Friday, June 3, 2016

ჩამოვიხიე გაზაფხული თეთრი მკერდიდან

ჩამოვიხიე გაზაფხული თეთრი მკერდიდან,
როგორც ფურცელი კალენდარის,
ცისკენ მივმართე თვალთა ისარი,
სურვილი ჩავთქვი მე საფიცარი,
სხეულის ტანჯვას დავაყოლე მდუღარე ცრემლი.
ძარღვში კოლტივით გამეჩხირა ჩუმი სიკვდილი,
სულში ჩამავლო ბასრი ბრჭყალი, დამაიმედა,
წყნარად წახვალო ამ ქვეყნიდან, არა გაქვს ვალი,
მეც ფრთაშესხმული მას მივენდე, პარენქიმებმა
როს უარი უთხრეს  სიცოცხლეს, ბარგი შევკარი
და ზეცისკენ ავიღე გეზი, ღმერთის იმედად.
ღვთის ანგელოზი მომევლინა თეთრი ბაფთებით,
გვერდზე დამიწყო მე ცოდვები ამვლელ-ჩამვლელის.
ყველა მათგანი შენიცაა, მითხრა ღიმილით,
მათ ჩადენაზე თუ პასუხობ მხოლოდ ქირქილით,
კიდევ დაგრჩაო ბევრი საქმე, ტოტი სიკეთის ჯერ არ გაზრდილა, 
იყავ იმედით,  გადამაფარა თეთრი ფრთები, მოზაიკების!
  




No comments:

Post a Comment