Monday, June 22, 2015

პატარა ლექსი

ხანდახან შეგხვდება პატარა ლექსი,
ფეიერვერკს დაგინთებს, ნაპერწკალს გესვრის, -
ცეცხლს წაუკიდებს  ნათენებ ღამეს,
ალში გახვეულს გიშველის რამეს.

Friday, June 12, 2015

გაბრუებული პლანით, ანაშით

გაბრუებული პლანით, ანაშით,
ქვეყანას ვხედავ შვიდფერ გამაში,
რატომ დავბრუნდე მე ამ ყანაში,
დროს თუ ვატარებ ფრენა- თამაშში?!
სულ არ მინდოდა ასე გაფრენა,
ღირს კი ცხოვრება თვალის გახელად?!
ზევით მივიწევ, მოვისხავ ფრთებსაც,
დაბლა ვუნდები ცოდვების რეცხვას
და ჩიტის ჩიჩახვს ვერ ვცდები დღესაც....
გაბრუებულის, პლანით, ანაშით,
სიცოცხლე ხდება სულის სახადი,
თოკზე სარეცხად მიჯობს დარჩენა,
სულზე ტკივილის ღარის  დაჩენას

წითელ კაბას რომ ატარებ (სიმღერა)

წითელ კაბას რომ ატარებ, ლურჯი უფრო გიხდება,
შენი თმები დამწოლია დარდებად და ფიქრებად,
მოგისხია მწვანე ველი, მხრებს გიმშვენებს პირიმზე,
თავი ვეღარ დავაღწიე დამბაჩებს და ხირიმებს.
დილით, როგორც ზღვის დედოფალს,  გაგიშლია მკლავები,
ოკეანე გაგიცურავს, დამჩნევია ღარები.
გინდა, ვეღარ დაგინახო, ვერ დაგადგა თვალები,
მაგრამ, კარგო, ჩემს სიყვარულს, ვერსად დაემალები!

მარტო ვარ ისევ!

მე შემოდგომის საღამო მიყვარს, -
სულს მიმშვიდებენ ნაზი ფერები,
ქარი მორეკავს ნოემბრის წვიმას...
წვიმა არის თუ სევდის წვეთები?
სავსე ტანჯვით და სავსე ლოდინით,
თავზე მადგება ნისლის წუხილი,
მე შემოდგომა მას მერე მიყვარს,
რაც წაგიყვანა ზეცამ ქუხილით.
და განშორების თეთრმა ზეწარმა
როგორც აკვანში, ისე მარწია,
უდაბნოში მყოფს მწყუროდი ძლიერ,
ღამით ვიკლავდი ფიქრებს, დარდიანს,
მე შემოდგომის საღამო მიყვარს
და შემოდგომის მკრთალი ფერები,
ვდგავარ ქუჩაში. მარტო ვარ ისევ...
თვალს მისველებენ წვიმის წვეთები.

Wednesday, June 10, 2015

მამა და თოვლი, რაღაცაა მათში საერთო

მამა და თოვლი, მინდა ვნახო რაღაც საერთო
და გლოვის ნიშნად ჩამოვკრავდი თითებს  კამერტონს,
თოვლივით სპეტაკს ატარებდა მამა პერანგებს,
თეთრი წვერებით მაგონებდა მოხუც მეზღაპრეს,
გრძნობანათევი, სიყვარულით სავსე ფიქრებით,
თოვლია სწორედ, ვერ გაზომავ ამას ნიხრებით.
მაგრამ რა არის, ნეტავ, კიდევ მათში საერთო?!
გაცივდა გული და ჩამოვკრავ თითებს კამერტონს.
მდნარი თოვლივით მიუჩინა მიწამ ადგილი
და არ ყოფილა მოშორება მშობლის ადვილი,
ფერად სიზმრებში მეჩვენება ჩემი მეზღაპრე,
ერთი მუჭა ვარ, დევისხელა ვხდები დილაზე.
თბილია ყველა მოგონება, ტკბილი, მზიური,
მასთან შეხება უკვდავია, მარადიული,
"ნახვამდის, მამა", - სიტყვებია თოვლივით ცივი...
ეს მაწვალებს და "მაპატიეს" წლებივით ვითვლი.


