Monday, December 30, 2019

ალოკილი ქოჩორი (საბავშვო)

ჭრელა ძროხამ ხბო მოიგო ალოკილი ქოჩორით,
მურიკელამ ტყე აიკლო ყეფითა და წკმუტუნით,
უნდა, ყველა გაახაროს, მით უმეტეს შოთიკო,
ალოკილი თმის ღერებით მარტო შოთა არ იყოს.

კაცობრიობა როს უნდება (ერთსტროფიანი)

კაცობრიობა როს უნდება
ღრეჯას და ლიქნვას,
როგორღა უნდა გაიკაფოს
გზა-კვალი ნიჭმა?!

Sunday, December 29, 2019

გამიტყდა სარკე (ერთსტროფიანი)

ერთ დროს, ოდესღაც,
გამიტყდა სარკე,
ჩავიხედე და
ის არ მენახა,
რაც შიგნით ვნახე!

პატივი ეცით ადამიანს! (ერთსტროფიანი)

პატივი ეცით ადამიანს,
ღვთის სისხლის ზიარს,
არც, როგორც სულელს,
არც, როგორც ჭკვიანს,
პატივი ეცით, სანამ არის,
მერეა გვიან!

გმირი (ერთსტროფიანი)

ცილს ვწამებთ ყველას,
თუ კი ვინმე გამოჩნდა გმირი,
როცა მოკვდება, მხოლოდ შემდეგ
ვდარდობთ და ვტირით.

Friday, December 27, 2019

რადგანაც გიყვარს!

რადგანაც გიყვარს, აენთე და გადიქეც ხანძრად,
რადგანაც გიყვარს, აზრი არ აქვს გრძნობების მალვას,
დაე, იცოდეს დედამიწამ, ერთი ხარ მისთვის,
რომ არ არსებობს უკეთესი საქმით და სიტყვით.

Wednesday, December 25, 2019

ალბათ, მორჩება ის წყლულები (ერთსტროფიანი)

სული მომიშთო ზამთარმა და მსუსხავმა ყინვამ,
კვლავ გაზაფხულის მოლოდინში ვტირი და ვგმინავ,
ალბათ, მორჩება ის წყლულები, რომ მწვავს და მტკივა,
უკვდავების წყალს ვიპოვი და მოვარჩენ მტირალს.

Tuesday, December 24, 2019

მანანა (მოთხრობა)


