Monday, August 12, 2013

ვიხსენებ ბავშვობას...


თოკებზე დარდები ძონძივით ჰკიდია, -
ქარებმა თავისი ბრმა კვალი დატოვეს,
დღეები, თვეები და  წლები მიდიან, -
საათი წიკწიკით მუსიკას აყოლებს.
ბინდიდან გამოდის წარსულის აჩრდილი,
დაკარგულ სახეებს მირაჟი აღადგენს, -
ვიხსენებ ბავშვობას ფერმკრთალი ღიმილით, -
პატარა ოდა სახლს, თოვლიან ფასადებს.
ვნატრობდი, ღრუბლებში ჩიტივით მეფრინა,
ზამთარში მზესავით ყინული მემტვრია,
კალთები ვარდების ფურცლებით ამევსო,
დამსკდარი მიწისთვის სალბუნი დამედო...
გრიგალმა წაიღო ბავშვობის ოცნება,
ძვლებში დაამტვრია ბედი და იღბალი,
აინთო ზეცაში მომავლის ნათურა
და მთელი არსებით იქითკენ ვიჩქარი.

No comments:

Post a Comment