Tuesday, January 31, 2017

ნატერფალი ვარ შენი!

ნატეფალი ვარ შენი,
შენი ოშკი და ბანა,
სისხლის წვეთი ვარ ერთი,
შენთვის დაღვრილი მარად,
ალეწილი ვარ ტოტი,
შენთვის მღერალი თარი,
მზე ვარ, მცხუნვარე, მწველი,
რომ ავიზიდო ცაზე
და დავამარცხო ბნელი.
გზა ვარ, შორი და ფართო, -
უსასრულობის მცველი,
ბევრი წაგართვეს მართვე...
მაინც ვერ შეგჭრეს ფრთები.

Monday, January 30, 2017

ძალიან ძნელად ასატანია

ძალიან ძნელად ასატანია,
დაჭმუჭნულ ქაღალდს რომ ჰგავს ქარტია,
როცა გღალატობს ერი და ბერი,
ძმაც, მეგობარიც გამხდარა მტერი,
ენდობი კაცს და ის მიწას გითხრის,
პირზე ღიმილით აგრძელებს ხითხითს,
დაცინვის, ბოღმის, შურის და შმორის -
პირიდან მოსდის სიმყრალე მძორის.



იესო მოჩანს მძიმე კირთებით

ვხედავ მოხუცის ჩაჟანგულ პირს, ფართო ნაწოლებს,
სადღაც მიმწუხრში მიტოვებულ საფლავს აჟრჟოლებს,
აღარ შემოგვრჩა მშობლიური მიწის მტკაველიც,
ავაზაკები რომ არ ვაჭრობდნენ!
თვალებს უბრმავებთ ოქროსა და ვერცხლის ნივთები,
თავს იწონებენ ამა ქვეყნის ამო დიდებით,
ერთობ მცირედი გადარჩენის ქრება იმედი...
იესო მოჩანს მძიმე კირთებით!

შეღამება

გადიწვერა მზე, - ცეცხლი ძახველის,
უფრო მშვიდია სამყარო ახლა,
დგანან მწვერვალნი, ბევრისმნახველნი
და უვარაყებთ დაისი თავანს.
მარადის წყნარი ეს შეღამება,
სულს უსალბუნებს ჩვეული ეშხით,
ლეგა ღრუბელი ცას ეფარება, -
- ჩამობნელდება საცაა მთებში!

Friday, January 27, 2017

ია, ჩემო ნაზო ია!

ია, ჩემო ნაზო ია,
რატომ დაგრჩა თვალი ღია,
თუ მაგ შენი თვალთა ფერით 
უერთდები ცათა ციაგს?!
უკვდავებას მოიპოვებ,
ვაჟას გულის საწუხარო,
გულმტკივანი ნუ დარჩები, -
მთა და ველი შენით ხარობს.




Thursday, January 26, 2017

ნაზამბახარი, ნაღვინარი, ნადიდკაცარი

ნაზამბახარი, ნაღვინარი,
ნადიდკაცარი,
საბრალო არის...
აქვთ მათ საერთო!
ჰქონდა ეშხი და სილამაზე, 
მშვენიერ ზამბახს,
ახლა წაერთო.
გამოუცდიათ ღვინის გემო,
დამტკბარან მისით,
ახლა კი თავის ტკივილია 
თანმხლები მისი.
ნადიდკაცარი -
მორჩილებას, 
ფულს შეჩვეული,
ძირს დაცემული,
წამოდგომას არა ჩვეული,
ვეღარ იქნება სხვების იმედად, -
შემოცვეთია უკვე დიდება.
ლამაზ ქალს წლები 
მხოლოდ გამოცდის, -
შვილებში რჩება მისი პათოსი...
კაცმა თუ ღვინოს გაუგო გემო,
მეგობრობას და სიყვარულს ჩემობს.
ნადიდკაცარის ბედია ცუდი, -
დიდი იყო და გამხდარა ნული.








ყინულის ნატეხი

გულში ჩავარდნილ ყინულის ნატეხს,
რომელიც ძარღვებში სისხლს მიყინავს
და ნემსებივით მწარედ მჩხვლეტს,
ვერაფერი მოვუხერეხე, - გავწიე, გამოვწიე,
დადნობაც ვცადე... უშედეგოდ....

