Monday, March 30, 2015

არიფანა

ჩვენ ზღაპრების სამყაროში
ვთამაშობდით არიფანას,
ყვავილების მეფე იყავ,
ზეცა გვქონდა, ბავშვებს, ბანად.
სტუმრად გვესხდა ვარსკვლავები,
მზე გვიკრეფდა ოქროს თავთავს,
მე შროშანში ვეხვეოდი,
მთვარემ ვარცლში მაბანავა.
ფერად-ფერად ხალიჩებზე
ბედმა ბევრჯერ გაგვატარა...
შენ - ყვავილთა მეფე იყავ,
მე - პატარა დედოფალა.


სისველე ატყვია ქუჩებს

სისველე ატყვია ქუჩებს,
სისველე ატყვია გულსაც,
დარდობენ ღრუბლები ცაზე,
ხეები გლოვობენ უტყვად.

Sunday, March 29, 2015

ბავშვობის გემიდან გაქცევას ვაპირებ

ნესტიან ქუჩებში შევიგრძნობ სისველეს,
ცრემლების ნაკადი შეერწყა ამინდებს,
ბავშვობის გემიდან გაქცევას ვაპირებ,
შუქნიშნის ფერები, თითქოს, თვალს მარიდებს.
გავრბივარ- მწვანეა... ვჩერდები- წითელი...
დრო გადის, არაფერს არა აქვს მნიშვნელი,
წვიმა  თუ ჩარეცხავს ხელნაწერ ტრაფარეტს,
ნაღველს და სისველეს ჩემს გულს რომ ამატებს.


Saturday, March 28, 2015

გიხაროდეს, საქართველოვ!

ჰაი, ხელში ჯოხი მომცეს,
უცებ ყლორტი გამოიღო,
ვაზის ძირი მეგონაო,
საქართველოს ფესვი იყო,
ჩაკირულა შიგნით გული,
ქართველის და არა სხვისა,
ქარვისფერი მტევნის წვენით
გავსებულა ღვინის სირჩა.
ცაში აწვდილ  ნერგში ვხედავთ
ჩვენს მომავალს, სიტყვას ღვთისას,
გიხაროდეს, საქართველოვ,
მეციხოვნევ ნინოს ჯვრისა!

Monday, March 23, 2015

ოდა წმინდა ნინოს

უმაღლესო, უნაზესო,
თოვლის ფიფქო,
სულთა თანავ!
შენი შვილი,
მონა ღვთისა,
შეგავედრებ მამულს, განა!
ატმის რტოო, ედემს რგულო,
სულის თქმა ხარ, თვალის ჩინი,
დაგვითესე პურის ყანა,
უკან დაგვრჩეს გასაჭირი!
შენი თვალის ნაშუქია,
საქართველო, მიწა ვაზის,
შენი გულის  ნაჟურია,
მთების წყარო, თავს რომ დაგვდის.
შენი ნაზი ღიმილია
მზის სხივები, მთებს რომ დრეკენ,
შენ, სიმტკიცევ, ქართლის ზღუდის,
შენ, შუქურავ, სიკეთისა,
ყველა შენი შვილები ვართ,
შენს ნატერფალს სისხლით ვიცავთ.
შენით ვხარობთ, შენით ვცოცხლობთ,
შენით ბრუნავს დედამიწა,
შენ, ნაწილო, ჩვენი სულის,
მოვლენილო მაღლა ციდან!

უმწეონი ცას შევყურებთ

ჩინი მოგვცა უჩინოთა,
აგვიხილა ცოდნით თვალი,
მაგრამ ვაი, თვალახილულთა, 
მოგვიღუნავს ცოდვის რკალი.
სიტყვას ყური აღარ ვუგდეთ,
ღმერთმა რწმენით მოგვაბარა,
ბოროტმა კი- დრო იხელთა,
შეებრძოლა ღვთიურ ძალას,
დღეს ეშმაკი მახეს გვიგებს,
თავის სივრცეს აფართოებს,
ჩვენ, ცოდვებში ჩავარდნილნი, 
უმწეონი ცას შევყურებთ.


Saturday, March 21, 2015

გამიჭირდება

გამიჭირდება გითხრა" მიყვარხარ",
დაფნის გვირგვინი გაზაფხულს ერგო,
შენ კი-დამჯდარი თოვლიან მთასთან,
ცივი ქარივით ყინულებს ვერ თმობ.

Tuesday, March 17, 2015

მამას თვალები

მე მოხუც მამას ვედექი მხარში,
თვალს ვადევნებდი მშობელის სუნთქვას
და არ თქვას ვინმემ, ძნელი არ არის,
როცა ღიმილებს ცრემლებსაც ურთავ.
სიმარტოვისგან იშლება მთები,
მეც სიმწრისაგან ტკივილებს ვახშობ,
გამახსენდება მამის თვალები,
მათზე მეტად ხომ არარა ფასობს.


