ეს ამბავი ოცდახუთი წლის წინ მოხდა.რთული დრო იყო. 90-იანი წლები იდგა, შიმშილი, უშუქობა, უგაზობა. ძალიან გაგვიჭირდა, მეუღლემ სამუშაო დაკარგა, მანამდე არაფერს გვაკლებდა. სიგარეტების გაყიდვა დავიწყე, არ ვუმხელდი, ვიცოდი გაბრაზდებოდა, მაგრამ რა მექნა? ვიღაცამ ენა მიუტანა, შენი ცოლი სიგარეტებით ვაჭრობსო, პასუხი მომთხოვა,ავუხსენი ოჯახის რეალური ეკონომიკური მდგომარეობა, ხმა ვეღარ ამოიღო. სამი შვილი გვყავდა. სამი ქალი. უფროსი გათხოვილი იყო, შუათანა ინსტიტუტში სწავლობდა, პატარა-სკოლაში დადიოდა.დილიდან დაღამებამდე სამუშაოზე ვიყავი გასული, სადგურის მოედანზე ვიდექი. საკმარის ფულსაც ვაკეთებდი, შვილები რომ მერჩინა. მუხიანის აგარაკებზე სახლი გვქონდა, პატარა მიწის ნაკვეთით. დიტომ ცხვრები გაიჩინა, ძროხა, ბაღსაც უვლიდა და იქიდან გვეხმარებოდა. ქალიშვილები ოჯახში საქმიანობდნენ.საღამოს სახლში მისულს შუათანა თავის ოთახში მხვდებოდა, წიგნით ხელში-, ჩემი ჭკვიანი გოგო, გავიფიქრებდი,- საჭმელადაც კი არ გამოდიოდა სულ მეცადინეობდა. პატარა ნინო სუფრას გამიწყობდა, მომეფერებოდა, დაღლილს სავარძელში ჩამეძინებოდა ხოლმე, სანთლის შუქზე.
ერთხელ უფროს ქალიშვილს თავისი პატარა ბიჭი ჩვენთან დაეტოვებინა. მაშინ ოთხი-ხუთი წლის იქნებოდა. როცა მივედი, ჩუმად მითხრა,-ბებო, თამრო დეიდას ვეთამაშებოდი და ასე მითხრა, მუცელზე არ დამახტე, მალე პატარა უნდა მეყოლოსო.-ბიჭი შეშინებული აქეთ-იქით იცქირებოდა, ვინმეს რომ არ გაეგონა მისი ნათქვამი, ბავშვის ჭკუა გამაოგნებდა, სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა რომ არ წამოჭრილიყო ჩემ წინ. გაშტერებული ვიდექი, ფეხქვეშ თითქოს მიწა გამომეცალა, იქვე მდგარ სავარძელში ჩავესვენე, რამდენიმე წუთი ვფიქრობდი, რა მექნა. მერე გადავწყვიტე ბავშვის ნათქვამი შემემოწმებინა და თამროს ოთახს მივადექი. კარები ფრთხილად შევაღე, ისევ წიგნით ხელში იწვა ლოგინზე, -რა თვალთმაქცობაა, -გავიფიქრე, ძალა მოვიკრიბე და ბიჭის ნათქვამი გავიმეორე, თან ვკითხე,- მართალია თუ არა ეს ამბავი,მეთქი. პასუხის მოლოდინში შიშით ვკრთოდი, ჩემს თავს ვადანაშაულებდი, რომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი შვილებს. პასუხმა აღარ გამაოცა, ის მართლაც ექვსი თვის ფეხმძიმე აღმოჩნდა.- ვაი, სირცხვილო, წამოვიძახე, ეს როგორ გამიკეთე, შვილო,- ტვინი სწრაფად ამიმუშავდა. ჩხუბით საქმეს ვერ ვუშველიდი.გამოსავალს ვეძებდი, როგორც შევიტყვე, ბავშვის მამა ჩემს ქალიშვილზე დაქორწინებას არ აპირებდა, რა უნდა მეთქვა მეზობლებისთვის, ნათესავებისთვის, ბოლოს ყველაზე მთავარი გამახსენდა, როგორ უნდა შემეტყობინებინა ეს ამბავი ჩემი ქმრისათვის, არ ვიცოდი, რას მოიმოქმედებდა.
შვილს ვუთხარი, თავისი "თაყვანისმცემელი" სახლში მოეყვანა, ხანდახან მაინც, ხალხს რომ დაენახა, თვითონ მუხიანის გზას დავადექი,( სამსახურში აღარ წავსულვარ).
