Sunday, September 29, 2024

სულ შენ გეძებდი! (პატრიოტული)

სულ შენ გეძებდი!

სულ შენ გეძებდი, ჩატეულო
ერთ დიდ ზღაპარში,
ანა-ბანაში, ოქროს ვერძში,
ოქროს საწმისში,
ენკი-ბენკის თუ კოჭობანას
თამაშ-თამაშში...
მეხატებოდი იებსა თუ
მარჯნის აისში.
შენი მადლია, თუკი გული
მიძგერს ქართულად,
თუ კი ვერ ვძღები შენი ლექსის
ხოტბა-ალერსით,
მომეცი ნიჭი - ავედევნო
სიტყვათმარულას,
რომ ბედნიერმა გავირბინო
შენს ტრამალებში.
მაია დიაკონიძე
29.09.2024 წელი




წუთი წუთს სდევს! (სიმღერა)

 წუთს წუთი სდევს, კიდევ წუთი,

ცაში ვუმზერ დაბერებულ ქორს,
რა სილაღით ფრენდა უწინ,
გავუფრთხილდეთ, გავუფრთხილდეთ დროს.

მშიერს მიეც პურის ლუკმა,
ღმერთი მხოლოდ მადლიანებს ცნობს,
იგრძნობ უფლის მზერას უმალ,
გავუფრთხილდეთ, გავუფრთხილდეთ დროს.
მაია დიაკონიძე
28.09. 2024 წელი

Friday, September 27, 2024

,,სკვერული, სატრფიალო ელგუჯა ციგროშვილის და ავთანდილ ჟღერიას კომენტარებით

 ერთხელ სკვერში ვიჯექი და ეს სატრფიალო ჩავწერე, მოჰყვა ექსპრომტები

,,სკვერული"
მინდა რომ შენი მზე ვიყო,
შენი მთვარეც და ვარსკვლავიც,
გაზაფხულიც და ზაფხულიც,
შემოდგომაც და ზამთარიც,
ცის ნამი, წყაროც, მდინარეც, –
ია და იასამანიც,
ოღონდაც ძლიერ გიყვარდე,
ტრფობას არ ჰქონდეს სამანი.
მაია დიაკონიძე
27.09.2024 წელი
ექსპრომტად მაიკოს!
(ფშაურ კილოზე)
უნდა შეგიქო ,,სკვერული " ,
მომწონს და გეტყვი ქებასა,
ითხოვე ჩემგან, რაც გსურდეს,
დავყვები შენსა ნებასა!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი. 27 . 09 . 2021 წელი
,,ჯვართამაღლება "
ექსპრომტი
ყაყაჩოს ველი გაშლილი,
ჩქერიც და ვარდი მცინარე,
კვირტივით აფეთქებული,
ქალავ, ჩემს მკლავზე მძინარე.
ავთანდილ ჟღერია
27.09.2021 წელი

მაგრამ ვაი, რომ შენი გღალატობს!

მაგრამ ვაი, რომ შენი გღალატობს!
რამდენჯერ შევსვით ცრემლები მწარე,
ვებრძოლეთ ველურ მრავალ სხვათა ტომს,
ვუმკლავდებოდით სხვის ცოფს და ავზნეს...
მაგრამ ვაი, რომ შენი გღალატობს!
ბევრჯერ ჩაგვაცვა საწუთრომ თალხი,
წვიმის ცრემლებმა მიწა დაალტო,
ჩაკლეს ჰანგები ჩანგის და არღნის...
ვისიც რომ გვჯერა, ისა გვღალატობს!
მაია დიაკონიძე
25.09.2024 წელი

იქნებ შენს გულში ცეცხლი დავანთო!

