გოგონა მწერების დიდი მეგობარი იყო. პეპლებიც უყვარდა, ფუტკრებიც, კალიებიც, ჭრიჭინებიც, მაგრამ განაკუთრებით მოსწონდა პატარა შავი მწერები, ხეშეშფრთიანები, არაფრით გამორჩეულნი, სახელიც კი არ იცოდა მათი. გამოვიდოდა საღამოს მინდორში სასეირნოდ, გამოედევნებოდნენ ისინი, დაასხდებოდნენ ხელებზე, თმებზე, უცაცუნებდნენ თავიანთ პატარა ფრთებს, გოგონა მათაც ძალიან უყვარდათ, სულ უკან დაჰყვებოდნენ, კაბის შლეიფივით, მისი სურნელი იზიდავდათ, ალუბლის და ბლის მურაბების სუნით იყო გაჟღენთილი კაბები, რომლებსაც ის ატარებდა, მისი ბებია ხომ მურაბების დამზადების დიდოსტატი იყო, რომელი ხილიც შემოვიდოდა, იმ ხილის მურაბას ამზადებდა, ალუბალი დამწიფდებოდა, ალუბლის მურაბას ხარშავდა, ჟოლო - ჟოლოსას, კენკრა - კენკრისას, ქარს შორს მიჰქონდა მურაბების სურნელი, გარშემო აფრქვევდა, ყველა მწერმა იცოდა, რომელი ხილის მურაბა იხარშებოდა. სახლთან ახლოსაც მიფრინავდნენ ფუტკრები, ზოგი თავგანწირული ცხელ მურაბაშიც აღმოჩნდებოდა ხოლმე, აი, შავი ხოჭოები კი გოგონას ელოდებოდნენ, რომ სახლიდან წამოყოლილი არომატი ჩაესუნთქათ. ერთ დღესაც გოგონა არ მოვიდა, შეშფოთდნენ, რა მოუვიდაო, სახლისკენ გაფრინდნენ, იქიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, შუქიც არ ჩანდა სახლის ფანჯრებში. ეზოში მდგარ თეთრი თუთის ხეს შემოეხვივნენ და ცაზე ახლადგამოსულ მთვარეს სთხოვეს დახმარება, გოგონა და მისი ბებია გვაპოვნინე. იქნებ სახლში შეიჭყიტო, ნახო რა ხდებაო, მაგრამ ფანჯარაზე ფარდა დახვდა ჩამოფარებული მთვარეს და ოთახში ვერ შეაღწია. მაშინ ზემოდან გადმოხედა შავ ულამაზო მწერებს და თავისი ნათელი უწილადა, თქვენ სცადეთ, ჩემი შუქით გზა გაინათეთ, თვითონ იპოვეთ გოგონა და მისი ბებიაო. მთვარის ნათელით შემოსილი მწერების გუნდი სახლისკენ დაიძრა, შეღებული ფანჯრის ღრიჭოდან შეფრინდნენ სახლში, ოთახებს მოედვნენ, ნახეს, გოგონა ლოგინში იწვა, სიცხიანი, ბოდავდა, ბებიას იქვე სკამზე ჩასძინებოდა. მიხვდნენ, პატარას შველა სჭირდებოდა, გამოფრინდნენ და სახლის გარშემო დაიწყეს ფრენა, სხვადასხვა მოძრაობებს აკეთებდნენ, ხან ზევით აიჭრებოდნენ, ხან ქვევით ჩამოფრინდებოდნენ, რომ სხვა სახლების მაცხოვრებლების ყურადღება მიეპყროთ. ასეც მოხდა, პატარა მანათობლების უცნაური ფრენა მართლაც შენიშნეს, სოფელი გარეთ გამოეფინა და ბებია-შვილიშვილის სახლისკენ დაიძრა. გოგონას უწამლეს, მალე დადგა ფეხზე, ხალხმა შავ მწერებს ციდან ჩამოსული ნათელი, ციცინათელა უწოდეს. მათ ხომ გოგონა გადაარჩინეს. მას მერე დაფრინავენ ციცინათელები და გზას უნათებენ უმთვარო ღამეში გარეთ დარჩენილ მგზავრებს, ხანდახან რომელიმე კეთილ გოგონას გამოედევნებიან ხოლმე და კაბის შლეიფივით მიყვებიან უკან, ზოგიც წინ უნათებს გზას, რომ ვინმემ სიბნელეში არ შეაშინოს.
