Monday, November 30, 2020

ავტ. ტარიელ ხარხელაური

 ვიდრემდის ქარები მლოკავენ,

ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები...
გულო,შენ მჭირდები მბორგავი,
გულო, შენ ტყუილად მეღლები.
გულო, რა ნისლებში დაცურავ,
ცრემლები რა შენი საქმეა,
სიკვდილი შენ გიდგას მსახურად,
სად ეძებ?! - შენს ზურგთან, აქვეა...
გულო, სხვას ვის უნდა შევჩივლო,
ვიფრინოთ, ვიდრემდის ფრთებია,
გულო, შენ მჭირდები, შეშლილი,
სიკვდილით ლაჩარნი ჰკრთებიან,
გულო, შენ მჭირდები მბორგავი,
ვიკმაროთ, რაც დამიკვნესია.
ნუ ვზოგავთ, როცა არ გვზოგავენ -
დათმობა დიაცთა წესია.
ვემზადოთ მსოფლიო ომისთვის,
კარგია, იფხიზლებ,კანკალებ,
ბორკილი მზადდება მონისთვის -
შენ დაბადებამდე გასწავლეს.
ვიდრემდის ქარები მლოკავენ,
ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები,
გულო, შენ მჭირდები მბორგავი,
გულო, რა ტყუილად მეღლები.

Sunday, November 29, 2020

მე მივდიოდი, შენ მიდიოდი...

მე მივდიოდი, შემ მიდიოდი
და მივდიოდით ჩვენ ყველა მზესთან,
არ იყო ღამე, არ იყო დღე და
მარადიული იქ იყო ზეცა.
მე მივდიოდი, შენ მიდიოდი,
მივიჩქაროდით ზეცაში მზესთან,
და დაეწია ვიღაცას ღამე,
ვეღარ გააქრო უკუნი მზემაც.
მე მივდიოდი, შენ მიდიოდი,
გვართმევდნენ ჩვენ წილ სხივსა და მზესაც,
ამიტომ დარჩა უკუნი დღესაც,
კაცობრიობის ძირმწარე სევდად.


Saturday, November 28, 2020

გმირო, რომ წირავ სიცოცხლეს!

 გმირო, რომ წირავ სიცოცხლეს,

შენ არ მოკვდები, იცოდე,

შენთან შეხვედრა არ უნდა,

არც მტერს და არცა სიკვდილსა,

მუხლს მოგიყრიან კლდეები,

დედაც კი აღარ ტირისა,

მოგეგებება თამარი,

როგორც ძესა და მზის შვილსა.



სიზმარი (28 ნოემბერი)

 ამ ღამით სიზმარში ვნახე, თითქოს ბავშვები: გოგონა და ბიჭი მომაბარეს, მაგრამ ვერ მოვუარე, ჯერ გოგონა მომიყვანეს, თვეების იყო, ხან იქით გადაცოცდებოდა, ხან აქეთ, უკან დავსდევდი, მერე უცებ თვალსა და ხელშუა გამიქრა, მოულოდნელად, ამ დროს იქვე მყავდა, თვალწინ, თავზარდაცემული ვეძებდი, ბოლოს მითხრეს, პატრონმა წაიყვანაო, მერე ბიჭი ჩამაბარეს, ყოჩაღი, ისიც დავკარგე, გარეთ ვიპოვე, მიწა ამოეთხარა და შიგნით იწვა, ძლივს ამოვიყვანე იქიდან, დავბანე, გავასუფთავე, მაგრამ ისიც წამართვეს. ტანჯვაში გამომეღვიძა, მივხვდი, რომ ჩემს გარდაცვლილ და-ძმაზე იყო ეს სიზმარი, მამა ღმერთმა წაიყვანა ორივე, ვერ შევძელი მათი დახმარება, ნათელში იყვნენ

Friday, November 27, 2020

ავტ, ირმა კვაშილავა

 მე არც მოსვლა მითხოვია და არც წასვლა,

არც მოფრენა და არც გულიდან გაფრენა...

არც ფერები მითხოვია დასახატად,

არც ნოტები სულის ძარღვზე დასაკრავად...

