მიყვარს, როცა სხივებით ქსოვს მთვარე ოქროს საბანს,
მერე ვერხვი, მუხა, ნაძვი მის საფარქვეშ დგანან,
როცა ველი ყაყაჩოთა სიყვარულით იწვის,
ხოლო მთებში ნაკვალევი მოჩანს წყვილი ირმის.
მიყვარს, როცა გამთენიას ყივილია მამლის,
როჟრაჟი კი, ნაზამთრალ მთებს ქოჩორს ნაზად ვარცხნის,
მიყვარს ქალი ეშხიანი, კაცი - მისი მცველი,
თიბათვეში - ვალმოხდილი, ნაჯაფარი ცელი...
ცას უხდება სილაჟვარდე, მიწას - თრთვილი ატმის,
ლერწამს - ყოველ ნიავქარზე ათრთოლება ტანის,
მიყვარს, როცა მთვარე გვირთავს სხივით ოქროს ხონჩას
და სამყარო იდუმალი სინატიფით მოჩანს.
No comments:
Post a Comment