                                                                                                                  
        ლამაზი ქალი იყო მანანა, დიდი მწვანე ვარსკვლავებივით მოციმციმე თვალებითა და ჩამოქნილი ტან-ფეხით, ღიმილიც საოცარი ჰქონდა, სიცილიც, გადამდები და ხალისიანი. ახალგაზრდობაში, არც ახლაა  ბებერი, სოფლის თვალი იყო, სოფლის საუკეთესო ყმაწვილსაც გააყოლეს ცოლად, გამგეობაში მხატვრად მუშაობდა, სამხატვრო სასწავლებელი, მაშინ ნიკოლაძეს რომ ეძახდნენ, ის ჰქონდა დამთავრებული.  აბა, კომუნისტების დროს გამგეობაში მხატვარს რა საქმე უნდა ჰქონოდა, ხანდახან თუ დაავალებდნენ რაიმეს  ღონისძიებებისთვის, ისიც ძირითადად თბილისიდან რომ უნდა ჩამოსულიყვნენ სტუმრები, უფრო იმათ  დასანახავად, ერთ-ორ სიტყვას დააწერინებდნენ პლაკატზე: „გაუმარჯოს კომუნისტურ პარტიას!“,  „დიდება ლენინს!“ ანდა „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდითო!“, ისე, მგონი, არც ისე ცუდი იყო ეს ბოლო ლოზუნგი, პროფკავშირები მაინც მოქმედებდა მუშა ხალხის დამცველად და საკეთილდღეოდ, ასე თუ ისე, ახლა ხომ აღარც პროფკავშირი უქნია ღმერთს და აღარც მშრომელებს იცავს ვინმე, შრომის კოდექსიც კი ფარატინა ქაღალდად უქცევიათ, არა და იმხელა წიგნი იყო იმ ავადსახსენებელი კომუნისტების დროს, ხელში ვერ აიღებდი, აი,  ეგ იყო სულ მაშინ სოფლის გამგეობაში მხატვრის საქმე. ამიტომაც, სამღებრო სამუშაოებს უფრო ხშირად ასრულებდა უფროსების სახლებში, მეტი გემოვნება გაქვს და ფერების დაწყობაც უფრო გეხერხებაო. ფულსაც გვარიანად უწერდნენ ხოლმე, კომუნისტებმა ფულის დანანება არ იცოდნენ, მშრომელ კაცს აფასებდნენ, თუ კი მათ სამსახურში იდგა! შესაბამისად, ანაზღაურებაც კარგი ჰქონდა, ოჯახიც კმაყოფილი ჰყავდა და თვითონაც არ იყო უკმაყოფილო, თუმცა ხანდახან ნაღვლის ჭია შეუძვრებოდა ხოლმე, ხატვა მოენატრებოდა, მაშინ გადმოიღებდა ზეთის საღებავებს, სტუდენტობის დროიდან შემორჩენილს,  და ხატავდა თავისი სოფლის სანახებს, მდინარეს, რომელზეც გაიზარდა, ალვებს, გზის პირზე ჩამწკრივებულთ, საქართველოს გასაბჭოებიმერე რომ ჩაერგოთ, ქარსაცავი ზოლიაო, მთებს, ტყეებს, ხეხილის ბაღებს, განსაკუთრებით ვაშლის ხის ხატვა უყვარდა, მასთან ერთად რომ გაიზარდა და მისი წლოვანების იყო, წითელ ვაშლებს ისხამდა. ხანდახან დასვამდა ხოლმე მანანას ხის ქვეშ, ეტყოდა, ევა ხარო და ხატავდა. მის ნახატებზე ვაშლები სისხლის წვეთებს უფრო ჰგავდა, ვიდრე ვაშლებს, რატომ ხატავ ესეო, შეეკითხებოდა ცოლი, რომელსაც არაფერი  გაეგებოდა მხატვრობაში, არ ვიცი, ასე ვხედავო, უპასუხებდა.  
         ახალგაზრდა ცოლ-ქმარს სამი შვილი ეყოლათ, გოგონა და ორი ვაჟი, ხარობდნენ, ახალი სახლის აშენებას აპირებდნენ, ძველში ვეღარ ვეტევითო. გაჭირვება შემოვიდა ქვეყანაში, მათ სოფელშიც, ოჯახშიც, სამუშაოც დაკარგა, მეურნეობას მიჰყო ხელი, მანანაც მხარში ამოუდგა, მასთან ერთად მუშაობდა, გაერუჯა სახე, ხელები, გახდა, მძიმე შრომა ჰქონდათ, შემოსავალი - ცოტა, ყველაფერი კაპიკებში იყიდებოდა იმ ბედუკუღმართ დროში. აბეჩავებს გაჭირვება ქალსაც და კაცსაც, ვერც ერთს ვეღარ იცნობდი... სადღა იყო პირმცინარი მანანა, ხელები დაეშაშრა, გაუშავდა... ქმარსაც გაუფუჭდა ნერვები, სმას  მიჰყო ხელი, დღე არ გავიდოდა, ერთი კარგად არ გამობრუჟულიყო სოფლის  სხვა კაცებთან ერთად. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური, ტელევიზორიდან რომ ესმოდათ, ისიც დენი რომ მოვიდოდა მაშინ და გაანათებდა მათ ღარიბულ, ქონებისგან დაცლილ სახლებს, ყველაფერს ხომ ნელ-ნელა ყიდდნენ, ანტიკვარიაო და კარგ ფასებში იყიდებოდა, კიდევ უფრო უმწარებდა სულს მამაკაცებს, დაანთებდნენ ცეცხლს, ააშიშხინებდნენ მწვადებს, რომელიმე მეზობელი საქონელს ან ღორს თუ დაკლავდა და არჩევდნენ ქვეყნის ავან-ჩავანს, ხშირად მთვრალები ერთმანეთს დაერეოდნენ კიდეც პოლიტიკოსებისადმი თავიანთი სიმპათიების გამო. სულ უფრო ხშირად იკვლებოდა საქონელი, რჩენის თავი აღარავის ჰქონდა, საძოვრებიც აღარ იყო, ყველამ დაინაწილა და მიისაკუთრა კოლმეურნეობის მიწები, მაგრამ დამუშავების თავი არავის ჰქონდა, თითო-ოროლაღა შემორჩენილიყო ტრაქტორი,  კომბაინი, იმათზეც რიგში იდგნენ, ზოგს რიგი არც უწევდა და მოსავალი უფუჭებოდა. ბევრი მანქანა  თურქეთში ჯართში ჩააბარეს, ვინ, ისიც არ იცოდნენ, შემოაწყვეს ერთ დღესაც უზარმაზარ ტრაილერებზე და წაიღეს, ამბობდნენ, ამ საქმით  ბევრი კაცი გამდიდრდაო, უზარმაზარი სახლები წამოჭიმეს ზღვისპირეთში, აბა, აქაურ ხალხს ხომ არ დაანახებდნენ თავიანთ ქონებას. სახლში მისული გადარეული და აღგზნებული თამაზი ცოლს დაუწყებდა ძებნას, ისიც სულ უფრო ხშირად არ ხვდებოდა სახლში, მეზობლის ქალებთან ლაპარაკს აყოლებდა გულს, იკრიბებოდნენ იმასთან, ვისაც ე. წ. "დვიჟოკი" ჰქონდა, დაეწყობოდნენ ქალები ბავშვებით, ვისაც სახლში დამტოვებელი არ ჰყავდა, და უბავშვებოდ, ვისაც დამტოვებელი ჰყავდა, მიემართებოდნენ წყება-წყებად, გუნდ-გუნდად, სერიალებს უყურებდნენ, მექსიკურს, მონა იზაურას ამბავს ჩიოდნენ, იმას გულშემატკივრობდნენ, თვითონაც ლამისაა მონურ ბედში მყოფნი. მაშინ ეგ მექსიკურები იყო მოდაში, მერე - ბრაზილიურები შემოვიდა, იმის მერე - თურქულები, ინდურებსაც ხშირად აჩვენებდნენ,  მგონი, ეს რომ არა, ვერც გადაიტანდა  ხალხი იმ დიდ გაჭირვებას, გაგიჟდებოდა კაცი, მაშინვე დატოვებდა ყველა ქალი საქართველოს, მაგრამ  იმ დროს ქვეყნიდან წასვლის გზები ჯერ კიდევ არ იცოდნენ, იზაურაზე კარგად ხომ ვცხოვრობთო, თავს იმშვიდებდნენ,  სერიალის ბოლოს მდიდარმა კაცმა რომ წაიყვანა ცოლად, მთლად გაიხარეს, რა იცი, ჩვენც ბედნიერება გვეწვიოსო, მშვიდად ელოდნენ ცხოვრების გამოკეთებას, სანამ ყველა იმედი არ გაუცრუვდათ და ახალი ცხოვრების ძიება თვითონვე არ დაიწყეს. მანანაც, ბავშვებს დედამთილს  დაუტოვებდა და შეუერთდებოდა ცხოვრებისგან დაჩაგრულ სხვა ქალებს, პომადის და სახის საცხის ყიდვას ვინ ჩიოდა, კაბა და საცვალიც რომ ვერ ეყიდათ...  
       შესჩივლებდა დედა შვილს, ორ საათზე მეტია წასული შენი ცოლი და არ გამოჩენილაო, არ სიამოვნებდა დედის წუწუნი თამაზს, გადასძახებდა მანანას, სახლში მოდიო, მერე  სახლში მოსულს მშობლის გასაგონად ერთ-ორ უხეშ სიტყვას ეტყოდა, ლოგინში კი ბოდიშებს უხდიდა, დედის გამო გითხარი საყვედურიო, მიეჩვია ნელ-ნელა ქალი ქმრის უხეშ ლაპარაკს, გინებასა და ჩხუბსაც, რომელიც სულ უფრო ხშირად გაისმოდა მათი სახლიდან. სულ უფრო შეწუხებული დაიარებოდა ქალი სოფლის ორღობეებში, საქონლის დევნაში დაღლილი.  ქმარი, ნაბახუსევი, დილით ვეღარ დგებოდა ადრიანად და სამწყემსურში საქონლის წაყვანა მანანას უწევდა, ბოსტანსაც ის უვლიდა, სათოხარშიც დადიოდა, ეცოდებოდათ მეზობლებს, ერთმა თბილისში მერძევედ სიარული შესთავაზა, ერთ-ორ კაპიკს იშოვი, ოჯახში მეტს შეიტან, ეგრე მუშაობით წელში გაწყდებიო. თვითონვე წაიყვანა, თავისი მუშტარი გააცნო, ერთი კვირა შენ იარე, მეორე კვირას მე ვივლიო. ერთი კლიენტი განსაკუთრებით მოეწონა მანანას, მასზე ცოტა უფროსი ქალბატონი, სახლში შეიპატიჟებდა, ყავას დაალევინებდა, მანანამ ყავაზე მარჩიელობა იცოდა და მასპინძელისთვის რომ ესიამოვნებინა, ჭიქაში ჩაიხედავდა. ქალს გააოცებდა თავისი ნიჭით, ნიჭი კი მართლა ჰქონდა, ბევრს უთქვამს, შენი ნამკითხავები სიტყვა-სიტყვით გვიხდებაო. ქალბატონი დოდო თვითონაც სამი შვილის დედა იყო და ბავშვები განსაკუთრებით უყვარდა, მანანას  შვილებსაც სიხარულით ღებულობდა სახლში,  ზოგჯერ მანანა ქალაქში იმათაც წამოიყოლებდა ხოლმე,  როცა რამე ჰქონდათ საყიდელი სკოლისთვის, რაიონშიც შეეძლო ეყიდა, მაგრამ დედაქალაქში არჩევანი მეტი იყო.   ბევრი კეთილი ადამიანიც გაიცნო ქალაქში, ბავშვებს ტანასაცმელს, ფეხსაცმელს ჩუქნიდნენ, მართალია, ყველა ახალი არ იყო, მაგრამ სოფელში გამოდგებოდა, თავიდან ორ კვირაში ერთხელ დადიოდა  ქალაქში, რძე და მაწონი მიჰქონდა თავისი ძროხების, მერე კვირაში ერთხელ დაიწყო სიარული, სოფელში მეზობლებისგან ხან ყველს იყიდდა, ხან - კომშს, შინდს, ქაცვს. ყველაზე საყვარელ თავის კლიენტს, ქალბატონ დოდოს, პატარ-პატარა გოგრებს წამოუღებდა ხოლმე საჩუქრად, მადლიერი იყო მისი, სახლში რომ შეიყვანდა, დაასვენებდა, რაშიც შეეძლო, სხვა საქმეებშიც, ეხმარებოდა. ერთხელ მანანასებმა  მოზვერის დაკვლა გადაწყვიტეს  და რეალიზაციაში დახმარება ქალბატონ დოდოს სთხოვა, იმანაც უარი არ უთხრა, კორპუსის წინ  ეზოში მოიტანეთ და ყველა გამვლელ-გამომვლელი იყიდისო. საცხოვრებელი სახლის წინ ერთი სკამი იდგა, საღამოობით მოხუცები ჩამოსხეოდნენ ხოლმე, ხან -  ქალები, ხან - კაცები, ვინც დაასწრებდა, იტყოდნენ ამ მთისას და იმ ბარისას, კაცებს პოლიტიკაზე უყვარდათ საუბარი, ქალებს - სხვებზე ჭორაობა. სწორედ იმ სკამზე გაშალეს ხორცი დილაუთენია, მანანას ქმარმა მეზობლის მანქანით ჩამოიტანა, დაიტაცეს მეზობლებმა, ოჯახისააო, ის მაინც ვიცით, სოფელში გაზრდილი საქონელია, თორემ რას ვყიდულობთ, რასა ვჭამთ, კაცმა არ იცისო, ისიც დაუბარეს კაცს, სხვა დროსაც ჩამოიტანე, ვიყიდითო.  თამაზი ყველას მოეწონა, ზრდილობიანი კაცი ჩანდა, დიდი ნათელი თვალებით. ქალბატონმა დოდომ ყველაზე დიდი ხორცის ნაჭერი აიღო, დიდი ოჯახი მაქვს, დავჭრი, მაცივარში შევაგდებო, მართალია, დენი ქალაქშიც ჭირდა და ხორცის გაფუჭების პერსპექტივაც დიდი იყო, მაგრამ მანანას ხათრი ვერ გაუტეხა, რომ შესძლებოდა, მეტსაც აიღებდა, ოღონდ დახმარებოდა მის ოჯახს, მართალია, ძვლები ცუდად იყო დაჩეხილი,  წვრილად დაქუცმაცებულ-დაფშვნილი, ამასაც ცოდნა სჭირდება, ყასაბის პროფესია ტყუილად როდი არსებობსო, გაიფიქრა. მერძევეს სთხოვა, თუ გაქვს სახლში თამაზის ნახატები, ჩამომიტანე, შევხედავ, იქნებ ვიყიდო კიდეცო. ერთი ჩამოუტანა, მოეწონა, ვაშლის ხესთან ბავშვით ხელში მჯდარი მანანა ეხატა, საოცარი ნახატი იყო,  იყიდა. დანარჩენებს კარადაში ინახავს, ჩაკეტილი აქვს, არ მაძლევსო, უთხრა ქალმა. 
     სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა მანანა ქალაქში, მეორე მერძევემ ლოდინით დაღლილ კლიენტებს ამცნო  - დედამთილი ჰყავს ავად, თავზე დგომა სჭირდება, წამლებში იმდენი ფული მისდით, ვალებით აივსნენო. მოკვდა დედამთილი, ვერ უშველეს, ქელეხიც გადაიხადეს, პატივით დაასაფლავეს. ვალების გამო თურმე სახლიც გაყიდეს და ის ხეხლიანი ბაღიც, სადაც თამაზის საყვარელი ვაშლის ხე იდგა.  მანანას დედასთან გადავიდნენ საცხოვრებლად. თანაც, როგორც გახმაურდა, სულ 200 დოლარად გაეყიდა ხეხილის ბაღი, სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, მევალე ახრჩობდათო, ეწყინა ეს ამბავი  ქალბატონ დოდოს, სხვა ქალაქელებსაც.
       როგორც იქნა, გამოჩნდა ქალაქში მერძევე მანანა, ცოლ-ქმარს ახალი  სახლის ყიდვა დაესახა მიზნად, უჭირდა თამაზს სიდედრთან ცხოვრება, ვერ იყო თავის გემოზე. თურქეთში წასვლა გადაეწყვიტა სამუშაოდ სხვა ქართველებთან ერთად, თამბაქოს პლანტაციაში უნდა ემუშავათ, წავიდა კიდეც.  რამდენიმე კაცი ცხოვრობს  თურმე ერთ ოთახში, ასე ნაკლები ეხარჯებათო, -   ყვებოდა კლიენტებთან ქმრის ამბებს მანანა. ზოგმა კაცმა დახმარებაც შესთავაზა, უკაცოდ ხარ დარჩენილი, იქნებ, რაიმეს გაკეთება შეგვიძლია შენთვისო, სახლშიც შეიპატიჟეს, შემოდი, გათბი,  ყინვაა გარეთ, ხელები გაგთოშიაო, მაგრამ მანანა ყოველთვის უარობდა, მხოლოდ ქალბატონ დოდოს სტუმრობდა, რომელიც აფრთხილებდა: ხომ იცი, ეშმაკს არა ძინავს, რა იცი, რამე ცუდი არ მოუვიდეთ აზრად, ლამაზი ქალი ხარო, იცინის მანანა, აჩენს თავის ლამაზ კბილებს. ცოტა წელში გაიმართა ქალი, რაც ქმარი სამუშაოდ წავიდა, მეტი რძე, მაწონი, ყველი ჩამოაქვს გასაყიდად, მეზობლებისგან  ყიდულობს, ამასობაში ბავშვებიც წამოიზარდნენ, უფროსი ქალიშვილი, თვალსა და ხელ შუა, ლამაზ ყვავილად იქცა, მორცხვია და ყველაფერზე წითლდება დედამისივით, სკოლაც დაამთავრა, სანამ მანანა გაარკვევდა, რა გზაზე დაეყენებინა, უნდოდა საექთნოზე ჩაებარებინა, უცებ გაიპარა, გათხოვდა.  ქმარს დაურეკა მანანამ სასწრაფოდ, ახალი ამბავი გააგებინა, ფული გამომიგზავნეო, სთხოვა. მესამე დღეს თუქეთიდან დაურეკეს, შენი ქმარი ყელგამოჭრილი იპოვეს ოთახშიო, გაშრა, გამიტკლდა. თურმე რამდენიმე თვის წინ ამხანაგისთვის, იქ მომუშავე ქართველისთვის, ფული ესესხებინა, 400 ევრო, ახლა მოეთხოვა, შვილი გამითხოვდა, მჭირდება, მომეციო,  ღამით თამაზისთვის ყელი გამოეჭრა იმ უბედურს, ბნელი წარსულის კაცი იყო, თურქებიც კი გაოცებულან, რა ხალხი ხართ ქართველები, ერთმანეთს არ ინდობთო. ტირის მანანა, ცრემლები ჩამოდის ლამაზი თვალებიდან, საკინძეზე ეწვეთება, ამშვიდებს ქალბატონი დოდო, თამაზის სურათები გაყიდე, რამდენიმე მაინც, მშრალ ხიდზე იბარებენ ნახატებს, რაღაცა ფულს იშოვი, კარგი სურათებია, იქნებ, მკვდარი მაინც ჩამოასვენოო. კიდევ კარგი, უბედურ ქალს სახელმწიფო დაეხმარა მეუღლის ჩამოსვენებაში, სურათები კი მაინც გაიტანა გასაყიდად, შვილებისთვის ფული სჭირდება, გოგო ხომ უნდა გაამზითვოს, ბიჭებიც გამოაწყოს სკოლისთვის, მამა აღარ ჰყავთ, ობლებად დარჩნენ. დაუტოვა მანანამ მშრალ ხიდზე ერთ გამყიდველს თამაზის სურათები, ცუდად თუ კარგად,  მაინც იყიდება, ორ-სამ თვეში - ერთი, იქიდანაც მეხმარებაო, უხარია მანანას. ამოყიდა ყველა, შვილებსაც დაუტოვეო, ეუბნება ქალბატონი დოდო, მაგრამ არ ესმის, ფული სჭირდება, ერთი სურათიღა დარჩა სახლში, შიშველი ქალი ზის ვაშლის ხესთან, "ევა" აწერია, ძალიან ლამაზია, უნდა ესეც წაიღოს გასაყიდად, მაგრამ რცხვენია, შიშველი ქალი რომ არის ზედ დახატული, სხვანაირად არ გაიგონ, ბოლოს თავს მაინც სძლია და მშრალ ხიდზე წავიდა  თავის ნაცნობ გამყიდველთან, უცებ შემოეხვია ხალხი სურათს, უყურებენ, ტკბებიან ქალის სილამაზით, იქვე შორიახლოს მამაკაცი დგას, მორიდებით, ისიც სურათს შესცქერის, იცინის გამყიდველი, შემთხვევით შენ ხომ არ  დაგხატაო შენმა ქმარმა, სხვა კაცებიც იღიმებიან, ხელიდან გამოგლიჯა სურათი ქალმა, შავი თავსაფარი გაისწორა, იღლიაში სურათამოჩრილი გაიქცა, არ უნდა წამომეღოო ეს სურთი, ღმერთმა დამსაჯაო, ტირის, ხომ მეუბნებოდა ქალბატონი დოდო, შვილებს თითო-თითო მაინც დაუტოვეო, აი, რა მომივიდა, ბუტბუტებს  თავისთვის, მტკვრის სანაპიროზე შეჩერდა, მოაჯირს დაეყრდნო, გადავაგდებო, სურათი მოიქნია, მოულოდნელად ვიღაცამ გააჩერა, ის კაცი აღმოჩნდა, მორიდებით რომ იდგა განზე მშრალ ხიდზე,  სურათი ხელიდან ფრთხილად გამოართვა, უხმოდ ანიშნა, გამომყევი, მე ვიყიდიო სურათს, რუსთაველზე ავიდნენ,სასტუმროს ფოიეში დასვა კაცმა სურათით ხელში, თვითონ სადღაც გაქრა, ცოტა ხანში გამოჩნდა, 1000 დოლარი გადაუთვალა მანანას, ხვალაც მოდი, 5 საათზეო, ისევ ხელით ანიშნა, კიდევ დაგიმატებო. კაცი უცხოელი აღმოჩნდა, ერთმანეთის ენა არ ესმოდათ, მაგრამ თვალები ხომ ყველაფრის მთქმელია, ზოგჯერ მეტსაც გამოხატავს, ვიდრე სიტყვები. მომდევნო დღეს რუსთაველზეც გაისეირნეს, კაფეშიც დაპატიჟა უცნობმა, რატომღაც მანანას არ ეშინოდა მისი, ეს ხომ არაფერს იტყვის ჩემზე, არ იჭორავებსო, ახსენდებოდა, რას არ თხზავდნენ მასზე, ქმარი რომ იყო წასული უცხოეთში, თბილისში ვიღაც კაცთან დავინახეთ, მანქანაში უჯდებოდაო, ან ქალიშვილი გაათხოვა და თვითონაც გათხოვებას აპირებს, საქმროს არჩევს, ხან ვისთან ერთად ვხედავთ, ხან ვისთან, ქმარი კი გაისტუმრა საიქიოსო. ფრიდრიხი გერმანელი აღმოჩნდა, სამეცნიერო მასალების მოსაძიებლად იყო საქართველოში ჩამოსული, თვითონაც ვერ მიხვდა მანანა, ისე დაახლოვდნენ, დამეგობრდნენ, სიმპათიებით აივსნენ ერთმანეთის მიმართ. ეს რა ბედნიერება გამოჩნდა ჩემს გზაზეო, ფიქრობდა ქალი. შვილი კარგად გაამზითვა, არავისი სალაპარაკო არ გახადა,  მამამისის ხელით შექმნილი ნახატი გავყიდე და ის მივეციო, ბედნიერი იქნებაო თამაზიც საიქიოში.
        ფრიდრიხს სახლში დაბრუნების დრო დაუდგა, მანანას ხელი სთხოვა, დაქორწინდნენ, უჩუმრად, პატარა სუფრაც გააკეთა კაცმა, მარტო ყველაზე ახლობლები ისხდნენ მაგიდის გარშემო.  მერე მზადება წასასვლელად...  ვინ იცის, რა შიში და უბედურება უნდა გადაიტანოს ადამიანმა, რომ თავის ქვეყანას მოშორდეს, მარტო სიყვარული არის კი საკმარისი?! სამშობლოს სიყვარულზე ძლიერი გრძნობა ხომ არ არსებობს, რამ უნდა მოგწყვიტოს შენს ფესვებს? ფიქრობდა მანანა. მგზავრობა სხვა ქვეყანაში, ემოციები, შეხვედრა სხვა ადამიანებთან, ადვილი როდია! ფრიდრიხმა ქალი  ვაჟებთან ერთად წაიყვანა თანასოფლელები მის ბედს შეჰნატროდნენ, მაგრამ ის კი იყო ბედნიერი?! სამშობლო ენატრებოდა, ქალიშვილს,მალე შვილი ეყოლება. მართალია, ფრიდრიხი სულ თავზე ევლება და ეფოფინება, შენ დაგხატაო შენმა ქმარმა, ეუბნება. სრულყოფილია ევა, ქართველი ქალის სახით, ვეღარ იგებს, ქმარს ის უფრო უყვარს თუ სურათი.
        იღვიძებს, საქრთველოშია, ჩიტების ჭიკჭიკი ისმის ბაღიდა, დედა ქათმებს ეძახის: "წია,წია, წია..." ბედნიერებისგან ლოგინში სწორდება, იზმორება, ხელს გადაიქნევს, გვერდზე ცარიელია ლოგინი, ფრიდრიხი ახსენდება... ნეტა, რას იტყვის, სახლი რომ აღარ დავხვდებით მე  და ბავშვები... ნერვიულობით საბნის პირს წიწკნის, დგება, ხალათშემოცმული, ფეხშიშველი გადის ეზოში და ტერფებით ბალახებს ეფერება, მომრავლებულა, დედა ვეღა ერევა, თოხი გამოაქვს საბძელიდან, მიწას ჩიქნის, არაფერი ესმის, ისეა დაკავებული ავის საქმით, უმცროსი ბიჭი ტელეფონს მოარბენინებს, - ფრიდრიხია, - ეუბნება და ტელეფონს ხელში აწვდის. არ უნდა, უპასუხოს, მაგრამ პატარა მუდარით შესცქერის და  ძალით უდებს ტელეფონს  ხელში, მერე  გარბის. ნაცნობი ხმა ჩაესმის ყურში, - ხვალ მოვფრინავ, ჩემო ევა, ჩემო განუმეორებელო ... გგონია, მიგატოვებ?! არასოდეს.... არასოდეს... - უხარია მანანას, მეზობელან გადადის, ვინც თამაზის ბაღი იყიდა, მიდის და ვაშლის ხეს კოცნის, რომელიც მეუღლის სახელზე დარგეს მისი დაბადებისას, ალბათ, ორმოციოდე წლის წინ, არ გამხმარა, ვაშლებიც ბლომად დაუსხამს, იქვე ნორჩი ნერგებიც ამოწვერილა, ერთი მომეცი, ახლადშეძენილი შვილიშვილის სახელზე უნდა დავრგო, იმისთვისაც თამაზი დაურქმევიათო, ეუბნება მეზობელს და იცინის, ვარდ-ყვავილი იშლება მის ლამაზ სახეზე, საქართველოს მინდვრებივით ლამაზი.