Monday, June 8, 2015

ხეები გვიყვარდა თვითონ

ძალიან მიყვარდა ჩემი სოფელი,
განსაკუთრებით - ის სამი მუხა,
რომელიც გზაზე მხვდებოდა,
როცა ბებიას სხვა სოფელში მივყავდი, ბიძაშვილებთან.
იქ კიდევ, ბროწეულებს ვეთამაშებოდი კუკუდამალობანას,
სისხლივით წითელი ყვავილებით მორთულთ, მზიანებს,
მხარს რომ გვიმშვენებდნენ მდინარისაკენ მიმავალ ბავშვებს...
წყლის პირას მდგარ ტირიფებს თვალებით ვეფერებოდი,
ისინიც ძალიან მომწონდა, - მტირალა ტირიფები,
მოწყენილ ტოტებქვეშ თევზებს ვიჭერდით, თავკომბალებს.
ვაზიც მიყვარდა, -  მკვახე ყურძენით ვიტენიდით პირებს,
გვიშლიდნენ, "ნუ ჭამთ, "მუცელა" დაგემართებათო", -
გვეუბნებოდნენ ბიცოლები, ბებიები, არ ვუჯერებდით.
გვიყვარდა ტყემალიც, იმიტომ კი არა,
რომ ჭამა გვინდოდა, არა, ხეები გვიყვარდა თვითონ!
ახლა კვიპაროსები მიყვარს, -  მათ ჩრდილში ბებიას სძინავს.

Sunday, June 7, 2015

ერთი ქალის მონაყოლიდან (მოთხრობა)

