Tuesday, December 24, 2019

მანანა (მოთხრობა)


                                                                                                                  
        ლამაზი ქალი იყო მანანა, დიდი მწვანე ვარსკვლავებივით მოციმციმე თვალებითა და ჩამოქნილი ტან-ფეხით, ღიმილიც საოცარი ჰქონდა, სიცილიც, გადამდები და ხალისიანი. ახალგაზრდობაში, არც ახლაა  ბებერი, სოფლის თვალი იყო, სოფლის საუკეთესო ყმაწვილსაც გააყოლეს ცოლად, გამგეობაში მხატვრად მუშაობდა, სამხატვრო სასწავლებელი, მაშინ ნიკოლაძეს რომ ეძახდნენ, ის ჰქონდა დამთავრებული.  აბა, კომუნისტების დროს გამგეობაში მხატვარს რა საქმე უნდა ჰქონოდა, ხანდახან თუ დაავალებდნენ რაიმეს  ღონისძიებებისთვის, ისიც ძირითადად თბილისიდან რომ უნდა ჩამოსულიყვნენ სტუმრები, უფრო იმათ  დასანახავად, ერთ-ორ სიტყვას დააწერინებდნენ პლაკატზე: „გაუმარჯოს კომუნისტურ პარტიას!“,  „დიდება ლენინს!“ ანდა „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდითო!“, ისე, მგონი, არც ისე ცუდი იყო ეს ბოლო ლოზუნგი, პროფკავშირები მაინც მოქმედებდა მუშა ხალხის დამცველად და საკეთილდღეოდ, ასე თუ ისე, ახლა ხომ აღარც პროფკავშირი უქნია ღმერთს და აღარც მშრომელებს იცავს ვინმე, შრომის კოდექსიც კი ფარატინა ქაღალდად უქცევიათ, არა და იმხელა წიგნი იყო იმ ავადსახსენებელი კომუნისტების დროს, ხელში ვერ აიღებდი, აი,  ეგ იყო სულ მაშინ სოფლის გამგეობაში მხატვრის საქმე. ამიტომაც, სამღებრო სამუშაოებს უფრო ხშირად ასრულებდა უფროსების სახლებში, მეტი გემოვნება გაქვს და ფერების დაწყობაც უფრო გეხერხებაო. ფულსაც გვარიანად უწერდნენ ხოლმე, კომუნისტებმა ფულის დანანება არ იცოდნენ, მშრომელ კაცს აფასებდნენ, თუ კი მათ სამსახურში იდგა! შესაბამისად, ანაზღაურებაც კარგი ჰქონდა, ოჯახიც კმაყოფილი ჰყავდა და თვითონაც არ იყო უკმაყოფილო, თუმცა ხანდახან ნაღვლის ჭია შეუძვრებოდა ხოლმე, ხატვა მოენატრებოდა, მაშინ გადმოიღებდა ზეთის საღებავებს, სტუდენტობის დროიდან შემორჩენილს,  და ხატავდა თავისი სოფლის სანახებს, მდინარეს, რომელზეც გაიზარდა, ალვებს, გზის პირზე ჩამწკრივებულთ, საქართველოს გასაბჭოებიმერე რომ ჩაერგოთ, ქარსაცავი ზოლიაო, მთებს, ტყეებს, ხეხილის ბაღებს, განსაკუთრებით ვაშლის ხის ხატვა უყვარდა, მასთან ერთად რომ გაიზარდა და მისი წლოვანების იყო, წითელ ვაშლებს ისხამდა. ხანდახან დასვამდა ხოლმე მანანას ხის ქვეშ, ეტყოდა, ევა ხარო და ხატავდა. მის ნახატებზე ვაშლები სისხლის წვეთებს უფრო ჰგავდა, ვიდრე ვაშლებს, რატომ ხატავ ესეო, შეეკითხებოდა ცოლი, რომელსაც არაფერი  გაეგებოდა მხატვრობაში, არ ვიცი, ასე ვხედავო, უპასუხებდა.  