იქნებ შენს გულში ცეცხლი დავანთო!
ნაზარდმა შოთას ლაღი შაირით,
იქნებ შენს გულში ცეცხლი დავანთო,
ვაგზავნი ცაში მაგიურ სიტყვას,
დავეხეტები უმისამართოდ.
ღრუბლებში მფრინავს იქნება გესმას,
ამ ჩემი გულის ხმა და ძახილი,
დაე, ჩემს სიტყვას ქუხილი ერქვას,
დიდ ენგურიდან გადმოვარდნილი.
გესმას გრანელის, გალაკტიონის...
იქნება ერთად ცეცხლი დავანთოთ,
ვაგზავნი ცაში მაგიურ სიტყვას,
არ დარჩეს იქნებ უმისამართოდ.
მაია დიაკონიძე
25.09.2024 წელი
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
ყველა რეაქცია:
Sofio Chelidze, Gela Tsigroshvili და 30 სხვა პიროვნება


,,პირველად იყო სიტყვა"

 ,,პირველად იყო სიტყვა"

იესოს სიტყვას ვადიდებ ღვთიურს,
ვცდილობ, ჩემს გულში ცეცხლად დავანთო...
ვაგზავნი ცაში სიტყვებს მაგიურს,
ოთხივე კუთხივ უმისამართოდ.
ყოველთვის ყველგან მყოფს იქნებ გესმას,
ამ ჩემი გულის გამოძახილი,
დაე, ჩემს სიტყვას სიკეთე ერქვას,
ბოროტებისთვის იყოს მახვილი.
უფალო! თავად შენც ხომ სიტყვა ხარ,
სიტყვით განკურნე ყველა სნეული
და დღემდის ჩვენდა იმედად დგახარ,
სიტყვა, — სალოცავ ღმერთად ქცეული.
მაია დიაკონიძე
27.-9.2024 წელი
,,ჯვართამაღლება"

Thursday, September 26, 2024

ჩემო მიწავ!

ჩემო მიწავ!
აბიბინდეს მინდა ისევ ბალახი,
დავუარო ფეხშიშველმა მოლს,
გამახსენდეს ოდინდელი არაკი,
თაგუნაც კი რომ სჭირდება ლომს.
ჩემო მიწავ, მე შენი ვარ მეხოტბე,
ვუმღერ ყველა მინდორსა და კორდს,
აბიბინდეს მინდა ისევ ბალახი,
ფეხშიშველმა დავუარო მოლს.
ვენაცვალე შენს კლდეებს და ქარაფებს,
სადარაჯოდ დღისით-ღამით მდგომს,
ამიხდინე, საოცარი არაკი,
ბაწარს დავღრღნი, თუ დაგჭირდა ლომს.
მაია დიაკონიძე
26. 09.2024 წელი

Tuesday, September 24, 2024

არა მჯერა

 არა მჯერა

არა მჯერა მე ისეთი ზღაპრის,
ყველაფერი რომ მთავრდება ცუდად, -
გედად ვეღარ გადიქცევა ბატი
ერთგულ ძაღლს კი დაამარცხებს ტურა.
არა მჯერა მე ისეთი ზღაპრის,
არ გამოჩნდეს გმირი - ქვეყნის მცველი,
მჯერა მხოლოდ ჯადოსნური ძალის,
ხვითოს თვითონ რომ მოგვართმევს გველი.
მაია დიაკონიძე
18.09.2024 წელი

სალაღობო

 სალაღობო

გოგო მისდევს ლამაზ ყმაწვილს,
როგორც ქარი ყვითელ ფოთოლს,
ბიჭს თუ იქით უნდა სდევდე,
ნეტავ, მაცოდინა, გოგოვ!
არევიათ გზა და კვალი,
ფოთლების ჩანს რია- რია,
გოგოვ, ვისზე გრჩება თვალი,
შემოდგომის ამინდია.
გოგო მისდევს ლამაზ ყმაწვილს,
როგორც ქარი ყვითელ ფოთოლს,
შენ კი არა, ეგა გდევდეს,
რით ვერ გაიგონე, გოგოვ!
მაია დიაკონიძე
18.09. 2024 წელი

მინიმები, რობაიები

 როცა გგონია, რომ ამქვეყნად მორჩი ყველაფერს,

სწორედ იმ წუთში გადაგიჭერს სახრეს საწუთრო,
გეტყვის: - რას წევხარ, ეს გასწავლო რომელ ენაზე, -
ქვა რომ ქვა არის, ისიც ღელავს, ისიც ხმაურობს.
_____________-----------------.
თუ არა ცდილხარ გამხდარიყავ ოდესმე გმირი,
ან მეფე ქველი, ამა ქვეყნის ჭირისუფალი,
არ მოგილოკავს შენ ქოთნისთვის გვერდი და ძირი,
ქაფით გამძღარხარ, არ გჭერია ხელში გუთანი.
მაია დიაკონიძე
17.09.2024 წელი

