Friday, November 28, 2014

მარტივია 9გამონათქვამი)

მარტივია გაიარო წუთისოფლის გზა,
თუ იცი, რა მიზანს უნდა მიაღწიო, 
რადგან გაქვს მიზეზი, რომ იცხოვრო!

Wednesday, November 26, 2014

პოლიტიკოსებს! ჩანახატი)

     არავის უნდა სიკვდილი სიცოცხლეზე მეტად, არავის უნდა ცუდი ცხოვრება კარგ ცხოვრებაზე მეტად, მაშინ რატომ აიძულებთ იცხოვრონ ცუდად, როცა თქვენ კარგი ცხოვრება გსურთ? იმის უფლება მაინც მიეცით ხალხს, რომ არ იშიმშილონ, არ სციოდეთ,
უსახსრობის გამო არ კვდებოდნენ, ალბათ ყოფილხართ სამედიცინო დაწესებულებებში, რა ღირს ექიმის კონსულტაცია, გაგიგიათ, შეუძლია კი უმუშევარ ადამიანს ექიმთან მივიდეს? ან ვინ განსაზღვრა ვის ააქვს უფლება ამქვეყნად იცხოვროს და ვის არა?! თქვენ ბატონებო, ნამდვილად არ გაქვთ ამის უფლება, ამიტომ კეთილი ინებეთ და ხალხზე იზრუნეთ!

Monday, November 24, 2014

ძნელია მარტოობა

ძნელია მარტოობა სიბერეში
ვიდრე ოდესმე,
შენს სიკვდილს ვერავინ შეებრძოლება 
შენზე მეტად, შენთან ერთად.
ყველაზე ბნელ  სახლში ცხოვრობ,
ვიდრე ოდესმე,
ფანჯარაში არავინ გაიხედავს 
შენზე მეტად, შენთან ერთად.
ყველაზე ცარიელია სამყარო,
ვიდრე ოდესმე,
არავინ მორწყავს ყვავილებს,
შენზე მეტად, შენთან ერთად.
და იძირები მარტოობის უსასრულობაში, 
ვიდრე ოდესმე,
არავინ ცდილობს  პირველმა დახუჭოს თვალები,
შენზე მეტად, შენთან ერთად.
მხოლოდ მაშინ ხვდები რა დაკარგე,
ყველაზე მეტად, შენთან ერთად.
მხოლოდ სანთელი იღვენთება
ისე სწრაფად, როგორც არასდროს...

Sunday, November 23, 2014

ისევ გელოდები

ლაჟვარდებს, მაისებს,
შევტრფი და ავივსებ
გრძნობებით თვალებს
და გადმოვღვრი ფერებად,
თუ კი ამ აისებს,
კამკამა დაისებს,
შეჰყურებ და იგრძნობ, -
ვიღაც გეფერება,
ლანდებად, დარდებად,
თვალებში გრძნობებით,
გულში მაქვს ლოდები...
ისევ გელოდები...

პატიებას შემთხოვ ძალიან

უკვე დასერა მარტოობამ ცხელი ვენები,
კვალში მიდგანან ჭლექი, ჭირი, კიდევ ქოლერა,
ეს თამაშია, სიკვდილის და ჩემი თამაში,
თითქოს აღარც ვარ და ვითომაც არ მიცხოვრია.
დაანთებს დილა ნაირფერად პატარა ბურთებს,
ჩემთვის კი ისევ წყვდიადი და შავი ღამეა,
შენს თითებს ვიგრძნობ კეფიდან და ფეხის თითამდე,
ვხვდები რომ ისევ პატიებას შემთხოვ ძალიან.

Saturday, November 22, 2014

ზოგჯერ პატარა უფრო დიდია

ხეობის ძირში კიოდა ქარი,
ატორტმანებდა ხეების ამქარს,
ტოტებდატეხილს მიწას აყრიდა,
ვერ ერეოდნენ დიდები მტარვალს.
პატარა ნერგი თავს იმაგრებდა,
ვერ შეძლო მისი მოგლეჯა ქარმა,
ზოგჯერ პატარა უფრო დიდია,
ვერ დაამარცხებს მას ვერა ძალა.

