Monday, June 18, 2012
იესოს
გული ატკინეს, ლახვარი ჩასცეს,
ტანჯეს, აწამეს, აჰკიდეს ჯვარი,
ისეთი მძიმე, როგორც ცოდვები, -
კაცობრიობის იტვირთა ვალი.
ნატანჯ სხეულზე იხმარეს ძალა, -
ჯვარზე გააკრეს, დაჭედეს ლურსმნით,
ზეცად ამაღლდა, უნეტარესი...
ჩვენ კი, შემოგვრჩა ხორცი და სული,
რომელსაც ვზიდავთ და გვიჭირს ძლიერ,
რადგან სუყველას გვამძიმებს კრული...
ნათიას
ნათელი ხარ მზის სხივივით,
ახალგაზრდა, როგორც მთვარე,
თორმეტ ვარსკვლავს შემოიკრებს
იასამნისის სილამაზე,
ალვისტანავ, გამიღიმე, წინ დაგიგებ ფიანდაზებს!
Wednesday, June 13, 2012
ისე წავალ...
კვლავ მარტოობის ხაფანგში ვარ გამომწყვდეული,
რომ შევებრძოლო ამ ცხოვრებას, განა მაქვს ძალა?
საომრად მიწვევს გრიგალი და ქარის წისქვილი,
დონ კიხოტივით ავმხედრდები ცხენზე და გავალ
ბრძოლის ველზე, თუ დავეცემი, მუხლმოდრეკილი
უკანასკნელი მოჰიკანის დავცემ ყიჟინას
და მხოლოდ მერე, ცისარტყელას ნაზ ფერებში
გავირითმები და ისე წავალ...
დიდების გვირგვინს ვინ იდგამს თავზე?
ვინც პატივს არ სცემს დედას და მამას,
ვინც მლიქვნელობს და ზნედაცემული
არცხვენს წინაპრის დიდებულ საფლავს,
ვინც ანგარებით დას და ძმას ყიდის,
სიტყვით და საქმით ყელში სცემს დანას,
ვინც უსირცხვილოდ ტყუის და ცრუობს,
ქართველ ხალხს თვალში აფურთხებს თანაც.
ვინც ორპირობს და მეგობრის ღალატს
არაფრად აგდებს და ამით ზეობს,
ვინც ქართლის მიწის დაფხრეწილ მთა-ბარს
თამამად ყიდის, მერე კი - ქველობს,
ვინაც არ იცის, სად გადის ზღვარი
ბოროტებას და სიკეთეს შორის,
სწორედ ისინი იდგამენ გვირგვინს
დიდების, ჩვენთან, ჩვენნაირთ შორის.
Friday, June 8, 2012
გაზაფხულის ანაბანა (საბავშვო)
აინთება მზე, ცარგვალი,
ბრწყინავს ოქროდ წყაროს თვალი,
გაზაფხულის მოსვლას გვამცნობს,
დარიალზე ხევის წყალი.
ექოს გვეტყვის ლურჯი მთები,
ვაზებს ცრემლი ედინება,
ზამთარს წასვლა აღარ უნდა,
თოვლი წყლებად გვედინება.
იასამნის სუნი გვატკბობს,
კოხტად მოჩანს ცხვრების ფარა,
ლამაზია გაზაფხული,
მოაქვს ციდან ღმერთის ძალა.
ნაბავს თვალებს ნაზი ია,
ორთქლი ასდის ცვრიან ბალახს,
პეპლის საჭერ ბადით ხელში
ჟრიამულობს ცელქი ანა.
რა ხმებია, რა ფერები,
სოსანი და ვარდი ყვავის,
ტყის ირემსაც შველებია,
უცხვირპირო აღარ დადის
ფორთხიალა დათუნია.
ქორწილს მალე გადაიხდის
ღალღისა და წეროს გუნდი,
ყარყატი და ყანჩაც ხარობს,
შროშანს ტკბილი სუნი უდის.
ჩოხის კალთას აიკეცავს,
ცეროდენა ბიჭი გია,
ძმობილებთან ერთად უნდა
წარაფებზე ინადიროს,
ჭიუხებში აჰყვეს აღმართს,
ხატაურა მთები ხიოს,
ჯიხვებს რქები დაატეხოს,
ჰადიშს ცხენით ინაპიროს.