ისევ მსუსხავენ შენი თვალები

ისევ მსუსხავენ შენი თვალები
დაბერებული ჭინჭარის ცეცხლით,
მიმწუხრში რეკენ სევდის ზარები,
წარსულის დღეთა გავქექე ფერფლი,
ციცინათელად დაფრენდი მინდვრად,
ისე გშვენოდა ღიმილი მნათი,
ხოდაბუნების სურნელი იდგა
და კიდევ... მზეში ნალესი თაფლის,
დამტოვე, მაგრამ ღამეულ ფერებს
ვეღარ ვიშორებ ცხადლივ და სიზმრად
და იმ მინდვრების ანარეკლს ვეძებ,
ველური თაფლის სუნი რომ იდგა.
თავდახრით ვუმზერ მწიფე თავთავებს,
შუადღის ხვატი ზეიმობს ბეცი,
ისევ მსუსხავენ შენი თვალები
დაბერებული ჭინჭარის ცეცხლით.

ცხენი (საბავშვო)

თოვლს ატყვია ნაფეხური,
ცხენს ამოსდეს აპეური,
ჩაქჩაქით და რხევა-რხევით
გადალახა თეთრი მთები.
თუმც არ არის ძალზე სწრაფი,
არც ჭამაზე არის ხარბი,
უყვარს სიტყვა საალერსო,
პატრონმაც კი იცის ესო,
ამიტომაც თავის ცხენსო
არ მოაკლებს თივის ღერსო,
დაბანს, აჭმევს, დაარწყულებს,
სიტყვას ეტყვის თბილებს ბევრსო,
აღარც ითხოვს ცხენი მეტსო..



Wednesday, January 25, 2017

მე მწამს!

მე მწამს დიდი სიყვარულის,
რომ დაანთებს ველზე დიდგორს,
ბასიანის ბრძოლის ალი
არ ჩამქრალა, ისევ გვიხმობს!..
ამ ფიქრებით დამათენდა, - 
ნაპერწკალი მენთო გულში,
ცას გავხედე, მერე მიწას, -
ისევ ღამე იწვა ხნულში.

Tuesday, January 24, 2017

ნუღარ განმსჯი

ნუღარ განმსჯი, ნუღარ დამსჯი,
ჯოჯოხეთის მადგას დღენი, -
მეღირება ქაჯი ხანჯლით,
მერისხება ჯოჯო ქშენით.
მტკიცე განსჯას თან სდევს აჯა, -
ნუღარ მომკლავ შენზე ჯავრით,
განმარიდე ავს და აჯამს,
სიყვარულის შემხსენ ჯაჭვი,
ნუღარ განმსჯი, ნუღარ დამსჯი,
საჯიხვეებს ავყვეთ მიჯრით,
სურნელება ვიგრძნოთ ნამჯის,
გულს არ დაგვრჩეს მცირე ხინჯი.

Sunday, January 15, 2017

ადამიანების გეშინოდეთ, ადამიანებო!