Monday, July 6, 2020
რწმენის სანთელი (მოთხრობა)
ღრუბლებიდან მზე იჭყიტებოდა და თითქოს თვალს უკრავდა, ქალიც დაჟინებით შესცქეროდა ცას, იქიდან ელოდა შველას, ღმერთს სთხოვდა დახმარებას, ყველაფრის და ყველას იმედი დაეკარგა, ერთადერთი შვილი ჰყავდა, ისიც ავად გაუხდა, საავადმყოფოში ეწვინა, ნუთუ, ეს არისო ღვთის სამართალი, ღმერთის არსებობაშიც ეჭვი შეეპარა, მაინც წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდებოდა. მუქი ღრუბლების მიღმა სინათლის სხივი კიაფობდა, იმას მიენდო, იმას ჩაებღაუჭა თვალებით, გულითაც და სულითაც. მზე ნიშანს მაძლევსო, ძალა მოიკრიბა, არ მოკვდება ჩემი შვილიო და საავადმყოფოსკენ გასწია. პალატაში შესულს მზის სხივიც შეჰყოლოდა, შვილის სახეს დასთამაშებდა, ახალგაზრდა კაცს ეძინა, ნეტარების ღიმილი ისახებოდა მის სახეზე. ნეტავ, რას უნდა ნიშნავდესო ეს, ფიქრობდა ქალი, გაუნელებელი ტკივილებით იტანჯებოდა აქამდე შვილი. ქალმა ამოაწყო პროდუქტები ჩანთიდან, რისი ჭამაც შეიძლებოდა ავადმყოფისთვის, ჩუმად მოძრაობდა, არ გავაღვიძო, ძლივს დაუძინია ბედნიერადო. იქვე სკამზე ჩამოჯდა და მიყუჩდა, მასაც ჩაეძინა, სიზმარი ნახა, ანგელოზები დასტრიალებდნენ მის შვილს თავს, რიგ-რიგობით მიჰქონდათ მის პირთან წყალი და ასმევდნენ, თითქოს მზეში ამოვლებულიყო მთელი სამყარო, კოვზებიც ოქროსფერი იყო, იქიდან გადმოღვრილი წყალიც, ხუჭუჭა ოქროსფერთმიანი ანგელოზები დიდხანს დარჩნენ ავადმყოფთან, მზით ავსებულიყო ფანჯრები, ოთახი, მზით გაჯერებულიყო ავადმყოფის ტანიც. გაეღვიძა, შვილს შეხედა, მიტკალივით თეთრი იწვა, იღიმებოდა, დაგძინებიაო, დედას უთხრა, დედამაც გაუღიმა, - ახლა მივხვდი, რა უნდა გავაკეთოო, - წამოიძახა, სკამიდან წამოდგა და პალატიდან გავიდა. მეორე დღეს შვილი საავადმყოფოდან წაიყვანა, რა თქმა უნდა, ხელწერილით, არწმუნებდნენ, მოვარჩენთო, არავის დაუჯერა. ერთი კვირის მერე ზღვაზე წაიყვანა, ამომავალი მზის სხივებისქვეშ იწვა კაცი, ოქროსფერი შუქი ეღვრებოდა სახეზე, მოიმატა შუქმა, მთელი ტანი დაფარა სხივებმა, ქალს მოეჩვენა ანგელოზები დაფრინავდნენ მის გარშემო და შვილს უკვდავების წყალს აწოდებდნენ ოქროსფერი კოვზებით, რამდენიმე თვე დაჰყვეს ზღვაზე, კაცს ნელ-ნელა ტკივილები შეუმცირდა, მალე სრულიად გამოჯანმრთელდა. დედა-შვილმა დიდი ქონება შესწირა ეკლესიას გლახაკების დასახმარებლად, მას მერე მათ სახლში არასოდეს ჩამქრალა რწმენის სანთელი.
Sunday, July 5, 2020
მოგონებებიდან
სინანულით სავსე მივაბიჯებდი და ვფიქრობდი, რატომ არ დავეხმარე-მეთქი იმ მათხოვარს, ქუჩის კუთხეში რომ იდგა, თავდახრილი, ვერავის სახეში ვერ უყურებდა, ეტყობა, რცხვენოდა, ხელი რომ გაეშვირა სამათხოვროდ, ეგება, რა უჭირს, ვაგრძელებდი მსჯელობას, არ ჰგავდა უშრომელ ადამიანს, ხელები შრომისგან დაკოჟრილი ჰქონდა. მეორე დღეს იმავე ადგილას დამხვდა ის კაცი, კიდევ უფრო მოკუნტულ-დაპატარავებული, მარტო ხელი ჩანდა, ბებერებით დაფარული, ალბათ, ბარს და თოხს თუ ურტყამს სოფელში, გავიფიქრე, მივუახლოვდი, - სადაური ხარ და რა გაჭირვება გადგას, - ვკითხე, ცრემლჩამდგარი თვალებით შემომხედა, - ცოლი მიკვდება, წამლისთვის ვაგროვებო ფულს, - გული ჩამეთუთქა, ათი ლარი მოვქექე საფულეში, მივეცი, ეს რას გეყოფა-მეთქი, გაუხარდა, უცნაურად გაიღიმა, კმაყოფილმა და ნამზეური სახიდან ფირუზისფერი თვალები შემომანათა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი სულის, რატომა ვართ ასეთი დაბეჩავებული ქართველები, რომ სოფლის მშრომელ კაცს არ შეუძლია ცოლს უმკურნალოს ისე, რომ სხვას არ სთხოვოს ფული? რა უბედურება გვჭირს, რატომ გაგვიწყრა ასე ღმერთი? ვეკითხებოდი ჩემს თავს და დაღმართზე დიდი სისწრაფით მივექანებოდი...
