Thursday, March 30, 2017

კაბა

სხივებით ვქარგავ უნაზეს კაბას,
მაგრამ ჩავიცმევ, ვიცი, არასდროს,
მოგონებები მის ბოლოს ლამბავს
და ქანცავს ღამე იმ დროის ზღაპარს,
ნემსზე ძაფი რომ უნდა ამეგო.



Wednesday, March 29, 2017

ცხოვრება თავზე მეხივით გვივლის

ცხოვრება თავზე მეხივით გვივლის,
ჭახანი გააქვთ მთებსა და კბოდეთ,
ვისთვის დიდებას ცეცხლებად ისვრის,
ვისთვის ღადარში ნაღვერდალს ტოვებს.

Sunday, March 12, 2017

სული გაგიყიდეს

მაჯებზეც შენი სახელი მაწერია,
სულშიც, სხეულშიც, გულშიც,
ჩემი ნაწილები შენი ნაწილია, -
ყაყაჩოს მოჰგავდი უწინ.
პეპლის ფრთა ხარ ჭრელი,
ბალახს მინაჭერი,
ია ფერშეცვლილი,
წვიმით დაკოდილი.
ჩიტი გალიაში,
წყნარი, არალაღი,
ცხვარი - უბალახოდ,
მტერი იალაღობს...
ცარცით შეღებილი ჩვენი ფრესკებია,
ჩემს გულს რომ ამოოხვრით, წყენით ეხებიან.
მაჯებზე ოქროსფერ ასოებს დავიწერ, -
ვიფიქრებ თამარზე, ვახტანგზე, დავითზე...
შენი სახელია, გულზე მაწერია,
სული გაგიყიდეს, დიდო მატერია.



.


Saturday, March 11, 2017

ვარ მომღერალი ჩიტი!

ვირჩევ ყოველთვის დუმილს,
გულში  სინანაულს ვიტევ,
რომ არ დაინთხეს ბოღმა,
რომ არა ევნოთ ჩიტებს.
დარბაზის კარებს ვაღებ,
მაგრამ არავინ მელის,
უკან ვბრუნდები უბრად,
კარების უკან ვდგები..
სხვისთვის ბრჭყვიალებს ჭაღი,
მე მთხოვნელი ვარ მხოლოდ,
ვარ მოლოდინით სავსე,
იქნებ მიმიღონ ბოლოს.
აკვიატებულ ფიქრებს,
თითქოს ანკესით ვიჭერ,
რომ არ გამექცნენ ცაში,
თორემ უფალი დამსჯის.
მე დუმილით ვარ მკვდარი,
ზოგს სიტყვისათვის კლავენ,
ვეძებ საშუალოს, ოღონდ,
სათქმელს ვერავის ვაწვდენ,
ჩემს უღონობას ვტირი,
ღმერთს ვებარები მარტო,
ვარ  მომღერალი ჩიტი, -
სათქმელს სიღერით ვამბობ.



Thursday, March 9, 2017

იქნებ...

იქნებ იხაროს ქვების გულში ლურჯთვალა იამ,
იქნებ ენძელამ ამოკრიბოს ძარღვიდან სითბო
და გაზაფხულზე პეპლებივით შეესევიან
ყოჩივარდები ბებერ კედლებს, სიყრმეს რომ მითბობს.
ნეტავ სად არის წარსულიდან მოსული ქარი,
რომელ გულს იპყრობს, სიყვარულით ეხება ხელებს,
სახეში მაყრის მოგონებებს, ცრემლებით ვცდილობ
უკან დავხიო შენი სახე, ახლაც რომ მეძებს.

Tuesday, March 7, 2017

ხმა მიეც ტკივილს!

ზოგჯერ ჩვენ ვდავობთ, ამ დავაშიც არის სიწმინდე,
იმიტომ რომა, შენ დედა ხარ, მე - შენი შვილი,
მე შენში ისე დიდი ხანი ვწევდი ტკივილებს,
რომ ერთ დილასაც შენ თვითონვე ხმა მიეც ტკივილს.

Sunday, March 5, 2017

ზარმაცი თათული! (საბავშვო)

თათულის, გოგოს პატარას,
უჭირს ადგომა დილითო,
ფეხებში შეუღიტინებს,
ძაღლი, სახელად, კილიკო,
შეჰყეფს,- ადექი, თორემ მზე
მაღლა ღრუბლებში ქილიკობს,
-ასეთ ზარმაცებს რა ვუთხრა?
ლაშა კლდეებზე ბილიკობს!
მაღლა მთებისკენ გასწია,
დედასთვის ეძებს ღიღილოს,
ბებოს ქედნები აწვია,
ერთი შენს თავთან ღიღინობს.
პაპას შეშაზე წაჰყვება,
ურემს რკინის თვლებს უკეთებს,
მამა დალოცავს სიტყვებით,
- ღმერთი მოგაწევს სიკეთეს!
თათულიმ თვალი დაჭყიტა,
ლაშამ მაჯობოს როგორო?!
ქვაბები მიხეხ-მოხეხა,
-კარგი ვყოფილვარ გოგოო!
მაია დიაკონიძე
5.03.2017 წელი

