რისთვის იშლები ყვავილო,
თუ ვერ დაგყნოსავს ბალღი,
ცაში ღრუბლები დაბინდეს,
ხმა აღარ ისმის ღალღის,
ვიღას გინდა რომ მიანდო
შენი ლაზათი, მადლი,
ბინდბუნდში მთვარეც აღარ ჩანს,
ვუსმენ ჭოტების ძახილს:
"ჩვენია ესე ქვეყანა,
ჩვენი დამდგარა დროი,
ახორში ძროხა მომკვდარა,
ვერ გადაუგდევთ მძორი".
მოოხრდა ესე სამზეო,
თვალზე დაადეს ლიბრი,
ქალ-ვაჟი შორეთს წასულა,
გამოუცვლია ნირი.
რისთვის იშლები ყვავილო,
თუ ვერ დაგყნოსავს ბალღი,
დარდი ღრღნის ოხერ ამ გულსაც,
მიწას საბელით აბით.
No comments:
Post a Comment