Sunday, December 22, 2019

მანანა (მოთხრობა, პირველი ვარიანტი)

  ლამაზი ქალი იყო მანანა, დიდი მწვანე თვალებითა და ჩამოქნილი ტან-ფეხით. ახალგაზრდობაში, არც ახლაა  ბებერი, სოფლის თვალი იყო, ვინ არ ეძლეოდა, მათ შორის თბილისელებიც იყვნენ, მაგრამ თავის სოფელში დარჩენა ირჩია, საუკეთესო ყმაწვილს გაჰყვა ცოლად, გამგეობაში მხატვრად მუშაობდა, სამხატვრო სასწავლებელი, ნიკოლაძეს რომ ეძახოდნენ, ის  ჰქონდა დამთავრებული. აბა, გამგეობაში მხატვარს რა საქმე უნდა ჰქონოდა და სამღებრო სამუშაოებს კი ხშირად ასრულებდა უფროსების სახლებში, შესაბამისად, ანაზღაურებაც კარგი ჰქონდა, ოჯახიც კმაყოფილი ჰყავდა და თვითონაც არ იყო უკმაყოფილო, თუმცა ხანდახან ნაღვლის ჭია შეუძვრებოდა ხოლმე, ხატვა მოენატრებოდა, მაშინ გადმოიღებდა საღებავებს და ხატავდა თავისი სოფლის სანახებს, მდინარეს, რომელზეც გაიზარდა, ალვებს, გზის პირზე ჩამწკრივებულთ, კომუნისტების დროს რომ ჩაერგოთ, ქარსაცავი ზოლიაო, მთებს, ტყეებს, ხეხილის ბაღებს, განსაკუთრებით ვაშლის ხის ხატვა უყვარდა, მასთან ერთად რომ გაიზარდა და მისი წლოვანების იყო, წითელ ვაშლებს ისხამდა. ახალგაზრდებს სამი შვილი ეყოლათ, გოგონა და ორი ვაჟი, ხარობდნენ, ახალი სახლის აშენებას აპირებდნენ, ძველში ვეღარ ვეტევითო. მოულოდნელად ქვეყანა გადასხვაფერდა, დროშების ფრიალმა და მიტინგებმა შედეგი მოიტანა,თავისუფლების სუნი  დატრიალდა, მაგრამ გაჭირვება შემოვიდა ქვეყანაში, მათ სოფელშიც, ოჯახშიც, სამუშაოც დაკარგა მხატვარმა, მეურნეობას მიჰყო ხელი, მანანაც მხარში ამოუდგა, მასთან ერთად მუშაობდა, გაერუჯა სახე, ხელები, გახდა, მძიმე შრომა ჰქონდათ, შემოსავალი - ცოტა, ყველაფერი კაპიკებში იყიდებოდა იმ ბედუკუღმართ დროში. აბეჩავებს გაჭირვება ქალსაც და კაცსაც, ვერც ერთს ვეღარ იცნობდი... სადღა იყო პირმცინარი მანანა... ქმარსაც გაუფუჭდა ნერვები, სმას  მიჰყო ხელი, დღე არ გავიდოდა, ერთი კარგად არ გამობრუჟულიყო სოფლის კაცებთან ერთად, სახლში მისული ცოლს დაუწყებდა ძებნას, ისიც ზოგჯერ სახლში არ დახვდებოდა, მეზობლის ქალებთან ლაპარაკს აყოლებდა გულს, იმასთან იკრიბებოდნენ, ვისაც ე. წ. "დვიჟოკი" ჰქონდა, დაეწყობოდნენ, მიემართებოდნენ წყება-წყებად, გუნდ-გუნდად, სერიალებს უყურებდნენ, მექსიკურს, მაშინ ეგ იყო მოდაში, ბავშვებს დედამთილს  დაუტოვებდა... შესჩივლებდა დედა შვილს, ორი საათზე მეტია წასული და არ გამოჩენილაო, არ სიამოვნებდა დედის წუწუნი თამაზს, გადასძახებდა, სახლში მოდიო, მერე  სახლში მოსულ ცოლს მშობლის გასაგონად ერთ-ორ უხეშ სიტყვას ეტყოდა, ლოგინში კი ბოდიშებს უხდიდა, დედის გამო გითხარი საყვედურიო, მიეჩვია ნელ-ნელა ქალი ქმრის უხეშ ლაპარაკს, გინებასა და ჩხუბსაც, რომელიც სულ უფრო ხშირად გაისმოდა მათი სახლიდან. სულ უფრო შეწუხებული დაიარებოდა ქალი სოფლის ორღობეებში, საქონლის დევნაში დაღლილი.  ქმარი, ნაბახუსევი, დილით ვეღარ დგებოდა ადრიანად და სამწყემსურში საქონლის წაყვანა მანანას უწევდა, ბოსტანსაც ის უვლიდა, სათოხარშიც დადიოდა, ეცოდებოდათ მეზობლებს, ერთმა თბილისში მერძევედ სიარული შესთავაზა, ერთ-ორ კაპიკს იშოვი, ოჯახში მეტს შეიტან, ეგრე მუშაობით წელში გაწყდებიო. თვითონვე წაიყვანა, თავისი კლიენტები გააცნო, ერთი კვირა შენ იარე, მეორე კვირას მე ვივლიო. ერთი ქალი განსაკუთრებით მოეწონა, სახლში შეიპატიჟებდა, ყავას დაალევინებდა, მანანამ ყავაზე მარჩიელობა იცოდა და მასპინძელისთვის რომ ესიამოვნებინა, ჭიქაში ჩაიხედავდა ხოლმე. მასპინძელს გააოცებდა თავისი ნიჭით, ნიჭი კი მართლა ჰქონდა, ბევრს უთქვამს, შენი ნამკითხავები სიტყვა-სიტყვით გვიხდებაო. ქალბატონი თვითონაც სამი შვილის დედა იყო და ბავშვები განსაკუთრებით უყვარდა, მის შვილებსაც გაუმასპინძლდებოდა, მანანას ზოგჯერ ისინიც მიჰყავდა,  როცა რამე ჰქონდათ საყიდელი სკოლისთვის, კასპშიც შეეძლოთ ეყიდათ, მაგრამ დედაქალაქში არჩევანი მეტი იყო,  ბევრი კეთილი ადამიანიც გაიცნო, ბავშვებს ჩასაცმელს, ფეხსაცმელს ჩუქნიდნენ, მართალია, ახალი არ იყო, მაგრამ სოფელში გამოდგებოდა, თავიდან ორ კვირაში ერთხელ დადიოდა მანანა ქალაქში, რძე და მაწონი მიჰქონდა თავისი ძროხების, მერე კვირაში ერთხელ დაიწყო სიარული, სოფელში მეზობლებისგან ხან ყველს იყიდდა, ხან - კომშს, შინდს, ქაცვს, ისიც მიჰქონდა გასაყიდად. ყველაზე საყვარელ თავის კლიენტს, ქალბატონ მაიას, კვახებს წამოუღებდა ხოლმე საჩუქრად, ისიც, რაც შეეძლო, ყველაფერში ეხმარებოდა. მოზვერის დაკვლა გადაწყვიტეს ოჯახში და დახმარება სთხოვა, იმანაც უარი არ უთხრა, კორპუსის ეზოში მოიტანეთ და ყველა იყიდისო. სახლის წინ ერთი სკამი იდგა, საღამოობით მოხუცები ჩამოსხეოდნენ ხოლმე, ხან ქალები, ხან - კაცები, ვინც დაასწრებდა, იტყოდნენ ამ მთისას და იმ ბარისას, ქვეყნის ავან-ჩავანს გაარჩევდნენ, კაცებს პოლიტიკაზე უყვართ საუბარი, ქალებს - სხვებზე ჭორაობა.. სწორედ იმ სკამზე გაშალეს ხორცი დილაუთენია, მანანას ქმარმა მეზობლის მანქანით ჩამოიტანა, დაიტაცეს მეზობლებმა, ოჯახისააო, ის მაინც ვიცით, სოფელში გაზრდილი საქონელია, თორემ რას ვყიდულობთ, რასა ვჭამთ, კაცმა არ იცისო, ისიც დაუბარეს, სხვა დროსაც ჩამოიტანეთ, ვიყიდითო, თამაზი ყველას მოეწონა, ზრდილობიანი, განათლებული კაცი ჩანდა, დიდი ნათელი თვალებით. ქალბატონმა მაიამ ყველაზე დიდი ხორცის ნაჭერი აიღო, დიდი ოჯახი მაქვს, დავჭრი, მაცივარში შევაგდებო, ის კი არ მოეწონა, ძვლები ცუდად იყო დაჩეხილი,  წვრილად დაქუცმაცებულ-დაფშვნილი, ამასაც ცოდნა სჭირდებაო, გაიფიქრა. მანანას სთხოვა, თუ გაქვს სახლში თამაზის ნახატები, ჩამომიტანე, შევხედავ, იქნებ ვიყიდო კიდეცო. ერთი ჩამოუტანა, მოეწონა, იყიდა. დანარჩენებს კარადაში ინახავს, არ გვაძლევსო. სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა მანანა, მეორე მერძევემ  - დედამთილი ჰყავს ავად, წამლებში იმდენი ფული სჭირდებათ, ვალებით აივსნენო. მოკვდა დედამთილი, ვერ უშველეს, ქელეხიც გადაიხადეს, პატივით დაასაფლავეს. ვალების გამო სახლიც გაყიდეს და ის ხეხლიანი ბაღიც, სადაც თამაზის საყვარელი ვაშლის ხე იდგა, ხშირად რომ ხატავდა.  მანანას დედის სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. თანაც სულ 200 დოლარად გაუყიდიათ ხეხილის ბაღი, ეწყინა ეს ამბავი  ქალბატონ მაიას, მევალე ახრჩობდათ, რა ექნათო. როგორც იქნა, გამოჩნდა ქალაქში მანანა, ცოლ-ქმარს ახალი  სახლის ყიდვა გადაეწყვიტა, უჭირდა თამაზს სიდედრთან ცხოვრება, ვერ იყო თავის გემოზე. თურქეთში წასულა სამუშაოდ სხვა ქართველებთან ერთად, თურმე პლანტაციაში მუშაობენ, რამდენიმე კაცი ცხოვრობს ერთად ერთ ოთახში, ასე ნაკლები ეხარჯებათ. ყვება კლიენტებთან ქმრის ამბებს მანანა. ზოგმა კაცმა დახმარებაც შესთავაზა, უკაცოდ ხარ დარჩენილი, სახლშიც შეიპატიჟეს, შემოდი, გათბიო,  ყინვაა გარეთ, ხელები გაგთოშვიაო, მაგრამ უშლის  კლიენტებთან შესვლას ქალბატონი მაია, ხომ იცი, ეშმაკს არა სძინავს, რა იცი, რამე ცუდი არ მოუვიდეთ აზრად, ლამაზი ქალი ხარო, იცინის მანანა, აჩენს თავის ლამაზ კბილებს. ცოტა წელში გაიმართა ქალი, მეტი რძე, მაწონი, ყველი ჩამოაქვს გასაყიდად, მეზობლებისგან მეტს ყიდულობს, ამასობაში ბავშვებიც წამოიზარდნენ, უფროსი ქალიშვილი გაიპარა, გათხოვდა, ქმარს დაურეკა, ახალი ამბავი გააგებინა, ფული გამომიგზავნეო. მესამე დღეს თუქეთიდან დაურეკეს, შენი ქმარი ყელგამოჭრილი იპოვეს ოთახშიო, გაშრა, გამიტკლდა. თურმე რამდენიმე თვის წინ ამხანაგისთვის,იქ მომუშავე ქართველისთვის, ფული ესესხებინა, 400 ევრო, ახლა მოეთხოვა, შვილი გამითხოვდა, მჭირდება, მომეციო,  ღამით თამაზისთვის ყელი გამოეჭრა, თურქებიც კი გაოცებულან, რა ხალხი ხართ ქართველები, ერთმანეთს არ ინდობთო. ტირის მანანა, ცრემლები ჩამოდის ლამაზი თვალებიდან, საკინძეზე ეწვეთება, ამშვიდებს ქალბატონი მაია, თამაზის სურათები გაყიდე, რამდენიმე, მშრალ ხიდზე წადი,რაღაცა ფულს იშოვი, მკვდარი მაინც ჩამოასვენოო, კიდევ კარგი, სახელმწიფო დაეხმარა მეუღლის ჩამოსვენებაში, სურათები კი მაინც გაიტანა, შვილებისთვის ფული სჭირდება, გოგო ხომ უნდა გაამზითვოს, ბიჭებიც გამოაწყოს სკოლისთვის. დაუტოვა ერთ გამყიდველს თამაზის სურათები, ცუდად, მაგრამ მაინც იყიდება, ორ-სამ თვეში - თითო, იქიდანაც მეხმარებაო, უხარია მანანას. ერთი სურათიღა დარჩა სახლში, შიშველი ქალი ზის ვაშლის ხესთან, "ევა" აწერია, ძალიან ლამაზია, უნდა ესეც წაიღოს გასაყიდად, მაგრამ რცხვენია, შიშველი ქალი რომ არის ზედ დახატული, სხვანაირად არ გაიგონ, ბოლოს თავს მაინც სძლია და მშრალ ხიდზე წავიდა  თავის ნაცნობ-გამყიდველთან, უცებ შემოეხვია ხალხი სურათს, უყურებენ, ტკბებიან ქალის სილამაზით, იქვე შორიახლოს მამაკაცი დგას, მორიდებით, ისიც სურათს შესცქერის, იცინის გამყიდველი, შემთხვევით შენ ხომ არ  დაგხატაო შენმა ქმარმა, სხვა კაცებიც იღიმებიან, ხელიდან გამოგლიჯა სურათი ქალმა, შავი თავსაფარი გაისწორა, იღლიაში სურათამოჩრილი გაიქცა თავქუდმოგლეჯილი, არ უნდა წამომეღოო ეს სურთი, ღმერთმა დამსაჯაო, მტკვრის სანაპიროზე შეჩერდა, მოაჯირს დაეყრდნო, გადავაგდებო, მოულოდნელად ვიღაცამ გააჩერა, ის კაცი აღმოჩნდა, მორიდებით რომ იდგა განზე მშრალ ხიდზე,  სურათი ხელიდან ფრთხილად გამოართვა, უხმოდ ანიშნა, გამომყევი, მე ვიყიდიო სურათს, რუსთაველზე ავიდნენ, სასტუმროს ფოიეში დასვა კაცმა ქალი, სურათით ხელში, თვითონ სადღაც გაქრა, ცოტა ხანში გამოჩნდა, 1000 დოლარი გადაუთვალა მანანას, ხვალაც მოდი, 5 საათზეო, ისევ ხელით ანიშნა, კიდევ დაგიმატებო. კაცი უცხოელი აღმოჩნდა, ერთმანეთის ენა არ ესმოდათ, მაგრამ თვალები ხომ ყველაფრის მთქმელია. შემდეგ დღეს რუსთაველზეც გაისეირნეს, კაფეშიც დაპატიჟა უცნობმა, დაახლოვდნენ, დამეგობრდნენ. სამუშაოდ ჩამოსულ  ფრიდრიხს სახლში დაბრუნების დრო დაუდგა, ქალიც წაიყვანა ვაჟებთან ერთად, თანასოფლელები მის ბედს შეჰნატრიან, მაგრამ ის არ არ არის ბედნიერი, სამშობლო ენატრება, ქალიშვილს მალე შვილი ეყოლება. კაცი სულ თავზე ევლება და ეფოფინება, შენ დაგხატაო შენმა ქმარმა, ეუბნება. სრულყოფილია ევა, ქართველი ქალის სახით, ვეღარ იგებს, ქმარს ის უფრო უყვარს თუ სურათი.
     იღვიძებს, საქრთველოშია, ჩიტების ჭიკჭიკი ისმის ბაღიდან, დედა ქათმებს ეძახის: "წია,წია, წია..." ბედნიერებისგან ლოგინში სწორდება, ხელს იქნევს, გვერდზე ცარიელია ლოგინი, ფრიდრიხი ახსენდება... ნეტა, რას იტყვის, სახლში რომ აღარ დახვდებიან ის და ბავშვები... ნერვიულობით საბნის პირს წიწკნის, დგება, ხალათშემოცმილი, ფეხშიშველი გადის ეზოში და ტერფებით ბალახებს ეფერება, მომრავლებულა, დედა ვეღარ ერევა, თოხი გამოაქვს საბძელიდან, მიწას ჩიჩქნის, არაფერი ესმის, ისეა დაკავებული თავის საქმით, უმცროსი ბიჭი ტელეფონს მოარბენინებს, ფრიდრიხია, - ეუბნება და ტელეფონს ხელში აწვდის. არ უნდა, უპასუხოს, მაგრამ პატარა ძალით უდებს ტელეფონს ხელში და გარბის.ნაცნობი ხმა ისმის ყურმილში, -  ხვალ მოვფრინავ, ჩემო ევა, ჩემო განუმეორებელო ... - უხარია მანანას, მეზობელთან გადადის, ვინც მისი ბაღი იყიდა, მიდის და ვაშლის ხეს კოცნის, რომელიც თამაზის სახელზე დარგეს.