Thursday, June 7, 2012
ლოცვა შვილისთვის
ო, ღვთისმშობელო, უბიწო დედავ,
ჩემთან ხარ დღე თუ ღამე ცისმარე,
სამადლობელის აღვლენას ვბედავ,
ვდგავარ ხატის წინ, ნათელბრწყინვალევ!
მაშორე მზერა - ყინვა და სუსხი,
სასოება და გონი მომმადლე,
მონანიე ვარ სულით და გულით,
ამქვეყნიური ცოდვის მოზარე.
მინდა, მოგანდო უბიწო სული,
შეივრდომე და გაუხდი დედად,
დე, მორჩილებდეს შენს ნება-სურვილს,
დიდ მწუხარებას თუ აღმაფრენას.
ღირსეულს, ფაქიზს მიეცი ბედი,
გარშემომყოფებს გულები სუფთა,
ახალგაზრდობა - სინათლის მფენი,
უბოროტო სულს სიმშვიდე უნდა.
სიბერეს მოაქვს მწუხარე დღენი,
გაუადვილე, არ ტანჯო სენით,
როს აღსასრული მიეახლება
გარდმოუვლინე შენდობა შენი.
გადმოაფარე ნეტარი კალთა,
მაცოცხლებელი სუნთქვა და ცრემლი,
ღვთის მადიდებელ რჩეულთა მსგავსად
ცად ანგელოზად აღვლინდეს ფრენით.
ჩემთან ხარ დღე თუ ღამე ცისმარე,
სამადლობელის აღვლენას ვბედავ,
ვდგავარ ხატის წინ, ნათელბრწყინვალევ!
მაშორე მზერა - ყინვა და სუსხი,
სასოება და გონი მომმადლე,
მონანიე ვარ სულით და გულით,
ამქვეყნიური ცოდვის მოზარე.
მინდა, მოგანდო უბიწო სული,
შეივრდომე და გაუხდი დედად,
დე, მორჩილებდეს შენს ნება-სურვილს,
დიდ მწუხარებას თუ აღმაფრენას.
ღირსეულს, ფაქიზს მიეცი ბედი,
გარშემომყოფებს გულები სუფთა,
ახალგაზრდობა - სინათლის მფენი,
უბოროტო სულს სიმშვიდე უნდა.
სიბერეს მოაქვს მწუხარე დღენი,
გაუადვილე, არ ტანჯო სენით,
როს აღსასრული მიეახლება
გარდმოუვლინე შენდობა შენი.
გადმოაფარე ნეტარი კალთა,
მაცოცხლებელი სუნთქვა და ცრემლი,
ღვთის მადიდებელ რჩეულთა მსგავსად
ცად ანგელოზად აღვლინდეს ფრენით.
Wednesday, June 6, 2012
წვიმა ( სიმღერა "ნაწვიმარ ქუჩებს მივესალმები" დაწერა და შეასრულა მაია სიჭინავამ)
თითქოს დამათვრეს წვიმის წვეთებმა,
მოქუფრულ ზეცას ასწყდა ღილები,
ქოლგიან ქალაქს მივესალმები,
ნისლისფერ ქუჩებს გავეკიდები.
გზას მიჭრის ლურჯი სვეტების ჯარი,
ჩამოშვებულან ციდან იმედით,
ღიმილს იფენენ ფარდების მიღმა,
ტაძრებთან მდგარი პილიგრიმები.
წვიმიან ქალაქს მივასკდი სევდით,
გადავიჭიმე შუბლის ძარღვები,
ფიქრების გროვამ კვლავ გამახელა,
ჩემს გულს სიჩუმის ესმის აზრები.
წვიმამ გარეცხა გრძნობა და ფიქრიც,
სუფთაა, როგორც უმანკო ბავშვი,
ნაწვიმარ ქუჩებს მივყვები ახლა,
გრძნობებდამცხრალი, უსიტყვო დარდით.
პატარა სოფოს
ნისლისფერი ქედებია,
ნისლისფერი მთებია,
ჩემო ქალო, შენნაირი
ცაზე ვარსკვლავებია.