Saturday, July 4, 2020
მოგონებებიდან
ამას წინათ ბორჯომის ვაგზალზე რომ ბაზარია, იქ ვიყავი და ასეთ ინციდენტს გადავაწყდი: ორმოციოდე წლის კაცს ხანშიშესულმა ქალბატონმა ხურდა ფული სთხოვა, იმან გაბრაზებულმა დაუყარა დახლზე, ლამის სახეში ესროლა, თან ეჩხუბებოდა, რა გამიწყალეთ გული, სულ ფულს როგორა მთხოვთ, თქვენი გულისთვის დავრჩი უცოლშვილო, ვერაფერს ვეწიე, თქვე არაფრისმაქნისებო, სხვა მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ, შვილებს ეხმარებიან, თქვენ აქეთ მაწევხართ კისერზე, სული ამომიღეთო. ხანშიშესული ქალი დარცხვენით იყურებოდა აქეთ-იქით, არ უნდოდა, ვინმეს ჩხუბი გაეგო. შვილს ხმას არ სცემდა, მივხვდი, უკვე მიჩვეულიც იყო მის აყალ-მაყალსა და საყვედურებს. კაცი როცა წავიდა, ქალბატონმა თავშლის კუთხეთი მოიწმინდა ცრემლი და ჩუმად მითხრა, თითქოს ჩემ წინ თავს იმართლებდა. ოცი წელია აქ, ბაზარში, ვმუშაობთ მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი პურის ფული ყოველთვის გვაქვს, მაინც გვერჩის მშობლებს, ჩვენ გვაბრალებს ყოველგვარ გაჭირვებასო. ის ახალგაზრა კაციც შემეცოდა, ცხოვრება ვერ მოიწყო, ოჯახი ვერ შექმნა, ჩამოსულები იყვნენ, სავარაუდოდ, სადღაც ნაქირავებში ცხოვრობდნენ, სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ, გამონაკლისების გარდა, ბინა თვითონ შეიძინონ, ბევრის მშობელი საზღვარგარეთ მიდის, რომ შვილებს უზრუნველი და ბედნიერი ცხოვრება შეუქმნას, ბინა, აგარაკი, მანქანა. ვისაც ეს არ შეუძლია, იმათ რა ქნან? ნუთუ ისინი ცუდი მშობლები არიან და საყვედურის ღირსნი?
Friday, July 3, 2020
მოგონებებიდან (2020, 2 ივლისი)
დღეს დეზერტირების ბაზარში ვიყავი, ტყემალს ვყიდულობდი, მოხუცი ქალი მომიახლოვდა მწვანე წიწაკებით ხელში, ხუთ-ხუთი ცალი აეცვა ძაფზე, ლარად ყიდიდა, ბებრული ღიმილით შემომაძლია საქონელი, ტყემალზე დაგჭირდებაო, ვკითხე, რამდენი წლის ბრძანდებით-მეთქი, 90 წლისაო, არც დავფიქრებულვარ, ვიყიდე ერთი აცმა, თუმცა თათრის ქალებისგან იმავე ფასად ორჯერ-სამჯერ მეტს ვიყიდიდი, ერთი მხრივ, გამეხარდა, რომ ამ ქალბატონს ამდენი ჯანი შერჩენია, ხალხი იტრიალოს, ივაჭროს, დააინტერესოს ადამიანები, მეორეს მხრივ, რამდენად უჭირს, რომ სახლი მიუტოვებია და გარეთ გამოსულა ლუკმა-პურის საშოვნელად. სულ ვფიქრობ, რით არ გვეღირსება ქართველებს ნორმალური ცხოვრება და როდემდე გაგრძელდება ეს ყოველივე?