         ახალგაზრდა ცოლ-ქმარს სამი შვილი ეყოლათ, გოგონა და ორი ვაჟი, ხარობდნენ, ახალი სახლის აშენებას აპირებდნენ, ძველში ვეღარ ვეტევითო. გაჭირვება შემოვიდა ქვეყანაში, მათ სოფელშიც, ოჯახშიც, სამუშაოც დაკარგა, მეურნეობას მიჰყო ხელი, მანანაც მხარში ამოუდგა, მასთან ერთად მუშაობდა, გაერუჯა სახე, ხელები, გახდა, მძიმე შრომა ჰქონდათ, შემოსავალი - ცოტა, ყველაფერი კაპიკებში იყიდებოდა იმ ბედუკუღმართ დროში. აბეჩავებს გაჭირვება ქალსაც და კაცსაც, ვერც ერთს ვეღარ იცნობდი... სადღა იყო პირმცინარი მანანა, ხელები დაეშაშრა, გაუშავდა... ქმარსაც გაუფუჭდა ნერვები, სმას  მიჰყო ხელი, დღე არ გავიდოდა, ერთი კარგად არ გამობრუჟულიყო სოფლის  სხვა კაცებთან ერთად. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური, ტელევიზორიდან რომ ესმოდათ, ისიც დენი რომ მოვიდოდა მაშინ და გაანათებდა მათ ღარიბულ, ქონებისგან დაცლილ სახლებს, ყველაფერს ხომ ნელ-ნელა ყიდდნენ, ანტიკვარიაო და კარგ ფასებში იყიდებოდა, კიდევ უფრო უმწარებდა სულს მამაკაცებს, დაანთებდნენ ცეცხლს, ააშიშხინებდნენ მწვადებს, რომელიმე მეზობელი საქონელს ან ღორს თუ დაკლავდა და არჩევდნენ ქვეყნის ავან-ჩავანს, ხშირად მთვრალები ერთმანეთს დაერეოდნენ კიდეც პოლიტიკოსებისადმი თავიანთი სიმპათიების გამო. სულ უფრო ხშირად იკვლებოდა საქონელი, რჩენის თავი აღარავის ჰქონდა, საძოვრებიც აღარ იყო, ყველამ დაინაწილა და მიისაკუთრა კოლმეურნეობის მიწები, მაგრამ დამუშავების თავი არავის ჰქონდა, თითო-ოროლაღა შემორჩენილიყო ტრაქტორი,  კომბაინი, იმათზეც რიგში იდგნენ, ზოგს რიგი არც უწევდა და მოსავალი უფუჭებოდა. ბევრი მანქანა  თურქეთში ჯართში ჩააბარეს, ვინ, ისიც არ იცოდნენ, შემოაწყვეს ერთ დღესაც უზარმაზარ ტრაილერებზე და წაიღეს, ამბობდნენ, ამ საქმით  ბევრი კაცი გამდიდრდაო, უზარმაზარი სახლები წამოჭიმეს ზღვისპირეთში, აბა, აქაურ ხალხს ხომ არ დაანახებდნენ თავიანთ ქონებას. სახლში მისული გადარეული და აღგზნებული თამაზი ცოლს დაუწყებდა ძებნას, ისიც სულ უფრო ხშირად არ ხვდებოდა სახლში, მეზობლის ქალებთან ლაპარაკს აყოლებდა გულს, იკრიბებოდნენ იმასთან, ვისაც ე. წ. "დვიჟოკი" ჰქონდა, დაეწყობოდნენ ქალები ბავშვებით, ვისაც სახლში დამტოვებელი არ ჰყავდა, და უბავშვებოდ, ვისაც დამტოვებელი ჰყავდა, მიემართებოდნენ წყება-წყებად, გუნდ-გუნდად, სერიალებს უყურებდნენ, მექსიკურს, მონა იზაურას ამბავს ჩიოდნენ, იმას გულშემატკივრობდნენ, თვითონაც ლამისაა მონურ ბედში მყოფნი. მაშინ ეგ მექსიკურები იყო მოდაში, მერე - ბრაზილიურები შემოვიდა, იმის მერე - თურქულები, ინდურებსაც ხშირად აჩვენებდნენ,  მგონი, ეს რომ არა, ვერც გადაიტანდა  ხალხი იმ დიდ გაჭირვებას, გაგიჟდებოდა კაცი, მაშინვე დატოვებდა ყველა ქალი საქართველოს, მაგრამ  იმ დროს ქვეყნიდან წასვლის გზები ჯერ კიდევ არ იცოდნენ, იზაურაზე კარგად ხომ ვცხოვრობთო, თავს იმშვიდებდნენ,  სერიალის ბოლოს მდიდარმა კაცმა რომ წაიყვანა ცოლად, მთლად გაიხარეს, რა იცი, ჩვენც ბედნიერება გვეწვიოსო, მშვიდად ელოდნენ ცხოვრების გამოკეთებას, სანამ ყველა იმედი არ გაუცრუვდათ და ახალი ცხოვრების ძიება თვითონვე არ დაიწყეს. მანანაც, ბავშვებს დედამთილს  დაუტოვებდა და შეუერთდებოდა ცხოვრებისგან დაჩაგრულ სხვა ქალებს, პომადის და სახის საცხის ყიდვას ვინ ჩიოდა, კაბა და საცვალიც რომ ვერ ეყიდათ...  
