Monday, April 28, 2014

ქალბატონო, შენს ღიმილში... (სიმღერა, შეასრულა ბეჟო ბეჟიტაშვილმა)

ქალბატონო, შენს ღიმილში მზე ყვავილობს,
ნათელ შუბლზე სისპეტაკის დაღი გაზის,
შენს თვალებში თავთუხები იცინიან,
ნაზი მზერით აყვავილდა ვარდის ბაღი.
შემოგიცვამს ლურჯი კაბა, მოჩითული,
თმებს გისწორებს ურჩი ქარი საალერსოდ,
ღვთაება ხარ, სიყვარულის მოციქული,
თვალკამკამა ნაკადულის ანარეკლო!
ნეტავ, იმას, ვინც შეგახოს ნაზად ბაგე, 
ვინც ეგ გული სიხარულით ააძგეროს,
დაგანახოს ზღვა, სუფთა და მოკამკამე
და ზეცაში ღრუბელთ რემა გადარეკოს.
ქალბატონო, ხარ სამყაროს დედოფალი,
ვერ მოგწყვიტე ცრემლიანი ურჩი მზერა,
იმქვეყნიურს, სხვა ჯიშის და სულ სხვა გვარის,
დაგედევნე, ვით ოცნებას ნაზს და ფერადს.
თმებს გაიშლი, განათდება ნისლიანი,
ნაბიჯ-ნაბიჯ გამოგყვება ლურჯი მდელო,
სულს ამივსებ სიხარულით და სიამით,
შროშანივით სპეტაკო და საყვარელო.






Sunday, April 27, 2014

მიაუ, მიაუ (საბავშვო)

მიაუ, მიაუ, რომ იძახი,
კუდჭრელა და მწვანეთვალა,
ძილს არ მაცლი, არ მაძინებ,
საჭმელსა მთხოვ წარამარა.
წადი, თაგვი დაიჭირე,
ბებოს უნდა გამოადგე,
თორემ მერე, საახალწლოდ,
ჩურჩხელებს ვერ დაგვიმზადებს.

Wednesday, April 23, 2014

მე ქარი მიყვარს

მე ქარი მიყვარს, ღმუილით რომ დაივლის ველებს,
ანდამატივით მიიზიდავს ტოტებს და ფოთლებს,
შემოახტება მხედარივით დარახტულ ხეებს
და მერე სადღაც, ხევხუვებში, უმწეოდ გოდებს.

Tuesday, April 22, 2014

დამახატინე!

დამახატინე ცის კიდე და სიმწვანე მთათა,
დამაწერინე ასი ლექსი, იქნებ ათასიც...
ღვთიური მადლით, ყველა ქართველს ანდერძით გვერგო
მშვენება შენი... მოციმციმე მზეზე ალმასი!

Monday, April 21, 2014

სევდა

სევდა დამჩნევია საფეხურებს,
კედლებს აბლაბუდა მოჰფენია,
ღიად დარჩენილი სარკმელიდან
მზის სხივს იმედიღა შეჰყოლია.
ფქვილად უქცევიათ მოგონება
თაგვებს მიტოვებულ განჯინაში,
ზანდუკს, ბებოს მზითვით ამოვსებულს,
თავზე სიმარტოვის ჩრჩილი აზის.

აღსდექ, უფალო!

აღსდექ, უფალო, გაიჟღინთა ცრემლებით მიწა,
რძე გაშრობიათ მეძუძურებს ამდენი ოხვრით,
საქართველოდან გადაკარგულთ უმძიმეს ტვირთად
აუკიდიათ სხივნათელი ზარზმა და ოშკი.
აღსდექ, უფალო, შვილნი შენნი სავსე ვართ ცოდვით,
ალბათ ამიტომ პატარაა ქართული მიწა,
ბეღურებივით არ გვინდა რომ გავფრინდეთ შორით,
მაგრამ ზამთარი გვეპარება, - გავუძლებთ ყინვას?!
წინაპრებს ჩვენსას გაუშლიათ ზეცაში სუფრა,
მიწაზე ელდად გაწოლილა ავი ტაროსი,
ჟანგიან რკინას გვიღერებენ ხარხარით გულთან...
აღსდექ, უფალო, კვლავ შეგვმოსე რწმენის სამოსლით.

Sunday, April 20, 2014

ო, ძალა მოგვეც, მაღალო ღმერთო!

