ლამაზი ქალი იყო მანანა, დიდი მწვანე თვალებითა და ჩამოქნილი ტან-ფეხით. ახალგაზრდობაში, არც ახლაა ბებერი, სოფლის თვალი იყო, ვინ არ ეძლეოდა, მათ შორის თბილისელებიც იყვნენ, მაგრამ თავის სოფელში დარჩენა ირჩია, საუკეთესო ყმაწვილს გაჰყვა ცოლად, გამგეობაში მხატვრად მუშაობდა, სამხატვრო სასწავლებელი, ნიკოლაძეს რომ ეძახოდნენ, ის ჰქონდა დამთავრებული. აბა, გამგეობაში მხატვარს რა საქმე უნდა ჰქონოდა და სამღებრო სამუშაოებს კი ხშირად ასრულებდა უფროსების სახლებში, შესაბამისად, ანაზღაურებაც კარგი ჰქონდა, ოჯახიც კმაყოფილი ჰყავდა და თვითონაც არ იყო უკმაყოფილო, თუმცა ხანდახან ნაღვლის ჭია შეუძვრებოდა ხოლმე, ხატვა მოენატრებოდა, მაშინ გადმოიღებდა საღებავებს და ხატავდა თავისი სოფლის სანახებს, მდინარეს, რომელზეც გაიზარდა, ალვებს, გზის პირზე ჩამწკრივებულთ, კომუნისტების დროს რომ ჩაერგოთ, ქარსაცავი ზოლიაო, მთებს, ტყეებს, ხეხილის ბაღებს, განსაკუთრებით ვაშლის ხის ხატვა უყვარდა, მასთან ერთად რომ გაიზარდა და მისი წლოვანების იყო, წითელ ვაშლებს ისხამდა. ახალგაზრდებს სამი შვილი ეყოლათ, გოგონა და ორი ვაჟი, ხარობდნენ, ახალი სახლის აშენებას აპირებდნენ, ძველში ვეღარ ვეტევითო. მოულოდნელად ქვეყანა გადასხვაფერდა, დროშების ფრიალმა და მიტინგებმა შედეგი მოიტანა,თავისუფლების სუნი დატრიალდა, მაგრამ გაჭირვება შემოვიდა ქვეყანაში, მათ სოფელშიც, ოჯახშიც, სამუშაოც დაკარგა მხატვარმა, მეურნეობას მიჰყო ხელი, მანანაც მხარში ამოუდგა, მასთან ერთად მუშაობდა, გაერუჯა სახე, ხელები, გახდა, მძიმე შრომა ჰქონდათ, შემოსავალი - ცოტა, ყველაფერი კაპიკებში იყიდებოდა იმ ბედუკუღმართ დროში. აბეჩავებს გაჭირვება ქალსაც და კაცსაც, ვერც ერთს ვეღარ იცნობდი... სადღა იყო პირმცინარი მანანა... ქმარსაც გაუფუჭდა ნერვები, სმას მიჰყო ხელი, დღე არ გავიდოდა, ერთი კარგად არ გამობრუჟულიყო სოფლის კაცებთან ერთად, სახლში მისული ცოლს დაუწყებდა ძებნას, ისიც ზოგჯერ სახლში არ დახვდებოდა, მეზობლის ქალებთან ლაპარაკს აყოლებდა გულს, იმასთან იკრიბებოდნენ, ვისაც ე. წ. "დვიჟოკი" ჰქონდა, დაეწყობოდნენ, მიემართებოდნენ წყება-წყებად, გუნდ-გუნდად, სერიალებს უყურებდნენ, მექსიკურს, მაშინ ეგ იყო მოდაში, ბავშვებს დედამთილს დაუტოვებდა... შესჩივლებდა დედა შვილს, ორი საათზე მეტია წასული და არ გამოჩენილაო, არ სიამოვნებდა დედის წუწუნი თამაზს, გადასძახებდა, სახლში მოდიო, მერე სახლში მოსულ ცოლს მშობლის გასაგონად ერთ-ორ უხეშ სიტყვას ეტყოდა, ლოგინში კი ბოდიშებს უხდიდა, დედის გამო გითხარი საყვედურიო, მიეჩვია ნელ-ნელა ქალი ქმრის უხეშ ლაპარაკს, გინებასა და ჩხუბსაც, რომელიც სულ უფრო ხშირად გაისმოდა მათი სახლიდან. სულ უფრო შეწუხებული დაიარებოდა ქალი სოფლის