Thursday, April 25, 2013

სულ აღარ მიკვირს


ღამის სიზმრებმა მიღალატეს,
აღარ ვნახულობ,
მხოლოდ გვერდს ვიცვლი,
ვიცი რომ მძინავს,
მაგრამ ღამე ვეღარ ცვლის წუხილს.
თავზე დამნათის კაშკაშა მთვარე
და მსხვერპლს მოითხოვს,
მოხსნილ ნიღბების გაიმართოს უნდა ზეიმი.
ნადიმად ჯდება კვიპაროსის შავი აჩრდილი,
ისმის მუსიკის ნაზი ჰანგები,
მე ვითომ მძინავს,
ფერიცვალება ამ ქვეყნისა
სულ აღარ მიკვირს,
არის სამხილი...

Monday, April 22, 2013

Меня поцелуем сирень одарила. Майя Диаконидзе(перевод Ии Диаконидзе), კოცნას მიგზავნის იასამანი, ავტ. მაია დიაკონიძე, რუსულად თარგმნა ია დიაკონიძემ)

Хоть за окном наступила весна,
В комнате тусклом зима воцарилась,
Холодные пальцы к губам и к вискам,
Меня поцелуем сирень одарила.

Развешу на струнах печаль, не беда,
Слетела душа с постели в порыве,
Чтобы апатию изгнать навсегда,
Тело отыщет последние силы.

Хоть за окном наступила весна,
В сердце моем зима воцарилась,
веточки в вазе красивы весьма,
меня поцелуем сирень одарила.

როცა თვალს გაახელ...


ყველა მონატრება
გულზე ლოდად მაწევს,
ლოდინს ვეღარ ვშველი,
გაშლის ბაირაღებს, -
ყაყაჩოებს დავკრეფ
მწვანე იალაღზე,
ყველას შენ მოგიძღვნი,
როცა თვალს გაახელ...

გედის სიმღერას როცა იმღერებ


გედის სიმღერას როცა იმღერებ,
იავნანინას ინატრებ დედის,
სიკვდილის სუნი, მწვავე, დადგება
თვალში ჩაწვება ბინდი და ბნელი.
მაშინ გინდა, რომ შენში დალეწო
სენის მტანჯველად დიდი საცეცი,
იმედის მცირე ნამცეციც კვდება
და არც კი იცი, რისთვის დაეცი...
ამ დროს გეწვევა თავდავიწყება,
ღმერთთან მიგიწვევს ცის ანგელოზი,
სუფრას გაშლიან შენთვის სამოთხის
და უნეტარეს წუთებს განიცდი.

Thursday, April 18, 2013

აღდგომა მოდის!

მიყვარს სასაფლაოზე ყოფნა,
როცა წინაა აღდგომის ღამე,
სულ სასწაულის მოლოდინში ვარ,
გზას გამინათებს მოლურჯო მთვარე.
უძრავად დგანან საფლავის ქვები,
მაგრამ სულების ზეიმი არის,
ჯოჯოხეთშიც კი დამარცხდა ბნელი,
ბევრმა შეაღო სამოთხის კარი.
ნათელი არის აღდგომის ღამე,
დილას არ სძინავს, სისხლისფერ ღრუბლებს
ადრე შეხუნძლავს ატლასის ცაზე,
და გაიღვიძებს ყველა, მძინარიც,
რომ ჭირისუფლად გაუხდნენ ცოდვილთ,
კვლავ აღვადგინოთ ერის დიდება,
ვთქვათ, ჭეშმარიტად, აღდგომა მოდის!

დედამიწაზეც არის ედემი


რაა ცხოვრების ქარიშხალი, ტანჯვა, ცრემლები,
როცა პატარას სახეს შესცქერი?!
როცა გიღიმის ნაზად ვარდები,
როცა მუსიკის გესმის ჰანგები.
გადაგეყრება გულზე ნაღველი
და ზეციერის ხარ მადლობელი,
რომ ამ სამყაროს შენც ხარ შემქმნელი...
დედამიწაზეც არის ედემი!

Tuesday, April 16, 2013

დღეს ვართ, ხვალ, ალბათ, აღარ ვიქნებით


უსასრულოა დარდები ჩემი
და ნაცრისფერი - ჩემი ფიქრები,
როგორც ნისლები წვიმიან დილის,
დღეს ვართ, ხვალ, ალბათ, აღარ ვიქნებით.
თუმცა ცხოვრება ბორგავს და ქშინავს,
მე კი ახალ ჭირს არ ვუშინდები,
მაფრთხობს შვილების უცნობი ბედი,
დღეს ვართ, ხვალ, ალბათ, აღარ ვიქნებით.
წარსული მათბობს, ვიხსენებ მშობლებს,
და-ძმებს, ახლობლებს, ბავშვობის ფერებს,
სიყვარულს სუფთას, ოცნების გემებს,
მომავალს ვჭვრეტ და ვერ ვხედავ ვერცერთს.
რისთვის ვიცხოვრეთ, რამე შევქმენით?!
თვალებს ავზიდვთ მაღლა ვედრებით,
დროს ვითხოვთ, მოგვცენ, - ვერ მოვასწარით,
რაც უნდა გვექნა - ვამბობთ კანკალით.
მე კი მზადა ვარ შევხვდე ზეციერს
ქედმოხრილი და თვალებზე ცრემლით?!
გულს დამიჩრდილავს მომავლის შიში...
დამათენდება დარდსა და ფიქრში...