ღმერთს მივეახლე

დუმდა არაგვი, რიონი, მტკვარი,
და მეც სიჩუმის მეფარა ლოდი,
მთის ქედზე ნისლი აღარ ქრებოდა,
მაინც ვუძლებდი ცისტოლა ლოდინს.
რწმენა მმატებდა სიციოცხლის ძალას,
ავწიე ბოლოს ნატეხი ფრთები,
ვარსკვლავს ვუმღერე მშვიდობის ნანა,
ღმერთს მივეახლე რიდით და კდემით.
მან სიყვარულის შემახო ხელი,
გზა გამიკვალა სიკეთის, ფიცის,
ბოროტს არა აქვს კეთილთან ძალა,
სამყარო თავის დათესილს იმკის..

Tuesday, November 18, 2014

დასთან მიმაქვს საჩუქრად

დასთან მიმაქვს საჩუქრად,
გავახვიოთ სათუთად,
ლურჯი იის კონები,
საიქიოს ვცხონდები.

        xxx

ცეცხლს დავანთებ ბუხარში,
გავახურებ კერიას,
ჩემი ბებო, ბაბუა,
კვამლს ზეცაში ელიან.
გამოვწურე ყურძენი,
ვაღიღინებ საწნახელს,
მადლი იმის გამჩენსა ,
ვინც სიხარულს მანახებს.
         

Monday, November 17, 2014

ყველაზე პატარა ლექსი

ნაცრისფერი იდილია,
ზამთარივით მიილია.

კლდეზე რომ ჰყვავის იაი

კლდეზე რომ ჰყვავის იაი,
მის სახეს ვენაცვალეო,
ნაზამთრალს გამოანათებს,
ნაზ ყვავილს გაშლის ხვალეო.
მის შემხედვარეს, ამ გულში
სანთლებს დამინთებს მთვარეო.
,

Saturday, November 15, 2014

მე შემოდგომის დამაწვა ნისლი

მე შემოდგომის დამაწვა ნისლი,
ვეღარ ავწიე ჰაერში ფრთები,
სახლს, გადახურულს ოცნების ისლით,
გადაუარეს ყვავებმა ფრენით. 

ყველაზე დიდი მსაჯული ამქვეყნად (ჩანახატი)

   აბობოქრებულმა ზღვამ წაიღო ყველა ჩემი ოცნება და ნაპირზე გულზელოდებშემოწყობილი დამტოვა.

       ვისწრაფვით საით, რისთვის? მიზანი, რომელსაც ვემსახურებით, ბევრისთვის უცნობია.სამყაროს თვალი გაფაციცებით გვადევნებს თვალს, ჩვენგან კეთილ საქმეებს ელის, მაგრამ  ხშირად ვუცრუებთ იმედს, ვცოდავთ ხან ნებით და ხან უნებლიეთ. ბოროტება, შური, ქედმაღლობა სპობს და ანადგურებს ადამიანს..გადამფრენი ფრინველებივით მივაშურებთ ხოლმე სხვა ქვეყნებს, გადარჩენისთვის ვიბრძვით, ის კი გვავიწყდება, რომ გადარჩენის გზა ჩვენ სულში უნდა ვეძებოთ, შევიყვაროთ ერთმანეთი, კეთილი სიტყვა ვუთხრათ ერთმანეთს და აღარ შეგვაწუხებს სინდისის ქეჯნა, რომელიც ყველაზე დიდი მსაჯულია ამქვეყნად.

Thursday, November 13, 2014

"მე დღეს წვიმამ დამაღონა"

"მე დღეს წვიმამ დამაღონა",
ვერ გავშალე ლხენით ფრთები,
ვერ ვუთხარი გამარჯობა
მზეს,რომელსაც შევცქერ კდემით,
ცრემლის ფარდა დაშვებულა,
დარდი ფიქრში ამერია,
ველოდები ბრჭყვიალა ბურთს,
მოოქროვილხალებიანს.