ორღობეებში, საქონლის დევნაში დაღლილი. ქმარი, ნაბახუსევი, დილით ვეღარ დგებოდა ადრიანად და სამწყემსურში საქონლის წაყვანა მანანას უწევდა, ბოსტანსაც ის უვლიდა, სათოხარშიც დადიოდა, ეცოდებოდათ მეზობლებს, ერთმა თბილისში მერძევედ სიარული შესთავაზა, ერთ-ორ კაპიკს იშოვი, ოჯახში მეტს შეიტან, ეგრე მუშაობით წელში გაწყდებიო. თვითონვე წაიყვანა, თავისი კლიენტები გააცნო, ერთი კვირა შენ იარე, მეორე კვირას მე ვივლიო. ერთი ქალი განსაკუთრებით მოეწონა, სახლში შეიპატიჟებდა, ყავას დაალევინებდა, მანანამ ყავაზე მარჩიელობა იცოდა და მასპინძელისთვის რომ ესიამოვნებინა, ჭიქაში ჩაიხედავდა ხოლმე. მასპინძელს გააოცებდა თავისი ნიჭით, ნიჭი კი მართლა ჰქონდა, ბევრს უთქვამს, შენი ნამკითხავები სიტყვა-სიტყვით გვიხდებაო. ქალბატონი თვითონაც სამი შვილის დედა იყო და ბავშვები განსაკუთრებით უყვარდა, მის შვილებსაც გაუმასპინძლდებოდა, მანანას ზოგჯერ ისინიც მიჰყავდა, როცა რამე ჰქონდათ საყიდელი სკოლისთვის, კასპშიც შეეძლოთ ეყიდათ, მაგრამ დედაქალაქში არჩევანი მეტი იყო, ბევრი კეთილი ადამიანიც გაიცნო, ბავშვებს ჩასაცმელს, ფეხსაცმელს ჩუქნიდნენ, მართალია, ახალი არ იყო, მაგრამ სოფელში გამოდგებოდა, თავიდან ორ კვირაში ერთხელ დადიოდა მანანა ქალაქში, რძე და მაწონი მიჰქონდა თავისი ძროხების, მერე კვირაში ერთხელ დაიწყო სიარული, სოფელში მეზობლებისგან ხან ყველს იყიდდა, ხან - კომშს, შინდს, ქაცვს, ისიც მიჰქონდა გასაყიდად. ყველაზე საყვარელ თავის კლიენტს, ქალბატონ მაიას, კვახებს წამოუღებდა ხოლმე საჩუქრად, ისიც, რაც შეეძლო, ყველაფერში ეხმარებოდა. მოზვერის დაკვლა გადაწყვიტეს ოჯახში და დახმარება სთხოვა, იმანაც უარი არ უთხრა, კორპუსის ეზოში მოიტანეთ და ყველა იყიდისო. სახლის წინ ერთი სკამი იდგა, საღამოობით მოხუცები ჩამოსხეოდნენ ხოლმე, ხან ქალები, ხან - კაცები, ვინც დაასწრებდა, იტყოდნენ ამ მთისას და იმ ბარისას, ქვეყნის ავან-ჩავანს გაარჩევდნენ, კაცებს პოლიტიკაზე უყვართ საუბარი, ქალებს - სხვებზე ჭორაობა.. სწორედ იმ სკამზე გაშალეს ხორცი დილაუთენია, მანანას ქმარმა მეზობლის მანქანით ჩამოიტანა, დაიტაცეს მეზობლებმა, ოჯახისააო, ის მაინც ვიცით, სოფელში გაზრდილი საქონელია, თორემ რას ვყიდულობთ, რასა ვჭამთ, კაცმა არ იცისო, ისიც დაუბარეს, სხვა დროსაც ჩამოიტანეთ, ვიყიდითო, თამაზი ყველას მოეწონა, ზრდილობიანი, განათლებული კაცი ჩანდა, დიდი ნათელი თვალებით. ქალბატონმა მაიამ ყველაზე დიდი ხორცის ნაჭერი აიღო, დიდი ოჯახი მაქვს, დავჭრი, მაცივარში შევაგდებო, ის კი არ მოეწონა, ძვლები ცუდად იყო დაჩეხილი, წვრილად დაქუცმაცებულ-დაფშვნილი, ამასაც ცოდნა სჭირდებაო, გაიფიქრა. მანანას სთხოვა, თუ გაქვს სახლში თამაზის ნახატები, ჩამომიტანე, შევხედავ, იქნებ ვიყიდო კიდეცო. ერთი ჩამოუტანა, მოეწონა, იყიდა. დანარჩენებს კარადაში ინახავს, არ გვაძლევსო. სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა მანანა, მეორე მერძევემ - დედამთილი ჰყავს ავად, წამლებში იმდენი ფული სჭირდებათ, ვალებით აივსნენო. მოკვდა დედამთილი, ვერ უშველეს, ქელეხიც გადაიხადეს, პატივით დაასაფლავეს. ვალების გამო სახლიც გაყიდეს და ის ხეხლიანი ბაღიც, სადაც თამაზის საყვარელი ვაშლის ხე იდგა, ხშირად რომ ხატავდა. მანანას დედის სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. თანაც სულ 200 დოლარად გაუყიდიათ ხეხილის ბაღი, ეწყინა ეს ამბავი ქალბატონ მაიას, მევალე ახრჩობდათ, რა ექნათო. როგორც იქნა, გამოჩნდა ქალაქში მანანა, ცოლ-ქმარს ახალი სახლის ყიდვა გადაეწყვიტა, უჭირდა თამაზს სიდედრთან ცხოვრება, ვერ იყო თავის გემოზე. თურქეთში წასულა სამუშაოდ სხვა ქართველებთან ერთად, თურმე პლანტაციაში მუშაობენ, რამდენიმე კაცი ცხოვრობს ერთად ერთ ოთახში, ასე ნაკლები ეხარჯებათ. ყვება კლიენტებთან ქმრის ამბებს მანანა. ზოგმა კაცმა დახმარებაც შესთავაზა, უკაცოდ ხარ დარჩენილი, სახლშიც შეიპატიჟეს, შემოდი, გათბიო, ყინვაა გარეთ, ხელები გაგთოშვიაო, მაგრამ უშლის კლიენტებთან შესვლას ქალბატონი მაია, ხომ იცი, ეშმაკს არა სძინავს, რა იცი, რამე ცუდი არ მოუვიდეთ აზრად, ლამაზი ქალი ხარო, იცინის მანანა, აჩენს თავის ლამაზ კბილებს. ცოტა წელში გაიმართა ქალი, მეტი რძე, მაწონი, ყველი ჩამოაქვს გასაყიდად, მეზობლებისგან მეტს ყიდულობს, ამასობაში ბავშვებიც წამოიზარდნენ, უფროსი ქალიშვილი გაიპარა, გათხოვდა, ქმარს დაურეკა, ახალი ამბავი გააგებინა, ფული გამომიგზავნეო. მესამე დღეს თუქეთიდან დაურეკეს, შენი ქმარი ყელგამოჭრილი იპოვეს ოთახშიო, გაშრა, გამიტკლდა. თურმე რამდენიმე თვის წინ ამხანაგისთვის,იქ მომუშავე ქართველისთვის, ფული ესესხებინა, 400 ევრო, ახლა მოეთხოვა, შვილი გამითხოვდა, მჭირდება, მომეციო, ღამით თამაზისთვის ყელი გამოეჭრა, თურქებიც კი გაოცებულან, რა ხალხი ხართ ქართველები, ერთმანეთს არ ინდობთო. ტირის მანანა, ცრემლები ჩამოდის ლამაზი თვალებიდან, საკინძეზე ეწვეთება, ამშვიდებს ქალბატონი მაია, თამაზის სურათები გაყიდე, რამდენიმე, მშრალ ხიდზე წადი,რაღაცა ფულს იშოვი, მკვდარი მაინც ჩამოასვენოო, კიდევ კარგი, სახელმწიფო დაეხმარა მეუღლის ჩამოსვენებაში, სურათები კი მაინც გაიტანა, შვილებისთვის ფული სჭირდება, გოგო ხომ უნდა გაამზითვოს, ბიჭებიც გამოაწყოს სკოლისთვის. დაუტოვა ერთ გამყიდველს თამაზის სურათები, ცუდად, მაგრამ მაინც იყიდება, ორ-სამ თვეში - თითო, იქიდანაც მეხმარებაო, უხარია მანანას. ერთი სურათიღა დარჩა სახლში, შიშველი ქალი ზის ვაშლის ხესთან, "ევა" აწერია, ძალიან