Friday, September 20, 2024

,,21-ე საუკუნის პოეზია", გაგზავნილი მასალა

 ,21-ე საუკუნის პოეზია" წიგნისთვის

ჩემს მიწას ცივა
ჩემს მიწას ცივა, ცივა საფლავს დედის და მამის,
აღარ ისხამსო ხეჭეჭური, აღარც კეხურა,
მეც გამყინვია სიცივისგან ხორცი და ძვალი,
ვერ ვნახე მიწა, ცოტა თბილი, რომ მომეხურა.
------------------------
***
ზოგ კაცს მკერდს უნგრევს ძუძუს კერტები,
ზოგს მტრის შუბი და ზოგსაც ისარი,
ონისემ დათმო ბაღი ედემის,
ჭკუას ჩვენ ნეტავ როდის ვისწავლით?!
________________________________
არ ჩაიმუხლო, ჩემო ძაღლო!
არ ჩაიმუხლო, ჩემო ძაღლო, გამომყევ გვერდზე,
სამშვიდობოზე გასვლა ახლა გვწყურია ძლიერ,
მგლების ხროვაში დარჩენილნი მშველელებს ვეძებთ,
სანამ კი შევძლებთ, დავატეხავთ მგლებს კოჭის ძირებს.
არ ჩაიმუხლო, ჩემო მურა, ვიცი, რომ შეგწევს
მტერთან ბრძოლაც და ერთგულება შენი პატრონის,
ეს კაცებშია რომ ერთგულებს სანთლებით ვეძებთ
და მივტირივართ იმ ძველ გმირებს: ,,ვახ, დრონი, დრონი".
მე ვენაცვალე შენს გულს, შენს შუბლს, შენს ჭკვიან თვალებს,
ახლაც რომ თვალში შემომცქერი, დამიცვა გინდა,
აგერ შორს ვხედავ შენს მეგობარ და ერთგულ ძაღლებს...
ჩვენზე თავდასხმა დაუჯდება მგლის ხროვას ძვირად.
=================
არაგვზე გელი!
არაგვზე გელი კლდის პირას,
გავცქერი მაღლა მუხებს,
წყარო იქ მოდის ცხრაპირა,
ის გაგიმაგრებს მუხლებს.
ჩემამდე ჩამოაღწიო,
ერთად შევცუროთ არაგვს,
შენ ჩემო მთების არწივო,
სიყვარულს გჩუქნი მარადს.
-----------------------
მაგრამ რატომღაც გამწიე გვერდზე!
ხეო, მიყვარდა შენს ჩრდილში ყოფნა,
აშრიალებდი ზურმუხტის ფოთლებს,
შეიფარებდი ზღაპრიდან ყორანს
და მიკითხავდით დანტეს და ბოდლერს.
მახსოვს დილამდე ვრჩებოდი შენთან,
მთვარე თეთრი რძით მივსებდა ჭურჭელს,
საღამურს ღამე მაცმევდა ფერადს,
იქვე, მიწისქვეშ, ეძინათ ჭურებს?!
ტოტებით ვარსკვლავს მიწყვეტდი ციდან
და როგორც ვაშლებს მიწყობდი თეფშზე,
უწინდებურად კვლავ შენთან მინდა,
მაგრამ რატომღაც გამწიე გვერდზე.
-------------------------------------
შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა"
(აკაკი წერეთელს)
ეს რა ხელით შეგქმნა ღმერთმა,
მიწანწკარებ მზისა თვალად,
ყველა ფერი ბრწყინავს ერთად,
შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა".
დამიამებ ყველა ტკივილს,
გიმზერ უკვდავების წყალად,
ძარღვში როგორც სისხლი მივლი,
შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა".
წყურვილს ყვავილს დაუოკებ,
უკვე ხნის ხარ მათუსალას,
ვერ გვიმეტებ სახრიოკედ,
შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა".
---------------------------
ტკივილი
მე აუტანელ სისხლიან ქარს
ვებრძოდი მუდამ,
ნაჭდევებად და ნაკაწრებად
მრჩებოდა გზები,
მიმქონდა ყველას ტკივილები
გულთან და სულთან,
და გავიარე ეს ცხოვრება
ტანჯვით და გვემით.
მე ვერ გამიგეს, ამატებდნენ
ტკივილებს ტკივილს,
ამოიზარდა ჩემს გულშიაც
ყვავილი ქვიშის,
თუ არაფერი არ ყოფილა
ამქვეყნად წმინდა,
მაშ, აღარ მიკვირს, რა ტკივილი
ატირებს ტირიფს.
---------------------------
შორს წასულ შვილს!
ასე შორს რაზედ წასულხარ,
შვილო, ვეღარა გკითხე,
ბალი ზეცამდე ასულა,
ცდება ეზოში კიბე.
შემოიფრინეს მერცხლებმა,
ახლა გაფრინდნენ ერთად,
აქ რომ იხარეს ეკლებმა,
კანზე თუ იგრძენ ჩხვლეტა.
ან ხელი ვინ შეგიხვია,
ან შენს გულს ვინღა წამლობს,
გუშღამ სიზმრები მეხვია,
ცუდი წაიღე, წყალო.
-------------------
როცა ვიღიმი
როცა ვიღიმი, გგონიათ, რომ სულ მეღიმება?!
ხანდახან ყველას გვიკეთია ყალბი ნიღაბი,
ბედისწერის და ამ ცხოვრების მიგრძვნია რყევა
და ვინაც უნდა ამომეცნო, ვეღარ ვიცანი.
ვცდილობ ვიცინო, არ მოვდრიკო ეშმას წინ მუხლი,
ხან ნაცარს მაყრის, ხანაც მაწვდის შხამის ფიალას,
მაგრამ არ მინდა, რომ მამჩნევდეთ სევდას და წუხილს
და როცა ვტირი, ვიშველიებ ღიმილს ნიღაბად.
-------------------------------
სიზმარი
სურვილი მაქვს დავებნიო დედას გულზე
ვარდის კოკრად ანდა ველის ყვავილად,
მოდიოდნენ ზღვა პეპლები ნექტრის სუნზე,
რომ გაფრინდეს ცაში უფრო ადვილად.
მსტუმრებია ამ ღამითო, - თმებს მვარცხნიდა,
ოქროს ღერი დაეყარა მუხლებზე,
მოსულიყვნენ ანგელოზნი ზეკარიდან,
მზრუნველები აქაურთა სულებზე.
სურვილი მაქვს დავებნიო დედას გულზე
ვარდის კოკრად ანდა ველის ყვავილად,
მოდიოდნენ ზღვა პეპლები ნექტრის სუნზე,
რომ გაფრინდეს ცაში უფრო ადვილად.
მაია დიაკონიძე

No comments:

Post a Comment