Wednesday, November 12, 2014

ბიჭი არის პატარა

და ვიღაცას აძლევენ ხელში დანას, გალესილს,
ვიღაცას კი, ხელებში ოქროს ფულებს უთვლიან,
პირველს, როგორც კაცისმკვლელს, ჩააგდებენ ცოდვაში,
მეორეს კი, ქვეყანას სასახელოდ უზრდიან.
მტყუანი და მართალი, საცალფეხო ხიდზე დგას,
გააგორებს კამათელს ჯოჯოხეთში სატანა,
ჯერ თუ არ შეგიტყვია, ვიღაცაზე იტყვიან,
აღარ უნდა ეშმაკსაც ამდენ ცოდვის ატანა.
დაიღალა სატანა, ადამის ძე-ჯერ არა,
თავს მოაჭრის კაცისმკვლელს,
თვითონ მკვლელი კი არა,
ბიჭი არის პატარა.

მეხმიანება ნოემბრის ქარი

პირქუში ზეცა მიმატებს სევდას,
მეხმიანება ნოემბრის ქარი, -
ცარიელ სახლში ჭრიალით მიხმობს,
აყრილ იატაკს ასკდება ზარით.
ძველ კიდობანში ვეძებდი სიტყვებს,
მითხრეს, არაა ახლა მოდაში...
დაკოჟრილ ხელებს მაშველებს, თითქოს, -
ბებო მიმზადებს ქათამს ტომატში.

დაჩოქილთ

კარებთან დამდგარა სიკვდილის აჩრდილი,
სიგარით ხელშია, არ უჩანს ტიარა,
გარედან ლეშია, შიგნიდან-ფიქრები,
მეგზურად, დარდივით, საქმეში მიახლა.
შეხედე, გვესვრიან, ტყვიები არ ყოფნით,
სეფექალთ მაგონებს მდუმარე ვერხვები,
ამ ბედმა, ტიალმა, დამადო იარა,
ახლა კი, უჩუმრად, წამართვა ნეკნები.
და ისევ აქა დგას სიკვდილის აჩრდილი,
დაჩოქილთ შესცქერის უსიტყვო ვედრებით,
მის თვალშიც იალა აისმა, დაისმა
და გვამი გამოაქვთ უკუღმა, ფეხებით.

Tuesday, November 11, 2014

ხელახალი გამოცდა (იუმორისტული მოთხრობა)