შთაგონება დაითესა, გაიზარდა,

აყვავილდა ვით ბუჩქნარში ნაზი ია,

მიეშველე, იქნებ წყურვილს ვეღარ იკლავს,

მიეშველე, არ დაეწყოს აგონია,

სიყვარულის მოლოდინში ჭკნება სული

მოლოდინში იკარგება სიყვარული.


Thursday, November 26, 2020

მეგობრობის შესახებ, ავტ. ვაჟა შაქარაშვილი, ფეისგვერდიდან

 დილა მშვიდობისა, საქართველო!

მოჩვენებითი მეგობრობა, ანგარებითი ძმაკაცობა, დამალულ სატევარს მაგონებს, ჩამოჰგავს. - ყალბ მეგობართა ნაცვლად, ღამეული სიჩუმე შემომრჩა. რატომ? - იმიტომ, რომ იგი მუნჯია. გულისტკივილით უთქვამს, უბრძანებია გენიოს მწერალს, - ყველაზე ერთგული ძილი და სიკვდილია. არაფერს გპირდებიან, ყველაფერს ასრულებენ...
დიდი ფუფუნება, უფლის წყალობაა ნაღდი, ნამდვილი მეგობარი, რასაც რომ გაფრთხილება სჭირდება.
ანტონიუსმა ეროსს, თავის ერთგულ მსახურს, უბრძანა განეგმირა იგი. ამის ნაცვლად, მან, საკუთარ თავს გამოუტანა მძიმე ვერდიქტი - თავად ეროსმა მოიკლა თავი, ზეადამიანური სიმამაცე-თავგანწირვის მაგალითით ანთებული ანტონიუსი თავად წამოეგო საკუთარ მახვილს.
- სიცოცხლეგანაწამებ ჰერაკლეს, მისივე ნების შესატყვისად, შესაბამისად, მეგობრებმა მოუმზადეს სარეცელი. მწყობრად დაწყობილ ხეთა გროვას ვაჟმა ჰელესმა და მეგობარმა ფილიქტეტემ შეუნთეს ცეცხლი, რითაც ბოლო მოუღეს სასტიკ სატანჯველს. ეს, ბუნებრივია, უმძიმესი ხვედრი გახლდათ ჰერაკლეს მეგობარ ფილიქტეტესთვის, თანაც ამ უკანასკნელმა ვალდებულად სცნო, მეგობრისთვის ამდაგვარი მძიმე ნაბიჯი გადაედგა.
- ჰიპოკრატემ ცნობილ ფილოსოფოსსა და მეგობარ-ემპილოკლეს, თვითმკვლელობის ჩასადენად, რომელიც ასევე აუტანელი ტკივილებისგან იტანჯებოდა, საწამლავის მიცებაზე უარი განუცხადა; თუმც ემპილოკლემ სიცოცხლე მაინც თვითმკვლელობით მოისწრაფა - კლდიდან გადაეშვა უფსკრულს. სწორედ ამის გამო დაწერა ჰიპოკრატემ ცნობილი „ჰიპოკრატის ფიცი“, სადაც მკაცრად ილაშქრებს თვითმკვლელობის წინააღმდეგ და ავადმყოფის ბოლომდე მკურნალობას მოითხოვს.
ძველ რომში მეგობრობა მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეეძლოთ, მონებს შორის მეგობრობა იკრძალებოდა, რამეთუ მათ შორის მეგობრობა შეთქმულებად აღიქმებოდა, იმპერიისთვის საფრთხის შემცველი გახლდათ.
მეგობარი მოვალეა, გზად ჩამორჩენილს დაელოდოს, უდროო დროს ჩაძინებული - გამოაღვიძოს, თუ საჭიროა - შემოუძახოს. მეგობრად ვერ მიიჩნევა, ვინც ბრმად გიკატუნებს თავს, ყველაფერზე გეთანხმება, ამას ხომ საკუთარი ჩრდილიც შესანიშნავად ახერხებს! ისე კი, კაცმა რომ თქვას, დიდსულოვნად, მეგობრის პატიებაც უნდა შესძლო, რაც მხოლოდ ერთეულებს ხელეწიფებათ. ჩინგიზ-ხანს მისმა მეგობრებმა ვან ხანმა, ჯამუხამ, ქუჩარაიმ და ალაიხანმა სამ-სამჯერ უღალატეს, მან კი სამ-სამჯერვე აპატია.
ნაღდ მეგობარს ნარ-ეკლით გადავსებული საწუთისოფლო ბილიკები გამოარჩევს ორგულისაგან.
მოერთჯამეთ დაგილოცავთ, მეგობრებო!
ჩვენს მეგობრებს გაუმარჯოს, რომლებიც მზად არიან ჩვენს ფეხზე წამოსაყენებლად, თავად წაიქცნენ!

