Monday, August 19, 2013

ფერი იცვალა ყანამაც


ფერი იცვალა ყანამაც,
ღრუბლებს მოწყენა დაეტყო,
ვაგლახ, რომ ახალგაზრდობა
ქარმა მთის იქით წაიღო.
ბევრი თუ ცოტა ატარა,
ცხრა ზღვა რომ გადაატარა,
კვლავ დამიბრუნა ფიქრებში, -
თოთო ბავშვივით პატარა.

მეუღლეს!

დააზრობს ფოთლებს ყინული ცივი, -
ქარს მარტოობის სურნელი მოაქვს,
თითქოს ჩამოწვა ხეებზე ბინდი, -
მაინც აგრძელებს დღეები ტორტმანს.
წვიმის წვეთები ნაოჭებს ითვლის,
ბედ-იღბალს ჩვენსას სარკეში ვხედავთ,
უკვე მოცოცავს თვალებში ნისლი,
ლორთქო ვარდებიც ჩამოჭკნა ბედად...
შორიდან ჭოტთა ძახილი ისმის,
უპატრონო მკვდარს ტირიან ერთხმად,
ჩვენ კი შვილებზე დარდით და ფიქრით,
წარსულის დღეებს დავფურცლავთ ერთად.

Saturday, August 17, 2013

ვიცი, შენამდე შორია...


ვიცი, შენამდე შორია,
თვალი ვერ გხედავს, ვაჟაო,
ანაზდად მომენატრები,
ყინულებს ცრემლით გავალხობ.
მინდა, შევკვეცო მანძილი, -
ცხრა მთა და ცხრა ზღვა ვიარო...
ჩვენი  შიკრიკი ქარია,
სასოდ ვარსკვლავი კიაფობს.

მდინარე მქვია


როგორც არწივი შევტრფი ჩემს  მიწას,
ხარ-ირემივით შევბღავი გორებს,
მთებში გამოზრდილს ჭალები მიხმობს, -
თან სიამაყით გავცქერი შორეთს.
ტალღები მიმაქვს ძლიერი მხრებით,
ვაწყდები კლდეებს, ვთელავ ბილიკებს,
მდინარე მქვია, შლეგს მეძახიან,
ცას მომზირალი ხშირად ვლიკლიკებ.
ღრუბლებს მზადა აქვთ ჩემთვის მანანა,
ბავშვივით მზესთან ხშირად ვთამაშობ,
ვისვრი ნაპერწკლებს, ოქროს ნაკადებს,
სიყვარულს ვაფრქვევ, როგორც არასდროს..

Monday, August 12, 2013

ვიხსენებ ბავშვობას...


თოკებზე დარდები ძონძივით ჰკიდია, -
ქარებმა თავისი ბრმა კვალი დატოვეს,
დღეები, თვეები და  წლები მიდიან, -
საათი წიკწიკით მუსიკას აყოლებს.
ბინდიდან გამოდის წარსულის აჩრდილი,
დაკარგულ სახეებს მირაჟი აღადგენს, -
ვიხსენებ ბავშვობას ფერმკრთალი ღიმილით, -
პატარა ოდა სახლს, თოვლიან ფასადებს.
ვნატრობდი, ღრუბლებში ჩიტივით მეფრინა,
ზამთარში მზესავით ყინული მემტვრია,
კალთები ვარდების ფურცლებით ამევსო,
დამსკდარი მიწისთვის სალბუნი დამედო...
გრიგალმა წაიღო ბავშვობის ოცნება,
ძვლებში დაამტვრია ბედი და იღბალი,
აინთო ზეცაში მომავლის ნათურა
და მთელი არსებით იქითკენ ვიჩქარი.

Saturday, August 10, 2013

გულმკერდზე ნისლებს დავიბნევ! (სიმღერა დაწერა და შეასრულა მაია სიჭინავამ)


გულმკერდზე ნისლებს დავიბნევ,
ღრუბლებს დალალად დავიყრი,
სხივებს ამოვკრეფ ოქროსფერს,
მშვილდსაც მოვზიდავ საისრით.
ატირებული ვენახის
ცრემლით სახესაც  დავიბან,
ყვავილებს ვუმღერ ჩუმი ხმით, -
ბანს გორისთავზე ავიტან...
არ დამზარდება მერანი
მთები რომ გადამატაროს,
მინდა, სუყველა ხევ-ხუვი
გულში მზესავით ვატარო.

ვეძებდი დღიურში...


ვეძებდი დღიურში ნაფერებ სტრიქონებს,
ოცნების გრიგალში ქარებად დაშლილებს,
მტკიოდა ფიქრი და, ათასჯერ ნატირებს,
ზეცაში გავშლიდი სევდიან ნაპირებს.
ალბომის ფურცლები ფოტოებს დამაყრის,
გაყრილი სულები აღმოჩნდნენ სხვა მხარეს...
ცხონება წასულებს, თვალს ვუყრი მომავალს, -
სურთებს ვითვლი და სინდისი მაწვალებს.
დავეძებ წერტილებს წარსულთან შეხების,
რომელიც ბავშვობის მირაჟებს მიქმნიდა,
ფერმიხდილ ძეწნას და ლელიანს გავცქერი, -
ბებიას მოქსოვილ წინდებს რომ ითვლიდა.
შორს დარჩა სითბო და ახლოა ზამთარი,
დროჟამმა დღეები ზღვასავით წაიღო...
მაჯიდან გამძვრალი საათის ნაწილი
ზღვის მეფემ ხარკივით საჩუქრად აიღო.

