ანოს სკოლაში სიარული ძალიან უყვარს, იქ ბევრ რამეს სწავლობს, წერა-კითხვა უკვე ისწავლა, ასამდე დათვლაც, ხატვასაც ასწავლიან, ბუნებასაც, მაგრამ სიმღერას არა, მასწავლებელი არ ჰყავთ, სოფლის სკოლიდან დიდი ხანია წავიდა, ახალი არა და არ მოდის. სიმღერა კი ანოს ძაღლ ჯუნას ძალიან უყვარს, სკოლის ეზოში ზის და მღერის ხოლმე, როცა ანო დაიძახებს "ა-ა-ა", "ე-ე-ე", მერე "ი-ი-ი", "ო-ო-ო", ბოლოს "უ-უ-უ", სხვა ბავშვებმაც ხომ ისწავლეს ეს ხმოვნები, ისინიც იმეორებენ, ჯუნა მათაც აჰყვება ხოლმე და დგას სკოლის ეზოში "სიმღერა", ხან ბავშვები მღერიან, ხან - ჯუნა. მასწავლებლებს ხელი ეშლებათ გაკვეთილების ჩატარებაშიო, თქვა ბრაზიანმა დირექტორმა, დაუცაცხანა ბავშვებს და ჯუნასაც. გაბრაზდა "სიმღერა", ეს რომ გაიგო, უჩემოდ როგორ იქნებით, ვნახავო და სკოლა მიატოვა, აღარ ისმოდა სიმღერა არც სკოლის ეზოში და არც საკლასო ოთახებში. ყველამ მოიწყინა, მასწავლებლებმაც კი, ხანდახან "სიმღერა" თავს კი აბეზრებდათ, როცა გაკვეთილებს ხსნიდნენ, ხელი ეშლებოდათ, მაგრამ უსიმღეროდ ყოფნა მეტისმეტი იყო.
ერთ დღესაც მოწყენილმა ანომ გადაწყვიტა "სიმღერა" ეპოვა, სკოლიდან გამოვიდა და ჯუნასთან ერთად ტყისკენ გასწია, ჩიტები ხომ მღერიან, იქნებ მითხრან, "სიმღერა" სად ვიპოვოო. ჩიტებმა ტყის განაპირას ქოხზე მიუთითეს, იქ ცხოვრობს "მუსიკა" თუ "სიმღერა", კარგად არ ვიცითო. მორიდებით დააკაკუნა კარებზე ანომ, კარები თეთრწვერა მოხუცმა გაუღო,"სიმღერას" ნამდვილად არ ჰგავსო, გაიფიქრა გოგონამ, ეგონა, "სიმღერა" ახალგაზრდა გოგო უნდა ყოფილიყო, მთლად გამოპრანჭული. შეიპატიჟა მოხუცმა ანო სახლში, ძაღლსაც მოუალერსა და ისიც შეიყვანა. გოგონამ ოთახის კუთხეში დიდი შავი ყუთი შენიშნა, არც სახლში უნახავს ასეთი და არც სკოლაში, ნეტავ რა არისო, გაიფიქრა, მოხუცი თითქოს მიხვდა ანოს ფიქრებს, ყუთთან მიიყვანა, პიანინოაო, უთხრა, თავსახური ახადა, მიუჯდა და ულამაზესი ჰანგები გაიფანტა ჰაერში, რა ლამაზი ხმებიაო, გაიფიქრა, ამას მუსიკა ჰქვიაო, აუხსნა მოხუცმა, მაგრამ ეს სიმღერა არ იყო, მიხვდა გოგონა, ძალიან კი ჰგავდა, მოულოდნელად მოხუცმა სიმღერაც ააყოლა მუსიკას, გოგონა გაოცებული უყურებდა მოხუცის თითებს, რომლებიც საოცრად ოსტატურად დარბოდნენ შავ-თეთრ კლავიშებზე, მასაც მოუნდა ასე დაეკრა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. მოხუცმა მუსიკალური ნოტებიც აჩვენა ანოს, შვიდი მუსიკალური ბგერა არსებობსო, აუხსნა, სიამოვნებით გაიმეორა გოგონამ "დო, რე, მი ფა, სოლ,ლა, სი", ჯუნაც აჰყვა, რასაკვირველია. "სიმღერა" ვიპოვეთო, გაეხარდა ანოს, მას მერე ანომ "სიმღერა" სკოლაშიც დააბრუნა და სახლშიც, "მუსიკაც" მიაყოლა. მშობლებს პიანინო აყიდინა და ახლა პიანინოზე დაკვრას სწავლობს. ჯუნაც მასთან ერთად იმეორებს; "დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი...". სკოლაშიც მოიტანეს დიდი ლამაზი პიანინო, ოღონდ შავი არ არის, ყავისფერია, დირექტორიც მიხვდა, რომ "სიმღერის" და "მუსიკის" გარეშე არაფერი გამოვა. თეთრწვერა მოხუცი კი ყველას ასწავლის მუსიკას და სიმღერას, ვისაც მოუნდება, სკოლაში ხომ ახლა ისაა სიმღერის და მუსიკის მასწავლებელი.
No comments:
Post a Comment