   წკაპ, წკუპ,...წკაპ, წკუპ,... წვიმის წვეთების წკაპაწკუპი ისმის, საიდან ვერ ხვდება, მაგრამ გული კი უწვრილდება, დარდი შეზრდია მის გულს და სევდა კიდევ უფრო მატულობს წვიმის გაძლიერებასთან ერთად, ერთადერთი ცოცხალი არსება მის გვერდზე ძაღლია, კავკასიური ნაგაზი, ერთმა მეცხვარემ აჩუქა, დიღომში ცხვარს ყიდდა, ლეკვები თან წამოეყვანა, ყველა გაეყიდა.  ერთი-ღა დარჩენოდა, შეეხვეწა, რანაირადაც შეეძლო, კისერი გამოუწია, მე მომეციო, აბა, ფული სად ჰქონდა, რომ ეყიდა?! მეცხვარემ ახედ-დახედა, კეთილი კაცი ჩანხარო და მისცა. გახარებულმა გულში ჩაიხუტა, სულ ფეხით იარა თავის სახლამდე, უფრო სწორად თავის ქოხამდე, კიდევ უფრო სწორად თავის ქოხმახამდე, მშობლებისგან დარჩენოდა, მუხიანის აგარაკებზე ცხოვრობდა, ადრე მცხეთას ეკუთვნოდა ეს მიწა, ახლა ამბობენ თბილისიაო, მაგრამ ტალახებს თავი ვერ დააღწია, ფეხსაცმლის ლანჩებზე სქელი ფენა მოსდებოდა, პარმაღზე გაიხადა მისი გულივით დამძიმებული ფეხსაცმელები, იქვე კარებთან მიყარა და ოთახში შევიდა. ეს ოთახია მისი მშველელი, ის იხსნის ხოლმე დაცინვებისგან, გულსატკენი სიტყვებისგან, ადრე დედა იცავდა ხოლმე, მამაც, ახლა დამცველი არავინ ჰყავს, სრულიად არავინ, მაგრამ ახლა ძაღლი ეყოლება... მშვენიერი, თეთრი, ქუნქულა, მოეწონა, გაიღიმა, უფრო სწორად გაიკრიჭა, რადგან სხვანაირი გაღიმება არ იცოდა იროდიონმა, -ხომ ვაჯობე ყველას ჭკუით, - აბა ვინმე მომეკაროს, აბა ვინმემ მაწყენინოს, - ფიქრობდა და ხელის გულებს იზელდა. სულ ერთი ოთახი ჰქონდა იროდიონს, აივნით. ოთახი 12 კვადრატული იქნებოდა, მას ყოფნიდა, უყვარდა აივანზე ჯდომა, სახლის სახურავიდან ჩამომავალი წვიმის ნაკადები, ძლიერი წვიმის დროს, და პატარა  წვეთები, როცა ჟუჟუნა წვიმა გადაუვლიდა ქვეყნიერებას, ბავშვობას ახსენებდა, დედ-მამას, ოთახის კედლებს შეხედა, არ მოეწონა, ვარდისფრად იყო შეღებილი, აღარ ახსოვდა, რომ მამამ შეღება, სანამ იროდიონს საავადმყოფოდან გამოწერდნენ, ოცი წელია ამ ფერისაა კედლები, ახლა-ღა შეამჩნია, ვარდისფერიც გამუქებულა აქა-იქ, ზოგან გათეთრებულა, ზემოთ ჭერთან ახლოს, ოთახის კუთხეებში ობობებს დაუბუდებია, ქსელები გაშავებულა, მაგრამ იროდიონი მათაც ვერ ამჩნევს, თორემ აუცილებლად გაწმენდდა, არ უყვარს ჭუჭყი იროდიონს, მაგრამ ყველაფერს ვერ გაწვდება, ვერ გააკეთებს. ახლა ძაღლი იქნება მისი დამხმარე, ეტყვის მოიტანეო და მოიტანს, თორემ აქამდე მხოლოდ მას ავალებდნენ: - იროდიონ, ტვირთი წამომაღებინე ბაზრიდან! -იროდიონ, ნაგავი გადაყარე!  იროდიონიც მორჩილად მიყვებოდა რომელიმე მეზობელს ბაზარში, მიჰქონდა ნაგვის ტომრები ხრამში გადასაყრელად,  იქნებ მერე ერთი-ორი ლუკმა მაინც აჭამონ, ზოგიერთი ამჟავებულ საჭმელს დაუსხამს ხოლმე, თან ამადლის, ამის ფასი რა გააკეთეო, მეორე დღეს იროდიონი ეზოდან ვეღარ გამოდის, იქაურობას მიეჯაჭვება ხოლმე. სახლში ტუალეტი არა აქვს, ეზოში უდგას, შავი ფიცრების გროვა, კარები აღარ იკეტება სიძველისგან. ხანდახან კარგი კლიენტებიც გამოუჩნდებიან ხოლმე, მიწას დააბარინებენ, ბალახს გაათიბინებენ, ვისაც საქონელი ყავს, საქონელი კი ბევრსა ჰყავს, საქმეც არ ელევა იროდიონს. დაღლილ-დაქანცულს არაყს დაალევინებენ, ცეცხლთან გაათბობენ, ერთი-ორ ნაჭერ მწვადსაც გაადაუგდებენ. 