Tuesday, June 21, 2016

თბილისო, შენი ნატერფალი ვარ! (სიმღერა შეასრულა ნანა ბაბუაძემ)

თბილისო, შენი ნატერფალი ვარ,
გულჩახვეული ერთი სიმღერა,
ჟრუანტელი ვარ მესალამურის,
კვნესა ჰანგების მოდის თითებთან.
საიათნოვა ვარ, შენი აშუღი, -
შენთვის ვიმღერე მრავალ ენაზე,
სულში ჩამწვდომი ხმა ვარ დუდუკის,
აკვნესებული მტკვარზე, ვერაზე.
ვარდი ვარ ერთი, მუდამ გაშლილი,
კრწანისის ველზე დაღვრილი სისხლი,
შენი წყლული ვარ, შენი იარა,
იუნკერების სულთქმა და ფიცი.
შენი ლურჯი ცის ანარეკლი ვარ,
ნარიყალას ქვეშ დაღვრილ ფერებად,
იასამანის ერთი კვირტი ვარ,
სიყვარულის მზე რომ ეფერება,
შავნაბადაზე ღამე ვარ ნაზი
და მოლაღურის შემოძახილი,
დასერილი ვარ სხივების ბადით
ზეციურ ძალთა ერდოს ყვავილი.
მეთულუხჩე ვარ, ხან კი მედროგე,
რომ მიაქანებს ცხენებს ჭენებით,
ხან ორთაჭალის ბაღის ტურფა ვარ,
თვით ფიროსმანის მზით ნაფერები...
ქალი ვარ, დედა, და და ასული,
ვარჯი ვარ, ვაზი, ბანი, თილისმა,
შენი ბავშვობა, შენი სიბერე,
არგამტეხელი საღვთო ფიცისა.

21.06.2016 წელი








No comments:

Post a Comment