Saturday, November 30, 2013

ვაზის გასაზრდელად სიცოცხლე გვეყოფა

ვკლავ დროს და მანძილებს,
ფიქრი არ მაძინებს,
ჩემთვის არ სცალია
სიკვდილს, სხვა ვალი აქვს,
ცხოვრება ღერძია,
მავანნი გვებრძვიან,
ათასის ოცნებას ტალახებს ესვრიან,
ზღაპრული კოშკებით
"ელიტა" ამაყობს,
ჩვენ უნდათ ნაგავში
ნაკელში დაგვმარხონ,
არ უნდა ზეციერს
ქართველის მოსპობა,
ვაზის გასაზრდელად
სიცოცხლე გვეყოფა!

გაზაფხული

დარდიმანდულად ჩამოჰყვება თოვლი ფერდობებს,
მკლავებს გადახსნის შესახვედრად ბებერი მიწა,
პირსაც დააფჩენს დაღრეჯილი ნაცნობი ხევი,
რომ გადაყლაპოს დიდ სტომაქში ჭაველი წყლისა.
მობურულ ხეებს მზის სხივების ანცობა ართობს,
სისხლმა დაიწყო მოძრაობა, აძგერდა გული,
ტიტველმა კლდემაც გამოიბა თვალი და ყური,
იქნებ, იებმა მის კალთაზე გათხარონ ხნული.

Tuesday, November 26, 2013

დღეს ვერცხლი ფასობს!

ნემსის წვერივით გაუბასრავთ ენები კაცთა,
ოქრო არისო დუმილიო, - წარსულში დარჩა,
დღეს ვერცხლი ფასობს, ზურგს იფხანენ კაცები ენით,
ოქრო კი, როგორც სამკაული, ქალებსა შვენით.

Saturday, November 23, 2013

გილოცავთ გიორგობას!

გადმოიღვარა ფერებად ლოცვა,
ღვთის ანგელოზი ქვეყანას ლოცავს,
ასი ათასი  აანთებს სანთელს,
ხალხს გიორგობის აუწყებს ნათელს.
ამხედრებულა წმინდანი რაშზე,
ბოროტს, უწმინდურს არ აძლევს საშველს,
შევუერთდებით ასობით მლოცავს,
გიორგობის დღეს უფალი გვლოცავს!

Thursday, November 21, 2013

ცისკარს მივეგებებით

სისხლიფერი ულაყებით
მთებს დავლაშქრავთ, ტყიანებს,
ნიავს ქარად შევერევით,
ყვავილს დავკრეფთ მზიანებს,
გვირგვინებით თავს შევიმკობთ,
ცხენსაც ყურზე დავკიდებთ
ქრისტესისხლას, ვარდკაჭკაჭას,
გავალთ კლდეთა ნაპირებს,
ჭალა-ჭალა, ბულახ-ბალახ,
თმებში ოქროს ღერებით,
მზეს შევხვდებით ადრე დილით,
ცისკარს მივეგებებით.

Wednesday, November 20, 2013

შემოდგომა (საბავშვო)

შემოდგომის ფერებს მინდა
დავესესხო განწყობა,
წითელ, ყვითელ, ოქროსფერში,
ფიქრებს მოაქვს სხვა წყობა.
გულს ახარებს ვაშლის ნაჭრებს
რომ ავასხამ ჩირებად,
ბროწეულით პირს ჩავიტკბობ,
დავიკიდებ მძივებად.
მზეს ვუსწორებ ახლა თვალებს,
ისე არ იკბინება,
ცრემლის წვეთსაც გადმოაგდებს,
ჩაქრა მისი დიდება.

სამშობლო მიყურებს...

მთებიდან, გზებიდან, ციდან და მიწიდან,
საფლავის ქვებიდან, შუკიდან, ბაღიდან,
სამშობლო მიყურებს ნაღვლიან თვალებით, -
ასეთი ლამაზი, სათნო და პაწია.
მსხვერპლს ითხოვს ქვეყანა, დრო არ გვემეტება,
ზეციდან მოწყენით გვიყურებს მშობელი,
ხარირმის ბღავილი ჭალიდან გაისმა, -
იების, ვარდების გაზაფხულს მოველით.