5-10 ლარს ჩაუდებენ ჯიბეში, კაცები რატომღაც უფრო კეთილები არიან- ფიქრობს იროდიონი, როცა არყით შებუჟბუჟებული ბუქნაობს და ცეკვავს ცეცხლის პირას, თანაც იკრიჭება, იმიტომ რომ სხვანაირი სიცილი არ იცის, -პარეზი გაქვსო,- ეუბნებოდა დედა-, მინინგიტის მერე დაგრჩაო,- მაგრამ იროდიონმა არ იცის რა არის პარეზი ან მინინგიტი, უხარია და ცეკვავს, ტრიალებს, ბზრიალებს,- ასა, ასა,- იძახიან კაცები და ტაშს უკრავენ. სიხარულისგან თვალები უბრწყინავს, ცეცხლი მის სახეს ანათებს და კეთილშობილ იერს აძლევს, ვინ იცის, ვისი შთამომავალია უბედური იროდიონი, ბედნიერად მოცეკვავე და სახეაწითლებული. ამას წინათ ცეცხლში ლამის ჩავარდა,- კარგი, კარგიო,- დაუძახეს, ძლივს გააჩერეს შეზარხოშებული. დევივით კია, მაგრამ ჭკუა ბავშვის აქვს, მეზობელ ნიასთან როცა შედის, ის გვერდზე მოისვამს ხოლმე, ფანქრებს მისცემს ხელში და ხატავენ, ნია უკეთესად ხატავს, ვიდრე იროდიონი, იმიტომ რომ ის ლამაზია, პეპელასავით ლამაზი, აი, გარეთ ლამაზ-ლამაზი პეპლები რომ დაფრინავენ, -ფიქრობს იროდიონი, კარგად ვერ ხატავს, მაგრამ ნია ასწავლის ხატვას, ის სკოლაში ათოსანია. ხანდახან იროდიონი თვალს გააპარებს ხოლმე მაგიდაზე ჩამომდგარი ბროლის ვაზისკენ, შიგნით ფოჩიანი კამფეტები დევს, ნია მიუხვდება ხოლმე, რა უნდა და ვაზას აწვდის, რამდენიც გინდა ჭამეო. დარცხვენით იკრიჭება იროდიონი და ერთ-ორ კამფეტს პირში იტენის, რამდენიმეს ნია ჯიბეში უდებს, აქედან რომ წახვალ, მერე ჭამეო. ახსენდება, გარეთ ძაღლი ელოდება, ძაღლს ნიასთან სახლში არ უშვებენ, მაგრამ თეფშით საჭმელს კი დაუდგამენ ხოლმე. ამიტომ უყვარს აქ მოსვლა. სახლში სითბო და სისუფთავეა, უხარია იროდიონს, როცა ზოგჯერ ბავშვის ყარაულად  ტოვებენ, ის სახლს შიგნიდან იცავს, ძაღლი-გარედან. ნიას დედა, ქალბატონი მაიკო, აფრთხილებს, ოთახში არაფერს მოჰკიდოს ხელი, არადა რა ლამაზი ნივთებია?! ერთი სურათი მოსწონს, ოქროსფერ ჩარჩოშია, მონადირე მთის ბილიკით დაბლა ეშვება, ერთ მხარზე ნანადირევი გადაუკიდებია, მეორეზე- თოფი. ძალიან უნდა თოფი ჰქონდეს, ნამდვილი თოფი, ისეთი სურათზე რომ არის დახატული, მაგრამ ასეთს ვინ მისცემს, ხელში ვინ დააჭერინებს?! ერთ კედელზე თოჯინები ჰკიდია, ფაიფურის, ლამაზი სახეები აქვთ, ერთი ბიჭი თოჯინაცაა, დიდი, დევს ჰგავს, ზუსტად იროდიონივით იკრიჭება,  პატარა რქებიც აქვს, ხუჭუჭა თმებში ჩამალული, იქვე მეორეც ჰკიდია,  პატარა, გამხდარი, ისიც ქოჩორა, თავზე კახური ქუდით, კოპლებიანი პერანგით, პერანგი თეთრია, გაწკრიალებული, იმიტომ რომ ქალბატონი მაიკო ხშირად აბანავებს თოჯინებს, ტანსაცმელს ურეცხავს, იროდიონსაც ურეცხავს ხოლმე, ექიმია, ბაცილების ეშინია. მეზობლის ქალები ეუბნებიან , - მაგ სულელს ბავშვს როგორ ანდობო,- ესმის და სწყინს იროდიონს, მაგრამ ხმას არ იღებს, იმიტომ რომ ლაპარაკი არ იცის, რამდენიმე ბგერას წაიღმუვლებს ხოლმე, მაშინვე აჩუმებენ, მისი მოსმენა არავის უნდა, მარტო თავის ქოხში, ყვირის, მღერის თავის ენაზე, რომელიც არავის ესმის ძაღლის გარდა. ქალბატონი მაიკო არავის  არაფერს პასუხობს, მხოლოდ იცინის, თეთრი კბილები მოუჩანს. ნიას მამა- უშანგი მხატვარია, ნადირობაც უყვარს, ამოიღებს ხოლმე ძველ მამაპაპურ თოფს ანტიკვარული ზანდუკიდან და წმენდს, იროდიონი თან ხატავს, თან თოფს უყურებს, ძალიან მოსწონს თოფი იროდიონს. ნიას ძმაც ჰყავს, სტუდენტი, უჭირს მუხიანის აგარაკებიდან ინსტიტუტში სიარული, ფეხით ჩადის დუმბაძის ბოლომდე, მერე ტრანსპორტში ჯდება. სამარშრუტო ტაქსები დადის დასახლებაში, ოღონდ ცუდ ამინდებში-არა, ამ ოღრო-ჩოღრო გზებზე სიარულში მანქანები ფუჭდება. ნიას ძმაც მეგობრობს იროდიონთან, ხანდახან ლიმონათს მოუტანს ხოლმე ქალაქიდან,
