დილა მშვიდობისა, საქართველო!
მოჩვენებითი მეგობრობა, ანგარებითი ძმაკაცობა, დამალულ სატევარს მაგონებს, ჩამოჰგავს. - ყალბ მეგობართა ნაცვლად, ღამეული სიჩუმე შემომრჩა. რატომ? - იმიტომ, რომ იგი მუნჯია. გულისტკივილით უთქვამს, უბრძანებია გენიოს მწერალს, - ყველაზე ერთგული ძილი და სიკვდილია. არაფერს გპირდებიან, ყველაფერს ასრულებენ...
დიდი ფუფუნება, უფლის წყალობაა ნაღდი, ნამდვილი მეგობარი, რასაც რომ გაფრთხილება სჭირდება.
ანტონიუსმა ეროსს, თავის ერთგულ მსახურს, უბრძანა განეგმირა იგი. ამის ნაცვლად, მან, საკუთარ თავს გამოუტანა მძიმე ვერდიქტი - თავად ეროსმა მოიკლა თავი, ზეადამიანური სიმამაცე-თავგანწირვის მაგალითით ანთებული ანტონიუსი თავად წამოეგო საკუთარ მახვილს.
- სიცოცხლეგანაწამებ ჰერაკლეს, მისივე ნების შესატყვისად, შესაბამისად, მეგობრებმა მოუმზადეს სარეცელი. მწყობრად დაწყობილ ხეთა გროვას ვაჟმა ჰელესმა და მეგობარმა ფილიქტეტემ შეუნთეს ცეცხლი, რითაც ბოლო მოუღეს სასტიკ სატანჯველს. ეს, ბუნებრივია, უმძიმესი ხვედრი გახლდათ ჰერაკლეს მეგობარ ფილიქტეტესთვის, თანაც ამ უკანასკნელმა ვალდებულად სცნო, მეგობრისთვის ამდაგვარი მძიმე ნაბიჯი გადაედგა.
- ჰიპოკრატემ ცნობილ ფილოსოფოსსა და მეგობარ-ემპილოკლეს, თვითმკვლელობის ჩასადენად, რომელიც ასევე აუტანელი ტკივილებისგან იტანჯებოდა, საწამლავის მიცებაზე უარი განუცხადა; თუმც ემპილოკლემ სიცოცხლე მაინც თვითმკვლელობით მოისწრაფა - კლდიდან გადაეშვა უფსკრულს. სწორედ ამის გამო დაწერა ჰიპოკრატემ ცნობილი „ჰიპოკრატის ფიცი“, სადაც მკაცრად ილაშქრებს თვითმკვლელობის წინააღმდეგ და ავადმყოფის ბოლომდე მკურნალობას მოითხოვს.
ძველ რომში მეგობრობა მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეეძლოთ, მონებს შორის მეგობრობა იკრძალებოდა, რამეთუ მათ შორის მეგობრობა შეთქმულებად აღიქმებოდა, იმპერიისთვის საფრთხის შემცველი გახლდათ.
მეგობარი მოვალეა, გზად ჩამორჩენილს დაელოდოს, უდროო დროს ჩაძინებული - გამოაღვიძოს, თუ საჭიროა - შემოუძახოს. მეგობრად ვერ მიიჩნევა, ვინც ბრმად გიკატუნებს თავს, ყველაფერზე გეთანხმება, ამას ხომ საკუთარი ჩრდილიც შესანიშნავად ახერხებს! ისე კი, კაცმა რომ თქვას, დიდსულოვნად, მეგობრის პატიებაც უნდა შესძლო, რაც მხოლოდ ერთეულებს ხელეწიფებათ. ჩინგიზ-ხანს მისმა მეგობრებმა ვან ხანმა, ჯამუხამ, ქუჩარაიმ და ალაიხანმა სამ-სამჯერ უღალატეს, მან კი სამ-სამჯერვე აპატია.
ნაღდ მეგობარს ნარ-ეკლით გადავსებული საწუთისოფლო ბილიკები გამოარჩევს ორგულისაგან.
მოერთჯამეთ დაგილოცავთ, მეგობრებო!
ჩვენს მეგობრებს გაუმარჯოს, რომლებიც მზად არიან ჩვენს ფეხზე წამოსაყენებლად, თავად წაიქცნენ!
No comments:
Post a Comment