ლამაზია, უნდა ესეც წაიღოს გასაყიდად, მაგრამ რცხვენია, შიშველი ქალი რომ არის ზედ დახატული, სხვანაირად არ გაიგონ, ბოლოს თავს მაინც სძლია და მშრალ ხიდზე წავიდა თავის ნაცნობ-გამყიდველთან, უცებ შემოეხვია ხალხი სურათს, უყურებენ, ტკბებიან ქალის სილამაზით, იქვე შორიახლოს მამაკაცი დგას, მორიდებით, ისიც სურათს შესცქერის, იცინის გამყიდველი, შემთხვევით შენ ხომ არ დაგხატაო შენმა ქმარმა, სხვა კაცებიც იღიმებიან, ხელიდან გამოგლიჯა სურათი ქალმა, შავი თავსაფარი გაისწორა, იღლიაში სურათამოჩრილი გაიქცა თავქუდმოგლეჯილი, არ უნდა წამომეღოო ეს სურთი, ღმერთმა დამსაჯაო, მტკვრის სანაპიროზე შეჩერდა, მოაჯირს დაეყრდნო, გადავაგდებო, მოულოდნელად ვიღაცამ გააჩერა, ის კაცი აღმოჩნდა, მორიდებით რომ იდგა განზე მშრალ ხიდზე, სურათი ხელიდან ფრთხილად გამოართვა, უხმოდ ანიშნა, გამომყევი, მე ვიყიდიო სურათს, რუსთაველზე ავიდნენ, სასტუმროს ფოიეში დასვა კაცმა ქალი, სურათით ხელში, თვითონ სადღაც გაქრა, ცოტა ხანში გამოჩნდა, 1000 დოლარი გადაუთვალა მანანას, ხვალაც მოდი, 5 საათზეო, ისევ ხელით ანიშნა, კიდევ დაგიმატებო. კაცი უცხოელი აღმოჩნდა, ერთმანეთის ენა არ ესმოდათ, მაგრამ თვალები ხომ ყველაფრის მთქმელია. შემდეგ დღეს რუსთაველზეც გაისეირნეს, კაფეშიც დაპატიჟა უცნობმა, დაახლოვდნენ, დამეგობრდნენ. სამუშაოდ ჩამოსულ ფრიდრიხს სახლში დაბრუნების დრო დაუდგა, ქალიც წაიყვანა ვაჟებთან ერთად, თანასოფლელები მის ბედს შეჰნატრიან, მაგრამ ის არ არ არის ბედნიერი, სამშობლო ენატრება, ქალიშვილს მალე შვილი ეყოლება. კაცი სულ თავზე ევლება და ეფოფინება, შენ დაგხატაო შენმა ქმარმა, ეუბნება. სრულყოფილია ევა, ქართველი ქალის სახით, ვეღარ იგებს, ქმარს ის უფრო უყვარს თუ სურათი.
იღვიძებს, საქრთველოშია, ჩიტების ჭიკჭიკი ისმის ბაღიდან, დედა ქათმებს ეძახის: "წია,წია, წია..." ბედნიერებისგან ლოგინში სწორდება, ხელს იქნევს, გვერდზე ცარიელია ლოგინი, ფრიდრიხი ახსენდება... ნეტა, რას იტყვის, სახლში რომ აღარ დახვდებიან ის და ბავშვები... ნერვიულობით საბნის პირს წიწკნის, დგება, ხალათშემოცმილი, ფეხშიშველი გადის ეზოში და ტერფებით ბალახებს ეფერება, მომრავლებულა, დედა ვეღარ ერევა, თოხი გამოაქვს საბძელიდან, მიწას ჩიჩქნის, არაფერი ესმის, ისეა დაკავებული თავის საქმით, უმცროსი ბიჭი ტელეფონს მოარბენინებს, ფრიდრიხია, - ეუბნება და ტელეფონს ხელში აწვდის. არ უნდა, უპასუხოს, მაგრამ პატარა ძალით უდებს ტელეფონს ხელში და გარბის.ნაცნობი ხმა ისმის ყურმილში, - ხვალ მოვფრინავ, ჩემო ევა, ჩემო განუმეორებელო ... - უხარია მანანას, მეზობელთან გადადის, ვინც მისი ბაღი იყიდა, მიდის და ვაშლის ხეს კოცნის, რომელიც თამაზის სახელზე დარგეს.
No comments:
Post a Comment