ო, ძალა მოგვეც, მაღალო ღმერთო,
რომ ვეზიაროთ შენეულ მცნებას,
ეკლის გვირგვინით შეგიმკეს თავი,
ეკლიან ბილიკს გავყვებით ჩვენაც.
სამყაროს ესმის გოდება დედის,
ცოდვის შვილებმა შევჭედეთ ჯვარი,
მოგვეცი ძალა სინანულისთვის,
რომ მოვიხადოთ ამ ქვეყნის ვალი.



Saturday, April 19, 2014

წვიმა

ციდან მოფრინავს წვეთები წვიმის,
ელვამ მოღუნა ფიქრების რკალი,
აბჯარს ისწორებს ალაზნის ველი, -
ქუხილს მიჰვება ერეკლეს ხმალით.
მთები საწვიმარ ღრუბლებში ცურავს,
ალვის ხეები ვნებისგან თრთიან,
მოზავთებული ხეობის ძახილს
ეხმიანება ირემი მთიდან.

Tuesday, April 15, 2014

დედა ენას!

-შენ თაფლი ხარ, ცოტნეს ტანს რომ მზეზე წვავდი,
ცხარე ცრემლით აწვალებდი უპეებს,
ფერეიდანს ისევ ხარობს ნაზი ვარდი, -
ბულბულები ფიანდაზებს უფენენ.
"გალობანი სინანულის" მეფე დავითს
უწერია ღრმა ფიქრით და გოდებით,
თითო სიტყვას დაუვლია გულის ძარღვი,
სისხლს მიჰქონდა საუკუნე ომების,
სულში დაგვრჩა ენა დიდი რუსთაველის,
ანბანი კი, მზემ სირმებით მოქარგა,
-ტკბილხმოვანო, ამაღლების ჯვარი გშვენის,
შენში ვხედავთ წარსულს, აწმყოს, მომავალს.

Friday, April 11, 2014

ოცნებებში გამცვეთია სამოსი

ამ ცხოვრების  რეალიას მხრებზე ვიცმევ,
ოცნებებში გამცვეთია სამოსი,
გული ჩემი, სევდისაგან დანესტილი,
ვეღარა ძგერს უწინდელი პათოსით.
მიჭრიალებს ურემივით ფეხ-სახსარი,
ვეღარ უძლებს ტვირთის ზიდვას ხელები,
უსახსრობას გულში მაგრად ჩავეკარი,
მაჯლაჯუნას ავუკლივარ ფერებით.
მხოლოდ ძილში დამირახტავს თეთრი ცხენი,
მხრებს მიმშვენებს ხელთუქმნელი ყაბაჩა,
გვირგვინს ველი სადედოფლოს, ათას ფერის,
მერე ნადიმს მთის დევებთან გავმართავ.

Friday, April 4, 2014

ღრუტუნებდა ვაშლის ძირში(საბავშვო)

ღრუტუნებდა ვაშლის ძირში
ჩვენი ეზოს მშვენება,
ტალახებში ამოთხუპნულს,
წამოწოლა ენება.
აბა, ვინმე შეეჯიბროს,
თუა ბიჭი გულადი,
ძირს ნაყარი ვაშლით უნდა 
ამოივსოს სტომაქი.
მერე, თუკი სადმე ნახა
გუბე დიდი, ვეება,
წამოწვება უდარდელად,
ისე მიწას შეხედავს.
მზე დაჰნათის,
სხივებს იკრებს 
ღორი დინგით, ფაფუკით
და დესერტად ელოდება
ტორტი წითელ ალუბლის.
  

Thursday, April 3, 2014

სახუმარო (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

დავიღალე უშენობის რეალიით,
გვერდზე ყოფნა სულ არაფერს არ ნიშნავს,
თვალები გაქვს ისევ მწყერზე მონადირის,
მე კი მხოლოდ ბეღურის აზრს გამოვთქვამ.
ხმა თუ მესმის ნაბიჯების, მიხარია,
უსასრულო ეჭვებში ვარ გართული,
ერთი, ორი, ისევ სხვაგან გაუხვიე...
ღილებივით ამიკინძავს წარსული.
წყვეტილებს და მრავალწერტილს არ აქვს ბოლო,
პაუზაა ჩემი შენთან ბაასი,
მე შენს ნაბიჯს ვითვლი, ასე უთავბოლოს,
შენ კი მწყრებზე ინადირებ ათასგზის.