ბელზებელი ჭკვიანია, განა არის უვიცი,
წიგნის კითხვა უყვარს ძლიერ, თამადაა გულფიცხი,
ლექსებს იტყვის, აზრებს ისვრის სოკრატეს და თაგორის,
სუფრაზედაც არვინ უსმენს, - მზე ჭამაში ამოსდით.
დათუნია თათს ილოკავს, თაფლს ტუჩებზე იწებებს,
ნიანგი კი, გაწოლილი, თაგვს საჭმელად იმეტებს,
ჟირაფები ერთად დგანან, მათი არის ქორწილი,
შესცქერიან ერთურთს თვალში, ყელყურგადაჭდობილნი,
მაგრამ სუფრას შეექცევა ახლა სული ათასი,
დარდი არ აქვთ პატარძალის, ღვინოს სვამენ წარაფის.
ყველას უნდა გაუსინჯოს გემო ლამაზ ვარიკებს,
მტაცებლები ტყუილად ჰქვიათ? არ იცავენ პარიტეტს,
ვინც გაბედავს, შეუშალოს სმა-ჭამაში ხელიო,
ჩაულეწენ ყბას და სახეს, ვერ აჯობებთ ხელიო,
ღვინოს სვამენ, ღმრთით დალოცვილს, მოუვიდათ ბევრიო,
თხა ცანცარით "მეეს" იძახის, კოტრიალობს ბელიო.
ყვავებს, სუფრის ბოლო ფლანგზე მოუწყვიათ ყრანტალი,
- ლექსებს სჯობსო თამადისას ჩვენი ლექსი ფრთამალი,
აღარც ბულბულს უსმენს ვინმე, ვარდის ბუჩქზე ჩამომჯდარს,
კლასიკოსი მომღერალი თვალში უჩანთ ყაურმად.
უყურებენ არწივს შურით, თან დაცინვით, ცოტათი
(მთის წვერიდან ჩამოფრიდა ის სოფლური ნობათით),
აუკლიათ ტურებს, მელებს სუფრა წკავწკავწკავწკავით,
ლომის გვერდზე ჩამომსხდარან, ქვირითს ჭამენ კარაქით,
არვის ზედ არ უყურებენ, არავისთვის სცალიათ,
გულ-მუცელის ამოყორვა მათი დიდი ვალია,
მგლები სუფრას გარს უვლიან, - ქორწილს უნდა მცველები,
ნასუფრალი გარეთ გააქვთ, - ესევიან მტრედები.
ბუს სათვალე თვალის ნაცვლად ჩამოუცვამს კისერზე,
ცხვარი იქვე ბალახსა ძოვს, არის ღმერთის იმედზე.
============
ასეთ ქაოსს, აურზაურს არ ელოდა ბელზებელი,
ხმა იმისი მიაქვს ნიავს მთა-ველების შეჯერებით...
მექორწინეთ დაამთავრეს ლხინი ცეკვა "დავლურით",
ბელზებელსაც არ დააკლეს გვარიანი პანღური
და თამადა მიხვდა ბოლოს, - არვის ესმის ქართული!
დღევანდელი ცხოვრებაა...
ReplyDelete