Tuesday, January 28, 2014

წვიმა

ჯანღი ირევა და ვეღარ ვხედავ,
როგორ აშლილა ღრუბელთ მარულა...
ხმა ჩასწყვეტია ყვირილით თერგსაც
და ვიწროებში გადაპარულა.
წვიმა მისველებს სახეს და კაბას,
ვეღარ გაავსო ზეცამ ორშიმო,
მე სიყვარულის სილუეტს ვხატავ,
რომ დედამიწა ნაზად მოვშირმო.

Friday, January 24, 2014

უშენოდ

მინდა გაგაოცო, -
ფრთები გამოვისხა,
ზეცას დავესესხო
ფირუზის ფერები,
სხივად შემოგავლო,
ვარსკვლავებს ვეახლო,
შენს გულში ჩავსახო
იმედი ფერებით.
ოცნების კოშკები
ავაგე ტკივილით,
ლურჯი და ცისფერი
ღრუბლებში ერია,
მშვიდობით... ნახვამდის...
ნამქერში გამქრალხარ...
უშენოდ სიცოცხლე
კვლავ ცარიელია.

შემოდგომა

შემოდგომის ფოთლებს ვითვლი,
სევდა წვიმად იღვრება,
დარდებს ქარი სახეში მცემს, -
მქონდეს არდავიწყებად.
აწ წასულა გაზაფხული,
უკან მიჰყვა ზაფხული,
შემოდგომის ფერებს ვითვლი,
ჩემს ფიქრებში გართული.
და ვგრძნობ, როგორ მეპარება
შეუმჩნევლად ზამთარი,
ყინვისა და ლოლუების
უჩვეულო ზღაპარით.

განთიადი

დიდებული მზე ამობრწყინდება,
დაფარავს სხივით ბექობს და მინდორს,
გულს უხარია, ირგვლივ ზარია,
ფერთა ციაგში მნათობი გვიხმობს.
ზევით მიიწევს ცვარ-ნამის ორთქლი,
თვალ-მარგალიტი აყრია ფოთლებს,
ღმერთო, შემინდე ეს სიხარული,
ამ სასწაული ნათების მომსწრეს.

შენი ტკივილი რომ არის შენი

მე ამ ცხოვრების ხაფანგში გაბმულს,
გადამავიწყდა კიდეც ლექსები,
დაჭრილ ხარივით ვერ ვცდები მიწას, -
საყვარელივით ვეალერსები.
სულის საოხად მე არ მცალია, -
დაჭრილ იარებს უნდა შეხვევა,
ფიზიკურ ტკივილს რა უჭირს მხოლოდ,
სულის ტკივილიც მას ზედ ედება.
და მშვიდი პოზით მიყურებს ხალხი...
უგრძნობი მზერით ყველაფერს ხვდები...
არც შენ არა გაქვს არავის დარდი,
შენი ტკივილიც რომ არის შენი.

Tuesday, January 21, 2014

მე არ გადარებ...

მე არ გადარებ შენ ცისფერ ნიმფას,
შენ ბადახში ხარ, ძვირფასი ლალი,
შენი ტუჩები, ნაზად წყობილი,
ჰგავს წითელ ყვავილს,
შენ გავხარ აპრილს,
ამოცურდები, აანთებ ზეცას,
ალმურით დაწვავ ყველას გარშემო
და ისიც ძალგიძს, ღუღუნით ფერთა
შავი ღრუბლები შორს გადარეკო.

ღამე

ვანდალებივით შესევიან
ვარსკვლავნი ღამეს, -
გაფანტეს ბნელი,
გამოფატრეს ჟამთა დინება,
მხოლოდ მიწაზე შემორჩენილ
ჩრდილებს ვერ ავნეს,
შავი ლაქების დატოვება
ღმერთმა ინება.
მთვარეც გამოჩნდა
და დაყარა ფარ-ხმალი ღამემ,
ზურგით მიათრევს შემორჩენილ
ნაფლეთებს ბნელის...
იქნებ როგორმე მიაღწიოს
დღე-ღამის საზღვარს,
თორემ მზე-ქალი,
თავის მწველი
სხივებით დაწვავს.

მოხუცი მამა

ჩემო გოგონა, მიყვარხარ ძლიერ",
-ასე მეტყოდა მოხუცი მამა,
ახლა საფლავის ლოდიდან მიცქერს, -
ლურჯი ტირიფი უმღერის ნანას.
სევდის ფერიამ გამიღო კარი,
როცა შევეხე გაყინულ გისოსს,
იმ რკინასავით გაცივდა სისხლი, -
სული შენდობას ღმერთისგან ითხოვს.
დავანთებ სანთელს და შევთხოვ უფალს, -
კარგად მიმყოფოს მოხუცი მამა,
სასუფეველში დაუნთოს ცეცხლი,
მიწისქვეშეთის სიცივე მზარავს.

