Wednesday, June 27, 2018

ნელ-ნელა ვცოტავდები!

ნელ-ნელა ვცოტავდები, 
მორალურადაც და ფიზიკურადაც,
ჩემი ქალაქიც ცოტავდება, 
ბევრი ახლობელი აღარ დადის ამ ქალაქში,-
ზოგმა იმქვეყნისკენ ქნა პირი და 
ზოგი სხვა ქვეყანაში გადასახლდა, 
გარშემო ფანჯრებში სულ უფრო ცოტა სინათლე ინთება, 
თითქმის აღარ ისმის ბავშვების ჟივილ-ხივილი... 
ისიც დაცოტავდა... ხეებიც დაცოტავებულა...
ჩემს ფანჯარასთან აღარ ისმის შაშვის გალობა... 
ეტყობა გუშინ რომ მოჭრეს, იმ ხეზე ჰქონდა ბუდე, 
ნეტავ, საით გაფრინდა? მეც თან წამიყოლოს! 
სამაგიეროდ, ისეთი რამეები დავინახე სხვა ბინების აივნებზე, 
მერჩია არ დამენახა! 
ხეთა ფოთლები ვეღარ მალავს 
სხვათა გაჭირვებას და გულისტკივილს! 
იზრდება რკინა-ბეტონის ქალაქი, 
ბუღი და მტვერი ტრიალებს ჩვენს ქალაქში, 
მანქანების რიცხვიც იზრდება, გული კი ცოტავდება! 
მეც ნელ-ნელა ვცოტავდები, 
იმედებიც ქრება, ჩემდა სამწუხაროდ!

Monday, June 25, 2018

არ მინდოდა ესე ხვედრი

არ მინდოდა ესე ხვედრი,
ვერა ვნახე აზრი მხვედრი,
რადგანა ვარ თურმე მდედრი,
თან ვსაუბრობ თითქოს ყვედრით,
არ ვყოფილვარ იმის ღირსი
ვთქვა, ქვეყნისთვის სიტყვით ვიბრძვი.

Saturday, June 23, 2018

ნეტავ, ერთხელ საფლავშიაც გამაცინა

ნეტავ, ერთხელ საფლავშიაც გამაცინა,
- გავიმარჯვეთ, - ჩამომძახოს ერმა, ბერმა,
ზღვის თვალები მიწვდეს სოფლებს, განაპირას,
დატოვაო უხიაგმა, მავნე მტერმა.
ცაში ვარსკვლავს შეეგებოს სალამურის
სტვენა, ისევ ჩაეხუტოს შვილი ნენას,
ჩემს საფლავში ერთხელ კიდევ გამაცინა,
უფალს შევთხოვ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას.


,

Friday, June 22, 2018

გუშინდელი ასაზრდოებს ხვალეს

მენატრება დედის თბილი კალთა,
ღელის პირას საოცარი სახლი,
რომ ეფინა თეთრი ნისლი ზღაპრად
კიბეებზე გადაფენილ ხავერდს.
მენატრება ხვავრიელი ეზო,
თეთრი ლეღვი იბერება, მწიფობს,
იქვე ბებო ჩამომჯდარა ქარგით
და ნახატის სანახავად მიხმობს.
მეც შევცქერი რუსთაველის სახეს,
ქარგა-მადლით გამოყვანილ თვალებს,
-არ ჩაქრება, - დღესაც ასე ვფიქრობ,
გუშინდელი ასაზრდოებს ხვალეს.



Thursday, June 21, 2018

სამსალა მასვეს!

სამსალა მასვეს, მე მეგონა ტკბილი შარბათი,
მხოლოდ კანონი არ ბატონობს, მას აქვს დანართი,
ვერ გავერკვიე, ვერ დავძლიე, ვერ მოვიწონე,
ბოროტს რომ დიდი ძალა აქვსო, ღვთის საპირწონე.

Wednesday, June 20, 2018

ღრმა იყო სევდა(მეორე ვარიანტი)

ღრმა იყო სევდა, უსაშველოდ სტკიოდა ღრუბელს,
ღრმა იყო სევდა, დაეფარა თეთრ ჭირხლს მინები,
- რისთვის ან რატომ მოვდივართო, - წუხილი ხეთა,
- თუ კი მოგვჭრიან და ნუგეშად ვეღარ ვიქნებით?!
ღრმა იყო სევდა, უსასრულოდ ცრიდა ნაპირზე,
სულს ძლივს ითქვამდა ოკეანე ვნებამორევით
და ოცნებებმა მერამდენედ გაინაპირეს
ტკივილიანი მოგონების შმაგი მორევი.

ღრმა იყო სევდა (პირველი ვარიანტი)

ღრმა იყო სევდა, შემოდგომის მოჰქონდა ღრუბელს,
ღრმა იყო სევდა, დაეფარა თეთრ ჭირხლს შუშები,
- რისთვის და რატომ მოვდივართო, - წუხილი ხეთა,
- თუ კი მოგვჭრიან, ვერ ვიქნებით სხვისთვის ნუგეში.
ღრმა იყო სევდა, უსასრულოდ ცრიდა ნაპირზე
და უსასრულოდ დამდიოდა ტალღის სიშორე,
სევდის უღელით ხელისგულზე რაც დავიწერე,
ისევ ზღვას მიაქვს, რაც შემომრჩა, იმას ვიგონებ.


ნიღაბი

ჩარხის უკუღმა ტრიალმა
ბევრს ჩამოაძრო ნიღაბი,
რომ არ გვეგონა, ის იყო,
ხელში ეჭირა მიხაკი,
იმას რა თავში აქნევდა,
გაგვხადა ყველა ხიზანი.

შარიშურობს დაბლა ველი

შარიშურობს დაბლა ველი,
მაღლა მთისკენ გზაა შორი,
შემომყურებს ტყიდან შინდი,
აღარა მაქვს მგელის შიში.
მატიტელას გავუღიმე,
შენ გიღიმი, ზეცავ, ფიქრში,
აქ ვიცხოვრებ, ჩემს ძველ ქოხში,
უკან დამრჩეს ვაი-ვიში.

,

Monday, June 18, 2018

შენთან მოსვლას ვაპირებ

გამოვამტვრევ ცხრა კლიტეს, შენთან მოსვლას ვაპირებ,
შემომხვდება მინდვრები იით და გვირილებით,
ვიცი, როცა მპირდები, აღარ განაპირდები,
კლდეებს გადააგლუვებ ალესილი პირებით.

Sunday, June 17, 2018

შევხედე და ვერ ვიცანი თავი

შევხედე და ვერ ვიცანი თავი,
ნაოჭების შემომკვრია წყება,
კარებს მიღებს სასაუბროდ ქარი
და მიყვება, როგორ არის დედა.
გულში დარდებს ჩაუდიათ ლოდი,
სიმძიმისგან ვეღარ ვადგამ ნაბიჯს,
დაუბერავს მალე ქვენა  ქარი,
გადარეკავს იმ ქვეყნისკენ ხარებს.



Thursday, June 14, 2018

ქვეყნად იყო ერთი ყადი

ქვეყნად იყო ერთი ყადი,
კაცი მხნე და სულ სხვა ყანდის,
გამოზრდილი, როგორც მართვე,
მართალს არ სჯის, მტყუანს ამხელს,
მაგრამ შეკრეს მის წინ პირი,
ემართლება ახლა გზირიც:
- რადა ჰქენი ბევრი მადლი,
ვერ გაიგეს შენი ყადრი!
- მიესია ყველა ყადის,
ღერა-ღერა ბუმბულს აცლის,
არვის დარჩა მისი  ხათრი,
- ვერ გამდიდრდა სიბრძნით კაცი!


Saturday, June 9, 2018

რა უაზროდ ჩაიარეს წლებმა

რა უაზროდ ჩაიარეს წლებმა,
მიღალატეს სიხარულის მაცნეს,
ვერ ვნახულობ გადახვწილ დედას,
დარდის ხემი სულის სიმებს არხევს..
იმედი და ოცნებები გაქრა,
ჰორიზონტზე აღარ მოჩანს გემი,
ზღვის ნაპირზე დავრჩენილვარ სახტად
და ღადარში რომ ცხვებოდა კვერი,
ისიც გახმა, დანახშირდა, მგონი,
ხელში შემრჩა ერთი პეშვი მიწა,
ესღა დაგრჩა, მომძახიან ტონით,
დღე უაზრო მეორე დღეს ცვლის და...




Thursday, June 7, 2018

ერთხელ თავი ამოვყავი ყვავილების ბაღში

ერთხელ თავი ამოვყავი ყვავილების ბაღში,
ნარცისების გვერდზე იდგა იასამნის ჯარი,
ბულბული ვარდს უგალობდა, ისრულებდა წადილს,
ყვავილები ბევრი იყო, ყველა ჯურის, ყანდის,
მეც პატივით შემეგებნენ ყვავილს მჭკნარს და ბებერს,
ერთდროს ტოლი არა გყავდაო, უყვარდი თვით მეფეს, 
- ასე მითხრეს, - და პატივით დამიხარეს თავი,
ცრემლი ბევრი დამედინა, მარგალიტის დარი.
მოვკრიფე და ცას დავკიდე ლამაზ მძივის კონად,
ცისარტყელად შემოევლო, ფასი არ აქვს, წონა,
ოცნებების რკალად იქცა შვიდი ფერის კრთომა,
ნაირფერი ზამბახების თაიგული მომაქვს.






Wednesday, June 6, 2018

ერთხელ...

ერთხელ ხელზე დამასკუპდა დიდი თეთრი პეპელა,
- ყვავილებში ავერიე, - გავიფიქრე ყელყელამ,
მაშინ ვიყავ ციცქნა ბავშვი, ოცნებებში ვცხოვრობდი,
ის ყვავილი გასრესილა, რა აზრი აქვს  მოლოდინს?

Monday, June 4, 2018

არავისთან აღარა მსურს ლაპარაკი, კამათი

არავისთან აღარა მსურს ლაპარაკი,  კამათი,
დრომ ჩაგვძირა, უსაშველო გახდა მავანთ პარადი,
თუ კი სიტყვა ამოიღე, მტერი ხდები პირადი,
გაგლანძღავენ, გმასპინძლობენ რეპლიკებით, ტირადით.


Sunday, June 3, 2018

სათვალეებიანების ქალაქი (საბავშვო ზღაპარი)

  - ოთო, მზეს ვეღარ ვხედავ, - ეუბნებოდა გოგონა ბიჭს, - ნეტავ, რა მჭირს?! თვალები თავისით მეხურება თუ რა არის?!... არა, არა მგონი, მზე დახუჭობანას მეთამაშება!  აი, ახლა, თვალებს გავახელ და მზეს დავინახავ, როგორც ადრე! ჭიტა... იძახდა გოგონა და თვალებს ხან გაახელდა, ხან დახუჭავდა, - არა, ვერ დაინახავ, იმიტომ რომ ღრუბელი გადაეფარა, - უხსნიდა ოთო-ბიჭი ნიაკოს. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ის ნიაკოზე სულ ცოტა უფრო დიდი იყო და თანაც გოგონას მოვლა-პატრონობა, როცა მშობლები სახლში არ იყვნენ, მას ევალებოდა. ახლა ისინი სახლის ეზოში ისხდნენ და ცას შეჰყურებდნენ. მზეს, მართლაც, ღრუბელი გადაჰფარვოდა. გარშემო ნელ-ნელა ბნელდებოდა. ოთომ ნიაკოს სათვალე გამოართვა, ის რომელიც გოგონას მუდამ ეკეთა, რა თქმა უნდა, ძილის გარდა, რადგან ნიაკოს მხედველობის პრობლემები ჰქონდა, ეს კი მოგეხსენებათ, დღევანდელ ეპოქაში, ხშირი სენია. ამ ქალაქში, კი სადაც ოთო და ნია ცხოვრობდნენ, პატარა გოგო-ბიჭები, ბევრნი, სწორედ სათვალით დადიოდნენ, უფროსებს ხომ ეკეთათ და ეკეთათ სათვალეები,  ზოგს მხედველობის, ზოგს - მზის, ამიტომ ამ ქალაქს სათვალეებიანების ქალაქს ეძახდნენ. ის კი არა და იყო ისეთი ოჯახებიც, სადაც ბებიასაც სათვალე ეკეთა, პაპასაც, დედასაც, მამასაც და მათ შვილებსაც. ოთომ გულმოდგინედ გაწმინდა დის სათვალე და უკან დაუბრუნა. გაპრიალებული სათვალით შეხედა გოგონამ ცას, მაგრამ მზე მაინც ვერ დაინახა და ატირდა. სატირლად ნამდვილად ჰქონდა საქმე ამ ქალაქის მაცხოვრებლებს, ვინაიდან მზე სულ უფრო ცოტა ხნით ჩნდებოდა ცაზე. ადრე საღამომდე იდგა ხოლმე მისი ბრწყინვალება, მერე, ერთი საათით ადრე ქრებოდა ციდან, მერე ორი საათით, ახლა კი შუადღემდეც ვეღარ ჩერდებოდა.  ერთ დროს მზიანი ქალაქი დღეს ბნელ და ცივ ქალაქად ქცეულიყო. სულ უფრო უმატებდა ნიაკო ტირილს, რადგან ფიქრობდა, რომ ერთ დილას შეიძლება მზე საერთოდ ვეღარ დაენახა და ეგონა, ამაში მისი პატარა წვლილიც იყო. - იქნებ, კარგად რომ არ ვიქცევი და დედ-მამას ვაბრაზებ, იმიტომ მემალება მზე?! - შეეკითხა ძმას. - რას ამბობ, ნია!  - დაამშვიდა ძმამ, - მზე ისეთი დიდია, მარტო ჩვენს ქალაქს კი არ ანათებს, მთელ დედამიწას აფენს შუქს, მაგრამ შავი ღრუბელი მძლავრობს და გასაქანს არ აძლევს. აი, ისე, მე და შენ რომ დაჭერობანას ვთამაშობთ ხოლმე, ისეა სწორედ,  მზე გარბის, შავი ღრუბელი იჭერს, მერე შავი ღრუბელი გარბის და მზე იჭერს, ამიტომაა რომ, მზე ხან ანათებს, ხან არა, მაგრამ ახლა ეტყობა შავმა ღრუბელმა საიდანღაც ძალები მოიკრიბა,  აუცილებლად გავიგებ საიდან! - დაიქადნა ოთო-ბიჭმა. - რატომ ხდება ასე? - ჩაიბურდღუნა თავისთვის  და შავ ღრუბელს მტრულად გახედა.
        მალე დედ-მამა სახლში დაბრუნდა და ნიაკო დასაძინებლად წაიყვანეს. გოგონა შუადღეს აუცილებლად იძინებდა ხოლმე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ პატარა იყო. სადილს მიირთმევდა, მერე ხილს და კომპოტს მიაყოლებდა და დასაძინებლად წვებოდა, მაგრამ ამჯერად მის თვალებს ძილი არ ეკარებოდა. ჯერ კიდევ იმაზე ფიქრობდა, რომ გაღვიძების შემდეგ ცხრათვალა მნათობს ვეღარ შეხედავდა. ცხრათვალა რომ იყო, კი იქიდან იცოდა, რომ, დედამ კლავიშებიანი პატარა პიანინო უყიდა და ის მზის ბატარიებით იტენებოდა, ბატარეა კი ცხრა ჰქონდა პიანინოს, ნიამ ათამდე დათვლა ახლახანს ისწავლა და ბატარიების დათვლაც იცოდა.. აი, ჯერ ერთი ბატარია შეივსებიდა მზის ენერგიით და ერთი ნათურა აინთებოდა, მერე - მეორე, მესამე და ა. შ. ცხრა ნათურა რომ აინთებოდა, ბატარიები დატენილი იყო და პიანინოზე დაკვრაც შეიძლებოდა. მერე დაჰკრავდა ნიაკო კლავიშს ხელს და დაიძახებდა:  - დო-ო-ო, - მერე მიაყოლებდა - რე-ე-ე, მესამე კლავიშს მიადგებოდა - მი-ი, -  რიგ-რიგობით დასცხებდა თავის პატარა თითებს დანარჩენ კლავიშებსაც; - ფა,  სოლ, ლა, სი-ი-ი, - რატომღაც ბატივით წაისისინებდა ხოლმე  ბოლო ნოტზე და ახლიდან იწყებდა ყველაფერს. ამ ბოლო ხანებში კი ვეღარ ტენის პიანინოს ბატარიებს, დილით უნდა მოასწროს, მას კი ზოგჯერ არ სცალია,  რადგან დედას ცეკვაზე დაჰყავს... დღესაც ვერ მოასწრო ბატარიების დატენვა და ძალიან, ძალიან  შეწუხდა. თვალებგახელილი წევს ლოგინში, დედას ეძახის, ფარდები გადახსენი, მზე მინდა დავინახოო. ძალიან უნდა თავის პიანინოზე რომ დაუკრას, - დედამ დაამშვიდა, - შვილო, აქვე დგას დიდი პიანინო, ამაზე დაუკარი, - არა, არ მინდა, - აყვირდა გოგონა, ჩემს პიანინოზე მინდა დაკვრა,  - ჯიუტად გაიძახოდა. დედა ხმაამოუღებლივ გავიდა ოთახიდან, - იმედი ჰქონდა, ბავშვი მალე დაიძინებდა და დაწყნარებული გაიღვიძებდა. მართლაც, ნიაკოს მალე ჩაეძინა კიდეც.
        ეზოში  დარჩენილი ოთო დაღონებული იჯდა სკამზე. ფიქრობდა, როგორ გადაერჩინა ქალაქი, როგორ დაემშვიდებინა ნიაკო, როგორ დაებრუნებინა მზე ხალხისთვის. ამ დროს მზის სხივმა შავი ღრუბლებიდან გამოიჭყიტა და ბიჭუნას გვერდზე მდგარი ნიაკოს პიანინოს ბატარეას ერთი ნათურა აანთო, მერე - მეორე, მესამე და ასე თანმიმდევრობით ყველა. ოთო მიხვდა, რომ პირდაპირ მზეს უნდა სწვეოდა და ისე გაერკვია საქმე,  ამიტომ ჩუმად, ჩუმად მზის სხივებს სთხოვა დახმარება, არავის რომ არ გაეგო. თვითონაც არ ელოდა, მზის  სხივების  ეტლი გვერდში ამოუდგა. ჩაჯდა ბიჭი ეტლში და ცისკენ გაექანა. შავ ღრუბელში შეღწევა გაუჭირდათ, მაგრამ დაბრკოლება მაინც გადალახეს და ოთო მნათობის პირისპირ აღმოჩნდა. მზემ თვალებზე სათვალეები გაიკეთა, ცხრავე თვალზე, თორემ ბიჭი ხომ დაიწვებოდა?! დაჯდა ოთო მზის წინ ისე, რომ თვალები არ გაუსწორებია მისთვის, იცოდა, ასტკივდებოდა, იმიტომ რომ ეს ყველა გოგონამ და ბიჭმა იცის! უთხრა, - დიდებულო მზეო, გვიშველე, მალე სიბნელეში აღმოჩნდება ჩვენი ქალაქი! - დიდებული კი იმიტომ თქვა, რომ ბებია მზეს ყოველთვის  დიდებულს ეძახის, ილოცება და ყველას მზის სილამაზეს და დღეგრძელობას უსურვებს. მზე სევდიანად  უყურებდა ბიჭუნას, ბოლოს უთხრა: - ადამიანები თვითონ არიან დამნაშავენი იმაში, რაც ხდება თქვენს ქალაქში, შავი ღრუბელი მანქანების გამონაბოლქვით საზრდობს და იზრდება. ამ საქმეს თუ არ მიხედავთ, მალე თქვენი ქალაქი სიბნელეში აღმოჩნდება. მე ვეღარ მოვერევი შავ ღრუბელს! - ბიჭს მზის სხივებმა მზის სამყოფელიც დაათვალიერებინეს. ყველა ოთახში მზის საათები იდგა,  ქვიშისას რომ ეძახიან. ბევრი მეცნიერიც დალანდა ბიჭუნამ იქ, წოწკოლა ქუდებით და დიდი სათვალეებით, ხელში ბუმბულებიანი კალმებით. - ესენი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი ქალაქების საქმეს სწავლობენ, მათ შორის თქვენისაც და ძალიან ღელავენო, - უთხრა მზემ ბიჭუნას დამშვიდობების წინ. ყველაფერზე რომ მიიღო პასუხი ოთო-ბიჭმა,  ქალაქში ისევ მზის სხივების ეტლით დაბრუნდა, პირდაპირ თავისი სახლის ეზოში აღმოჩნდა. ბიჭმა სახლში შეირბინა და დედ-მამას მზის დანაბარები გადასცა. მშობლებმა ყურადღებით მოუსმინეს ბიჭუნას და ეს ამბავი ქალაქის მერს გადასცეს. ამ ქალაქს კი ისეთი მერი ჰყავდა, ხალხის აზრს რომ ითვალისწინებდა, იმ დღის შემდეგ მანქანები დღეგამოშვებით გაჰყავდათ გარეთ, ფეხითმოსიარულეებით გაივსო ქალაქი. მალე ყველამ დაინახა შედეგი. მზე დღეს ჩვეულებრივად ანათებს ამ ქალაქს, სათვალეებიანი გოგო-ბიჭების, მოხუცების თუ უფროსი კაცების და ქალების რიცხვი არ შემცირებულა, ვინაიდან ამ ქალაქის მაცხოვრებლებს ძალიან უყვართ კომპიუტერთან ჯდომა, ეს კი ვიცით, მხედველობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ხანდახან ბაღშიც უნდა გაისეირნოს ადამიანმა და ზოოპარკშიც. იმ დღეს პატარა ნიაკო შუადღის ძილის მერე გარეთ რომ გამოვიდა, თავისი პიანინოს ბატარიები დატენილი დახვდა. მას მერე, როცა მოესურვება, ის სიხარულით უტყაპუნებს ხელს თავისი პიანინოს კლავიშებს და იძახის: - დო-ო-ო, რე-ე-ე, მი-ი, ფა, სოლ ლა, სი- ი-ი, - ბატივით სისინებს ბოლო ნოტზე და ისევ იწყებს თავიდან. ასე გადაარჩინა ოთო ბიჭმა სათვალეებიანების ქალაქი დაღუპვას. წარმოგიდგენიათ, დღეს იმ ქალაქში ყველა მაცხოვრებელი მზის ბატარიებიანი სათვალით დადის, ღამე რომ გაინათონ გზა, მზე ხომ უხვად ანათებს მათ ქუჩებს, მზის ბატარეა კი ენერგიის შესანიშნავი წყაროა.

Saturday, June 2, 2018

სულს ჭამს ნევროზი

დრეკილი ქარში ლერწამივით ვთრთი და ვკანკალებ,
შიში და ძრწოლა მოსდგომია სახლის დარაბებს,
რა გველის ხვალ-ზეგ, როგორია მავანთ პროგნოზი?
აგვკიდებია უცხო სენი, სულს ჭამს ნევროზი.


Friday, June 1, 2018

სიზმარი

ვერცხლისფერია ჩემი ვიტრაჟი,
ოთახში სითბო აღარ აწყვია,
სისხლისფრად ღებავს სუფრას მიმტანი
და სისხლისფერი კაბა აცვია.

გულში კი უდევთ...

ბინძურ ლაქიებს, თითქოს, სუნი ასდით სტომაქის,
თვალებს ნაბავენ, ვით აშარი იხვი დონალდი,
გულს ჩაუკირავთ სიძულვილი, ვერ ზომავ არდით,
ახია მათზე, -  მოუხდებათ გამოსმა კვანტის.