ცხოვრება აჯამებს

ანჯამებს ჩამოყრილს,
დროთ ცრუთ და აჯამებს,
ფურცლებზე, ქაღალდზე
ცხოვრება აჯამებს,
დაყრილი ცრემლები
იების ყელყელით
უთვალავ ჯამებად
რიგდება მწკრივებში
და ამ ქაოსებში,
ვიღაცის პათოსში
ქრება დიადემის
ბრწყინვალე დიდება.
ანჯამებს ჩამოყრილს,
დროთ ცრუთ და აჯამებს,
დედათა ტკივილში
ცხოვრება აჯამებს,
ციფრების, ნიშნების
მდუმარე ქაოსში,
ვიღაცის პათოსში
ტკივილი არ ქრება,
იზრდება, დიდდება
მავანთა დილემა,
თვალთა საწიერში
ღამე იბინდება,
ფიქრების გროვებად,
დედათა გოდებად,
არავის მონებად
კონსტანტირდება და
ელავენ დროშები,
წითლდება აისი,
მოკვეთილ თავების
ღირსება ფასდება,
შემოსილს მანტიით
ქვეყანა მწედ ირჩევს...
ბრუნავს დედამიწა
აპრილად, მარტებად.
სასჯელი მოდის
და ვერავინ წაუვა -
ჩამოყრილ ანჯამებს
ცხოვრება აჯამებს...
გახსნილი მუჭიდან
წამოსულ ტკივილებს
ვერავინ შეუშლის
გამართოს მარულა
და  სისხლში გახსნილი
იწვოდეს ფარულად.











Saturday, March 4, 2017

არვის ესმის ქართული (იგავი)

ბელზებელი ჭკვიანია, განა არის უვიცი,
წიგნის კითხვა უყვარს ძლიერ, თამადაა გულფიცხი,
ლექსებს იტყვის, აზრებს ისვრის სოკრატეს და თაგორის,
სუფრაზედაც არვინ უსმენს, - მზე ჭამაში ამოსდით.
დათუნია თათს ილოკავს, თაფლს ტუჩებზე იწებებს,
ნიანგი კი, გაწოლილი, თაგვს საჭმელად იმეტებს,
ჟირაფები ერთად დგანან, მათი არის ქორწილი,
შესცქერიან ერთურთს თვალში, ყელყურგადაჭდობილნი,
მაგრამ სუფრას შეექცევა ახლა სული ათასი,
დარდი არ აქვთ პატარძალის, ღვინოს სვამენ წარაფის.
ყველას უნდა გაუსინჯოს გემო ლამაზ ვარიკებს,
მტაცებლები ტყუილად ჰქვიათ? არ იცავენ პარიტეტს,
ვინც გაბედავს, შეუშალოს სმა-ჭამაში ხელიო,
ჩაულეწენ ყბას და სახეს, ვერ აჯობებთ ხელიო,
ღვინოს სვამენ, ღმრთით დალოცვილს, მოუვიდათ ბევრიო,
თხა ცანცარით "მეეს" იძახის, კოტრიალობს ბელიო.
ყვავებს, სუფრის ბოლო ფლანგზე მოუწყვიათ ყრანტალი,
- ლექსებს სჯობსო თამადისას ჩვენი ლექსი ფრთამალი,
აღარც ბულბულს უსმენს ვინმე, ვარდის ბუჩქზე ჩამომჯდარს,
კლასიკოსი მომღერალი თვალში უჩანთ ყაურმად.
უყურებენ არწივს შურით, თან დაცინვით, ცოტათი
(მთის წვერიდან ჩამოფრიდა ის სოფლური ნობათით),
აუკლიათ ტურებს, მელებს სუფრა წკავწკავწკავწკავით,
ლომის გვერდზე ჩამომსხდარან, ქვირითს ჭამენ კარაქით,
არვის ზედ არ უყურებენ, არავისთვის სცალიათ,
გულ-მუცელის ამოყორვა მათი დიდი ვალია,
მგლები სუფრას გარს უვლიან, -  ქორწილს უნდა მცველები,
ნასუფრალი გარეთ გააქვთ, -  ესევიან მტრედები.
ბუს სათვალე თვალის ნაცვლად ჩამოუცვამს კისერზე,
ცხვარი იქვე ბალახსა ძოვს, არის ღმერთის იმედზე.
                                ============
ასეთ ქაოსს, აურზაურს არ ელოდა ბელზებელი,
ხმა იმისი მიაქვს ნიავს მთა-ველების შეჯერებით...
მექორწინეთ დაამთავრეს ლხინი ცეკვა "დავლურით",
ბელზებელსაც არ დააკლეს გვარიანი პანღური
და თამადა მიხვდა ბოლოს, - არვის ესმის ქართული!














შენ, ჩემი გულის მაისო!

ვის შეგადარო, არ ვიცი, შენ, ჩემი გულის მაისო,
ჭაღარავ, დედა მშობლისა, ცვარო, ოქროში დაისობ,
ავყვები , ავეკერები შენს განთიადებს, აისებს,
ფეხებს გვიკოცნის მიწაი შვილებს, მხოლოდღა თავისებს!