   როცა იროდიონს საქმე არა აქვს, ეს ძირითადად ზამთრობით ხდება ხოლმე, მაგრამ წელიწადის სხვა დროსაც გამოერევა ასეთი დღეები, დაწვება  თავის ძველსძველ ზამბარებიან საწოლზე, ხან ალუმინის რიკულებს შესცქერის, ხანაც ჭერს. სახლის სახურავზე ოფოფები ცხოვრობენ, რაც თავი ახსოვს, სულ იქ არიან, ხმაურობენ, ჭყიპინებენ, სანამ შვილებს წამოზრდიან, მაგრამ იროდიონს არ აწუხებს მათი ხმაური, მათგან სითბოს გრძნობს, მისი არც ფრინველებს ეშინიათ, ლამისაა თავზე დაასხდნენ ხოლმე, ეზოში პურს როცა ჭამს, იროდიონი მათ გადაულოცავს, ბარტყებს აჭამეთო, თვითონ მშიერი რჩება, მერე კი ღმუის თავის ოთახში შიმშილისგან აწრიალებული. თუ ნამეტანი მოუვა და ნიას დედამ გაიგონა მისი ყვირილი, უფრო სწორად, ღმუილი, პურს მიუტანს  და აივანზე დაუწყობს, თავის გამომცხვარს, მერე კარებზე დაუკაკუნებს, შესძახებს, პური მოგიტანეო და გაუჩინარდება. უხარია ყურადღება იროდიონს.
        ნია წამოიზარდა, დაქალიშვილდა, ახლა ერთად აღარ ხატავენ. იროდიონს ახლა სხვა დავალება მისცეს, სკოლამდე უნდა მიაცილოს გოგონა და მერე სკოლიდან წამოიყვანოს. უხარია იროდიონს ნიასთან ყოფნა, თვითონ ხმას არ იღებს, არ უნდა გოგონა შეაშინოს. ის და ძაღლი ჩუმად მიუყვებიან სკოლისკენ მიმავალ გზას, მხოლოდ ნია ტიტინებს, უყვება იროდიონს იმ მთისას და ამ ბარისას, სკოლის ამბებს, ზოგჯერ მასწავლებლებზე ბრაზობს, ზოგჯერ მშობლებზე. ყველაფერი იცის იროდიონმა, რა აწუხებს ნიას, რა უყვარს, რა არ უყვარს. იცის რომ ნიას გვირილები უყვარს. ერთხელ გვირილებით ხელში დახვდა ნიას სკოლის ეზოში. უნდოდა გოგონა გაეხარებინა. სხვანაირად გაიგეს. ბიჭები ჯოხებით გამოეკიდნენ საცემრად. ძაღლმა არ მიუშვა. ჭორები ააგორეს, ნიას მშობლებმა გოგონასთან ახლოს მისვლაც კი აუკრძალეს. დაილია გოლიათი დარდისაგან. თვითონ რომ ვერაფერი დაუშავეს, ძაღლი მოუწამლეს. ავად გახდა ნაგაზი. ერთხელ შინ დაბრუნებულს მკვდარი დაუხვდა, ეზოში დაგდებულს ზედ ყვავები დასხდომოდნენ და გულ-ღვიძლს უკორტნიდნენ, ყვავები შესძულდა, იფიქრა, ამათ მოკლეს ჩემი ერთგულიო, მეორე დილას თოფის ხმამ გააღვიძა დასახლება, იმ ღამით იროდიონს თოფი მოეპარა ნიას სახლიდან და ტყვიებს გამეტებით უშენდა ყვავებს, თვალებიდან ცრემლები სდიოდა. ნიას მამამ და ძმამ ძლივს გამოგლიჯეს ნაგოლიათევს თოფი ხელიდან,დასახლება აფორიაქებულიყო, ემანდ ჩვენც არ დაგვხოცოსო, სინდისმა შეაწუხათ. თოფი რომ აღარ ჰქონდა, ქვები დაუშინა ყვავებს, ამათმა მომიღესო ბოლო, ამათმა გამთვალესო. მას მერე სახლიდან იშვიათად თუ გამოიხედავდა, შეკრთა სოფელი, ინანეს თავისი საქციელი, ხანდახან კარებს რომელიმე მეზობელი მიადგებოდა თეფშით და პურით ხელში, აივანზე დატოვებდა საჭმელს, ოთახში შესვლას ვერავინ ბედავდა, ისე დაუძახებდნენ, ისიც ღმუილით პასუხობდა. ერთ დღეს ოფოფები ახმაურდნენ, იქაურობა გადააჭრელეს, ბევრნი იყვნენ, საიდან მოვიდნენო, მეზობლებს უკვირდათ, რა ხდებაო იროდიონის სახლში, ჩუმ-ჩუმად მიიპარნენ, ფრინველების ეშინოდათ, არ დაგვკორტნონო, ჭირისუფლებივით ჩამომსხდარიყვნენ იროდიონის მამის დარგულ ხეებზე. შეიხედეს ოთახში, ფანჯრებიდან შემავალ მზის შუქს იქაურობა გაენათებინა, იროდიონის სპეტაკ სახეს ნათელი მოჰფენოდა, ხელში ნიას ნაჩუქარი ფანქრები ჩაებღუჯა, ძირს დავარდნილ ფურცელზე გოგონა ეხატა, გვირილებით ხელში, გვერდზე - გოლიათი და ძაღლი. შეაგროვეს ფული და დაასაფლავეს იროდიონი. მას მერე ქოხში შესვლას ვერავინ ბედავდა ნიას გარდა. ნიაც ჩამოჯდებოდა ხოლმე აივანზე, როგორც იროდიონი, და თვალს არ აშორებდა სახურავიდან წამოსულ წვიმის ნაკადებს, როცა ძლიერ წვიმდა და წვიმის პატარა წვეთებს, როცა ჟუჟუნა წვიმა გადაუვლიდა ქვეყანას თავზე. გოგონამ იცოდა, რომ წვიმის წვეთები ისეთივე სუფთა იყო, როგორც იროდიონის გული. ოფოფები კი არსად წასულან, მართალია პურს აღარავინ აჭმევდა. ალბათ უკვე რომელი თაობა დებს კვერცხებს იროდიონის ქოხის სახურავზე, მათთვის მყუდრო და თბილ ბინაში...მხოლოდ ხანდახან გადაუვლიან ხოლმე ოფოფები ქვეყანას ძახილით,-  ადამიანების გეშინოდეთ, ადამიანებო!