Saturday, January 18, 2014

ბუდიდან ჩიტი ამოფრინდა

ბუდიდან ჩიტი ამოფრინდა,
გაშალა ფრთები,
მაგრამ ქვა დაჰკრეს,
დაენარცხა უსულოდ მიწას,
ბარტყებს უღონოდ დაუღიათ
დიდრონი პირი,
დედას ელიან, მისტირიან, -
ძალიან შიათ.
ვერ მოფრინდება, -
უგულობის გამხდარა მსხვერპლი,
დედა პატრონი, დედა-გული,
დედა-მზისდარი...
ზეცა ნელ-ნელა ინამება უმწეო ცრემლით,
მალე მიწყდება ბარტყების ხმაც...
ჯავრობს ცისკარი.

დაფრინავს ჩიტი

დაფრინავს ჩიტი, სულ არ იღლება,
ტოტიდან ტოტზე ციყვივით დახტის,
ბუდეში ფრფენით ჩააწყობს კვერცხებს,
რომ გამოჩეკოს ათასი ბარტყი.
დააპუროს და შეასხას ფრთები,
ასწავლოს ცაში ამაყად ფრენა,
აი, მიზანი, რისთვისაც ცხოვრობს,
არ უშინდება წვიმას და დელგმას.
პატარა ჩიტის დიდი გულია,
რომ ძგერს ძალუმად, სამყაროს ავსებს,
მის თეთრ ბუმბულებს ინახავს ზეცა,
რომ გაგვინათოს უკუნი  ღამე.

Sunday, January 12, 2014

წმინდა ნინოს!

დედაო წმინდა, ნათელო დღისა,
ცისკრის ვარსკვლავო, გამტეხო ბნელის,
გარდმოავლინე ჩვენთვის ლოცვები, -
შენი შვილები შეწევნას ველით.
თვალების შუქით შერისხე მტერი,
ფიცის გამტეხნი დაეცი დაბლა,
რომ ქრისტეს ჯვარი სულ გვეპყრას ხელში
და რწმენით სავსეთ ვერ ვიგრძნოთ დაღლა.
კერპთთაყვანცემის აღგავე ძეგლი,
ურწმუნო გული აანთე შუქით,
ჩვენთვის ნადირობს მეფე მირიან,
რომ დაამარცხოს ფერები მუქი.
სათუთად ვუვლით შენს ნატერფალებს,
დედა მარიამ გვაფარებს კალთას,
შენ დაგვილოცე ვაზის მტევნები,
ერთი ნერგიდან ველოდოთ ათასს.

Thursday, January 9, 2014

ჩემო ყანავ და ვენახო!

უკვდავების წყლის ნაჟურო,
ჩემო ყანავ და ვენახო,
ამ სიყვარულით ვარსებობ,
ცამდე ასული მენახოთ.
როგორც მარგალიტს მოგივლით,
თქვენი ცრემლებით ვიტირებ,
ნუ მიღალატებთ ნურასდროს,
ატარეთ ქვეყნის  სიმძიმე
თქვენს მტევანებს ნაზად დავკოცნი,
ქარვის მძივებად ავასხავ,
ვიცი, თქვენც ასე გიყვარვართ,
სიუხვის კალთას დამასხამთ.

Sunday, January 5, 2014

თეთრი ვარდი

ფურცელ-ფურცელ დავიცალე წლები,
დედის კალთას ვეღარაფრით ვცდები,
მოვეკიდე როგორც მორცხვი ბალღი,
მოგონებებს გამიღვიძებს ბაღი...
ყვავილები და უსაზღვრო სევდა,
ქალის თითებს თეთრი ვარდი სწყდება,
განშორების წუთებს ვეღარ ათბობს
ცივი ქარი, საფლავზე რომ ანცობს.
დაობლებულ გულს ვერ შველის დროც კი,
დედა ისევ მამას სარეცხს კიდებს,
არ დაედო მათ სიყვარულს მტვერი,
ფირუზის ცა რამდენ გრძნობას იტევს...
თეთრი ვარდი არასოდეს ჭკნება,
სისხლის წვეთი ედინება ეკლებს
და ფურცლები შეღებილი წითლად
უკვდავების, სიცოცხლის ფერს იძენს.

Saturday, January 4, 2014

ზამთარს მიეგებები

ზამთრის სუსხი ხელს გიბაწრავს,
ვეღარაფერს აკეთებ,
შეშა უნდა დაგეჩეხა,
შენ კი თვალებს აცეცებ,
დაინახო დედა, მამა,
ძმები, ბიძაშვილები,
აივანზე ჭრელ ხალიჩას
ბებო ქარგავს სირმებით.
ვაშლის ძირში ჩამოჯდები,
ყინვა ფიქრებს გარანდავს,
ერთმანეთზე შემოგიწყობს,
ჩირებივით აასხავს.
გელულება თვალები და
გახსენდება წარსული,
ბაბუ აქვე შეშას ჩეხავს
საუბარში გართული.
გამოკეტილ სახლს შეჰყურებ,
გულს გიკაწრავს აფთარი,
შენი ეზოს თოვლის კაცი
გზებზე გხვდება დამდნარი.
მტევნებივით დაიწურა
ამ ცხოვრების დღეები,
ლოლუებად დაკიდებულ
ზამთარს მიეგებები.