       შესჩივლებდა დედა შვილს, ორ საათზე მეტია წასული შენი ცოლი და არ გამოჩენილაო, არ სიამოვნებდა დედის წუწუნი თამაზს, გადასძახებდა მანანას, სახლში მოდიო, მერე  სახლში მოსულს მშობლის გასაგონად ერთ-ორ უხეშ სიტყვას ეტყოდა, ლოგინში კი ბოდიშებს უხდიდა, დედის გამო გითხარი საყვედურიო, მიეჩვია ნელ-ნელა ქალი ქმრის უხეშ ლაპარაკს, გინებასა და ჩხუბსაც, რომელიც სულ უფრო ხშირად გაისმოდა მათი სახლიდან. სულ უფრო შეწუხებული დაიარებოდა ქალი სოფლის ორღობეებში, საქონლის დევნაში დაღლილი.  ქმარი, ნაბახუსევი, დილით ვეღარ დგებოდა ადრიანად და სამწყემსურში საქონლის წაყვანა მანანას უწევდა, ბოსტანსაც ის უვლიდა, სათოხარშიც დადიოდა, ეცოდებოდათ მეზობლებს, ერთმა თბილისში მერძევედ სიარული შესთავაზა, ერთ-ორ კაპიკს იშოვი, ოჯახში მეტს შეიტან, ეგრე მუშაობით წელში გაწყდებიო. თვითონვე წაიყვანა, თავისი მუშტარი გააცნო, ერთი კვირა შენ იარე, მეორე კვირას მე ვივლიო. ერთი კლიენტი განსაკუთრებით მოეწონა მანანას, მასზე ცოტა უფროსი ქალბატონი, სახლში შეიპატიჟებდა, ყავას დაალევინებდა, მანანამ ყავაზე მარჩიელობა იცოდა და მასპინძელისთვის რომ ესიამოვნებინა, ჭიქაში ჩაიხედავდა. ქალს გააოცებდა თავისი ნიჭით, ნიჭი კი მართლა ჰქონდა, ბევრს უთქვამს, შენი ნამკითხავები სიტყვა-სიტყვით გვიხდებაო. ქალბატონი დოდო თვითონაც სამი შვილის დედა იყო და ბავშვები განსაკუთრებით უყვარდა, მანანას  შვილებსაც სიხარულით ღებულობდა სახლში,  ზოგჯერ მანანა ქალაქში იმათაც წამოიყოლებდა ხოლმე,  როცა რამე ჰქონდათ საყიდელი სკოლისთვის, რაიონშიც შეეძლო ეყიდა, მაგრამ დედაქალაქში არჩევანი მეტი იყო.   ბევრი კეთილი ადამიანიც გაიცნო ქალაქში, ბავშვებს ტანასაცმელს, ფეხსაცმელს ჩუქნიდნენ, მართალია, ყველა ახალი არ იყო, მაგრამ სოფელში გამოდგებოდა, თავიდან ორ კვირაში ერთხელ დადიოდა  ქალაქში, რძე და მაწონი მიჰქონდა თავისი ძროხების, მერე კვირაში ერთხელ დაიწყო სიარული, სოფელში მეზობლებისგან ხან ყველს იყიდდა, ხან - კომშს, შინდს, ქაცვს. ყველაზე საყვარელ თავის კლიენტს, ქალბატონ დოდოს, პატარ-პატარა გოგრებს წამოუღებდა ხოლმე საჩუქრად, მადლიერი იყო მისი, სახლში რომ შეიყვანდა, დაასვენებდა, რაშიც შეეძლო, სხვა საქმეებშიც, ეხმარებოდა. ერთხელ მანანასებმა  მოზვერის დაკვლა გადაწყვიტეს  