Wednesday, June 10, 2015

მამა და თოვლი, რაღაცაა მათში საერთო

მამა და თოვლი, მინდა ვნახო რაღაც საერთო
და გლოვის ნიშნად ჩამოვკრავდი თითებს  კამერტონს,
თოვლივით სპეტაკს ატარებდა მამა პერანგებს,
თეთრი წვერებით მაგონებდა მოხუც მეზღაპრეს,
გრძნობანათევი, სიყვარულით სავსე ფიქრებით,
თოვლია სწორედ, ვერ გაზომავ ამას ნიხრებით.
მაგრამ რა არის, ნეტავ, კიდევ მათში საერთო?!
გაცივდა გული და ჩამოვკრავ თითებს კამერტონს.
მდნარი თოვლივით მიუჩინა მიწამ ადგილი
და არ ყოფილა მოშორება მშობლის ადვილი,
ფერად სიზმრებში მეჩვენება ჩემი მეზღაპრე,
ერთი მუჭა ვარ, დევისხელა ვხდები დილაზე.
თბილია ყველა მოგონება, ტკბილი, მზიური,
მასთან შეხება უკვდავია, მარადიული,
"ნახვამდის, მამა", - სიტყვებია თოვლივით ცივი...
ეს მაწვალებს და "მაპატიეს" წლებივით ვითვლი.


No comments:

Post a Comment