Saturday, December 21, 2019

თოვს ლამაზად, ავტ. ია დიაკონიძე (სიმღერა დაწერა და იმღერა მაია სიჭინავამ)

თოვლმა თეთრად გაანათა ბნელი,
აღარ მოჩანს ცაზე მთვარე გალეული,
სადღაც გაქრა ოცნებები ძველი
და ფიქრებიც, ფიფქებივით არეული.
თოვს ლამაზად, საოცარი გატაცებით,
ირგვლივ სუფევს სიმშვიდე და მოცლა,
მე რვა მარტი და შენ კი დღე დაბადების
დღეს თბილისმა თოვლით მოგვილოცა.
ალბათ, არც კი გახსოვს, შენთან როდის,
დაითოვლა მინდვრები და ველი,
თუმცა შორს ხარ, მაგრამ მაინც მოდი,
ვაჟკაცურად მომაწოდე ხელი.
მომაწოდე, მწამს ხელების სითბო,
თოვლს გაადნობს, დარს მოიყვანს ვინძლო,
შენ სამშობლს სინაზე და სითბო,
მე კი მისი ძლიერება ვიგრძნო.

დეკემბერს ისევ მიაცილებს უთოვლო ზეცა (ერთსტროფიანი)

დეკემბერს ისევ მიაცილებს უთოვლო ზეცა,
სევდის ტოტები მშრალ ღრუბლებში მასრად გაჩრილა,
ამოისუნთქოს ღონიერად არ ძალუძს ხესაც,
კაცთა დარდები დაჰხვევია შავბნელ აჩრდილად.

ამ ცხოვრების დედაც!

სანამ ცრემლი ვაწვიმე
და ვიარე ქარდაქარ,
სიყვარულიც გამქრალა,
აღარ დამრჩა საგზლად.
მეც მომპარეს სანიშნე,
წუთისოფლის ლაქიებს
ვერაფერი ვანიშნე,
ამ ცხოვრების დედაც!

Monday, December 16, 2019

ვისთვისაა ია-ვარდის ფარჩა?! (ერთსტროფიანი)

სულში მხოლოდ ტირიფები დამრჩა,
დასტირიან თავის სვეს და გამჩენს,
ვისთვისაა ია-ვარდის ფარჩა?!
დამაფენენ დღეს თუ არა ხვალე.

Tuesday, December 10, 2019

მთვარეს! (ერთსტროფიანი)

გარინდებულხარ, როგორც ვენერა,
თრთოლვა-ციმციმით მოსარკულ ცაზე,
გრძნობებმოწოლილ ჰგავხარ ჰეტერას,
სინაზეც გახლავს და ჩუმი ბრაზიც...

დეკემბრის ღამეს დავიბადე... (ერთსტროფიანი)

დეკემბრის ღამეს დავიბადე პირველ საათზე
და მამაჩემმა მაღლა უფალს მადლი შესწირა,
მას მერე თოვლის სინატიფე მუდამ თანა მდევს,
ისევ ჩამესმის უტკბილესი დედას "მზევ, შინ"-ა...

Monday, December 9, 2019

ერთსტროფიანები

სანამ იმედი არ გამქრალა,
სანამ ისევ თოვს,
მომხვიე ხელი, გაყინული
იქნებ გამათბო.

--------------------

მე არ მინდოდა მოშორება
მამის და დედის,
მაგრამ ვერაფერს გავხდი ღმერთთან
აჯით და ხვეწნით.