"მიყვარხარო", მითხრა მთვარემ

-მიყვარხარო, -მითხრა მთვარემ,
-მიყვარხარო, -მითხრა მზემაც.
ლურჯმა იამ გამიღიმა...
არ მაღირსა ქება ზეცამ,
დამატეხა თავზე წვიმა,
იჭექა და იგრუხუნა,
მერე ბავშვის სარეცხივით
ცისარტყელა გამოფინა,
გამეცინა, მივხვდი მაშინ,
მას ვუყვარვარ სხვაზე მეტად, -
ათასფერი მარგალიტი
მხოლოდ იმან გაიმეტა.

Wednesday, January 11, 2017

ქარები ურთხმელს ისევ უტევენ

ქარები ურთხმელს ისევ უტევენ,
წელში გაზნექილს ამძიმებს ტოტი,
წლები დაეტყო, დაღარულ კანზე
სიკვდილის მორჩი აგრძელებს ლოდინს.
მლოცველ კაცივით აღაპყრობს ხელებს, -
ფესვი ნაღველის ჭიამ გამოხრა,
მაინც გაზაფხულს ელის ბავშვივით
და ხმელ ტოტებზე ფოთლის გამოყრას.
პატარებს იცავს ავი ქარისგან, -
სურს, წკნელის ცემით იგი დასაჯონ ,
მთვარე მიიწვევს ღამით სადილად,
ფხიზლობს და ქვეყნის ძილსა დარაჯობს.