    სამოთხის კართან ბევრი ქალი შეკრებილიყო, ყველა ცდილობდა ჭუჭრუტანაში შეეხედა, ზოგიც ღობეებში ეძებდა ღრიჭოს, კაცები გვერდზე გამდგარიყვნენ და როგორც ყოველთვის, შორიდან უყურებდნენ სეირს. მეც ახალმისული ვიყავი, ყურადღება გავაფაციცე, რამე არ გამომრჩეს-მეთქი, მინდოდა გამეგო, რა ხდებოდა შიგნით, რამაც ასე ააფორიაქა  ქალები, ჯერ რომ არ გაემწესებინათ თავ-თავიანთ ადგილებზე. მეც მათ ამქარში ვიყავი, შიშით ვთრთოდი, მეშინოდა ჯოჯოხეთის, მაგრამ უცებ ყველაფერი გადამავიწყდა, ქალურმა ცნობისმოყვარეობამ მძლია და მივასკდი სამოთხის კარს, ჩოჩქოლსა და აურზაურში ჭუჭრუტანასთან მოვხვდი, ცალი თვალით მოვათვალიერე იქაურობა და რას ვხედავ, წალკოტში მხოლოდ ადამი და ევაა, შიშვლები, სწორედ ისეთები, ძველი მხატვრების ტილოებზე რომ მინახავს, თავი  სიზმარში მეგონა,
აგერ მივიდა ადამი ვაშლის ხესთან, წითელ-წითელი ვაშლები უცინოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არც გაუხედავს იქით, ახლა ევა გაემართა იმ ადგილისაკენ, გაუღიმა ვაშლმა, არც ევამ გამოიჩინა ყურადღება, მივხვდი, რამაც ააფორიაქა ქალები, ჩვენი მომავალი ეჭვქვეშ იყო... იარსებებდა კი კიდევ კაცობრიობა?!  თვალი ისევ ვაშლის ხისკენ გავაპარე. ხის ტოტზე გველი გაწოლილიყო, მერე რა ლამაზი იყო ის წყეული, ჩემდა გასაკვირად ეშმაკი ვერსად დავინახე, სცენარის განვითარებას ველოდი. ნამდვილად კინოს იღებენ- მეთქი, ვფიქრობდი, მერე გამახსენდა, რომ სამოთხის კარზე ვიყავი აკრული და ბაღში ნამდვილი ადამი და ევა დასერნობდნენ, სულ შიშვლები.  ისევ ჭუჭრუტანაში შევიხედე, თუმცა დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ადგილი შემენარჩუნებინა. ვხედავ ევასთან მიცურდა გველი, პირში უზარმაზარი ალმასი ჰქონდა გაჩრილი, მცურავმა თავბრუსდამხვევი სისწრაფით მიაწოდა ევას ბრჭყვიალა ქვა, არ მეგონა თუ ქალი ამ ,,ტრიუკზე" წამოეგებოდა, რაში სჭირდებოდა ნეტავ ამ ბაღ-ბოსტანში ეს ხორცის სამკაული, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, ევამ საჩუქარი აიღო, უხერხულობაც კი არ უგრძვნია, სირცხვილის გრძნობა დამეუფლა ყველა ქალის მაგივრად, ვერ გაუძლო ცდუნებას სუსტმა სქესმა!
     კვლავ მოვლენების განვითარებას დაველოდე, ყველა იქმყოფ ქალთან ერთად, ეს ჩვენი გამოცდა იყო!.  ახლა ვაშლი გაუწოდა ევამ ადამს და იმანაც ჩაკბიჩა ის, ოხერი, ვეძახოდით ადამს, არ შეეჭამა, მაგრამ ვინ გისმინა,მივხვდი რომ ადამმა და ევამ, შეიძლება სხვა სახელებიც დავარქვათ, ვერ გაუძლეს ხელახალ გამოცდას, ჩვენი არსებობა ეჭვქვეშ აღარ დამდგარა, მაგრამ ღირდა ამად? ისევ ჩემს ნაჭუჭს დავუბრუნდი და განაჩენს დაველოდე,

Friday, November 7, 2014

შენ ხარ ამქვეყნად ყველაზე კარგი

შენ ხარ ამქვეყნად ყველაზე კარგი,
სხეულს დააკლდა ზაფხულის სითბო,
მე უშენობის ვერ ვიკლავ წადილს,
შემოდგომის სუსხს ცრემლებით ვიხმობ.
ვფიქრობ, შენ ჩემზე ბევრად უკეთეს
ბედს იმსახურებ და გეტყვი: წადი!
პირში ვიგრძენი წარსულის სიტკბო,
გული დამზრალა ფარული დარდით.


Thursday, November 6, 2014

როგორ გითხრა (სიმღერა)

როგორ გითხრა, რომ მსურხარ და მენატრები,
როგორ გითხრა ჩემი გულის დარდები,
შენ ცაში ხარ, ანგელოზებს ედარები,
მე ეშმაკთან შემიკვრია ტანდემი.
ლურჯ ცაში ხარ შენ ვარსკვლავად, დაკიდული,
მე კი ბნელმა ჩამიღამა თვალები,
როგორ გითხრა, მიყვარხარ და მენატრები,
ჯოჯოხეთის კოცონს ვერ ვემალები.