Sunday, March 15, 2015

ზღვას! (ჩანახატი)

  რას მემეტები და მებობოქრები? დაგიღია ეგ შავი პირი და გადაყლაპვას მიპირებ!
ბევრი მოგინელებია და ბევრსაც მოინელებ შენი მადის პატრონი, მაგრამ მინდა შენი ბრაზის მიზეზი გავიგო. მიყეფ და მიღრენ, მაფრთხილებ, ახლოს არ მოხვიდეო, მაგრამ მაინც რომ მიყვარხარ?! თავს ვერაფერს ვუხერხებ, შენკენ მომიწევს გული, არა, მე შენი არ მეშინია, იბობოქრე და იყეფე, ვიცი, ხვალ დაწყნარდები და ისეთი ნაზი და მშვიდი გახდები, როგორც მოწმენდილი, უღრუბლო ცა. დღეს კი შავო ურჩხულო, უკან ვდგამ ნაბიჯს, შენთან ჩხუბს არ ვაპირებ, იყოს ნება შენი! მოვიწმენდ შხეფებს  და მოშორებით დავდგები, იქიდან გიყურებ, დავტკბები შენი სილამაზით.

ნეტავ, რატომ? (ჩანახატი)

    ნეტავ რატომ გაავდება ხოლმე ბუნება? აბობოქრებული ზღვა ტალღებს ცამდე ისვრის, ნაფოტებად აქცევს უზარმაზარ გემებს. განრისხებული ზეცა მეხს გვაყრის, ელავს და ჭექს, რისხვას გვიგზავნის, გონს მოდითო. ზვავი, მეწყერი, წყალდიდობა ყველა ჩვენ გვემუქრება და გვერჩის, იქნებ იმიტომ, რომ უფრო გულისხმიერი გავხდეთ ერთმანეთის მიმართ.იქნებ იმიტომ რომ ერთმანეთი შევიყვაროთ, ერთმანეთის სიტყვა გავიგოთ, იქნებ იმიტომ, რომ უკეთესად დავინახოთ ერთმანეთის გაჭირვება და სულ ცოტა ხნით მაინც ვუთანაგრძნოთ  ერთმანეთს!

Saturday, March 14, 2015

მაია (მოთხრობა)

        პატარა გოგო იყო მაია. თვალებში მზე ედგა, გაზაფხული უყვაოდა. სულში მთის წმინდა წყარო მოჩუხჩუხებდა, ბუნება უყვარდა და ბუნებასაც უყვარდა. გავიდოდა მინდორში, ეჩურჩულებოდა ხეებს, ყვავილებს, სიყვარულს უმტკიცებდა, არასოდეს მიგატოვებთო. საღამოობით დაჯდებოდა აივანზე, მთებს გასცქეროდა, მათკენ მიუწევდა გული.
        გაიზარდა მაია. დიდი ქალი დადგა. ქალაქში გადასახლდა. სოფლისთვის აღარ ეცალა. ახლა ქალაქის სახლის აივნიდან გასცქეროდა მთებს, მათთან სიახლოვეს ნატრობდა. საქმე არ უშვებდა.
       დაბერდა მაია. მხოლოდ თვალები დარჩა დიდი, მეოცნებე, ისეთი, როგორიც მთებია. თვითონ დაპატარავდა, დაჩიავდა. ახლა შვილიშვილები არ ტოვებდნენ ფიქრებთან მარტო. ერთხელ პატარა მაია მივიდა წიგნით ხელში, და ჰკითხა: - ბებო, ჭიამაიას ხომ ჩვენი სახელი ჰქვია, დარის გამოცნობაც შეუძლია, ჩვენ რატომ არ გვაქვს ფრთები, რომ გავფრინდეთ, წვიმის მოსვლა გავაგებინოთ პეპლებს, რომ დაიმალონ?! - ჩვენც გვაქვს ფრთები, - უპასუხა დიდმა მაიამ, - ოღონდ ამას გვიან ვხვდებით, თუ კარგი გოგო იქნები, შენც გაფრინდები, ჩემო ანგელოზო! - მოეფერა ბავშვს, თვითონ კი უჩუმრად მთებს გახედა, ცრემლები ჩაუდგა დიდ თვალებში.
      უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ დიდ მაიას. მიუყვებოდნენ მთის ბილიკებს. ახლა კი ჩაიხუტებენ მთები თავის უძღებ შვილს.

Friday, March 13, 2015

დიაკონიძეების საყურადღებოდ!