Wednesday, July 1, 2020
მოგონებებიდან (2020 წელი, მაისი)
ხელების ცაცხცახით მივადექი სამკერვალოს, ძმის კოსტუმი გამიფუჭდა, მისი საყვარელი, საკიდზე ჩამოკიდებული ცოტა ძლიერად მოვქაჩე და საყელო დაზიანდა, არ მინდოდა ენახა და ენერვიულა, ეს ერთი ცალი ჰქონდა, ლამის მუხლისჩოქით და ტირილით ვთხოვე მკერავს, გამიკეთეთ, რამდენსაც მეტყვით, გადაგიხდით-მეთქი, ნაცნობი ქალბატონი იყო, ადრეც მიმიტანია მასთან საკერავი, დაიტოვა, შაბათ-კვირას გამოიარეო. მივედი, ვაიმე, არ მეცალა, მაგის გაკეთებას ბევრი დრო უნდა, ვერ გამოვნახე, რამდენიმე დღეში მოდიო, ჩემს ძმას ვუთარი, ქიმწმენდაში წავიღე შენი კოსტუმი-მეთქი, გავიდა რამდენიმე დღე, შევდივარ სამკერვალოში, მკერავი ზედ არ მიყურებს, თავის საქმეს განაგრძობს, რაღაც ნაჭერს უკირკიტებს, არ მეცალაო, მიგდებს სიტყვას, ძაღლს რომ პურის ნაჭერს გადაუგდებენ,, მთელი დღე უნდა დავუთმო მაგას, მაგდენი რა ფული უნდა მომცეო, არა და ის პერიოდია, შეზღუდვებია ამ კორონა ვირუსის გამო, ჯერ სამკერვალოები არ ამუშავებულა, ტანსაცმლის მაღაზიებიც არ მუშაობს, რომ ახალი ვიყიდო.სხვა მკერავს წაუღე, იქნებ სხვამ გაგიკეთოს, ორშაბათიდან ამუშავდება ყველაფერიო. გავოგნდი, ამასობაში იქ სიარულში ორი კვირა გავიდა, იქვე მსხდარ სხვა მკერავებს გადავხედე მუდარის თვალებით, გვერდზე გაიხედეს, გაოცებული დავრჩი მათი ასეთი საქციელით, სხვისი გაჭირვებისადმი ასეთი გულგრილობით, მადლობა გადავუხადე ასეთი "გულისხმიერებისათვის", გაბრაზებულმა დავტაცე კოსტუმს ხელი და წამოვიღე. მეორე დღეს დავადექი წერეთელს, სხვაგანაც სადმე იქნებ ამუშავდა-მეთქი რამე, ისინი სამტრედიის და წერეთლის ქუჩების კვეთაში რომ პოლიციის შენობაა, იქ სხედან, ვიარე დინამოს სტადიონის მხარეს, არაფერი შემხვდა, ეკლესიის წინ რომ "ბიბლუსის" მაღაზიაა, იქ ვიკითხე, სამკერვალო ხომ არ არის სადმე ახლოს, მეორე სართულზე მიმასწავლეს, შევედი, დაღლილი ჩავესვენე სავარძელში, რომელიც მისაღებში იდგა. ორი ქალბატონი იყო კერვით დასაქმებული, ჩანდა, ქართველები არ იყვნენ, ერთმა ჩამომართვა კოსტუმი, ორ დღეში გამოიარეთო, ნიღბებქვეშ სახეებს ვერ ვხედავდი,მაგრამ იმ რუსი ქალბატონის თვალები ძალიან მომეწონა. მივედი, არ მინდოდა იმედები აქაც გამცრუებოდა.კოსტუმის საყელო მთლიანად შეეცვალა, კარგად გაეკეთებინა, არც ველოდი, ახალივით იყო, ასი მადლობა გადავუხადე, არც უწუწუნია, არც საყვედური უთქვამს, ეს რა მოიტანეო. და არა მგონი, იმ თავდაფასებულ მკერავებზე ნაკლები საქმე ჰქონოდა. ზოგჯერ მადლიანი ადამიანებიც შემოგეყრება ხოლმე ცხოვრების გზაზე. გახარებული დავბრუნდი შინ.
მიყვარს, წაგებას არა და არ ვცნობ
მიყვარს, წაგებას არა და არ ვცნობ,
დე, დავენარცხო ამ მიწას ფრთებით,
რომლებსაც ზევით მივყავდი მარტო,
მასზე ფიქრით და ოცნებით ჩემით,
მიყვარს, წაგებას არა და არ ვცნობ,
მეგებებოდა ზეფირი ლურჯი,
დამასამარა თითქოსდა აწმყომ,
წარსულზე დარდმა მომტეხა ფრთები.
მიყვარს, წაგებას არა და არ ვცნობ,
ტილო მოვხატე ნაზი და ჭრელი,
იქაც ის არის, მკრა ვინც ისარი,
და ის არავის არა ჰგავს ფერით.
Subscribe to:
Posts (Atom)