და რეალიზაციაში დახმარება ქალბატონ დოდოს სთხოვა, იმანაც უარი არ უთხრა, კორპუსის წინ  ეზოში მოიტანეთ და ყველა გამვლელ-გამომვლელი იყიდისო. საცხოვრებელი სახლის წინ ერთი სკამი იდგა, საღამოობით მოხუცები ჩამოსხეოდნენ ხოლმე, ხან -  ქალები, ხან - კაცები, ვინც დაასწრებდა, იტყოდნენ ამ მთისას და იმ ბარისას, კაცებს პოლიტიკაზე უყვარდათ საუბარი, ქალებს - სხვებზე ჭორაობა. სწორედ იმ სკამზე გაშალეს ხორცი დილაუთენია, მანანას ქმარმა მეზობლის მანქანით ჩამოიტანა, დაიტაცეს მეზობლებმა, ოჯახისააო, ის მაინც ვიცით, სოფელში გაზრდილი საქონელია, თორემ რას ვყიდულობთ, რასა ვჭამთ, კაცმა არ იცისო, ისიც დაუბარეს კაცს, სხვა დროსაც ჩამოიტანე, ვიყიდითო.  თამაზი ყველას მოეწონა, ზრდილობიანი კაცი ჩანდა, დიდი ნათელი თვალებით. ქალბატონმა დოდომ ყველაზე დიდი ხორცის ნაჭერი აიღო, დიდი ოჯახი მაქვს, დავჭრი, მაცივარში შევაგდებო, მართალია, დენი ქალაქშიც ჭირდა და ხორცის გაფუჭების პერსპექტივაც დიდი იყო, მაგრამ მანანას ხათრი ვერ გაუტეხა, რომ შესძლებოდა, მეტსაც აიღებდა, ოღონდ დახმარებოდა მის ოჯახს, მართალია, ძვლები ცუდად იყო დაჩეხილი,  წვრილად დაქუცმაცებულ-დაფშვნილი, ამასაც ცოდნა სჭირდება, ყასაბის პროფესია ტყუილად როდი არსებობსო, გაიფიქრა. მერძევეს სთხოვა, თუ გაქვს სახლში თამაზის ნახატები, ჩამომიტანე, შევხედავ, იქნებ ვიყიდო კიდეცო. ერთი ჩამოუტანა, მოეწონა, ვაშლის ხესთან ბავშვით ხელში მჯდარი მანანა ეხატა, საოცარი ნახატი იყო,  იყიდა. დანარჩენებს კარადაში ინახავს, ჩაკეტილი აქვს, არ მაძლევსო, უთხრა ქალმა. 
     სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა მანანა ქალაქში, მეორე მერძევემ ლოდინით დაღლილ კლიენტებს ამცნო  - დედამთილი ჰყავს ავად, თავზე დგომა სჭირდება, წამლებში იმდენი ფული მისდით, ვალებით აივსნენო. მოკვდა დედამთილი, ვერ უშველეს, ქელეხიც გადაიხადეს, პატივით დაასაფლავეს. ვალების გამო თურმე სახლიც გაყიდეს და ის ხეხლიანი ბაღიც, სადაც თამაზის საყვარელი ვაშლის ხე იდგა.  მანანას დედასთან გადავიდნენ საცხოვრებლად. თანაც, როგორც გახმაურდა, სულ 200 დოლარად გაეყიდა ხეხილის ბაღი, სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, მევალე ახრჩობდათო, ეწყინა ეს ამბავი  ქალბატონ დოდოს, სხვა ქალაქელებსაც.