Wednesday, November 25, 2020

ერთსტროფიანი

 თავს იწონებენ სიმდიდრით და ოქროულობით,

ვერა ხვდებიან, რომ მიჰყიდეს ეშმაკს სულები
და სამოთხეში მოხვდებიან ერთეულები.

Tuesday, November 24, 2020

ერთსტროფიანი

 ეჰ, სული მეწვის 

და კლდის ნაპრალში 

ჟონავს ცრემლები, 

სევდის მარადის.

ერთსტროფიანი

 შენ როგორ გძინავს, ადამიანო, როცა სხვას უჭირს, როცა სხვას სტკივა,

დაიხურება შენთვის ცა ლურჯი
და ჯოჯოხეთი დაგრჩება ღია.

ერთსტროფიანი

 თავს იწონებენ სიმდიდრით და ოქროულობით,

ვერა ხვდებიან, რომ მიჰყიდეს ეშმაკს სულები
და სამოთხეში მოხვდებიან ერთეულები.

Sunday, November 22, 2020

ერთსტროფიანი

 ქარის ჩუმ ალერსს ღებულობს ვერხვი

 და მისი მზერა აკვდება შორეთს,

თვალს არ აცილებს მზის წითელ მასრას,

იტყვის: "ნეტავ, არ მოსაღამოვდეს!"

ერთსტროფიანი

 აღარ მინდება არავის ნახვა,

არაფერსა აქვს ჩემს თვალში ფასი,
მე არ მხიბლავდა ყვითელი ოქროს,
არც დრამატული დადგმების ფარსი,
ნეტავი, ვიყო ტყისპირას სოკო,
შემეხებოდა თითებით ბავშვი.

Saturday, November 21, 2020

ერთსტროფიანი

 ნაღვლიანობა მე არ მჩვეოდა,

მაგრამ ნაღველი ჩაიღვარა

ჩემი სხეულის ყველა უჯრედში 

და მწამლავს, როგორც გველის შხამი,

აღარ მასვენებს არც ერთი წამი.

დათო დიაკონიძის - ჩემი ძმის შესახებ, რუსუდან გაბროშვილის მონაწერიდან, მისი მეუღლე კაპანაძე მასთან ერთად იბრძოდა აფხაზეთში

 მაია, ძვირფასო, ძალიან განვიცადეთ დათოს ამბავი. ჩემი მეუღლე მასთან იბრძოდა აფხაზეთში და უღელტეხილიც ერთად გადმოიარეს... მეც ერთი-ორჯერ შევხვედრივარ და მახსოვს მისი ლაღი ღიმილი. ჩემი მეუღლე ისე განიცდის, რომ, ჯერჯერობით ტელეფონითაც ვერ გისამძიმრებს, სულ ეტირება... თუმცა, აუცილებლად შეგეხმიანება. ახლა, მისი სახელითაც გითანაგრძნობ... ასე არ უნდა წასულიყო დათო, ყველა ნატვრა უნდა ასრულებოდა... ამ ბიჭებმა დაიმსახურეს ყველა სიკეთე და პატივისცემა, ქვეყნისთვის ცოცხალი მაგალითები უნდა ყოფილიყვნენ და მათი სახელები ყველას უნდა სცოდნოდა, ასე უხმაუროდ არ უნდა მიდიოდნენ სამშობლოსთვის თავდადებულნი... მისი ხსოვნის შესანდობარი სულ ითქმევა ჩვენს ოჯახში... ახლა ზეციური საქართველოს მხედრობას შეუერთდება ისიც და იქიდან შეეწევა თავის ტანჯულ ქვეყანას...