გიშრისფერი თვალები გაქვს,
თმები-ოქროს თავთავი,
ვარდისფერი ათინათი
მაგ შენს ტუჩებს დაჰხარის.
შენი სატრფო მთვარე არის,
მზეს იწუნებ ბუტია,
შენნაირი სხივთამფენი
მხოლოდ ბროლის ბურთია.
მთების იქით მთები არის,
ზღვების იქით ზღვებია,
ეს ქვეყანა, საყვარელო,
შენთვის მომირთმევია!
ჩემო ერთო, იმერეთო
ყაყაჩოთა ჯარი მოგვდეს,
ბორბლებს მიაქვთ ჩვენი გზები,
ჩქარა, ჩქარა,- მოგვძახიან
ოქროსფერი სათიბები.
აქეთ-იქით მწვანე მთები,
ჩანჩქერები, კლდე-პირები,
ყვირილა და რიონწყალი,
წყალწითელას ნაპირები,
მოვიჩქარი შენკენ, ერთო,
იმერეთო, ჩემო მხარე,
საზღაპრო და სალეგენდო,
სამოთხეს თუ შეგადარებ,
წინაპართა სისხლი ყივის,
მიწა ამბობს თავის სათქმელს,
იმერეთო, ქვეყნის გულო,
შენს ამაყ მთებს ვენაცვალე!
Monday, June 4, 2012
რად მინდა ფუჭი დაპირება
რად მინდა ფუჭი დაპირება, ამაო არის,
არ მჯერა შენი და იმედი დავკარგე ხვალის,
მეზღაპრე იყავ, უცოდველი ზღაპრების გუდა,
მე კი-მსმენელი, დავისაჯო ამისთვის უნდა,
ოცნების ფერში გახვეულმა ზღაპრებში გდიე,
კონკიად ვიქეც და ნახშირში ნაცარი ვრიე,
ჯადოსნურ თხილებს დაეკარგა ფერი და ძალა,
ოქროს კოშკებს კი - ჩემს სიზმრებში, ფანქრებით ვხატავ!
Friday, June 1, 2012
მინდა განმეორდეს ჩვენი პაემანი
მინდა, განმეორდეს ჩვენი პაემანი
თეთრი ყვავილებით შენკენ მოვდიოდი,
ნაბიჯს დავითვლიდი, სუნთქვას შევიკრავდი,
გულქვა ბედისწერას ხელში დავიჭერდი
შუბლზე შემოწოლილ სევდას ავკინძავდი.
ძალით გიღიმოდი, თვალში მზეს ვიდგამდი
სულში ჩაკეტილი სივრცე კაეშანით.
დრომ ეს მოგონება უკვე მიითვალა...
მინდა განმეორდეს ჩვენი პაემანი.
მისამღერი:
მინდა განმეორდეს ის, რაც არ ყოფილა,
ის რაც ჩვენ ორთათვის მაინც სამყოფია,
რამაც ჩვენს გულებში უკვე დაივანა,
რაც რომ ვერ წაიღო დრომ და ქარიშხალმა.
რაც რომ სიკვდილისთვის აღარ მემეტება,
და ჩემი სულისთვის არ მეზედმეტება.
მარტოობა
კაბის კალთაზე დამდნარ სანთელს, ნათენებ ღამეს,
მე არ გამადლი, არ გაყვედრი, ხელახლა გიხმობ,
ჩემი ცხოვრების აღმაშფოთო, რაინდო ღამის,
მსურს დედამიწის მაჯისცემა ხელახლა ვიგრძნო...
ნაჩუქარ ვარდებს, ძველი წიგნის ყდებში გაჩრილებს,
ნაჩუქარ ფიქრებს, დრომ და ჟამმა რომ ვერ გაცვითა,
ქარს გამოვატან, იქნებ მოჰკრა თვალი როდისმე,
მანამდე გული ამ გრძნობებმა თუ არ დაფლითა.
გამოჩნდე ისევ, დაგინახო, ხელახლა გიგრძნო,
ეს სიყვარული დრომ სივრცეში ჯერ არ გახიზნა...
მოგონებების უსასრულო მორევში ჩაფლულს,
მიუსაფართა ცივმა ქარმა თვალი ჩამიკრა.
Subscribe to:
Posts (Atom)