Friday, April 12, 2013

დღეს ათასობით გაისმება საგალობელი

მე ჩამოვგლიჯე ყველა ზარი სევდას და წუხილს,
კიოდა ქარი, გაზაფხულის მოჰქონდა სუნი,
თეთრი ვერსალი ჩემს ოცნებებს მოჰგავდა უწინ,
დღეს კი ბებერმა ნარიყალამ გამოსცა შუქი.
სიონის თავზე შემომჯდარი ჩიტუნა მღერის, -
ჩიტებს გალობა შეჰფერით და არა დუმილი,
დუმდა ქვეყანაც და იდგა ზარი...
დღეს ათასობით გაისმება საგალობელი.

როგორ მენატრები



როგორ მენატრები,
ვერც კი წარმოიდგენ!
გულში თაიგულებს
შევკრავ მოლოდინის,
ფიქრით შემოვივლი
ღამის ზამთრის ბაღებს,
თვალში წყალი მოჰქუხს,
სევდის კარებს აღებს...
ფერი შემომევლო
კვამლის, ნაცრისფერი,
ღამეს აღარ ვნატრობ,
დილა მეფერება,
სხივებს გამოვგზავნი
შენთან, ათინათებს,
როცა მონატრება
აღარ შემეძლება.

დილა მშვიდობის!


დილა მშვიდობის! - მიღიმის მთები,
ზამთრის ველები შენდობას ითხოვს,
გაზაფხულია, ცისარტყელაა
თუ ქართლის სანახს დაეტყო სითბო?!
ფერი მიეცა თებერვლის ბაღებს,
ჯანღი გამქრალა, მჭვირვალე ჰაერს
ვისუნთქავ, ვცოცხლობ ამ ტკბილი მიწით,
სიყვარულით რომ ჩემს ფეხქვეშ იწვის.

Tuesday, April 9, 2013

შენ, ვისაც სამშობლო გიყვარს

როცა გრძნობებისთვის ოფლში იწურები,
როცა ღიმილს გინდა სხივი დაამატო,
როცა სულერთია ყველა განაჩენი,
მხოლოდ ახლობლისთვის გინდა გაისაჯო.
სისხლის ბოლო წვეთიც სხვისთვის გემეტება,
მზეში მამულს ხედავ, მთვარე- ღადარია,
მასში გამომცხვარი ცხელი დედო პური,
მასზე ძვირფასია, რაც რომ გაბადია.
ზამთრის ზღაპარია სოფლის ეზო-ყურე,
გინდა წინაპრისთვის ასჯერ იმარტვილო,
შენ ხარ საქართველოს ერთი ნავსაყუდი,
შენმა ოცნებებმა უნდა იზეიმოს!

ასე მგონია, ჩვენ ვართ მინდვრები


ასე მგონია, ჩვენ ვართ მინდვრები,
სადაც მარცხდება მუდამ ჩვენები,
ფეხბურთელები ტყუილად დარბიან,
ჩვენ ბალახივით მოვითელებით.
  თუ კი, თამაშებს დაესწრო წვიმა,
  ავიზილებით, დავიზილებით,
  ამოვისვრებით ღორივით ლაფში,
  ახალ მატჩს მაინც ვხვდებით იმედით.
მთავრობა მიდის, მთავრობა მოდის,
ჩვენი საშველი მაინც არ არის,
მსაჯი მიკროსკოპს იმარჯვებს, გვსინჯავს,
ჩვენ გამოგვცვლიან, მგონი, ვადამდის,

Friday, April 5, 2013

"რჩევა" ხელისუფლებას წარსულის გამოცდილებიდან


როცა პრობლემას, შენ, კაცში ხედავ,
უნდა დასაჯო, ვეღარ თქვას "დედა!",
სისხლი ანთხიოს პირიდან უნდა,
რომ მუხლს კანკალი გაჰქონდეს მუდამ.
ბეტონში მკვდარი ვერ მოგცემს ზიანს,
დამტვრეულ მხარ-მკლავს ნახავენ გვიან,
ციხის გისოსში, თვალებში ცრემლით,
ქალად აქციეთ, თქვენ, ღმერთის მრევლი!

Wednesday, April 3, 2013

სიცოცხლემ თვალი დახუჭა


სიცოცხლემ თვალი დახუჭა,
სიკვდილს გადასცა ძალია,
ჩემი ნაზარდი ნერგებით
დიდხანს ვერ გავიხარია.
ჩამოვდნი როგორც სანთელი,
ცოდვამ ხევ-ხუვში მატარა,
კლდიდან რომ გადავიჩეხე,
თავს მიწა გადმომაყარა.
მაგრამ კვალი ხომ დავტოვე,
ცაში გალობენ ჩიტები,
ჩემი ნაზარდი შვილებით,
არა ვარ დასავიწყები.
გაღმიდან ხელებს მივაწვდენ
დახმარება ვის ჭირია,
ღმერთმა არ მინდა მანახოს
შვილების გასაჭირია.
უწინ მეწყერმა დამსეტყვოს,
საფლავს არ აჩნდეს ბალახი,
ღვთის სიტყვა თუ კი არ გახდა
მათთვის მთავარი სანახი...