Monday, April 30, 2018

როგორ მოიშინაურეს გარეული ქათმები (ზღაპარი)

                      როგორ მოიშინაურეს გარეული ქათმები

ტყის პირას ერთი ბიჭუნა ცხოვრობდა. უყვარდა ტყეში სეირნობა, ყველა ხის და ბუჩქის სახელი იცოდა. ნაწვიმარზე სოკოს მოიტანდა სახლში, შეწვავდნენ ტაფაზე, ტკაცა-ტკუცს აადენინებდნენ, მერე დასხდებოდნენ ის და დედა და მიირთმევდნენ გემრიელ და ყუათიან საკვებს, ცილებით მდიდარს. ხორცს ვერ ჭამდნენ, სახლში კაცი არა ჰყავდათ, რომ ნანადირევი მოეტანა. კენკრა და სოკო იყო მათი ძირითადი საკვები. იმ ტყეში, ბიჭის სახლთან ახლოს, ტყის ქათამი ცხოვრობდა თავისი ოჯახით, ბანკივურს რომ ეძახიან. ბიჭუნა ძალიან ცნობისმოყვარე იყო, უყვარდა ცხოველები და ფრინველები, მათი ცხოვრების წესს და ნირს თავისდაუნებურად სწავლობდა. ქათამს რომ ვამბობთ, მამალსაც ვგულისხმობთ, ჭრელსა და ლამაზს, ოქროსფერი, მწვანე, წითელი ბუმბულებით და თავზე ბიბილოთი. დედალი უფრო მოკრძალებული შეფერილობისა იყო, მომწვანო-მურა ფერებში. წიწილებიც ჰყავდათ, მაგრამ ისეთი ყვითლები კი არ იყვნენ, დღეს რომ არიან, დედას ჰგავდნენ, ისინიც მუქები,  იმიტომ რომ ტყეში, მიწაზე, არავის შეემჩნია და არ მოეტაცა, მტერი, მოგეხსენებათ, ქათმებს ბევრი ჰყავს. ბიჭუნა შორიდან უთვალთვალებდა პატარა წიწილებს, მოსწონდა მათი თამაში დედასთან. მოსაღამოებულზე ოჯახი ხის ფოთლებისგან გაკეთებულ საბუდარში იძინებდა.ეს ამბავი ინდოეთში იყო, იქ კი ხშირად წვიმს, რის გამოც საბუდარი ძალიან მყარი უნდა ყოფილიყო, წვიმას რომ არ დაენგრია. მამალი ხეზე წამოსკუპტებოდა, ფხიზლობდა, რომ მტერს მისი ოჯახი არ აეწიოკებინა. ერთ დღეს ბიჭუნამ კვლავ გასწია იმ ადგილისაკენ, სადაც ბანკივური ქათმების ოჯახი ეგულებოდა, ახლომახლოებში სოკოს აგროვებდა. წინა ღამეს საშინელი წვიმა მოვიდა, მანამდე კი ქარიშხალს გადაევლო ტყისთვის. გზადაგზა დალეწილი ხეები ხვდებოდა. ქათმების ოჯახი ვეღარსად ნახა, შორიახლო ჩასაფრდა, შეშინებულები იქნებ სადმე იმალებიან და დავინახოო. გუმანმა არ უმტყუნა, დედა შვილებით გამოვიდა გადატეხილი ხის ძირიდან, მამალი არსად ჩანდა, უცებ კრიახი შემოესმა, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. ბიჭუნას გულმა ვეღარ გაუძლო და იმ ადგილისაკენ დაიძრა, საიდანაც ხმაური მოდიოდა. მამალი ტოტებს შორის გახლართულიყო, ცალი გვერდი დაჟეჟილი და დამტვრეული ჰქონდა, სიარულს და ფრენას ვერ შეძლებდა. ბიჭმა დაჭრილი ფრინველი სახლში წამოიყვანა. დედალი შორიახლო მოსდევდა ბიჭუნას და კაკანებდა, თითქოს სთხოვდა, გადაარჩინეო. იმ დღიდან ბიჭუნა მამალს უვლიდა, დედალთან და წიწილებთან კი ხორბალი მიჰქონდა,  მას და დედას, სახლთან ახლოს, პატარა ყანა ჰქონდათ დათესილი. ქათმებს ამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, მამალს მალე ფეხზე დავაყენებო. ისინიც მალე შეჩვივნენ მზრუნველს. მამალი გამოკეთდა, მაგრამ ფრენა აღარ შეეძლო, სიარულიც უჭირდა, ამიტომ ბიჭის ეზოში დარჩა საცხოვრებლად. შეშინებული დედალი ადგილს ვეღარ პოულობდა, ეშინოდა მტერს მისი შვილები არ წაეყვანა. მამალი დილ-დილაობით ძველებურად შემოსძახებდა თავის ყიყლიყოს, თუმცა ხეზე კი აღარ იჯდა, ეზოში დაგდებულ კუნძზე წამოსკუპტებოდა, ბიჭუნას  და დედამისს აღვიძებდა, სამუშაოდ იწვევდა, თან ცალ თვალს ტყისკენ გააპარებდა, ნეტავ, ჩემიანებს თუ ესმით ჩემი ხმაო. ერთ დილას ეზოში გასულმა დედამ ბიჭს დაუძახა, ნახე ვინები მოვიდნენო, ბიჭმა ფანჯრიდან გაიხედა, მათ ეზოს დედალი მოსდგომოდა წიწილებით. გახარებულმა დედა-შვილმა ისეთი საბუდარი მოუწყვეს ქათამს, დელგმას და წვიმას რომ არ დაენგრია, საჭმელიც არასოდეს მოკლებია ქათმებს, სამაგიეროდ, თავიანთ გადამრჩენებს გემრიელი კვერცხით უმასპინძლდებოდნენ. ეს ამბავი დაახლოებით სამი ათასი წლის წინ მოხდა, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. მოშინაურებულმა ქათმებმა შეფერილობაც შეიცვალეს, დედლები უფრო ღია ფერისანი გახდნენ, თუმცა მათ შორის შავი ქათამიც გამოერევა ხოლმე, გენები ხომ უკვალოდ არ ქრება. წიწილები კი - ძირითადად, ყვითლები არიან, დედამ რომ კარგად დაინახოს და არსად დაეკარგოს, ადამიანის თვალისთვისაც ადვილი აღსაქმელი იყოს, ისიც ხომ მათი მცველი და ქომაგია.

No comments:

Post a Comment