ახლა მერამდენედ მიყვება ჩემი მეუღლე თქვენი ძმის გმირობის ამბავს. გაგრაში, გრანატამიოტით აფეთქებული ბეემპედან, თავად ყურზე ტრამვირებულმა, ცეცხმოკიდებული მეგობარი როგორ გადმოიყვანა და საკუთარი ხელებითა და ჭრილობიდან გადმოდენილი სისხლით უქრობდა ცეცხლს და მერე საკუთარი მხრებით გაიყვანა სამშვიდობოზე... ეს მეგობარი იყო ბიჭიკო თოფურია... ყოველთვის ყველაზე წინ მიდიოდა, არ ჩერდებოდა, თავგანწირული მებრძოლი და ნამდვილი გმირი იყო თქვენი ძმა...

Friday, November 20, 2020

მახსოვს მთვარე (ავტ. მიხეილ ქვლივიძე)

 მახსოვს მთვარე, როგორც თვალი შაითანის,

შენი სახე და საყელოს ბეწვი...

ეხლაც მათრობს სურნელება შენი ტანის...

და ტუჩებზე შენი კოცნა მეწვის...

ვდგევარ მარტო და ჩემს ირგვლივ

ფეხაკრეფით დადის ლანდი...

და ცრემლებით მისველდება ღაწვი...

მე მეგონა ქუჩის გამხმარ თელას,

მთვარის გესლით დამნისლავდი...

შენ კი გული აღტაცებით დაწვი...

დე ვიწოდე... შემოგწირავ ყველას,

ყველას ვინაც ვნების ალში გასტოპა...

მომეხვიე-ქუჩის გამხმარ თელას,

დამიბრუნე ჩემი ახალგაზრდობა!........


ქალბატონი წვიმა ავტ. მიშიკო ხალიჩაშვილი

 ქალბატონი წვიმა

გამეღვიძა... ფანჯარაზე ხმაა ტოტის,
რა ხანია, დღეებს ვითვლი ღრუბლიანებს,
დილის გზაზე ქალბატონი წვიმა მოდის,
ლამაზ ტანზე ქარის კაბა უფრიალებს.
სველ ხელებში იის კონა უკავია,
ფიქრი სევდის ფუტუროდან დამასია,
გაშლილ მხრებზე წამოუსხამს გაზაფხული
და იმ ბერძენ თემიდაზეც ლამაზია.
მაღალ ყელზე ვარსკვლავები მოუსხია,
მანონ ლესკოს ვნება უგავს ოკეანეს ...
მოვა მერე მომიწვება თბილ ლოგინზე
და ჩემს სახლში სევდას მოიმშობიარებს..
წკაპ,წკუპ, წკაპ,წკუპ, მოწკაპუნებს წვიმა,
წკაპ, წკუპ, წკაპ, წკუპ, ო, რა ლამაზია!
უკვე მღვიძავს... ფანჯარაზე ხმაა ტოტის,
რა ხანია, დღეებს ვითვლი ღრუბლიანებს,
დილის გზაზე ქალბატონი წვიმა მოდის,
ლამაზ ტანზე ქარის კაბა უფრიალებს...

Monday, November 16, 2020

სიმღერა

 სიყვარულის ფერებში

დამებინდა თვალები, 

ვეღარც შენ დაგინახე, 

ვეღარც კარგი დარები

და გაგიშვი ჩიტივით,

შენც სულ სხვაგან გაფრინდი,

დავრჩი მარტო უსულო,

ღია დამრჩა კარები.

იქნებ, შემოიხედო,

კვლავ დამინთო ალები.

სიყვარულის ფერებში

ამერია გზა-კვალი

და შენც არ მომიცადე,

გამიფრინდი ფრთამალი,

იქნებ ახლა შენც მეძებ,

გიწვევ შენი ამალით.

ფრთამოტეხილს რომ მნახავ,

ალბათ, შეგებრალები.