Friday, December 6, 2019

დაე, იტიროს...(მინიატურა)

 არ მიყვარს სკოლაში სიარული, მაგრამ სხვა რა ძალაა, უნდა ვიარო. მაღალი რომ ვარ, მასწავლებელმა უკანა მერხზე დამსვა, არა და არ მინდა უკან ჯდომა, წინ მინდა სხვებივით, ვიცი, ყველა წინ ვერ დაჯდება, მაგრამ ხანდახან მაინც ხომ შეიძლება?! ერთი გოგო დადის ჩემს კლასში, სოფიო ჰქვია, მგონი, ჯერ ყველას სახელი და გვარი ვერ დავიმახსოვრე, სულ წინ სვამენ, გამხდარია, გალეული, დიდი თვალები აქვს, როგორც კი ცოტას დაიგვიანებს სკოლაში, მე კი ადრე მივყავარ დედას, მერე სამსახურში უნდა გაიქცეს, მის ადგილზე ვჯდები, შემოდის, მე რომ დამინახავს, მის მერხზე წამოსკუპებულს, ტირილს იწყებს, ხმას არ იღებს, არაფერს მეუბნება, მარტო ტირის, თვალებით ეძებს თავისუფალ სკამს და იქ ჯდება, მესმის როგორ ქვითინებს მასწავლებლის შემოსვლამდე, მერე ჩუმდება, ზის თავისთვის, მასწავლებელს არაფერს ეუბნება ჩემზე, არ მაბეზღებს, ჩუმია,  ნეტავ, რად უნდა წინ ჯდომა, თუ ხმას მაინც არ ამოიღებს?! დედამისმა გარეთ საყვედურიც თქვა მშობლებში, ერთი გოგონა ყოველდღე ატირებს  ჩემს შვილსო, დედაჩემი იქ იყო და იცოცხლე, შავი დღე აყარა, თქვენ რომ პატარა იყავით, არ გინდოდათ წინ დაჯდომაო?! აბა, რა იცოდა იმ ქალმა, რომ დედაჩემი იქ იდგა, მშობლებში, თორემ, ალბათ, ხმასაც არ ამოიღებდა, წყნარი ქალი ჩანს, არც შეპასუხებია. ვინაა, ნეტავ, ასეთი ეს სოფიო, მასწავლებელიც ეფერება, ბავშვებიც, საჩუქრებს ჩუქნიან, ნიკამ აგერ საშლელი მოუტანა, რეზომ - კატისთავიანი კალამი, ეგენი ჩემი მეზობლები არიან და მათი სახელები იმიტომ ვიცი. მგონი, კლასში ყველაზე პატარაა, ექვსი წლისაც არ არის და სკოლაში შემოიყვანეს, ევლო ბაღში, მაგის ადგილი იქაა, სკოლა რომ გვიმთავრდება, დედამისს ახალთახალი თოჯინები მოაქვს, ზოგი წითელკაბიანია, ზოგი - პატარძალივით მორთულ-მოკაზმულია, ზოგი - კონკიაა, უხარია, დედა რომ თოჯინას მისცემს ხელში, სკოლის ეზოშივე ხსნის საჩუქარს, მერე ჩაკიდებს დედა ხელს და მიჰყავს,  გოგოები შურით ვუყურებთ, მეც მინდა თოჯინები, დედა ვერ მყიდულობს, ნეტავ, ჩემთვისაც მოჰქონდეთ ყოველდღე თოჯინა... დიახაც, არ დავსვამ თავის სკამზე, დაე, იტიროს...

Thursday, December 5, 2019

წამოვიხურე მტკივან სხეულზე (ერთსტროფიანი)

წამოვიხურე მტკივან სხეულზე
თივის ბულული, მწყემსის ნაბადი,
იქ დანთხეული სისხლი, ბალღამი,
მიწასაც ჭამს და წყალშიც გადადის.

აღარც რა... (ერთსტროფიანი)

არღარც რა ოქრო მეღირსა,
აღარც დაფნა და გვირგვინი,
სულიც ვერ ავიყოილე,
ისევ ბავშვობას მივტირი.

Sunday, December 1, 2019

დეკემბრის პირველ დღესაო (ერთსტროფიანი)

დეკემბრის პირველ დღესაო
სითბოს გისურვებთ ბევრსაო,
ყინვა ვერაფერს დაგვაკლებს,
გული თუ ამოდ ძგერსაო.

მთავარი არის...(ერთსტროფიანი)

ვუსმენ ჩიტების ჟრიამულს,
სანამდე სულ არ მიწყდება,
მთავარი არის ამქვეყნად,
დატოვო არდავიწყება.

მწყუროდი მაშინ...(ერთსტროფიანი)

მწყუროდი მაშინ, ჰე, უფალო, მწყურიხარ ახლაც,
უფრო მეტადაც, ვიდრე მაშინ და ვიდრე ახლა,
მხდალს და უსუსურს, მაპატიე ცოდვების მალვა,
გთხოვ, მიწყალობო შენი სულის ლალი და ქარვა.

ცეცხლი, რომელიც... (ერთსტროფიანი)

ცეცხლი, რომელიც მე არ მეღირსა,
ააბრიალოს იქნებ მერმისმა,
მას აჰყვეს სუნთქვა ძლიერი, ხშირი,
გაამთლიანოს ქვეყანა დიდი.

მრავალი რამით გვაჯილდოვებს... (ერთსტროფიანი)

მრავალი რამით გვაჯილდოვებს მაღლიდან ღმერთი,
ზოგს სიმდიდრე აქვს, იმას მისცა რატომღაც მეტი,
ზოგს სიყვარულით გაუჟღინთა სათუთი გული,
ბევრმა ვნებების ქარიშხალში დაკარგა სულიც,
ვიღაცას კიდევ შემოასხა ნიჭის მანტია,
მას მერე დაფრენს პოეტების დიდი არმია.

Saturday, November 30, 2019

სახუმარო (ერთსტროფიანი)

იმ დღეს, როცა გამიღიმე, ცა გაიხსნა პირქუში,
პირი მოვიგემრიელე სოსისებით, პირშუშხით,
მაგრამ თურმე სხვა ზრახვა გაქვს, მესვრი ქათინაურებს,
მეგობარი მოგწონს ჩემი, თურმე მიტომ მიყურებ.

სამშობლო მიყვარს...(ერთსტროფიანი)

სამშობლო მიყვარს,
სამშობლო გიყვარს,
სამშობლო უყვარს,
მაშ რადა შია
სამშობლოს მოყვასს?!
ეშმაკი როკავს.

Friday, November 29, 2019

ღამევ!

ასჯერ და ათასჯერ ნათენებო,
 ღამევ, ეშმაკივით დამილხინდი,
 - მოგცემ ღრმა ძილსა და მოსვენებას,
- ტყუილით შეგიმოსავს ბალდახინი.

Wednesday, November 27, 2019

ბუკისციხელსა მარიამს

ბუკისციხელსა მარიამს რომ გააცოცხლონ, სწადია,
ქართველ ქალ-ვაჟთა დამცველი, მათი დედა და გადია,
ცხარე ცრემლებად იღვრება, ფეხზე ადგომა სწადია,
ძალით მიჰყავდათ ტყვეებად, დღეს თავის ფეხით გადიან
ახალგაზრდები სხვა ქვეყნად, იქ სჭამენ ლუკმას მადიანს,
ვის უტოვებენ ქვეყანას, გაგებაც არა სწადიათ.
ბუკისციხელი მარიამ, ქალ-ვაჟთა მცველი, გადია,
ცხრა ასულს სხვენშია მალავდა, მტერს რომ ებრძოდა ხანჯლიანს,
განძი რომ იყო, იცოდა, მზის გულზე წერდა ქარტიას,
დაეცვა თავის შვილები, მტერს ძარცვა არ აპატია,
დამდუღრა, დააქვესკნელა, მას მიეშველა დათია,
გმირი, სამშობლოს დამცველი, გურგენიძეთა გვარიდან.
მტერს მტერი ერქვა, დღეს მტერი ვეღარ გავიგეთ ვინ არის,
ქართველი გოგო-ბიჭები ხანს ჩვენი ხელით მივგვარეთ,
ბუკისციხელსა მარიამს რომ გააცოცხლონ, სწადია,
განძი აქავე დარჩესო, ცრემლი ჩამოსდის დარდიანს,
- ანი და ჰოე ამ ქვეყნის დღემდე რით ვეღარ ისწავლეთ,
შვილები კარგად დამალეთ, მტერს წყალი ასხით მდუღარე.
დაამშვენებენ ისინი ამ ულამაზეს მხარესო,
გმირებად დაიზრდებიან, პასუხს გასცემენ მწარესო
მტერს, მოზავთებულს, მოჯარულს, შხამს რომ ანთხევენ არესო,
თორემ უჯიშოდ, უშვილოდ გადავშენდებით მალეო.
ბუკისციხელსა მარიამს ცრემლი ჩამოსდის დარდიანს,
შვილებს მაშინ კი უშველა, დღეს ფეხზე დგომა სწადია.







Monday, November 25, 2019

სამანთან ისევ გრიალებს ქარი (ერთსტროფიანი)

სამანთან ისევ გრიალებს ქარი, როგორც კალმახი იქნევს ლაყუჩებს,
და შენი ნაზად აშლილი ტანით იმ ძველ ტკივილებს ვერ დააყუჩებ,
ვიცი, იმძლავრა შენზე სამყარომ, გადარჩენისთვის  მოგთხოვა მსხვერპლი
და უნებური  შენი ღალატი დამდის ვით ქალწულს უმანკო ცრემლი.

უდროობა (ერთსტროფიანი)

უდროობა მჭირს, დეფიციტი მქონია დროის,
ახალგაზრდობის შეცოდებებს ახლაღა ვიმკი,
- დრო აღარ გრჩება, - მიმეორებს სამყარო რისხვით,
მე ხელგაწვდილი ახლა წუთებს, წამებსაც ვითვლი.

ვარდმაც დაკარგა სურნელი (ერთსტროფიანი)

ვარდმაც დაკარგა სურნელი,
იამაც, იასამანმაც,
როგორც მკვდრებს, ისე ვუცქერი,
გული მიილტვის სამანთან.

ვინც რომ გაყიდა სული (ერთსტროფიანი)

ვინც რომ გაყიდა სული, გული და ეყმო ეშმაკს,
დაემშვიდობა ცხონებას და თუნდ ჭინკა ერქვას,
არა აქვს იმას, ამის დარდი, ტომრით აქვს ფული,
ის კი არ იცის, ტომარაშიც ეშმაკი უზის.

