Thursday, May 10, 2012

სიყვარულის უვერტიურა




ორქიდეების ნაზ სუნთქვაში ჩავიძირები,
ატმის ტოტების დანალეწზე გავივლი ქარში
და სწრაფად, სწრაფად ისე მაგრად ჩაგეკონები,
რომ სასოებამ აღტაცებით შემოჰკრას ტაში.
იქ, იმ ლურჯ ველზე, მწვანე სახლთან დაგელოდები,
ჩვენ სიყვარულის უტყვ მოწმესთან დავიდებ ბინას,
მოჯადოებულ ქალწულივით სამარეს გავთხრი
და მთის დევები მომაყრიან ნოტიო მიწას.
ქარდაქარ ვიფრენ, ბუნების ფერს ჩავჭიდებ ხელებს
და ცისარტყელად დედამიწას შემოვევლები,
რომ დაგინახო, შეგისუნთქო, ჩაგხედო თვალში,
მერე კი, მშვიდად ლურჯ ღრუბლებში ძილს მივეცემი.









  
ღმერთი რომ ვიყო

ღმერთი რომ ვიყო, გაპატიებდი,
არ დამრჩებოდა ზიზღი და წყენა,
ღმერთი რომ ვიყო, შეგირიგებდი,
რომ ძველ სიყვარულს აედგა ენა,
ღმერთი რომ ვიყო, შევეცდებოდი
დამბრუნებოდა კვლავ შენი რწმენა,
მაგრამ ვაი, რომ ღმერთი არა ვარ
და არც შენა გაქვს ის აღმაფრენა.

No comments:

Post a Comment