Sunday, November 15, 2020

ერთსტროფიანი (თენგიზ მირზაშვილის ნახატს)

 ეჰ, ქალები, რა ქალები,

უდაბნო და ტრამალები,

ზღვისპირები, ხევხუვები,

ჩვენგან გადანამალები,

ნეტავ, იმათ, ვინც თქვენ გიმზერთ,
გაფიცხებით, გამალებით.

Saturday, November 14, 2020

ერთსტროფიანი

 მხრებზე იმედის  და ოცნების ფრთებით დავდივარ,

ეშმაკს,იუდას, ავთა სულებს , ვიცი, არ სძინავთ,

მაგრამ ძალა მაქვს, დედამიწას ზევით ავიტან.


Thursday, November 12, 2020

ამეშალა ფიქრები

ამეშალა ფიქრები,
სულ შენთან ვერ ვიქნები,
ბევრი რომ არ დალიო,
აგიშენებ სტადიონს,
ითამაშე ფეხბურთი,
მე - ღვინო და შენ - ლუდი.
სხვა ქალებს კი ასცდები,
მე ვერ დამემალები.


Monday, November 9, 2020

ქრის ქრიზანთემების ლურჯი ზღვა

მე ქრიზანთემების მორევში დაგეძებ, 

დაგეძებ, დაგეძებ,

შენ კი კვლავ სხვას ეძებ, სხვას ეძებ, სხვას ეძებ 

და ჩემი არ გესმის,

გავატან ამ ჩემს გულს, ამ ფიქრებს, ამ ღამეს  

თაველებს, თაველებს,

წუთიდან წუთამდე, წუთიდან წუთამდე 

ლოდინი მაბერებს.

არ მიყვარს, არ მიყვარს, არ მიყვარს, ვიძახი 

ღამიდან დილამდე,

მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ მაინც თრთის 

სიმები გიტარის,

და ისევ დაგეძებ, დაგეძებ, დაგეძებ, დაგეძებ, 

სადა ხარ, მითხარი, 

ქრის ქრიზანთემების ლილის ზღვა, ლილის ზღვა, 

შენსავით ცისდარი.




Sunday, November 8, 2020

ნამდვილ სიყვარულს არ ჰყავს მონები! (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

შენ მეკითხები და მე გპასუხობ,
რომ სიყვარული ჯვარცმის ტოლია,
კიბეს აივლი უსაფეხუროს,
ქარში, წვიმაში იწყებ ბორიალს.
შენ მეკითხები და მე გპასუხობ,
რომ სიყვარული, ტკბილი ნექტარი,
რომ იყოს თუნდაც სულ უპასუხო,
მაინც გიყვარს და მაინც შეჰხარი.
აშნებულა ოქროს კოშკებიც,
ბევრიც უძღვნიათ ვარდის კონები,
შენ მეკითხები და მე გპასუხობ,
ნამდვილ სიყვარულს არ ჰყავს მონები.



ერთსტროფიანი

ავტობუსში ვარ და მგზავრების საუბარს ვისმენ
იტალიისას, ამერიკის, გერმანიისას,
სადაც მათ შვილებს მოუყრიათ ამჯერად თავი
და შეგრძნება მკლავს, დარჩენილა უთავოდ ტანი.


არ დამტოვო მარტო (სიმღრა)

 არ დამტოვო მარტო,

აღარ მომიმატო სევდა

დარდით პყრობილს,

ასე ვიყავ ოდით.

მუდამ მტერი მლეწდა,

ინგრეოდა კოშკი,

ჩემს ქონგურებს ახლა

ყვავ-ყორანი უზის.

ნუ დამტოვებ მარტო,

ჩემს კედლებთან მოდი,

კვლავ აზიდე მაღლა

ხახული და ოშკი.


Wednesday, November 4, 2020

ერთსტროფიანი

 ლექსი სულია პოეტის,

მეც ჩემი ლექსით მოვედი,

შიგნით სამყარო ჩავტიე,

კი არ ავიღე ზომები,

ამ გულში ვეღარ გაუძლო,

თორემ ვინ იყო მომრევი.