Wednesday, August 7, 2013

ვხედავ, რომ ბრმაა წუთისოფელი


ვხედავ, რომ ბრმაა წუთისოფელი,
მაგრამ შემთხვევას მაინც მოველი,
რომ დაგიჩოქო, როგორც მდაბიომ
გთხოვო მუდარით, - რომ მაპატიო.
ახლა ლოდინით დავსევდიანდი,
შორს მარტოობის რეკავს ზარები,
ირგვლივ მოგვავლეს მრუდე წრეეები, -
სურთ, ეს სამყარო შეკრან ღვედებით.
მაგრამ რკინის ხელს არ დავნებდები,
მზემ ამომიშრო ცრემლის წვეთები,
ოცნებით სავსე  ძირს დავეშვები, -
ახდეს სურვილი, ნათავხედები.

Tuesday, August 6, 2013

მაშინ შემიყვარდები (სიმღერა)


ნუღარ მეტყვი "მიყვარხარო",
სიტყვებს ძალა არა აქვს,
საქმიანი კაცი ჩანხარ, -
სუფრაზე ხარ თამადა,
დამიმტკიცე სიყვარული:
შემიკაზმე რაშები,
ცაში დროშა გამოკიდე,
ძირს დაფინე ვარდები...
მხოლოდ მაშინ შემოგხედავ,
მაშინ შემიყვარდები!

Monday, August 5, 2013

გამიღეთ კარები!


გამიღეთ კარები, ხანჯლებით დამსერეს,
მშიერი, მწყურვალი, მაჯებზე დამღებით...
ვდგავარ და სამსჯავროს ველი მე უფლისას, -
ღვთიშობელს შევცქერი მუდარის თვალებით.
სასჯელსაც  მივიღებ სახეზე ღიმილით,
ცხოვრების მორევში ბრძოლებით ნალევი,
ღმერთს შევთხოვ  მომბანოს ჭრილობა სათუთად,-
გამიქროს გულიდან დარდი და ნაღველი.

Saturday, August 3, 2013

სხვაგვარ სიხარულს უკვე არ ველი...


გაუძარცვია ზღვას ეს ნაპირი,
უნაპიროა ქვიშათა სევდა,
არ შეასრულე დანაპირები
და გასაღებით ვერ ვაღებ ზეცას.
აფრთხიალდება ცაში თოლია,
შორით აფრები, თეთრი ფრთიანი,
მისი ნაღველიც გამომყოლია,
გულს გამიხარებს,  ალერსიანი.
თვალებს გავახელ, ფოლიანტებით
შენ გამიღიმებ, ნაზი ჰანგებით...
აფერადდება ზღაპრების ველი, -
და ასრულებას მე ისევ ველი.

გალაქტიონს


ზღვების სილურჯე უხდება თვალებს,
პოეტებს - გული, მუდამ მღელვარე,
მარადიული გრძნობებით სავსემ,
მთელი სამყაროს ველი შეცვალე.
დაფნის გვირგვინით შეგამკო ღმერთმა,
(გთხოვს პატიებას, ვინაც შეგცოდა),
გადმოგაფრქვია ცრემლები ერმა,
გაუქარვებელ ლმობა-შენდობად.
შენი ბედი კი კვლავ ენატრება
ასობით პოეტს, გაბმულს ღამეში,
შესძელი გასვლა ამ სივრცის გაღმა
ვარსკვლავთ დიდებულ სიმდუმარეში.
შენ ერთმა ჰპოვე ედელვაისი,
ზარდახშა გვივსე იაგუნდებით,
აკვანს დაგირწევს ტალღა ფაზისის, -
უცხო ნათებით დაგვიბრუნდები...

Friday, August 2, 2013

სიმღერა


ციდან ვხსნიდი ლურჯ ოცნებებს,
ფიანდაზად გიგებდი,
მერე თვალში ცრემლს ვიღებდი,
მარგალიტად ვკიდებდი.
შენ კი, დილა დამიღამე,
მზე და მთვარე წამართვი,
ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვი,
ეშმაკი მცემს დაღლამდი,.
ნეტავ, რატომ შემიყვარდი,
შენ რა ჩემი ტოლი ხარ,
მე ვარსკვლავებს ცაში ვკრეფდი.
შენ ქაჯების ტომის ხარ!
ლურჯ ოცნებებს ცაში გავშლი,
მიწას აღარ ვეგები,
ახლა ფერიებთან ვცხოვრობ,
წინ დამხვდება ედემი.