    თუ ვინმე დაინტერესებულია ჩვენი გვარის წარმოშობის ისტორიით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შტო თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბნიდანაა. როგორც მამა გვიყვებოდა, თურქობის დროს აჭარიდან გამოქცეულა ვინმე ალე დიაკონიძე, დაფუძნებულა და გამრავლებულა, ამ სოფელს ალისუბანი დაერქვა. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, არ ვიცი, მაგრამ ისტორია ასეთია.
    წელს ბაკურიანში გავიცანი ქალბატონი ნაგინი სოლომონიძე, რომელიც სოფელ დიაკონიძეებში ყოფილა გაზრდილი, როგორც მან თქვა, სოლომონიძეები და დიაკონიძეები ერთი გვარია, დიაკონიძეებმა სოლომონიძედ გადაიკეთეს გვარი თურქების შიშით. დიაკონიძეების უდიდესმა ნაწილმა აჭარა დატოვა და იმერეთში ჩასახლდა.მას ძალიან გაეხარდა, ჩემი გვარი რომ გაიგო.კიდევ ერთმა ქალბატონმა მაღალმთიანი აჭარიდან, რომლის გვარიც სოლომონიძე იყო, სახელი არ მახსოვს, ჩემი გვარის გაგების შემდეგ თქვა, ნათესავები ვყოფილვართო. მაშინ ამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, ახლა გამახსენდა. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. იქნებ ვინმემ მეტი იცით ჩვენი გვარის შესახებ?!

გაზაფულში დამალულო სევდავ!

გაზაფხულში დამალულო სევდავ,
მოსასხამი შემოგიცვამს ჭრელი,
ხან იებში ამოფეთქავ ველად,
ხან ხარხარებ ჩახლეჩილი ყელით.
ზეცა თითქოს დაუფარავს ნისლებს,
მთებში ისევ ზამთრის სუსხი მეფობს,
შემომაცვი მოსასხამი ჭრელი, -
მაღლა ცისკენ გავუყვები ბექობს..

Thursday, March 12, 2015

ყმაწვილებს

ზეციური მამა გვფარავს,
არ გვივიწყებს სიკეთეს,
ბოროტებას ნუ ჩაიდენ,
ეშმაკი დროს გიხელთებს.
მადლი უფლის ხელში არის,
უხვად დაგვასაჩუქრებს,
თუ იცხოვრებ ღვთის მცნებებით,
სამოთხის კარს გაგიღებს.
დაუნდობელ, სასტიკ დროსაც
გაკვეთილის სახე აქვს,
თუ გამოცდას ჩააბარებ,
შენ საუფლო სახლში ხარ.
მაგრამ ცოდვის შეკავება
არ ყოფილა ადვილი,
ვერ თმობ? მაშინ გელოდება
სათანადო ადგილი.
ამ აზრიან  შეგონებას
დარიგების სახე აქვს,
თუ კი კარგად მოიქცევი,
ამ ცხოვრებას გაიტან.


დიალოგი

ვერაფერს გეტყვი კარგსა და ახალს,
ღრმა ძილით სძინავს ნაომარ ქალაქს,
დარდს გაუშლია არწივის ფრთები,
მე კი, უძლური, შიშისგან ვკრთები.
რა ბედი ელის წვიმიან ქალაქს,
ღვთის კალთა თუ კი, ვეღარა ფარავს,
სისხლის წვეთივით დამშრალა ჭები
და წყურვილს ჩვენსას ლოცვით-ღა ვშველით.

Saturday, March 7, 2015

ეძინა ქალაქს (სიმღერა დაწერა და შეასრულა ნატალია ჭელიძემ)

გზად შემოდგომის ამინდი იდგა, -
ქარი აფენდა ფოთლების საბანს,
აჟრიალებდა დანესტილ მიწას,
ნისლს უხდებოდა ცისფერი კაბა.
და სიმარტოვე არღვევდა ქუჩებს. -
წლებს მიათრევდა - ასსა და ათასს,
ციოდა. წვიმდა. იქნებ სტკიოდა,
მაგრამ ღრმა ძილით ეძინა ქალაქს.

Thursday, March 5, 2015

არა მინდა რა

ნაბიჯს ვეღარ ვდგავ, ფეხად მრუდი ვარ,
ხმას ვერ გამოვცემ, თითქოს უტყვი ვარ,
საქმე ხელიდან აღარ გამომდის,
სარკეს ვუყურებ, ნეტავ რა მომდის?!
არა მინდა რა, სულშია ლპობა,
ადამიანის დავკარგე ნდობა,
საფლავებიდან მესმის ძახილი
და უნდა მივცე მეც მოძახილი.