მიყვარდი, გიყვარდი(სიმღერა)

მიყვარდი, გიყვარდი...
ჩემთვის მზე იყავი,
ახლა კი პატარა კონვერტში გათავსებ...
ათასი მესიჯი გონებით გიგზავნე,
შენგან კი ვიღებდი სევდიან კანტანტებს.
...და გადამიყვარდი, - წესებს არ იცავდი,
თუმც ამაყ სიყვარულს არა აქვს განრიგი,
ახლა ამ კონვერტით ორ სიტყვას გიგზავნი:
"შემეშვი, გამცილდი!"

Thursday, January 2, 2014

სამშობლოს!

ოღრო-ჩოღრო დაკიდული ქედებით,
ღილებივით აკინძული მთებით,
შენ სამშობლოვ, ცისკრით მომეგებები,
მე კი შენზე ოცნებებით ვკვდები...
ნუთუ არის ამ ქვეყანად ასეთი,
ცა ფირუზი, ალისფერი დილა,
კლდეებიდან ნაკადულებს მოველი,
ზამთრის ველზე ყაყაჩოებს სძინავს.
აინთება აისი და მზე-ქალა
სხივებს დაღვრის, მხოლოდ მიწას ცივა,
შენ მამულო, ყველას მოგვეფერები,
მე კი შენი სიყვარული მტკივა.

ჩემს ბაბუს!

ბაბუ, ჩემო ტკბილო ბაბუ,
რა ხანია ღამეა,
შენთვის ვერცხლის უზანგები
ლურჯას მოუტანია.
ვეღარ ხედავ ნაცნობ შუკას,
ვეღარც სოფლის საჩეხებს...
იქ ლურჯა დგას, შენი ლურჯა,
ღამეს თეთრად ათენებს.
მაგრამ წყვდიადს ვერ ერევა, -
თვალებს ტყუილად აცეცებს,
შენ ნათელში, ის კი -  ბნელში,
სულ ერთმანეთს დაეძებთ.

ლურჯფაფრიან ცხენს მივსდევდი

სიყვარულით გადავთელე მთები, მდელო,
ლურფაფრიან ცხენს მივსდევდი, რომ მენახა
ნაზი შუქი, მის თვალიდან მომდინარე,
მერე გაქრა ჩემს ფიქრებში ზღაპრიანად.
მხოლოდ სიზმრად ვნახულობ და ავტირდები,
სიხარულის ცრემლებია ან თუ სევდის,
ძველი წლები ისე სწრაფად გავირბინე,
ახლა ახალ ორმოცდაათს ჩორთით მივსდევ.

Wednesday, January 1, 2014

გილოცავთ ახალ ცხენის წელს!

მინდა წელი მოგილოცოთ ახალი,
წინ გხვდებოდეთ სიხარული მრავალი,
ფიანდაზად გეშლებოდეთ ველები,
ზედ მფრინავი ლურჯფაფარა ცხენებით.
უზანგები ოქროსა და ვერცხლისა,
კიდობანი სავსე ათას ფერებით,
ზედ სირმებით მოქარგული საბანი,
ლოგინები ფარჩისა და ატლასის,
ყველასათვის სასწაული მზად არის.
დაილოცეთ, იხარეთ და გამრავლდით,
იდღეგრძელეთ, არ მოგაკლდეთ ბარაქა,
წუთისოფლის ბრუნვამ თქვენ არ დაგღალოთ,
დაბრკოლება არ მიგაჩნდეთ არაფრად.


კეისარია, თავისას ითხოვს

ძუნძულ-ძუნძულით მირბის წუთები,
დაუნდობელი, როგორც მგელია,
რაიმე ახალს აღარ მოველი,
სიცოცხლის ძალა გამომელია.
ხორცი მიწისკენ ისწრაფვის უკვე,
კეისარია, თავისას ითხოვს,
დედა-ბუნების წესებს ვერ შეცვლი,
ზღაპრულ ფერებით სამოთხე მიხმობს.

მხოლოდ უფალი მიგვიღებს

მძიმე ყოფილხარ სოფელო,
როგორც დოლაბი ტრიალებ,
ცოტა თუ წავიფორხილეთ,
სისხლით მოგვირწყავ იარებს.
ვინ დაგვიყუჩებს ტკივილებს,
ვინ არის ჩვენზედ მგლოველი,
მხოლოდ უფალი მიგვიღებს,
გაშლილი ხელით მოგველის.