       როგორც იქნა, გამოჩნდა ქალაქში მერძევე მანანა, ცოლ-ქმარს ახალი  სახლის ყიდვა დაესახა მიზნად, უჭირდა თამაზს სიდედრთან ცხოვრება, ვერ იყო თავის გემოზე. თურქეთში წასვლა გადაეწყვიტა სამუშაოდ სხვა ქართველებთან ერთად, თამბაქოს პლანტაციაში უნდა ემუშავათ, წავიდა კიდეც.  რამდენიმე კაცი ცხოვრობს  თურმე ერთ ოთახში, ასე ნაკლები ეხარჯებათო, -   ყვებოდა კლიენტებთან ქმრის ამბებს მანანა. ზოგმა კაცმა დახმარებაც შესთავაზა, უკაცოდ ხარ დარჩენილი, იქნებ, რაიმეს გაკეთება შეგვიძლია შენთვისო, სახლშიც შეიპატიჟეს, შემოდი, გათბი,  ყინვაა გარეთ, ხელები გაგთოშიაო, მაგრამ მანანა ყოველთვის უარობდა, მხოლოდ ქალბატონ დოდოს სტუმრობდა, რომელიც აფრთხილებდა: ხომ იცი, ეშმაკს არა ძინავს, რა იცი, რამე ცუდი არ მოუვიდეთ აზრად, ლამაზი ქალი ხარო, იცინის მანანა, აჩენს თავის ლამაზ კბილებს. ცოტა წელში გაიმართა ქალი, რაც ქმარი სამუშაოდ წავიდა, მეტი რძე, მაწონი, ყველი ჩამოაქვს გასაყიდად, მეზობლებისგან  ყიდულობს, ამასობაში ბავშვებიც წამოიზარდნენ, უფროსი ქალიშვილი, თვალსა და ხელ შუა, ლამაზ ყვავილად იქცა, მორცხვია და ყველაფერზე წითლდება დედამისივით, სკოლაც დაამთავრა, სანამ მანანა გაარკვევდა, რა გზაზე დაეყენებინა, უნდოდა საექთნოზე ჩაებარებინა, უცებ გაიპარა, გათხოვდა.  ქმარს დაურეკა მანანამ სასწრაფოდ, ახალი ამბავი გააგებინა, ფული გამომიგზავნეო, სთხოვა. მესამე დღეს თუქეთიდან დაურეკეს, შენი ქმარი ყელგამოჭრილი იპოვეს ოთახშიო, გაშრა, გამიტკლდა. თურმე რამდენიმე თვის წინ ამხანაგისთვის, იქ მომუშავე ქართველისთვის, ფული ესესხებინა, 400 ევრო, ახლა მოეთხოვა, შვილი გამითხოვდა, მჭირდება, მომეციო,  ღამით თამაზისთვის ყელი გამოეჭრა იმ უბედურს, ბნელი წარსულის კაცი იყო, თურქებიც კი გაოცებულან, რა ხალხი ხართ ქართველები, ერთმანეთს არ ინდობთო. ტირის მანანა, ცრემლები ჩამოდის ლამაზი თვალებიდან, საკინძეზე ეწვეთება, ამშვიდებს ქალბატონი დოდო, თამაზის სურათები გაყიდე, რამდენიმე მაინც, მშრალ ხიდზე იბარებენ ნახატებს, რაღაცა ფულს იშოვი, კარგი სურათებია, იქნებ, მკვდარი მაინც ჩამოასვენოო. კიდევ კარგი, უბედურ ქალს სახელმწიფო დაეხმარა მეუღლის ჩამოსვენებაში, სურათები კი მაინც გაიტანა გასაყიდად, შვილებისთვის ფული სჭირდება, გოგო ხომ უნდა გაამზითვოს, ბიჭებიც გამოაწყოს სკოლისთვის, მამა აღარ ჰყავთ, ობლებად დარჩნენ. დაუტოვა მანანამ მშრალ ხიდზე ერთ გამყიდველს თამაზის სურათები, ცუდად თუ კარგად,  მაინც იყიდება, ორ-სამ თვეში - ერთი, იქიდანაც