Friday, September 29, 2017

რა აჩემება მოგინდა

რა აჩემება მოგინდა, - ჩემია,- ყველას გასძახი,
იქ რომ ლამაზი ველია, ირმის ჯოგისთვის ვმალავდი,
წყარო, რომ მოჰქუხს მთებიდან, ჩვენს შვილთაშვილებს დარჩება,
ის არ შერჩება არავის,რაც არ უბოძა განგებამ,
ჩემია, ტყუილად იძახი, ჩუმად იტაცებ ნათესებს,
არ გყოფნის, რით ვერ გაძეხი, ყელში ამოგდის, ანერწყვებ,
აცალე, ფრთები გაშალოს, გაიჯეჯილოს ნიავმა,
ამოისუნთქოს მაშვრალმა, მზე დაჰნათოდეს კიაფა,
დარდი წაიღოს მდინარემ, რისხვა წყალობად შეცვალოს
ღმერთმა, რა ცოდვამ გვიწია, შენ რომ ჩვენზედა დიადობ,
რა აჩემება მოგინდა, - ჩემია, - ყველას გასძახი,
იმ დღეს მოგვასწროს უფალმა, მიგაცილებდეთ კარამდის!





Wednesday, September 27, 2017

მე უსიკვდილოდ უნდა გადავრჩე

მე უსიკვდილოდ უნდა გადავრჩე,
რომ შენში დავრჩე, როგორც მუსიკა,
თორემ სიკვდილის ანგელოზები 
სდუმან, მიგლოვენ ბოლო მოჰიკანს.

სადღაც ზემოდან

სადღაც ზემოდან, თუ შიგნიდან წვეთავს ბალღამი,
გზააბნეული ისტორიის მავთულხლართებთან,
იყო დიდგორი, ბასიანიც, იყო კრწანისიც,
ღმერთმა დაგვსაჯა და გვაქცია თითოკაცებად.
ახლა სნეული სხეულიდან წვეთავს სიმძიმე,
მხრებს რომ დაჰქონდა ტკივილად და ჟამთა სიავედ,
ვიცლიდით ნეკნს და იუდასაც ხშირად ვბაძავდით,
ჩვენივე სისხლით ავსებულებს ვსვავდით ფიალებს,
და ასე ახლაც, დასდგომია ჩვენს ხალხს უღელი,
ბეცი თვალებით დაჩოქილნი ვდგავართ თხრილებთან,
საპურმარილოდ გატეხილი საქართველოდან,
ტყუილის გარეშე, მითხარით, ხვალ რაღა იქნება?!


Wednesday, September 20, 2017

არ დაწერილა

საგნად მქონია გართობა ლექსით,
ლექსით, რომელიც ჯერ არ შობილა,
და როგორც მახლოთ, მეც ასე გეტყვით,
არ დაწერილა, ის რაც არ თქმულა,

Tuesday, September 19, 2017

არშემდგარ წუთებს

არშემდგარ წუთებს, ალბათ, წამებსაც,
კენჭებივით რომ მისერავს ტერფებს,
ვარქმევ წამებას, ვლანძღავ განგებას,
შვებას თუ ვიგრძნობ ამ ტანჯვის მერე?

Monday, September 11, 2017

შორით მოჩანს შენი შუკა (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

შორით მოჩანს შენი შუკა,
ალუბლების ჩრდილებით,
მეგონა, რომ შემხვდებოდი,
შორიდან იღიმები,
დაგფურცვლია ეგ ტუჩები
ვარდის კოკობ ყვავილად,
შიგნით წვება მარჯნის ზოლი
მოვარდისფრო აისად.
მეგონა, რომ ამყვებოდი
მინდორ-მინდორ ფერდობზე,
აგავსებდი ყვავილებით,
ვიცინებდით გემოზე,
დავწვებოდით ღრუბლებს ქვემოთ,
მთვარის შუქის ამარა,
გავუგებდით წვიმას გემოს,
ლექსს გეტყოდი ქარაგმად.
შენს ღიმილში ისარკება
ოცნება და იმედი,
როგორ გშვენის დიადემა
თეთრი კამელიების.
თითქოს ზღვა ხარ ეგეოსის,
მე - ფრთათეთრი თოლია,
მეგონა, რომ შემხვდებოდი,
მიღიმოდი შორიდან...