საით მიდის უსასრულო

 ****

საით მიდის უსასრულო
დრო და მისი რელსები,
ახლა ვხედავ ცხვირპირმტვრევით
ქარაფებზე ვეშვები.
მაგრამ თუ კი ამიტაცებს
ცისკენ დროის არწივი,
სევდა აღარ გამაყოლოთ
ამ ცისა და ამ მიწის.
მაია დიაკონიძე
17.09. 2024 წელი

ჩანახატი, სოფლის ბოლოს რომ სასაფლაოა

ჩანახატი
სოფლის ბოლოზე რომ სასაფლაოა,
ბახულა დარბის, ჩემი ბახულა,
კუდს აქიცნებს, თითქოს მიღიმის,
კრეჭს კბილებს, მხიარულად ყეფს,
ეტყობა, ახსენდება, ერთად რომ დავდიოდით
მდინარის პირას ტირიფებთან,
მიყვარდა ტირიფები, მათ ქვეშ ქვაზე ჯდომა,
მე, ტირიფები და ბახულა წყალში ვიყურებოდით,
ანარეკლს ვუცქერდით, მზეზე მოელვარე თევზის ფარფლს,
თავკომბალებს, ქვის ქვეშ რომ იმალებოდნენ.
სოფლის ბოლოზე რომ სასაფლაოა,
ჩემს და-ძმას ვხედავ,
ერთმანეთისთვის ხელი ჩაუკიდიათ,
თეთრი სამოსი აცვიათ, თოვლივით თეთრი,
თოვლივით სპეტაკი იყო მათი გულებიც,
დიდი გაცისკროვნებული თვალებით მიყურებენ,
ალბათ მოვენატრე, მეც მენატრებიან,
მაგრამ ახლოს ვერ მივდივარ,
შორიდან მიქნევენ ხელებს.
პაპა და ბებიაც იქ არიან,
სოფლის ბოლოზე, სასაფლაოზე,
პაპას თავისი ცხენი მოჰყავს,
ზედ ბებია შეუსვამს,
თავი სიზმარში მგონია,
ან თუ კინოფილმს ვუყურებ.
ჩაიხვია კასეტამ, თუ რაშია საქმე,
ნელ-ნელა ყველაფერი ქრება,
ბებიაც, პაპაც, ჩემი და-ძმაც,
ბახულაც, პაპას ცხენიც
ყველა დანარჩენიც...
მაია დიაკონიძე
17. 09.2024 წელი

მე ბედნიერი ვარ, ესსე

 მე ბედნიერი ვარ!

ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით მინდა ვთქვა, რომ ფულს ბედნიერება არ მოაქვს. ის მარტო თავდაჯერებულობას გვმატებს, თვითკმაყოფილებას, რომ შეგვიძლია, რაც გვინდა ის ვაკეთოთ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობების ფარგლებში. ვიყიდით საუკეთესო სახლს, მანქანას, მაგრამ ვართ კი ბედნიერები?! ამ დროს მეტყევე ღარიბულ ქოხში ბედნიერად გრძნობს თავს, რომ თავის საქმეს აკეთებს. გამოდის დილით თავისი პატარა ქოხიდან, ჩაისუნთქავს სუფთა ჰაერს, შეხედავს ხის ტოტებში აბრჭყვიალებულ მზის სხივებს, ,,ეჰე-ჰეი" გადასძახებს ქვეყნიერებას, ჩაეხუტება იქვე მდგარ მუხას და იტყვის: ,,რა ბედნიერი ვარ!"
მეც ბედნიერი ვარ, ჩემი სამშობლოს მიწაზე რომ მიდგას ფეხი, ყველა კენჭი, ყველა ქვა, ყველა ღელე თუ მდინარე აღფრთოვანებას იწვევს ჩემში. კლდენი, პირქუშად ჩამომზირალნი მიყურებენ და მეუბნებიან, ჩვენიანი ხარო. მეც ბედნიერი ვარ რომ ერთნი ვართ, მეც ხომ მათი ნატეხი ვარ, სულჩამდგარი. მათ ტკივილს ვახმოვანებ, მათ სიხარულს.
მიყვარს ყველა ქართველი, სადაც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს, ჩვენ ხომ ერთი სისხლი გვაქვს.
მიყვარს ქართული ენა, რომელზეც ვლაპარაკობთ. ის ხომ ჩვენს ძარღვებში გამჯდარი ცეცხლი და ღადარია.
ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ!
მე ბედნიერი ვარ, ადამიანებო!