     ეს ამბავი ოცდახუთი წლის წინ მოხდა.რთული დრო იყო. 90-იანი წლები იდგა, შიმშილი, უშუქობა, უგაზობა. ძალიან გაგვიჭირდა, მეუღლემ სამუშაო დაკარგა, მანამდე არაფერს გვაკლებდა. სიგარეტების გაყიდვა დავიწყე,  არ ვუმხელდი, ვიცოდი გაბრაზდებოდა, მაგრამ რა მექნა? ვიღაცამ ენა მიუტანა, შენი ცოლი სიგარეტებით ვაჭრობსო, პასუხი მომთხოვა,ავუხსენი ოჯახის რეალური ეკონომიკური მდგომარეობა, ხმა ვეღარ ამოიღო. სამი შვილი გვყავდა. სამი ქალი. უფროსი გათხოვილი იყო, შუათანა ინსტიტუტში სწავლობდა, პატარა-სკოლაში დადიოდა.დილიდან დაღამებამდე სამუშაოზე ვიყავი გასული, სადგურის მოედანზე ვიდექი. საკმარის ფულსაც ვაკეთებდი, შვილები რომ მერჩინა.  მუხიანის აგარაკებზე სახლი გვქონდა, პატარა მიწის ნაკვეთით. დიტომ ცხვრები გაიჩინა, ძროხა, ბაღსაც უვლიდა და იქიდან გვეხმარებოდა. ქალიშვილები ოჯახში საქმიანობდნენ.საღამოს სახლში მისულს შუათანა თავის ოთახში მხვდებოდა,  წიგნით ხელში-, ჩემი ჭკვიანი გოგო, გავიფიქრებდი,- საჭმელადაც კი არ გამოდიოდა სულ მეცადინეობდა. პატარა ნინო სუფრას გამიწყობდა, მომეფერებოდა, დაღლილს სავარძელში ჩამეძინებოდა ხოლმე, სანთლის შუქზე.
        ერთხელ უფროს ქალიშვილს თავისი პატარა ბიჭი ჩვენთან დაეტოვებინა. მაშინ ოთხი-ხუთი წლის იქნებოდა. როცა მივედი, ჩუმად მითხრა,-ბებო, თამრო დეიდას ვეთამაშებოდი და ასე მითხრა, მუცელზე არ დამახტე, მალე პატარა უნდა მეყოლოსო.-ბიჭი შეშინებული აქეთ-იქით იცქირებოდა, ვინმეს რომ არ გაეგონა მისი ნათქვამი, ბავშვის ჭკუა გამაოგნებდა, სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა რომ არ წამოჭრილიყო ჩემ წინ. გაშტერებული ვიდექი, ფეხქვეშ თითქოს მიწა გამომეცალა, იქვე მდგარ სავარძელში ჩავესვენე, რამდენიმე წუთი ვფიქრობდი, რა მექნა. მერე გადავწყვიტე ბავშვის ნათქვამი შემემოწმებინა და თამროს ოთახს მივადექი. კარები ფრთხილად შევაღე, ისევ წიგნით ხელში იწვა ლოგინზე, -რა თვალთმაქცობაა, -გავიფიქრე, ძალა მოვიკრიბე და ბიჭის ნათქვამი გავიმეორე, თან ვკითხე,- მართალია თუ არა ეს ამბავი,მეთქი. პასუხის მოლოდინში შიშით ვკრთოდი, ჩემს თავს ვადანაშაულებდი, რომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი შვილებს. პასუხმა აღარ გამაოცა, ის მართლაც ექვსი თვის ფეხმძიმე აღმოჩნდა.- ვაი, სირცხვილო, წამოვიძახე, ეს როგორ გამიკეთე, შვილო,- ტვინი სწრაფად ამიმუშავდა. ჩხუბით საქმეს ვერ ვუშველიდი.გამოსავალს ვეძებდი, როგორც შევიტყვე, ბავშვის მამა ჩემს ქალიშვილზე დაქორწინებას არ აპირებდა, რა უნდა მეთქვა მეზობლებისთვის, ნათესავებისთვის, ბოლოს ყველაზე მთავარი გამახსენდა, როგორ უნდა შემეტყობინებინა ეს ამბავი ჩემი ქმრისათვის, არ ვიცოდი, რას მოიმოქმედებდა.
            შვილს ვუთხარი, თავისი "თაყვანისმცემელი" სახლში მოეყვანა, ხანდახან მაინც, ხალხს რომ დაენახა, თვითონ მუხიანის გზას დავადექი,( სამსახურში აღარ წავსულვარ).
დიტოს ხან აქედან ვუტრიალე, ხან-იქიდან, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი, ენა არ მიტრიალდებოდა ასეთი ამბის სათქმელად, ჩემს გამრჯე და ერთგულ ქმარს რომ ვუყურებდი. უკვირდა, სამსახურში რატომ არ ხარო. იმ დროს საქართველოში ბრაზილიური და მექსიკური სერიალების ბუმი იყო და  ჩემდა ბედად, იმ .საღამოს ტელევიზორში ნაჩვენებ სერიაში გოგონამ  უკანონო ბავშვი გააჩინა. არც ვაციე, არც ვაცხელე, დიტოს ვკითხე, შვილმა ასეთი რამე რომ გაგიკეთოს, რას იზამ მეთქი-. თავს მოვიკლავო-მითხრა. გავხევდი, გავწითლდი, თუმცა სხვა პასუხს არც ველოდი, ჩემი ქმარი  ტრადიციულ კახურ ოჯახში იყო გაზრდილი. იმ საღამოს სახლში აღარ წამოვსულვარ, ღამით გეგმებს ვაწყობდი, როგორ მეთქვა შვილის ამბავი ისე, რომ ტრაგედია არ დატრიალებულიყო. მეორე დღეს ქმარს საქონლის მოვლაში მოვეხმარე, საღამოს დავსხედით საჭმელად, ღვინო გადმოვიღე, ერთი-ორი ჭიქა დავლიეთ კიდეც. სასმელმა სითამამე შემძინა და ბოლოს ქმარს სიმართლე ვუთხარი. კაცი გაშრა, ენა ჩაუვარდა, ისღა თქვა-, თავს არ ვიცოცხლებ- მაშინ კი მოვხსენი გუდას პირი, ჩვენ რომ თავი მოვიკლათ, ამით რას გავაკეთებთ, ჩვენი შვილი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება,  რა იცი რა გზას დაადგეს, ახალდაბადებული როგორ უნდა არჩინოს, ჩვენ თუ არ დავეხმარეთ ?!-ვეკითხებოდი ერთსა და იმავეს., ნელ-ნელა აზროვნების უნარი დაუბრუნდა. მითხრა, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ მე სახლში მომსვლელი აღარ ვარო. პირველ ხანობაზე ამ პასუხსაც არა უშავდა რა.წამოვედი სახლში.
             თამროს შეყვარებულმა, სახელად გურამი ერქვა, ჩვენთან სიარული დაიწყო. კმაყოფილი ვიყავი, მეზობლები შეხედავენ, არ შევრცხვებით- მეთქი. თვითონ ყმაწვილ კაცს არა უშავდა, ბრგე ვაჟკაცი იყო. -გარეგნობამ მოატყუა  ჩემი გოგონა, გავიფიქრე.- მშობიარობის დროც დადგა, გამოვაძვრინე შავი დღისთვის შენახული ფული. ბავშვის საწოლი ვიყიდეთ, საჭირო ნითები, იცით, ალბათ, შვილის გაჩენა რა ძვირი ჯდება ჩვენს ქვეყანაში, გვეყოლა ბიჭი, ულამაზესი, ავ თვალს არ ენახვებოდა. მამამისმა დაინახა თუ არა, ისე  შეუყვარდა, დღე არ გავიდოდა, ჩვენთან არ მოსულიყო ბავშვის სანახავად. მეც არ ვუშლიდი მოსვლას. სადღაც ორი თვისა იქნებოდა ჩვენი ბიჭი, რომ მისი მამიდა გამოგვეცხადა. თურმე, ნუ მკითხავთ და ასეთი ამბავი დატრიალებულა იმათ სახლში: დედამისი წასულა მკითხავთან, იმას ეთქვა, შენი შვილი ბავშვიან ქალს მოგიყვანს სახლშიო, შეშინებულ ქალს, შინ დაბრუნებულს, გურამის დაკითხვა დაუწყია, მკითხავმა ასე და ასე მითხრაო. ყმაწვილი გამოტყდა, მართლა მყავს ბავშვი, ორი თვისა იქნება, მაგრამ ნუ გეშინია, ცოლად არ მომყავს დედამისიო. ამან დედა კიდევ უფრო გადარია, როგორ შვილიშვილი არ გინდა მანახოო. ატეხილა ამბავი. ქალმა ჯერ უფროსი ქალიშვილი გამოგზავნა ჩვენს ოჯახში დასაზვერად, მეორე კვირას მეორე მამიდა გვესტუმრა, ბოლოს თვითონაც დარეკა, ქალის დასანიშნად გვინდა მოსვლაო. ხუთ-ექვს კაცს ველოდით, თორმეტი მოვიდა. საჭმელი არ მეყოფოდა, გავიქეცი იქვე მაღაზიაში, ფული არ დავინანე და ისეთი პურ-მარილი გავაწყვე, ჩიტის რძე არ აკლდა. სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ. ჩემი ქმარიც ცას ეწია სიხარულით, შვილის ბედი რომ ასე გადაწყდა, კარგი თამადობაც გაწია სუფრაზე. თამროსთვის დედამთილ-მამამთილს არაფერი დაენანებინათ, რა ბეჭდები, საყურეები, სულ ბრილიანტისა იყო. მეორე დღეს სატვირთო მანქანა მოიყვანა სიძემ, ჩატვირთა ჩვენი ქალიშვილის მზითევი., ცოლ-შვილი მსუბუქი მანქანით წაიყვანა. ისინი დღესაც ბედნიერები არიან, მერე კიდევ ორი შვილი შეეძინათ, მაგრამ ჩემი ქმარს, ამ ამბის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია, ავად გახდა და მალე გარდაიცვალა კიდეც. .