Sunday, November 24, 2019

თოვლი მოვა და შენც მოხვალ

თოვლი მოვა და შენც მოხვალ,
ციდან წამოხვალ ფიფქებად,
სახეზე მომიალერსებ,
მიმრავლებ შენზე ფიქრებსაც
სურვილებს თავზე დამათოვ,
თოვლი ხარ, თოვლის ფერია,
ზოგი წვიმაა, ზოგი- მზე,
თოვლობა შენი ხვედრია.

Saturday, November 23, 2019

ნამდვილად გყვარებია (სიმღერა) მაია სიჭინავამ დაწერა და შეასრულა ,,სიყვარულის ფერები ნეტავ შენ თუ შეგეხო"

სიყვარულის ფერები, ნეტავ, შენ თუ შეგეხო,
აბსტრაქციის ველში ხარ, ჰორიზონტიც მერყეობს,
თუ ქალაქის ქუჩებიც აცა-ბაცა  დადიან,
ვეღარ არჩევ ღამეებს უმთვაროს და მთვარიანს,
თუ ზეცაში ღრუბლები ცხენებივით დაჰქრიან
და შენ, იმათ მესაჭეს, მზის სხივები გაყრია,
ცის ნაფლეთი ისროლე მინდორ-მინდორ ღიღილოდ,
ნამდვილად გყვარებია და იმიტომ ღიმილობ.


ბევრჯერ გაპატიე შეცდომა (ერთსტროფიანი)

ბევრჯერ გაპატიე შეცდომა, ბევრჯერ უმიზეზო ღალატიც,
შენ კი ვერაფერსაც ვერ მიხვდი, ისევ მასმენინებ ნარატივს,
ბევრი არ ჭირდება მისნობა, უკვე ბევრიცა მაქვს ნანახი,
მომბეზრდა მე შენი გიდობაც, მშვიდობის მოვისროლე მანდატი.



მე მეგონა...(ერთსტროფიანი)

მე მეგონა, რომ გიყვარდათ ია,
მაგრამ თურმე გყვარებიათ ბია,
თქვენ ლურჯ თვალებს ანაცვალეთ ოქრო,
ჯოჯოხეთი გეჯღანებათ მხოლოდ.

განწყობა (ერთსტროფიანი)

გაყინული ჩემს ოთახში ვწევარ,
დამტყობია ნათითური ზამთრის,
გარეთ თოვლი წყება-წყება წვება
და სიცივეს ყველა მხრიდან მაყრის.

წმინდა გიორგის! (ერთსტროფიანი)

შენი სახელის მარად მტვირთველნი
ნაპერწკალიდან კვლავ ავინთებით,
დაე, უცქიროს სამყარომ ხანძარს,
მზეზე ელვარე ჩვენს ქართულ ტაძარს!

ნუთუ, დაგვტოვეს ანგელოზებმა?! (ერთსტროფიანი)

ნუთუ, დაგვტოვეს ანგელოზებმა?!
ჩვენი არც ფიცი და არც მტკიცი სწამთ,
ყველა გაფრინდა ქართლის ბუდიდან,
ჩვენზე ტირილი აცლით არაქათს.

როცა შენ გტკივა (ერთსტროფიანი)

იქიდან ხვდები, 
რომ უღირხარ მეგობარს ჩირად,
როცა შენ გტკივა, 
ვერა ხვდება, არ იცვლის ნირსაც.

Friday, November 22, 2019

სუნამოს სუნი (ერთსტროფიანი)

სუნამოს სუნი მოაქვს ლამაზმანს,
ქარი მიიტანს სურნელს ათასგან,
გამორბის ყველა, კაციც და მხეციც,
იქნება გაჰკრას აბედზე კვესი.

ხმელი ფოთოლი (ერთსტროფიანი)

ეკვრება მიწას ხმელი ფოთოლი,
იმის წიაღში სურს განსვენება,
თანაც ჰგონია ძველს და მიამიტს,
მასზე დაგვრჩება ჩვენ მოგონება.

Thursday, November 21, 2019

აბსტრაქციის ველიდან... (სიმღერა), სახუმარო

აბსტრაქციის ველიდან რეალურში გათავსებ,
სადედოფლო სამოსით შეგამკობ და გაგავსებ,
მინდა იყო ლამაზი, რომ იყავი ფიქრებში,
მაგრამ ის არ ყოფილხარ, სულ რატომ ვარ იჭვებში.
ანჩხლი ხარ და კაპასი და ყვავივით ყრანტალებ,
ე მაგ ქერა კულულებს მგონი ტყუილად ატარებ,
ბულბულივით მღეროდი, სანამ შეგიყვარებდი,
ახლა დასამშვიდებლად უნდა ვყლაპო აბები.
საიდანაც მოსულხარ იქნებ იქით წახვიდე
აბსტრაქციის ველებში გაჭრას თუ არ აპირებ,
მაშინ, ალბათ, მე გავალ რეალური ველიდან,
შევერევი ვარსკვლავებს და ღუბელთა ზეფირსაც.



იწყება ღამე (ერთსტროფიანი)

იწყება ღამე, არმაგედონი,
ფურცელზე სტრიქონს სტრიქონს ვაწებებ,
შემოდის ბნელში ყმაწვილი თორით
და ჩემთან ერთად ღამეს ათენებს.

Monday, November 18, 2019

ერთადერთი, რაც დამამარცხებს (ერთსტროფიანი)

ერთადერთი, რაც დამამარცხებს,
შვილების სევდა, მათ თვალში მდგარი,
ქვეყნის მომავალს და თავისას,
რომ ვერ ხედავენ, ავადგამხდარნი.

Sunday, November 17, 2019

მინდვრის ყვავილები (პიესა ერთ მოქმედებად (საბავშვო))

მინდვრის ყვავილები


მოქმედი პირები: გოგონები - მზისა და  მთვარისა,
დედა

გოგონები ტყის პირას მდელოზე დგანან და საუბრობენ

მთვარისა: ჩუმად რომ გამოვიპარეთ,
                    გულს არ ვატკენთ მამიკოს?

მზისა: ყვავილს დავკრეფთ, წავალთ მალე,
             ნუ შეკრთები, დაიკო.

მთვარისა: მზისა, მოდი, გვირილები
                    შევაგროვოთ თავიდან,
                    გულში უზით მზის სხივები,
                    დედას უყვარს ძალიან.

მზისა: ჰო, მთვარისა, ოღონდ ჩქარა,
             მგონი, წვიმას აპირებს,
             მივამატოთ ვარდკაჭაჭაც
             ამ მშვენიერ ყვავილებს.

მთვარისა: ვარდკაჭაჭა რომელია,
                    ვინ მისცა ეს სახელი,
                    ნეტავ, ვარდებს თუ ჰგავს რამით,
                    ან სუნით და ან ფერით?

მზისა: მათ არა ჰგავს, ცისფერია,
             გამჭვირვალე, ფაქიზი,
             სამკურნალო არის ფესვიც,
             მგონი, თავად ყვავილიც,
             ამას წინათ თინა ბებო
             წყალში  ყრიდა ჩაისთვის!

მთვარისა: ყაყაჩოც რომ მივუმატოთ,
                    თაიგულს მთლად დახატავს,
                    წითელია, როგორც ვარდი,
                    დედოფალას კაბას ჰგავს.

მზისა: მართალი ხარ, ლამაზია,
             მაგრამ სუსტი ღერო აქვს,
             ჯანმრთელობა არ უვარგა
             კაშკაშას და ფეროვანს.
             ვერ იტანს ვერც დიდძალ სიცხეს,
             ქარიც ძლიერ აწუხებს,
             თუ მოწყვიტე, დარწმუნდები,
             გზასაც კი ვერ გაუძლებს.

მთვარისა: მზისა, იცი, ყაყაჩოებს
                    შინაური ტიტა ჰგავს,
                    მამა დედას რომ მიართმევს,
                    ერთი-ორი კვირა დგას.

მზისა: მართალი ხარ, გამძლე არის,
             მოსავლელად ადვილი,
             მაგრამ მინდვრის დედოფალი
             ყაყაჩოა ნამდვილი.

მთვარისა: ღიღილოებს მე დავუკრეფ,
                    დედას მოსწონს ძალიან,
                    ღიღილოსფერ კაბას იცმევს,
                    მაგნაირი თვალი აქვს.
                    ოქროღილას ეძახიან
                    სხვანაირად ღიღილოს,
                    მართლაც, შეხე, ეს გულები
                    ხომ ჰგავს ოქროს ღილკოლოს?!
  (უთითებს ღიღილოს ყვითელ გულზე)

მზისა: მე კი დავკრეფ მზისფერ ყვავილს,
             უწოდებენ ზაფრანებს,
             ჩვენი ბებო, როგორც სუნელს,
             საჭმელებში ათავსებს.

მთვარისა: შეხე, ყვითელ მზესუმზირებს (უთითებს მზესუმზირებზე)
                   შორს რომ მოჩანს ყანებში,
                   ისიც ხომ არ მოგვეწყვიტა?
                   დედას გავახარებდით.

მზისა: არა, არა, ოჰ, რას ამბობ,
             ჯერ გაივსოს მარცვლებით,
             მერე ერთად ვაკნატუნთ,
             კმაყოფილი დავრჩებით.

მთვარისა: იცი, მზისა, მზესუმზირა
                   რად დაარქვეს სახელად?
                   გამუდმებით მზეს უყურებს,
                   აღმა-დაღმა დაჰყვება.

მზისა: კიდევ ბევრი ყვავილია
             ჩვენი გულის სალხენად:
             მატიტელა, შავბალახა,
             თავშავა და თავცეცხლა.

მთვარისა: თავცეცხლას რად ეძახიან,
                    უკიდია ხანძარი?

მზისა: არა, მაგრამ ეკლებს შორის
             გვირგვინი აქვს ლამაზი,
              ცეცხლისფერი ყვავილებით
              თავს იწონებს ამაყი.

მთვარისა: დაო, აბა, გადახედე, (ახედებს ყვავილისკენ)
                   როგორ გვიმზერს ხარისთვალა,
                   ჩვენი მდელო უხვი არის,
                   სიკეთე არ დაგვითვალა.
                   მიგვაქვს მინდვრის თაიგული,
                   ვერსად ნახავ ამისთანას.