შემოდგომა

 შემოდგომა

სულ ველოდები მეტამორფოზას,
მაგრამ ცხოვრება ავი ძაღლია,
ჰიპერბოლაა თუ მეტაფორა...
ვარსკვლავებიც კი ცაში დაღლილან.
მინავლულია სადღაც მზის ცეცხლიც,
ძირს დაფენილა ოქროს საბადო,
აღარ მესმისო ჭიკჭიკი მერცხლის,
ერთმა ფოთოლმა ჩუმად გამანდო.
მაია დიაკონიძე
20.09.2024 წელი

ეგზოტიკა ველურ ბალახის!

ეგზოტიკა ველურ ბალახის!
საოცარია ეგზოტიკა ველურ ბალახის,
ცისკენ სწრაფვა და ყვავილებთან მისი ღრეობა,
გადაჰხვევს ხელებს, არ რცხვენია თითქოს არაფრის,
დიდი ხანია სიყვარული ენატრებოდა.
არად დაგიდევს არც ცელს, არც თოხს, ამოდის ისევ,
არ აღიარებს მარცვლეულთა კულტურულ პათოსს,
სიცოცხლის წყურვილს თავის შვილებს, შვილიშვილს მისცემს,
ხელაღებული ბრძოლა კაცთან თითქოსდა ართობს.
მიტოვებულ სახლს გადაუვლის თავის ფურცლებით,
რომ დაიფაროს წვიმისაგან, თოვლიგან ღობეც,
და მთელ ეზო-კარს მოედება, როგორც ცუნამი,
თქვენ თუ არ გინდათ, გვეტყვის კაცთა, , ჩემს შვილებს ჰქონდეთ.
მაია დიაკონიძე
24.09.2024 წელი


გაშიშვლებული ერი, ესსე

 ამ ბოლო ხანებში ფეისგვერდებზე მოიმატა გაშიშვლებული გოგონების სურათებმა, ვიდეოებმა. რატომღაც ეჭვი გამიჩნდა, იქნებ მათ ძალით აღებინებენ ამ ფოტოებს და ვიდეოებს და ძალით ადებინებენ?! რა თქმა უნდა, ბევრი თავისი სურვილითაც დებს ალბათ, რომ ყურადღება მიიპყრონ, თავის თავს რეკლამას უკეთებენ. რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ საშიშია შვილების, შვილიშვილების ფოტოების დადებაც. რა იცი, რა დააწერონ და რისთვის გამოიყენონ არამზადებმა, აქ თუ არა, სხვა ქვეყანაშიო. ბოლოს და ბოლოს, ზოგს შეიძლება ფანტაზიაც გაეღვიძოს და რა არ დაწეროს თავისი ველური ვნებების შესახებ. ახალგაზრდა თუ დაწერს, რა უჭირს, მაგრამ ხანშიშესულები რომ წერენ, ცოტა მიკვირს და ამას იწონებენ კიდეც ბევრნი. ამ სფეროში სიფრთხილეა საჭირო. ცუდი მაგალითი არ მივცეთ ახალგაზრდებს. როგორ შეიძლება, ლექტორი შევიდეს ლექციაზე და სხვანაირად შეხედოს ახალგაზრდებს, იგივე თავის შვილებს?! ყველა ასეთი ადამიანის შესახებ ინფორმაცია საჯარო ხდება ადრე თუ გვიან. გალაკტიონობას ნუ დაიჩემებთ, არა მგონია, ამაზე კარგად ვინმემ რამე დაწეროთ და პატარა გოგოების ფოტოებზე ნერწყვების ყლაპვა, ,,აბა, დამაცადეში" მგელის მიერ კურდღლის შეჭმის დაუკმაყოფილებელ სურვილს მაგონებს:

ცამეტი წლის ხარ!
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!
გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.
ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.
გალაკტიონ ტაბიძე

ბავშვობაში მახსოვს...