Tuesday, January 10, 2017

ორი წვეთი მოფერება

ორი წვეთი მოფერება, 
კაბის კალთას მოკერება,
შვილიშვილის გაღიმება, 
ტკბილზე-ტკბილი დაბერება.

Monday, January 9, 2017

სახუმარო

"ბრავო", "ბისი", აღარ ისმის.
გარეთ რაში აღარ მიცდის,
ჯაგლაგ-ცხენით მივდევ კიდეს,
რისი რწმენა მქონდეს კიდევ?!...

ათამაშებდა ქარი თითებს ჩემს ხელისგულზე


ათამაშებდა ქარი თითებს ჩემს ხელისგულზე,
ვალსის რითმებში,
იყო წყურვილი სურვილების არდავიწყების...
მოგონებების რთული ჯაჭვი უცებ გამიწყდა
და ყველაფერი დატრიალდა თითქოს თავიდან,
ქარმა ფიფქები მტვრად აქცია, გაინაწილა,
ჩემთან დატოვა ყინვა, თოვლი და აპათია,
მინდა შევიგრძნო ძალა შენი სუნთქვის, შენი თითების,
მეფერებოდეს ქარიშხალი ვალსის რითმებში.

სიმღერა (იქნებ ქარმა გადმოგაგდო, ჩემი გულის მახარავ)

იქნებ ქარმა გადმოგაგდო, ჩემი გულის მახარავ,
თუ მზემ სხივი ჩამაკონა, უთვალავი ნარნარა,
სულში თითქოს დაიბუდა სიხარულმა, სიამემ,
მშვიდობიან დღეს ვუსურვებ, ვინც სიყვარულს იწამებს..
იწამებს და აევსება გული მადლით ციურით,
გაიშლება ყვავილები, გაგვაოცებს სიტურფით,
სახლის ბანზე გადმოდგება სიყვარულის ფერია,
დაგილოცავთ კერას, ოჯახს, შვილებს მოგცემთ ფერიანს.

Saturday, January 7, 2017

სულის ბორკილები (უბრალო ჩანაწერი)

   ცოდვების ჩადენით ჩვენვე ვუსჯით ჩვენს თავს სატუსაღოს, ხანდახან არცოდნითაც კი, დავდივართ ჯაჭვებსა და ბორკილებში გახვეულები, ისე რომ ვერც ვგრძნობთ ამას, მაშინ როცა ამ ჯაჭვის თითოეული რგოლი ჩვენ მიერვე ჩადენილი ცოდვაა, იზრდება ჯაჭვი, მძიმდება სული, უჭირს თავის დაღწევა ამქვეყნიური ამაოებისაგან, თორემ უმანკო სულს რკინის ბორკილები არაფრად უჩანს, ის მისთვის სამკაულია, გავიხსენოთ წმინდა შუშანიკი.

ვუძღვნი გარდაცვლილ მეგობარს (მაია არჩვაძეს)

ფრთები მომეც, ქრისტე ღმერთო,
შენს მოსვლას რომ შევეგებო,
ჩამინერგე სული ტკბილი,
სენის დამდევს მე აჩრდილი.
გადავლახო რუბიკონი,
იქ შემომხვდნენ იის კონით,
ფრთები მომეც, ქრისტე ღმერთო,
შენ მჭირდები ახლა ერთობ.
ჩემს სულს მიეც დიდი შვება,
აღარ ვნახო გაჭირვება,
წამიყვანე შენთან, ღმერთო,
რომ ვარსკვლავად ცაში ვენთო!

ჩემს ნათიას

ქალი არა, ლეგენდა ხარ,
შენ ხარ ჩემი ფავორი,
სიყვარულით ატკბობ მიწას,
მუზა იყავ თაგორის.
შენს გარშემო ტრიალებენ
მზე, მთვარე და ვარსკვლავი,
ღმერთმა მოგცა დიდი გული,
შიგ სიკეთე ჩაფალი.

სალაღობოს გეტყვით სიტყვას

სალაღობოს გეტყვით სიტყვას, 
გაიხაროს ერმა წმინდამ,
გადმოჰფინოს ღმერთმა მადლი,
რომ გვესმოდეს კარგის ყადრი.
კეთილ საქმეს დავდოთ ფასი,
საქებარი ვაქოთ მუდამ,
ბოროტ სულზე გამარჯვების
აღვავლინოთ ლოცვა გუნდად.

