Friday, May 11, 2012

დევების ვახშამზე


ბნელმა დაკაწრა მთვარე ბრჭყალებით, -
ღამემ მთვარეზე შური იძია,
დევების ვახშამს ცა უმზერს მწუხრით,
ორთქლიან ქვაბში კაცი ჰკიდია.
ნაკუწ-ნაკუწად ათლიან ხორცებს,
იმისი ცოდვა თავზე  გვიდია,
სხვისი ჭირი და სხვისი სიავე
გულის სიღრმეში არ მიგვიღია.
უსამართლობის მორევში ჩაფლულთ
ღვთის სამართალი ნოხად გვიგია,
კეთილ-ბოროტის ვითომდა გამრჩევთ
შურის და ზაკვის ხიდი გვიგია.
გადაეცრიცა სახეებს ფერი,
სიკეთეს ვინ თესს, ვერ გაგვიგია,
გუშინ კი რწმენის ფიალით სავსეთ
იესოს ჯვარით მცხეთა გვიგია.
ვაზის ცრემლებად იღვრება ერი,
გოლგოთის გზაზე შედგა მრავალი,
ღმერთო, მოგვეცი იმისი ძალა,
რომ ვცნოთ ჩვენ შორის კაცი მართალი, -
ჩოხოსანთ ლაშქარს წაუძღვეს წინა,
კვლავ აღვადგინოთ ღვთის სამართალი, -
დევებს ქვაბები თავს დავახუროთ,
ვიხსნათ ტანჯვისგან კაცი მრავალი!

No comments:

Post a Comment