ბავშვობაში მახსოვს...
ბავშვობაში მახსოვს ვიყავ ფიფქია
და ერთხელაც შემიფარეს ჯუჯებმა.
ტკბილი სიტყვა თაფლია და იფქლია,
გამიკვალეს გზა თვით მაჯლაჯუნებმა.
შევაგებე ამ ცხოვრებას ღიმილი,
მშვენიერი, - ჩრდილოეთის ციალი,
დავივიწყე ამ სამყაროს ტკივილი,
არც ახლაა ზღაპრებისთვის გვიანი.
მაია დიაკონიძე
23.09.2024 წელი




მინიმა, ბებერ აშიკს!

 ვეღარ მორჩა კაცი არშიყს,

ღიმილს გზავნის მაღრიბ-მაშრიყს.
დრო რას უზამს ბებერ აშიკს,
ღვინოს კვლავ უსინჯავს ჭაშნიკს.
მაია დიაკონიძე
23.09.2024 წელი

მინდა, მუდამ მზეს ვუყურო!

 მინდა, მუდამ მზეს ვუყურო!

მინდა მუდამ მზეს ვუყურო,
არა- შავ-რუხ ღრუბელს,
მაგრამ ვხედავ, შენ უკუნო,
ფართოდ მიშლი უბეს.
გინდა, შენ რომ ჩაგიგორდე,
შენ სიყვარულ მქონდეს,
გულში შენ რომ ამიყოვდე,
მკერდს მიკოცნი ოდეს.
მაგრამ მზეა, რაც მაცოცხლებს,
რაც ჩემს გულში ბუდობს,
ვუღალატო? არასოდეს!
როგორ დავრჩე უფრთოდ?!
მაია დიაკონიძე
16.09.2024 წელი

ანგელოზო!

ანგელოზო!
დაორთქლილა ეს სამყარო
და ჩამოდის წვიმის ცრემლად,
რითი გინდა გაგვახარო, -
შენც სამოსი წვიმის გეცვა.
მოდიოდი დაღვრემილი,
ჩამოყრილი გქონდა ფრთები,
სადღა გაქრა ეგ ღიმილი,
მოგზავნილო დიდი ღმერთის.
ხარდნით ვინღა დაწნას ღობე,
გაუმაგროს ვენახს ძირი,
რომ უყურებ დაცლილ სოფელს,
ცრემლად გვადენ ყველას ტკივილს.
დაორთქლილა ეს სამყარო
და ჩამოდის წვიმის ცრემლად,
რითი გინდა გა გვახარო, -
შენც სამოსი წვიმის გეცვა.
მაია დიაკონიძე
23.09.2024

სხვა რა მინდა ამის მეტი!

 სხვა რა მინდა ამის მეტი!

მრავალს ხელი გავუწოდე,
რომ შეესხათ ჩიტის ფრთები,
მადლს ვიმკიდი აუწონელს,
რა მინდოდა მეც სხვა მეტი.
დაჭრილ შველსაც ვუმკურნალე,
გულის სითბოს ვაცხე წვეთი,
რაშებისთვის ვჭედდი ნალებს,
რა მინდოდა მე სხვა მეტი.
ვზიდე მედგრად მშობლის ტვირთი,
მოვიყენე შვილნი გვერდით,
მამულისთვის ფარად ვზრდიდი,
რა მინდოდა მე სხვა მეტი.
რწმენა უფლის ჩავუნერგე,
იმრავლებენ ასულ-ძეთი,
ვაზი ვზარდე სულ სანერგე,
რა მინდოდა ამის მეტი.
ჩემი სულიც შენთვის მინდა,
შენ, სამშობლოვ, ამას გვედრი,
მოვკვდე, დამაფინე მიწა,
სხვა რა მინდა ამის მეტი.
მაია დიაკონიძე
23.09.2024 წელი