Friday, December 6, 2019
დაე, იტიროს...(მინიატურა)
არ მიყვარს სკოლაში სიარული, მაგრამ სხვა რა ძალაა, უნდა ვიარო. მაღალი რომ ვარ, მასწავლებელმა უკანა მერხზე დამსვა, არა და არ მინდა უკან ჯდომა, წინ მინდა სხვებივით, ვიცი, ყველა წინ ვერ დაჯდება, მაგრამ ხანდახან მაინც ხომ შეიძლება?! ერთი გოგო დადის ჩემს კლასში, სოფიო ჰქვია, მგონი, ჯერ ყველას სახელი და გვარი ვერ დავიმახსოვრე, სულ წინ სვამენ, გამხდარია, გალეული, დიდი თვალები აქვს, როგორც კი ცოტას დაიგვიანებს სკოლაში, მე კი ადრე მივყავარ დედას, მერე სამსახურში უნდა გაიქცეს, მის ადგილზე ვჯდები, შემოდის, მე რომ დამინახავს, მის მერხზე წამოსკუპებულს, ტირილს იწყებს, ხმას არ იღებს, არაფერს მეუბნება, მარტო ტირის, თვალებით ეძებს თავისუფალ სკამს და იქ ჯდება, მესმის როგორ ქვითინებს მასწავლებლის შემოსვლამდე, მერე ჩუმდება, ზის თავისთვის, მასწავლებელს არაფერს ეუბნება ჩემზე, არ მაბეზღებს, ჩუმია, ნეტავ, რად უნდა წინ ჯდომა, თუ ხმას მაინც არ ამოიღებს?! დედამისმა გარეთ საყვედურიც თქვა მშობლებში, ერთი გოგონა ყოველდღე ატირებს ჩემს შვილსო, დედაჩემი იქ იყო და იცოცხლე, შავი დღე აყარა, თქვენ რომ პატარა იყავით, არ გინდოდათ წინ დაჯდომაო?! აბა, რა იცოდა იმ ქალმა, რომ დედაჩემი იქ იდგა, მშობლებში, თორემ, ალბათ, ხმასაც არ ამოიღებდა, წყნარი ქალი ჩანს, არც შეპასუხებია. ვინაა, ნეტავ, ასეთი ეს სოფიო, მასწავლებელიც ეფერება, ბავშვებიც, საჩუქრებს ჩუქნიან, ნიკამ აგერ საშლელი მოუტანა, რეზომ - კატისთავიანი კალამი, ეგენი ჩემი მეზობლები არიან და მათი სახელები იმიტომ ვიცი. მგონი, კლასში ყველაზე პატარაა, ექვსი წლისაც არ არის და სკოლაში შემოიყვანეს, ევლო ბაღში, მაგის ადგილი იქაა, სკოლა რომ გვიმთავრდება, დედამისს ახალთახალი თოჯინები მოაქვს, ზოგი წითელკაბიანია, ზოგი - პატარძალივით მორთულ-მოკაზმულია, ზოგი - კონკიაა, უხარია, დედა რომ თოჯინას მისცემს ხელში, სკოლის ეზოშივე ხსნის საჩუქარს, მერე ჩაკიდებს დედა ხელს და მიჰყავს, გოგოები შურით ვუყურებთ, მეც მინდა თოჯინები, დედა ვერ მყიდულობს, ნეტავ, ჩემთვისაც მოჰქონდეთ ყოველდღე თოჯინა... დიახაც, არ დავსვამ თავის სკამზე, დაე, იტიროს...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment