სინამდვილეა ყოველი,
ნუ გეგონებათ ზღაპარი,
იყო ცივი და ქათქათა
დიდთოვლიანი ზამთარი.
ბუხართან მსხდომებს მოგვიყვა
პაპამ ასეთი ამბავი:
- სპარსეთის მეფეს პეროზსა
გეგმა ჰქონია დალაშქვრის
ინდოეთის და სინდეთის,
ჯორჯანელთა და აბაშნის.
იმ დროს ქართველთა ხელმწიფე
ყოფილა ვახტანგ პირველი,
სწორუპოვარი დევგმირი,
სამშობლოს დიდი იმედი.
ვაჟკაცობით და ქველობით
შორს გავარდნოდა სახელი,
მას პატივს სცემდა ყოველი:
ოსი, ბერძენი, სპარსელი...
პეროზმა სწორედ მას სთხოვა,
დახმარებოდა ბრძოლაში,
წაუყვანია გორგასალს
მრავალათასი მოლაშქრე.
- აქ პაპა ცოტა შეჩერდა,
ჩიბუხი მშვიდად დატენა,
მერე განაგრძო: - ვახტანგმა
მტერს აწყევლინა გაჩენა, -
თხუთმეტ გოლიათს სძლია და
სპარსთ ალოცვინა მარჯვენა: -
"კაცი ასეთი უნდაო,
მფარველობს თავად განგება",
ინდოეთს ხარკი აკრიფეს,
მიდგნენ სინდეთის კარებთან.
ორთაბრძოლებში ვახტანგმა
კვლავ მოიხვეჭა დიდება,
თვით სინდთა მეფეს შეება
ღვთის და მხარ-მკლავის იმედად.
მოლაშქრეთ სთხოვა: - ილოცეთ,
ზურგს გამიმაგრებთ ლოცვითო,
მთავარი ღმერთის ნებაა,
ვერას ვიქმ მარტო ნდომითო!
- შეჭურვილთ ბასრი შუბებით
ერთურთი მოუზომიათ,
სინდეთის მეფე პირველი
წინ წამოსულა ბრძოლითა,
გაქანებულა ლახვარით,
მხარში უნდოდა დაცემა,
მაგრამ ვახტანგმა უგანა,
დიდი სიმკვირცხლე აჩვენა.
მან მოიმარჯვა შუბი და
სიმამაცითა ესოდენ,
მარცხენა ბეჭში დაკოდა,
ძირს ჩამოაგდო მეტოქე.
მაგრამ არ მოკლა, ტყვედქმნილი
მიჰგვარა მეფეს სპარსეთის,
დაიგუგუნა ლაშქარმა,
რა ნახა ბრძოლა ასეთი.
დაჭრილი როდი მოუკლავთ,
ვაჟკაცს პატივი მიაგეს,
თავს დაახვიეს მკურნალნი,
ღმერთის განგებას მიანდეს.
ვახტანგის რჩევით პეროზმა
ქვეყანა არ დაარბია,
მძიმედ დაჭრილი რომ მორჩა,
კვლავ დაუბრუნეს ტახტია.
მეფედ დატოვეს, მხოლოდღა
გადაიხადა ხარკია.
მადლობა უთხრა ამისთვის
ვახტანგს, შესწირა ზვარაკი.
დამეგობრდა და დამოყვრდა
ორი უებრო ვაჟკაცი.
- აღტაცებულნი ვუსმენდით
პაპას, აგვენთო თვალები,
ჩვენ წინ გაცოცხლდა ვახტანგის
დიდი საგმირო საქმენი.
ამაყად გვითხრა: - გორგასალს
ევედრებოდნენ დარჩენას,
მაგრამ სამშობლო უხმობდა,
მიჰყვა გონივრულ არჩევანს.
დაბრუნდა, მიწის ყივილი
გულს მოსდებოდა სალბუნად.
ბიზანტიიდან მოიხმო
პეტრე და ბრძენი სამუელ,
წმინდა მამებმა ღვთის სიტყვით
ქართველი ერი აპურეს.
ააგებინა ვახტანგმა
სალოცავნი და ტაძარნი,
ქართული ეკლესიის მტრებს
თავს აყრევინა ნაცარი.
სწორედ გორგასლის დროს მოხდა
ეპარქიებად დაყოფა, -
თერთმეტ სამზეოდ მზეობდა,
ღვთის სადიდებელს გალობდა...
ასეთი იყო ვახტანგი,
ერთგული ყველა საქმეში,
ღრმადმორწმუნე და ვაჟკაცი,
მტერთათვის ზარისდამცემი.
- გარეთ ბარდნიდა. საღამო
იყო წყნარი და ლამაზი,
ბუხართან მსხდომებს მოგვიყვა
პაპამ ღვთისკაცის ამბავი.
No comments:
Post a Comment