მეხმარებაო, უხარია მანანას. ამოყიდა ყველა, შვილებსაც დაუტოვეო, ეუბნება ქალბატონი დოდო, მაგრამ არ ესმის, ფული სჭირდება, ერთი სურათიღა დარჩა სახლში, შიშველი ქალი ზის ვაშლის ხესთან, "ევა" აწერია, ძალიან ლამაზია, უნდა ესეც წაიღოს გასაყიდად, მაგრამ რცხვენია, შიშველი ქალი რომ არის ზედ დახატული, სხვანაირად არ გაიგონ, ბოლოს თავს მაინც სძლია და მშრალ ხიდზე წავიდა  თავის ნაცნობ გამყიდველთან, უცებ შემოეხვია ხალხი სურათს, უყურებენ, ტკბებიან ქალის სილამაზით, იქვე შორიახლოს მამაკაცი დგას, მორიდებით, ისიც სურათს შესცქერის, იცინის გამყიდველი, შემთხვევით შენ ხომ არ  დაგხატაო შენმა ქმარმა, სხვა კაცებიც იღიმებიან, ხელიდან გამოგლიჯა სურათი ქალმა, შავი თავსაფარი გაისწორა, იღლიაში სურათამოჩრილი გაიქცა, არ უნდა წამომეღოო ეს სურთი, ღმერთმა დამსაჯაო, ტირის, ხომ მეუბნებოდა ქალბატონი დოდო, შვილებს თითო-თითო მაინც დაუტოვეო, აი, რა მომივიდა, ბუტბუტებს  თავისთვის, მტკვრის სანაპიროზე შეჩერდა, მოაჯირს დაეყრდნო, გადავაგდებო, სურათი მოიქნია, მოულოდნელად ვიღაცამ გააჩერა, ის კაცი აღმოჩნდა, მორიდებით რომ იდგა განზე მშრალ ხიდზე,  სურათი ხელიდან ფრთხილად გამოართვა, უხმოდ ანიშნა, გამომყევი, მე ვიყიდიო სურათს, რუსთაველზე ავიდნენ,სასტუმროს ფოიეში დასვა კაცმა სურათით ხელში, თვითონ სადღაც გაქრა, ცოტა ხანში გამოჩნდა, 1000 დოლარი გადაუთვალა მანანას, ხვალაც მოდი, 5 საათზეო, ისევ ხელით ანიშნა, კიდევ დაგიმატებო. კაცი უცხოელი აღმოჩნდა, ერთმანეთის ენა არ ესმოდათ, მაგრამ თვალები ხომ ყველაფრის მთქმელია, ზოგჯერ მეტსაც გამოხატავს, ვიდრე სიტყვები. მომდევნო დღეს რუსთაველზეც გაისეირნეს, კაფეშიც დაპატიჟა უცნობმა, რატომღაც მანანას არ ეშინოდა მისი, ეს ხომ არაფერს იტყვის ჩემზე, არ იჭორავებსო, ახსენდებოდა, რას არ თხზავდნენ მასზე, ქმარი რომ იყო წასული უცხოეთში, თბილისში ვიღაც კაცთან დავინახეთ, მანქანაში უჯდებოდაო, ან ქალიშვილი გაათხოვა და თვითონაც გათხოვებას აპირებს, საქმროს არჩევს, ხან ვისთან ერთად ვხედავთ, ხან ვისთან, ქმარი კი გაისტუმრა საიქიოსო. ფრიდრიხი გერმანელი აღმოჩნდა, სამეცნიერო მასალების მოსაძიებლად იყო საქართველოში ჩამოსული, თვითონაც ვერ მიხვდა მანანა, ისე დაახლოვდნენ, დამეგობრდნენ, სიმპათიებით აივსნენ ერთმანეთის მიმართ. ეს რა ბედნიერება გამოჩნდა ჩემს გზაზეო, ფიქრობდა ქალი. შვილი კარგად გაამზითვა, არავისი სალაპარაკო არ გახადა,  მამამისის ხელით შექმნილი ნახატი გავყიდე და ის მივეციო, ბედნიერი იქნებაო თამაზიც საიქიოში.
