Saturday, April 28, 2012
ახალ თაობას (ეძღვნება წინა საუკუნის სამოციან წლებში დაბადებულებს)
მოგვიხდა ბრძოლა, ჭიდილი დროსთან,
მას გავუსწარით დარდით, ფიქრებით,
ჩვენი თაობა სულ ნორჩი მოკვდა,
ახალ ცხოვრებას ვერნაღირსები.
გადაიარა ჩვენს ზურგზე მტერმა,
ზოგმა ცეცხლით და ზოგმა თხრილებით,
შიმშილით, ომით, სისხლით დაღლილებს
სხეულზე გვაჩნდა დანის პირები.
გადავიკარგეთ აქეთ და იქით,
სხვა ქვეყნის შვილთა მწედ და მსახურად,
თუმცა მამული გვიხმობდა ფიქრით,
ბედი გვარბევდა მუხანათურად.
სამშობლოშივე ლტოლვილად ქცეულთ
გვიწვევდნენ მხოლოდ შავი მღვიმენი,
ვკვდებოდით დარდით, ვკვდებოდით მალვით,
ვკვდებოდით არყით, ნარკოტიკებით.
პატარა ქვეყნის პატარა შვილებს,
გულით დაგვქონდა დიდი იმედი
რომ საკუთარი ტკივილის ფასად
გადაგვერჩინა ჩვენი შვილები.
ახლა კი როცა, ხანდახან მაინც,
შაოსან დედას ჩახედავთ თვალში
ან გლახას უნდოდ გამოწვდილ ხელზე
"დიდ" მოწყალებად წვრილ ხურდას დაყრით,
იქნებ შეიცნოთ ჩვენი თაობა,
ნაწამები და ნატანჯი მარცხით
და უპასუხოთ კაცურ-კაცურად,
ძეგლის დადგმით და წესების დაცვით!
Wednesday, April 18, 2012
მალე მოდი, გაზაფხულო!
თითქოს თავზე დაგვაფხრიწეს,
როგორც ქუდი, ცა და მიწა,
მალე მოდი, გაზაფხულო,
გაანელე ცათა რისხვა...
* * *
სოფელ-სოფელ, ეზო-ეზო,
მოდის, მოდის გაზაფხული,
როგორც მორცხვი პატარძალი,
ვნების ცეცხლით ალანძული...
ალუბლის და ატმის ტოტებს
მხრებით დააქვთ თითქოს ზეცა,
სიყვარულით გათანგული
კვირტი კვირტთან ლეკურს ცეკვავს...
სიოს მოაქვს სითბო მხრებით,
ალყა-ალყად აყრის მინდვრებს,
მიწას მკერდი გაუღეღავს, -
სალაღობოდ იწვევს ჩიტებს...
ფთილა-ფთილად დასერილ ცას
ცოდვა-მადლის ნისლი ჰბურავს
და სატირლად გამზადებულს
მზე ალერსით სხივებს ურთავს.
ლურჯი ფერით შეღებილა
ცის ღრუბელთა ნაფლეთები,
ჩვენი მიწა გაპოხილა
სისხლიანი ნაწვეთებით...
მალე მოდი, გაზაფხულო,
ნუ ზოზინებ ურმის თვალით,
კვლავ გვენახოს მომავალში
საქართველო გულმთლიანი!
Tuesday, April 17, 2012
თეთრი და შავი
ჩვენი ცხოვრება ძალიან ჰგავს ჭადრაკის თამაშს,
თეთრი და შავი ჭადრაკის დაფის ფერები არის,
სვლას გავაკეთებ, გავიმძღარებ ოცნების ფარანს,
ვერ გამიტაცებს, ვერ მაცდუნებს მე ფერი შავი,
ის ხომ ბნელეთის, ბოროტების საბუდარია,
თეთრი სინათლის, უკვდავების წყაროს წყალია,
ვინც ამ წყალს შესვამს, ღმერთთან ახლოს დაიდებს ბინას,
მისი ცხოვრება, მისი ბოლო სანუკვარია...
თეთრი და შავი ჭადრაკის დაფის ფერები არის,
ჩვენი ნაბიჯიც, ზოგი თეთრი, ზოგი შავია,
თეთრი დღე არის, მზის სხივებით განათებული,
შავი ღამეა, ბნელთა ძალთა ნაჩუქარია,
ბოლო ბრძოლა კი ბოროტსა და სიკეთეს შორის,
ბოლო სვლა არის, ვისთვის - თეთრი, ვისთვის - შავია,
და ეს თამაში ვნებებით და ქარიშხლით სავსე,
იქ დასრულდება, სადაც ჩვენთვის ღია კარია.
მგლები (იგავი)
უკუნია. მთვარის შუქი არსად მოჩანს,
ბნელს მოუცავს ტრამალი და და კლდე-ნაპირი,
სანადიროდ გამოსულა მგლების ხროვა
ზარდამცემი ლაშებით და ენა-პირით.
მოჩანს ცეცხლი დანაკვესი მათთა თვალთა,
მოგიზგიზე ნაპერწკლებით ავსებული,
კბილთა ღრჭენით ემუქრება მთელ ქვეყანას
მგლების ხროვა, ბრძოლის ჟინით დანთებული.
როცა შიათ, არ იციან მათ დანდობა,
სისასტიკეს ერთგულებენ სისხლზე ფიცით,
მგლის ხასიათს და მის ავ ზნეს ვერვინ შეცვლის,
ბუნებაც კი, განგებასთან შენამტკიცი.
უცებ ცაზე მთვარე გაჩნდა, თეთრი დისკო,
მისმა შუქმა უფსკრულიც კი გაანათა,
მგლების ხროვა ერთი წუთით შედგა თითქოს,
მერე... უფრო გაავდა და გაალმასდა.
კარგს ვერაფერს ჰპირდებოდათ თეთრი ღამე,
მტაცებლისთვის უხერხული მასპინძელი,
ერთურთს ჭვრეტდნენ, აცეცებდნენ თვალებს უნდოდ,
თვისტომის სისხლს მოითხოვდნენ ავი მზერით.
ნახეს კიდეც, ერთი იყო მეტად სუსტი,
გაფატრეს და გაათრიეს მგლებმა ველად,
საბრალოსგან ერთი ბეწვიც არ დატოვეს,
არ უმტყუნეს თავის ზნეს და ჩვეულებას.
ვიღაც უფრო ძლიერია სხვაზე მუდამ,
ცხვრის ფარაში სუსტებს ეძებს გამორჩევით,
სხვისი ჭირი როდი მიაქვს ახლოს გულთან,
ლაღობს, ცხოვრობს მხოლოდ მგლური კანონებით.
ჩვენი ცხოვრება
ქართული ცა და ქართული მიწა,
შუქს რომ იფენდა მარად უნაზსს,
უღვთოთა ხელში მუყაოდ იქცა,
დატანილია მხოლოდ რუკაზე.
ამოთხრილია დიდრონი ორმო,
შიგ მოჩანს ქართველთ ძვალი და ტყავი,
ნასახლარებზე ქარბუქი გლოვობს, -
დაცლილა მთა და დაცლილა ბარი.
ქართველ კაცს თითქოს შეცვლია სისხლი,
მტერიც უწოდებს მხდალს და უნიათს,
უცოდინარი მცოდნეს დასცინის,
ყველგან სიბილწე, ზაკვა-შურია!
წინაპართ ძვლებზე ცეკვავს სატანა,
თვალები ლიბრით დაფარულია,
ამ ბოროტების დიდი სათავე
თავად ეშმაკის შენიღბულია.
სიზმრად კვლავ ძლიერს ვხედავ სამშობლოს,
ოქროსფრად ღელავს, პურის ყანებად...
გამეღვიძება იმედით სავსეს
და გზები ისევ ჩამერაზება.
ოცნებით ცხოვრობს ქართველი დღესაც,
დავიწყებია ბრძოლა და გარჯა,
წასულ დიდებას გასცქერის ფრფენით,
საუკუნეებს მიღმა რომ დარჩა.
უფალი ისევ აგვავსებს ძალით,
რომ აღორძინდეს თამარის მიწა,
ისევ გაბრწყინდეს ვით ნატვრის თვალი,
სიმღერებად და ზღაპრად რომ იქცა.
არ მიმიღია მეც ზიარება
,,თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასო"
თავაწეული ვდგავარ მე მთაზე,
ქარი მიწეწავს თმას და ტანსაცმელს,
მთა მთას შერთვია, ღელე კი - ღელეს,
მწვერვალი - მწვერვალს, ცაში ანაგებს.
მორბის მდინარე გაშმაგებული,
ქაფმორეული ასკდება ლოდებს,
ვიხსენებ, მახრჩობს დარდი და სევდა,
ეს მოჩვენება კვალდაკვალ მომდევს.
ღვთივკურთხეული ბუნების მქონე
ახლა სადა ვარ და სადა ვგოდებ,
სახლში ჩართული ოთახი ბნელი,
რით ვანაცვალე ჭრელ ველს და კორდებს?
ჩემო სამშობლოვ, ჩემო ლამაზო,
საით გავრბივართ, რა გვეჩქარება?
უღმერთოება, ფულის ტრფიალი,
ნუთუ ეს გვინდა, ეს გვენატრება?!
ქალი ქალს არ ჰგავს, კაცი კი - კაცსა,
ყველა ოქროს კერპს ეთაყვანება,
ცოდვის უფსკრულში გადაჩეხილებს,
არ მიუღიათ მათ ზიარება!
მეც შორს წავედი, გადავიკარგე,
ვწუხვარ, ვნატრულობ და მენანება...
და სხვა წასულთა მსგავსად და დარად
არ მიმიღია მეც ზიარება...
ქარო, ღამისა!
ქარი არ მიყვარს,
მისი კვნესა, მისი წუხილი
ოცნებებს მიმსხვრევს, ვკარგავ იმედს,
იმედს ხვალისას...
შემაკანკალებს, შემაჟრჟოლებს
დარდებში, ფიქრში,
ჩემს გულში ცივად ისადგურებს
ყინვა ღამისა,
ღამევ, მითხარი, რას გვიმზადებს
ბედი ტილი,
საით მივყავართ მთვარის ეტლს და
ნაკადს ქარისას,
ოცნების მკვლელო, ბოროტის მცველო,
დამეხსენ, მწველო ტკივილო და
ქარო ღამისა!
გაზაფხულის უვერტიურა
თეთრი ყვავილი თეთრ ფიფქებად მოიჯარება,
უტევს მცხეთას და უტევს თბილისს თეთრი ჯარები,
სხვა მეომრები აღარ ნახონ ჩემმა თვალებმა.
მოვტეხე ტოტი და მეძგერა ყვავილთა გუნდი,
თმები ამევსო სურნელით და თეთრი ფიფქებით,
თავს დამატეხა ალუბლის ხემ თავისი რისხვა
და შემომცინა ჩუმად, ხის ქვეშ, ყოველმა ფიფქმა,
ყვავილთა ჯარი ტანზე ნაზად მომეალერსა
და ის ურჩები, წინ დამეგენ ფიანდაზებად.
Subscribe to:
Posts (Atom)