დამარიგა ბაყბაყ დევმა და თუ გამგები ვიყავი, უნდა გამეგო, მაგრამ მისი მეუღლის ლამაზი ღიმილების ბადეში გახვეულს ეს დარიგება --- კედელზე ცერცვის შეყრად მომეჩვენა....
გავიდა ნახევარი საუკუნე და ....ის ახალგაზრდული აღმაფრენით დაწერილი ლექსები ქართული პოეზიის საკუთრება გახდა და ის ხიფათიანი ეპიზოდი კი, ახლა უკვე ლამაზი მოგონებაა!!!!!......
________________________
კაფია~კომენტარი
ბატონ ამირანს :
( ფშაურ კილოზე .)
1 . ბიბლიურ ევას
მსგავსებით ,
ირგვლივ მუდამ
გვყავს ,,ევები , "
ქალისთვის
კომპლიმენტის თქმის ,
კაცებს თან
დაგვყვა ჩვევები .
2 . პოეტი კარგ
ქალს თუ აქებს ,
რაღა აქვს
მისატევები ...
თან თუკი
ამირანია ,~
რას დააკლებენ
დევები ? !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
21. 10 . 2025 წელი .
პასუხი:
კაფიას პასუხ სჭირდება,
ვერ დაგირჩები მე მუნჯად,
ნეტავი ჯეელობაში
ბევრი ტრფიალი მემუჭა
დღეს ჩახჩახა მზე, რას ვიზამ,
თუ მეჩვენება მე ლურჯად...
ვერ გაექცევი___ სიბერე
შენც გესტუმრება ელგუჯავ!!!!.....
მაია დიაკონიძის კომენტარი:
,,თუმცა შიში გიჭამიათ,
მაინც წერდით ვისრამიანს."
No comments:
Post a Comment