(გოგონები მიტრიალდებიან, დაინახავენ დედას, თაიგულს მიურბენინებენ)

დედა: (საყვედურის თქმაც გადაავიწყდება, გახარებულია)
             ჩემო კარგო გოგონებო,
             გაახარეთ დედის გული,
             თქვენთვის გვირგვინს უცებ დავწნავ
             ამ ლამაზი თაიგულით.
             ახლა კი შინ გავტრიალდეთ,
              მამას, ალბათ, მოენატრეთ.
(დედა გოგონებს კოცნის, თაიგულს ათვალიერებს, მერე ფუტკრებისკენ იხედება, იქვე ბზუიან)
             შეხეთ ფუტკრებს, რა ბეჯითად (გოგონებს თითით მიანიშნებს ფუტკრებზე)
             დაბზუიან ყვავილებს,
             ნექტარი და სიტკბო მოაქვთ,
             აავსებენ სკა-ფიჭებს,
             თუ დავუკრეფთ ყველა ყვავილს,
             გავუგრძელეთ სკისკენ მანძილს! (დედა იცინის)

(გოგონები აკვირდებიან ფუტკრებს)

მზისა: არ ვიცოდი, ფუტკრები რომ
             იძლეოდნენ თაფლს და სანთელს,
             მაგონებდნენ ყვითელ ბუზებს,
             მაგათ ხელს როგორღა ვახლებ?!

მთვარისა: ეს ბუნება რა ყოფილა,
                    თავს გვევლება ულევ სხივად,
                    მაგრამ თუ არ გავუფრთხილდით,
                    აღარც ჩვენ გვექნება ბინა.

(დედა ბავშვებს ყვავილების გვირგვინებს უწნავს და თავზე ადგამს, მერე ხელს გადაჰხვევს და სიმღერით გადიან)

სიმღერა: ოდელია, დელია,
                  მზე დაგვხარის ზევიდან,
                  ნაირ-ნაირ ყვავილებს
                  მდელო გადუპენტიათ,
                  ედემია ნამდვილი
                  ჩვენი მთა და ველია.


ფარდა
             
.
               



თევზაობა (პიესა ორ მოქმედებად)

მოქმედი პირები:
პირველი ბიჭი
მეორე ბიჭი
პაპა


პირველი ბიჭი ლოგინში წევს, მეორე ბიჭი სათევზაოდ წასასვლელად ემზადება, ერთმანეთს ესაუბრებიან

პირველი ბიჭი

ამ დილაზე თუ არ წავალთ,
გაგვექცევა მდინარე?
ცოტა კიდევ დამაძინე,
სულ ნუ ამაწრიალე!

მეორე ბიჭი

პაპამ გვითხრა, ადრე ავდგეთ,
მერე მზე დააცხუნებს
და სიცხეში სიარული
ადამიანს ასუსტებს.
"ზოგი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, 
მძინარა კი თვალებს იფშვნეტს",
ბებომ, განა, არ გაგვანდო
ეს ხალხური დიდი სიბრძნე?!

პირველი ბიჭი

კვირა დღეა, ჩემი ნება
არის ლხენა, დასვენება.
სადა ვსდიო ორაგულებს,
ქვა-კენჭებში გაყუჩულებს?
შენ და პაპა წადით მარტო,
მაგ საქმესაც ტყუილად მანდობთ!

მეორე ბიჭი:

ვიბანავებთ მდინარეზე,
გავიკაჟებთ სულს და სხეულს,
რა სჯობს წყალის გადავლებას,
არ ვყოფილვართ ალგეთს წლეულს.
შემოგვხვდება  ცხენის რემა,
წყლის სასმელად მოდენილი,
მოვახტებით თითო მერანს,
ქარს ავყვებით ფოთლებივით.

პირველი ბიჭი ლოგინში წამოჯდება, ყურებს დაცქვეტს

პირველი ბიჭი

როგორც ხედავ, დამარწმუნე,
მიყვარს კოხტა ცხენის ცქერა,
პაპას ვუთხრათ, ჩვენც გვიყიდოს,
დაე, შურდეს ჩვენი ყველას!
ტყეს და ველებს შემოვივლი,
რომ არ დარჩეს ხანძრის კერა,
გახსოვს, შარშან ტყე დაიწვა,
რამდენიმე მოკვდა მელა...


მეორე ბიჭი

მართლა, განა, შეძლება,
გააჩაღო კოცონი,
სვა, ჭამო და ითამაშო,
ჩიტი დაფრთხეს ხორხოცით.
წასვლისას კი დაგრჩეს ცეცხლი,
არ ჩააქრო მანამდე?
ნაპერწკლიდან, ხომ გსმენია,
ვინძლო, ალი ავარდეს!
მერე მინდორს, ტყეს და ნათესს
ცეცხლის ალი  ეკიდოს,
უსინდისო დამნაშავეს
მხართეძოზე ეძინოს?!

პირველიბიჭი:

დამნაშავე, ჩემი აზრით,
დაისჯება ოდესღაც,
- ვინც მთა-ბარს არ უფრთხილდება,
სულ დაკარგავს ქონებას!
- ასე ამბობს თინა ბებო,
კარგად უჭრის გონება.

მეორე ბიჭი;

კარგი  მიდი, მოემზადე,
მოვრჩეთ ახლა ლაპარაკს,
პაპა უკვე გველოდება,
ანკესები მზადა აქვს.


პირველი ბიჭი ლოგინიდან დგება და სწრაფად იცმევს, ბიჭები ოთახიდან რიგ-რიგობით გადიან


                                                   მეორე მოქმედება



პაპა და ბიჭები სხედან მდინარის ნაპირას, თევზაობენ

პირველი ბიჭი

ბევრი თევზი დავიჭირე,
თუმცა ყველა არის მცირე,
ორაგულებს დაიჭერო,
დამაჯერებთ, ნეტავ, კიდევ?!
კი არიან ლამაზები
გვერდზე ოქროსფერი ქერცლით,
პურის ყანას მაგონებენ
შავ-წითელი მიხაკებით.

პაპა

შენ რომ თევზი დაიჭირე,
ჩვენებურად ჰქვია გოჭა,
ზოგან საზანს ეძახიან,
ყვარებია თურმე ხონთქარს.
ახლა წლისაც არ არიან
მით არიან პატარები,
ოცდაათი წელი ცხოვრობს,
თუ სიცოცხლეს აცლის მტერი,
ოც კილომდე აიწონის და
სიგრძეშიაც არის მეტრი.

პირველი ბიჭი

ნეტავ, მტერი მაგათ ვინ ჰყავს,
ვის სჭირდება ეგენი?
მე არც შემწვარს ვეტანები,
მწყენს კონსერვის თევზებიც.

პაპა

მათი მტერი კაცი არის,
წყალში დენს რომ ატარებს,
ხან დინამიტს ააფეთქებს,
ხოცავს დიდს და პატარებს.
ბრაკონიერს, ყმაწვილებო,
თევზი უყვარს ყასიდად,
რამდენიმე სახეობა
დაუნდობლად გაწყვიტა.
კიდევ ბევრი თევზის ჯიში
აღარა ჩანს უკვე თითქმის,
უნდა მკაცრად დაისაჯოს,
ვინც არ იცის წესი, რიგი.


მეორე ბიჭი

პაპა, იცი,  ლელო ძიამ,
მეზობელმა მეთევზემ,
მითხრა გოჭა ქვირითს უჭამს,
თურმე, უხერხემლოებს.
ოღონდ მხოლოდ შემოდგომით,
გაზაფხულზე, იცოცხლე,
წყალმცენარეს ეტანება,
ზაფხულშიაც იწონებს.

პაპა

ზამთარში არ იკვებება,
სადმე ფსკერზე ჩაწვება,
გაზაფხულზე გაიღვიძებს
და დინებას აჰყვება.
გუნდად უყვართ მაგათ ცურვა
ლამაზებს და მალებსა,
შენს თევზებში, ვხედავ კარგად,
გოჭალაც იმალება.

პირველი ბიჭი

გველენას თუ ძაღლაარტას
ეძახიან იმერეთში,
ღორჯო-წვერას ანათლებენ
ენასხარტი გურულები.
თუ ალგეთშიც დაცურავდა,
არ ვიცოდი, მე მეგონა,
კალმახი თუ იყო იგი,
ქვებში ისე მაღლა ხტოდა.

პაპა
ორაგულის ოჯახიდან არის
ეგეც და კალმახიც,
ჰაერი თუ აღარ ეყო,
რომ აღმოჩნდა უცებ ნაპირს.

პირველი ბიჭი

ჰო, ნაპირზე დავიჭირე,
ხელი ვტაცე, მისხლტებოდა,
მარტო ალგეთში არიან
თუ არაგვზეც არის ბლომად?


მეორე  ბიჭი

როგორც ვიცი, ალაზანში
არის მეტად ბევრი თევზი,
ოცი სახეობა ცურავს,
რაღა გინდა, აბა, მეტი?
არც არაგვი არის მწირი,
თევზი ცურავს იქაც დიდი.

პაპა

ალგეთშიაც ბევრი ცურავს,
მდინარეა სასახელო,
ვიმბა, კობრი, კარჩხანა და
თაღლითა და თეთრულა,
მე ხრამული დავიჭირე
ბლომად, მგონი, გვეყოფა....
პატარა და გემრიელი...
ახლა გეყოთ ცელქობა!

მეორე ბიჭი

ჩემს ანკესს კი მხოლოდ ცოტა
ლიფსიტები ამოჰყვა,
რა ვაჩვენო თომას, გურის,
რომ მკითხავენ, რა მოგაქვს?


პაპა

მე და გიგო თევზს გაგიყოფთ,
შენთან ჩასვი ხრამული,
ხუთი გოჭა შენს ძმასა ჰყავს
შენთვის გადანახული.
ნახე, შენი ძმა-ბიჭები
როგორ გაოცდებიან,
ამდენიო, შენ გეტყვიან,
ლელოს არ ღირსებია.

ბიჭები იცინიან, თევზებს ინაწილებენ

პირველი ბიჭი

კარგი იყო თევზაობა,
გადავხედეთ არემარეს,
ცხენის რემა ვერა ვნახეთ,
იმედია, ვნახავთ ხვალ-ზეგ!


ბიჭები ხელიხელგადახვეული გადიან, პაპა გვერდზე მიჰყვება
ფარდა ეშვება