დიტოს ხან აქედან ვუტრიალე, ხან-იქიდან, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი, ენა არ მიტრიალდებოდა ასეთი ამბის სათქმელად, ჩემს გამრჯე და ერთგულ ქმარს რომ ვუყურებდი. უკვირდა, სამსახურში რატომ არ ხარო. იმ დროს საქართველოში ბრაზილიური და მექსიკური სერიალების ბუმი იყო და ჩემდა ბედად, იმ .საღამოს ტელევიზორში ნაჩვენებ სერიაში გოგონამ უკანონო ბავშვი გააჩინა. არც ვაციე, არც ვაცხელე, დიტოს ვკითხე, შვილმა ასეთი რამე რომ გაგიკეთოს, რას იზამ მეთქი-. თავს მოვიკლავო-მითხრა. გავხევდი, გავწითლდი, თუმცა სხვა პასუხს არც ველოდი, ჩემი ქმარი ტრადიციულ კახურ ოჯახში იყო გაზრდილი. იმ საღამოს სახლში აღარ წამოვსულვარ, ღამით გეგმებს ვაწყობდი, როგორ მეთქვა შვილის ამბავი ისე, რომ ტრაგედია არ დატრიალებულიყო. მეორე დღეს ქმარს საქონლის მოვლაში მოვეხმარე, საღამოს დავსხედით საჭმელად, ღვინო გადმოვიღე, ერთი-ორი ჭიქა დავლიეთ კიდეც. სასმელმა სითამამე შემძინა და ბოლოს ქმარს სიმართლე ვუთხარი. კაცი გაშრა, ენა ჩაუვარდა, ისღა თქვა-, თავს არ ვიცოცხლებ- მაშინ კი მოვხსენი გუდას პირი, ჩვენ რომ თავი მოვიკლათ, ამით რას გავაკეთებთ, ჩვენი შვილი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რა იცი რა გზას დაადგეს, ახალდაბადებული როგორ უნდა არჩინოს, ჩვენ თუ არ დავეხმარეთ ?!-ვეკითხებოდი ერთსა და იმავეს., ნელ-ნელა აზროვნების უნარი დაუბრუნდა. მითხრა, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ მე სახლში მომსვლელი აღარ ვარო. პირველ ხანობაზე ამ პასუხსაც არა უშავდა რა.წამოვედი სახლში.
თამროს შეყვარებულმა, სახელად გურამი ერქვა, ჩვენთან სიარული დაიწყო. კმაყოფილი ვიყავი, მეზობლები შეხედავენ, არ შევრცხვებით- მეთქი. თვითონ ყმაწვილ კაცს არა უშავდა, ბრგე ვაჟკაცი იყო. -გარეგნობამ მოატყუა ჩემი გოგონა, გავიფიქრე.- მშობიარობის დროც დადგა, გამოვაძვრინე შავი დღისთვის შენახული ფული. ბავშვის საწოლი ვიყიდეთ, საჭირო ნითები, იცით, ალბათ, შვილის გაჩენა რა ძვირი ჯდება ჩვენს ქვეყანაში, გვეყოლა ბიჭი, ულამაზესი, ავ თვალს არ ენახვებოდა. მამამისმა დაინახა თუ არა, ისე შეუყვარდა, დღე არ გავიდოდა, ჩვენთან არ მოსულიყო ბავშვის სანახავად. მეც არ ვუშლიდი მოსვლას. სადღაც ორი თვისა იქნებოდა ჩვენი ბიჭი, რომ მისი მამიდა გამოგვეცხადა. თურმე, ნუ მკითხავთ და ასეთი ამბავი დატრიალებულა იმათ სახლში: დედამისი წასულა მკითხავთან, იმას ეთქვა, შენი შვილი ბავშვიან ქალს მოგიყვანს სახლშიო, შეშინებულ ქალს, შინ დაბრუნებულს, გურამის დაკითხვა დაუწყია, მკითხავმა ასე და ასე მითხრაო. ყმაწვილი გამოტყდა, მართლა მყავს ბავშვი, ორი თვისა იქნება, მაგრამ ნუ გეშინია, ცოლად არ მომყავს დედამისიო. ამან დედა კიდევ უფრო გადარია, როგორ შვილიშვილი არ გინდა მანახოო. ატეხილა ამბავი. ქალმა ჯერ უფროსი ქალიშვილი გამოგზავნა ჩვენს ოჯახში დასაზვერად, მეორე კვირას მეორე მამიდა გვესტუმრა, ბოლოს თვითონაც დარეკა, ქალის დასანიშნად გვინდა მოსვლაო. ხუთ-ექვს კაცს ველოდით, თორმეტი მოვიდა. საჭმელი არ მეყოფოდა, გავიქეცი იქვე მაღაზიაში, ფული არ დავინანე და ისეთი პურ-მარილი გავაწყვე, ჩიტის რძე არ აკლდა. სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ. ჩემი ქმარიც ცას ეწია სიხარულით, შვილის ბედი რომ ასე გადაწყდა, კარგი თამადობაც გაწია სუფრაზე. თამროსთვის დედამთილ-მამამთილს არაფერი დაენანებინათ, რა ბეჭდები, საყურეები, სულ ბრილიანტისა იყო. მეორე დღეს სატვირთო მანქანა მოიყვანა სიძემ, ჩატვირთა ჩვენი ქალიშვილის მზითევი., ცოლ-შვილი მსუბუქი მანქანით წაიყვანა. ისინი დღესაც ბედნიერები არიან, მერე კიდევ ორი შვილი შეეძინათ, მაგრამ ჩემი ქმარს, ამ ამბის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია, ავად გახდა და მალე გარდაიცვალა კიდეც. .
No comments:
Post a Comment