Thursday, January 5, 2017

პატარა მანანას (საბავშვო)

ვიცი, გიყვარს ვარსკვლავები, 
ჩემო ცელქო მანანა,
ხუჭუჭა მთებს დასდევს ცელით 
მაღლა მთვარე ნამგალა,
გადაიდებს მხრებზე ღრუბლებს, 
ვარსკვლავს გულზე დაიბნევს,
საამო ძილს მოგგვრით მერე 
შენც და ბებოს წიწილებს..

აკვანშია ალაზანი

თოვლიან მთებს არწევს ქარი,
აკვანშია ალაზანი,
გაუკოჭავს ყინვის არტახს,
ვეღარ ისმენს დედის ნანას,
ცრემლიანი თვალებს ნაბავს,
ელოდება ზამთრის წასვლას.

წერილი სოფლიდან

ჩამომიღამდა თვალები,
გზას გავცქერივარ ნისლიანს,
- შვილებო, იქნებ გამოჩნდეთ, 
ცოდვებმა მგონი მიწია?!.
შემომილეწა მიდამო

ქარმა,შავი დღე მაყარა,
ვეღარ გადმოდის ამ თოვლში,
მეზობლის გოგო მაყვალა,
ზედ შემომაცვდა სამოსი,
ტანზე შილიფად მაცვია,
გარშემო აღარა ხარობს,
მხოლოდ ეკალა ქაცვია,
ჩამოდით სოფლად, შვილებო,
ნუ ჩაანავლებთ კერასა,
აგრემც დაგლოცავთ უფალი,

მოგმადლებთ მოთმინებასა!
.

Monday, January 2, 2017

მიყვარს...

მიყვარს, როცა სხივებით ქსოვს მთვარე ოქროს საბანს,
მერე ვერხვი, მუხა, ნაძვი მის საფარქვეშ  დგანან,
როცა ველი ყაყაჩოთა სიყვარულით იწვის,
ხოლო მთებში ნაკვალევი მოჩანს წყვილი ირმის.
მიყვარს, როცა გამთენიას ყივილია მამლის,
როჟრაჟი კი, ნაზამთრალ მთებს ქოჩორს ნაზად ვარცხნის,
მიყვარს ქალი ეშხიანი, კაცი - მისი მცველი,
თიბათვეში -  ვალმოხდილი, ნაჯაფარი ცელი...
ცას უხდება სილაჟვარდე, მიწას - თრთვილი ატმის,
ლერწამს - ყოველ ნიავქარზე ათრთოლება ტანის,
მიყვარს, როცა მთვარე გვირთავს  სხივით ოქროს ხონჩას
და სამყარო იდუმალი სინატიფით მოჩანს.



თვალთმაქცებს (ჩიჩია აქვს კბილში ასეთს)

აეხადა ყოველს ფარდა,
რაც იყო და რაც არ ჩანდა
ყველაფერი ცხადი გახდა,
არ სჭირდება ამას განსჯა.
თუმც კი იცვლის ზოგი სახელს,
მის სულს მისი ქცევა ამხელს,
ზოგიც სახელს შუბლზე იკრავს,
კახაბერობს, მაინც ვირს ჰგავს,
თვალთმაქცობის ფერი ადევთ,
ვერ ატყუებს კაცი გამჩენს,
გამოუტანს ის განაჩენს,
ჩიჩი რჩება კბილში ასეთს.

Sunday, January 1, 2017

რად არ მითხარი ადრე, "მიყვარხარ"!


რად არ მითხარი ადრე, "მიყვარხარ",
თუმცა რომც გეთქვა, ვერ მივხვდებოდი,
რომ ჩემთვის გედო ყველა იარა,
სასოწარკვეთით ჩემთვის დნებოდი...
ახლა კი ვიცი, არც ახლა  გითქვამს,
თვალების სითბო ას სიტყვას სჯობნის...
რად არ მითხარი ადრე, "მიყვარხარ",
რომ გამხდარიყო ეს გრძნობა ორის.





სიყვარულის მელოდია

თოვლის ფიფქი ტუჩს მიკოცნის,
ნაზად, თრთოლვით მეხება,
ახალი წლის მოსვლას მამცნობს
ცაში ელვის კვეთება,
ოცნებების, სურვილების
ასრულებას მპირდება...
სიყვარულის მელოდია
თავს მევლება ფიფქებად.