სამშობლოს!

შენ ტირილი არ გიყვარდა,
მხოლოდ წვიმა გდიოდა,
შენ ყვირილი არ გიყვარდა,
ქარიშხალი კიოდა,
ასფურცელა ვარდი იყავ,
ბაღში ნაზად ნაზარდი,
მტერმა როცა ხელი გკიდა,
მისი სისხლით გაკაჟდი,
ადიდებულ ზღვას მიჰქონდა
შლამი, ქვა და ტალახი,
ვით შვილმკვდარი დედის გული,
მწუხარებით გამაგრდი,
მაგრამ გძლია ისევ შენმა
სილამაზემ ოხერმა,
გადაგრგავენ სხვა მიწაზე,
გაგყიდიან გროშებად,
აღარც რჩები, აღარც ქრები,
ბოლომდე ვერ მოგწყვიტეს,
ისევ შენი ამოგძირკვავს,
ბოლოს შენი მოგიღებს.
მაგრამ, ღმერთო, სადარდებელს,
აბა, შენთან რა უნდა,
გაზაფხულის დიადემავ,
გულს მოგიძღვნი საკუთარს!



Thursday, September 7, 2017

მომწონს და მიყვარს...

მომწონს და მიყვარს ღიმილი შენი,
ნატიფი ცხვირი და სახის ფერი
და წამი ერთი, მზე როცა გათოვს,
შენს ღრმა თვალებში სხივები ანცობს..
 

ტოტემა

იასამნებით დაფარული გზა
და ცოტაც კიდევ, დათქმული ბაღი,
წინ შემომხვდება შენი ტოტემა,
ვეღარ შევძელი, შემოგწვდე მხრამდის.

Monday, September 4, 2017

მარტოსულის ფიქრებს ვირჩევ

მარტოსულის ფიქრებს ვირჩევ,
თუმცა მარტო არა ვარ,
ფოთლებს, ქვევით ჩამოყრილებს, 
შემოვივლებ გალავნად,
ატრიალებს ქარი ყვითლებს, 
დამჭკნარსა და გათელილს,
მათი კვნესა, როგორც ჩემი,
ნუთუ, არვის არ ესმის?!

ღრუბლებს ვთხოვ სულის სიმშვიდეს

ღრუბლებს ვთხოვ სულის სიმშვიდეს,
მძიმედ მივცურავ ფიქრებში,
ხან ფანჯარიდან გავცქერი,
ძროხა ჩანს დიდი ჯიქნებით,
ბებია რქებზე ხელს უსვამს,
ბაბუ ბოსლის კარს შეუღებს,
არ შესცივდესო, ყინვაა,
სადგომში თივას ჩაუფენს,
თოვლით შესვრილა მიდამო,
ტოტები ჩაუზნექია,
მამა სახურავს ამაგრებს,
დედა ცეცხლს მატებს კერიას,
რა მადლიანად მოთოვა,
თოვლის ფიფქს ვიჭერ ხელებით,
ხან თეთრონ რაშზე მივფრინავ,
სულს ვითქვამ ქვეყნის ბეღელში.
ღრუბლებს ვთხოვ სულის სიმშვიდეს,
მათ თუ გავუმხელ ხვაშიადს,
მიცხობს ბებია ხაჭაპურს,
საფლავზე ქვები ხვნეშიან.

Friday, September 1, 2017

მე არა ერთხელ შემშლია სიტყვა

მე  არა ერთხელ შემშლია სიტყვა,
ხანდახან არ ვთქვი, რაც უნდა მეთქვა,
ხან რაც არ იყო სათქმელი, ის ვთქვი,
ბრიყვს ის ვუთხარი, რომ არის ბრიყვი,
მართალს მართალი ვუწოდე კაცი,
სიჯიუტეში დავჯაბნე ვაციც,
თავს ვერ ვიწონებ მლიქვნელთა ბაძვით,
მიტომ მივირთმევ ბალბას და ღანძილს.