        ფრიდრიხს სახლში დაბრუნების დრო დაუდგა, მანანას ხელი სთხოვა, დაქორწინდნენ, უჩუმრად, პატარა სუფრაც გააკეთა კაცმა, მარტო ყველაზე ახლობლები ისხდნენ მაგიდის გარშემო.  მერე მზადება წასასვლელად...  ვინ იცის, რა შიში და უბედურება უნდა გადაიტანოს ადამიანმა, რომ თავის ქვეყანას მოშორდეს, მარტო სიყვარული არის კი საკმარისი?! სამშობლოს სიყვარულზე ძლიერი გრძნობა ხომ არ არსებობს, რამ უნდა მოგწყვიტოს შენს ფესვებს? ფიქრობდა მანანა. მგზავრობა სხვა ქვეყანაში, ემოციები, შეხვედრა სხვა ადამიანებთან, ადვილი როდია! ფრიდრიხმა ქალი  ვაჟებთან ერთად წაიყვანა თანასოფლელები მის ბედს შეჰნატროდნენ, მაგრამ ის კი იყო ბედნიერი?! სამშობლო ენატრებოდა, ქალიშვილს,მალე შვილი ეყოლება. მართალია, ფრიდრიხი სულ თავზე ევლება და ეფოფინება, შენ დაგხატაო შენმა ქმარმა, ეუბნება. სრულყოფილია ევა, ქართველი ქალის სახით, ვეღარ იგებს, ქმარს ის უფრო უყვარს თუ სურათი.
        იღვიძებს, საქრთველოშია, ჩიტების ჭიკჭიკი ისმის ბაღიდა, დედა ქათმებს ეძახის: "წია,წია, წია..." ბედნიერებისგან ლოგინში სწორდება, იზმორება, ხელს გადაიქნევს, გვერდზე ცარიელია ლოგინი, ფრიდრიხი ახსენდება... ნეტა, რას იტყვის, სახლი რომ აღარ დავხვდებით მე  და ბავშვები... ნერვიულობით საბნის პირს წიწკნის, დგება, ხალათშემოცმული, ფეხშიშველი გადის ეზოში და ტერფებით ბალახებს ეფერება, მომრავლებულა, დედა ვეღა ერევა, თოხი გამოაქვს საბძელიდან, მიწას ჩიქნის, არაფერი ესმის, ისეა დაკავებული ავის საქმით, უმცროსი ბიჭი ტელეფონს მოარბენინებს, - ფრიდრიხია, - ეუბნება და ტელეფონს ხელში აწვდის. არ უნდა, უპასუხოს, მაგრამ პატარა მუდარით შესცქერის და  ძალით უდებს ტელეფონს  ხელში, მერე  გარბის. ნაცნობი ხმა ჩაესმის ყურში, - ხვალ მოვფრინავ, ჩემო ევა, ჩემო განუმეორებელო ... გგონია, მიგატოვებ?! არასოდეს.... არასოდეს... - უხარია მანანას, მეზობელან გადადის, ვინც თამაზის ბაღი იყიდა, მიდის და ვაშლის ხეს კოცნის, რომელიც მეუღლის სახელზე დარგეს მისი დაბადებისას, ალბათ, ორმოციოდე წლის წინ, არ გამხმარა, ვაშლებიც ბლომად დაუსხამს, იქვე ნორჩი ნერგებიც ამოწვერილა, ერთი მომეცი, ახლადშეძენილი შვილიშვილის სახელზე უნდა დავრგო, იმისთვისაც თამაზი დაურქმევიათო, ეუბნება მეზობელს და იცინის, ვარდ-ყვავილი იშლება მის ლამაზ სახეზე, საქართველოს მინდვრებივით ლამაზი.

No comments:

Post a Comment