Saturday, June 6, 2015

იმერეთო!

იმერეთო, ქვეყნის გულო და ბავშვობის ოცნებავ,
იდღეგრძელე საუკუნოდ, მამაჩემი ცხონდება,
მენატრება გვირილებით ფრთებგაშლილი ველები,
ყაყაჩოებს გულში ვიკრავ, გავაწითლებ ფერებით.
მაგონდება ჩემი ბებოს უწყინარი ღიმილი,
გობზე ფხალი მოზელილი, ნაოჭიან ხელებით,
ბაბუს ცხენი მიმაქანებს მდინარისკენ ჭენებით,
ვწევარ ველზე, თეთრ ღრუბლებით დაპენტილ ცას შევცქერი.
მეზობლების ჟრიამული, იუმორი ხალასი,
მენატრება ქუთაისელ ურიათან ბაასი,
არ მიყვარდეს ჩემი მიწა, რომ მაგონებს სალოცავს?!
დიდი ღმერთი არ მოაკლებს ჩემს სახატეს დალოცვას.
 ,

მაპატიე!

მაპატიე, თუკი ცრემლი დაგადინე,
მაპატიე, თუკი ვერ შეგიყვარე,
ყინულს ვგავარ მთების ქედზე შემოფენილს,
შენ კი, კარგო, იმსახურებ ზღვის ალერსს.

შემოდგომის სურათი

მიყვარს ქარი როცა მღერის,
როცა წვიმა სახლქვეშ ლაღობს,
გადამფრენი ჩიტუნია
მგზავრობისთვის საგზალს აწყობს,
ღრუბლებს მოსავს შავი ფერი,
ცაზე სხივი აღარ სახლობს,
მე კი სახლის აივანზე 
ჩირს ვკინძავ და სხვენში ვაწყობ.


Thursday, June 4, 2015

დაიბადა იესო!

ქრისტეს შობას მოგოლოცავთ,
ჩამოვიხსნით კირთებსო,
დაიბადა ჩვენი მხსნელი,
მართლისმთქმელი იესო,
თვალს ახარებს ლურჯი სვეტი,
შუქი მოიფინესო,
იებმა და ენძელებმა,
თვალში უჩანს იესოს.
ჩვენს მესიას ვეგებებით,
მიწა ვეღარ გვიტევსო,
გიხაროდეთ, დაიბადა,
ჩვენი მხსნელი, იესო!