მესმის ის, რისი თქმაც შენ გინდოდა

მესმის ის, რისი თქმაც შენ გინდოდა,
მაგრამ ვერ მითხარ, გაქვავდა წამი,
გულმა მრავალგზის შვება ითხოვა
და ნაოცნებარს წაართვა თავი.
ცისფერ ბაგეებს ლოცვად მოსწყდება,
ბალიშის ნაცვლად დამიდებ მკლავებს,
ვთრთი და ვკანკალებ შენზე ოცნებით,
ნიავის კოცნა ამიმღვრევს თვალებს.

Tuesday, November 19, 2013

გულისცემა მესმის შენი...

გულისცემა მესმის შენი,
თუმცა ისე შორსა ხარ,
შემომხვიე ნაზად ხელი,
მე ხომ იის კონა ვარ.
შენი სუნთქვა თავბრუს მახვევს,
სიზმრებს თავს ვერ ვანებებ,
დაგიგია ყველგან მახე,
სიმწრით თვალებს ვაცეცებ.
შენ ცაში ხარ, მე კი- ქვევით,
ცისარტყელას ხიდი გვაქვს,
სანთელს ვანთებ ცხარე ცრემლით,
შენ ხომ ფერად ნისლში ხარ.

დაიჩოქე საქართველო, მამა მოდის!

დაიჩოქე, საქართველო, მამა მოდის,
შემოაცვდა ანაფორის კალთას ლხენა.
ჭმუნავს გული, სულს ატყვია ნატყვიარი,
ფეხქვეშ მიწა იისფერი კადრით ქრება.
სიონიდან მოტირალთა ისმის ზარი,
ღვთის დედაა, სევდიანი, აფრქვევს ცრემლებს,
მძლავრობს მტერი, ერი ისევ იტანჯება...
გმირებს პატივს იმქვეყნად თუ მიაგებენ.
დაუნგრიეს ჩვენს ერდოზე მერცხლებს ბუდე, -
რომ მოფრინდნენ, მერე საით გაეშურონ?!
ბრძენი კაცი ათასობით ბარტყს აპურებს,
კვლავ მოიწვევს მშენებელს და კირითხუროს.
გასწით მთები, ერის მამა მობრძანდება!
მზემ ცხრა ფეხი აიკრიფა, მორცხვობს ძლიერ,
ბნელი ღამეც ოდესმე ხომ გათენდება, -
ჩვენს სახლებში რწმენის მადლი გაიბრწყინებს!

Friday, November 15, 2013

შვილებს!

ის ტვირთი უნდა ზიდოთ, შვილებო,
რაც მე ვერ შევძელ და ვერა ვზიდე,
მინდა სიმძიმე შეგიმსუბუქოთ, -
ცოდვა ვასწორო, დრო დამრჩა კიდევ,
გულიდან მოდის სიტყვები წყებად,
ჩემი ცხოვრების საზრისი თქვენ ხართ,
ფიანდაზები გაგეგოთ ფეხქვეშ,
რომ ბოროტებამ არ გდიოთ ფეხად.
ღმერთო, შემინდე, გზა მომეც ფართო,
(უკან მქაჩავენ ძალები ბნელი),
ჩემს შვილებს მიეც ზურგი ძლიერი
და გაუწოდე სიკეთის ხელი.

რეზოს ბურთი (საბავშვო)

დაბზრიალდა რეზოს ბურთი,
გაგვიხეთქა ყველას გული,
ახტა, თვალებს მიეფარა,
ფანჯრის მინას ზურგი აჰკრა,
ჩაამტვრია, ჩაამსხვრია,
ნატეხები თვალებს გვჭრიან,
მერე სახლში დატრიალდა,
სკამს, მაგიდას გვერდი გაჰკრა,
ახლა სარკეს მიეხეთქა,
ჩამოიმსხვრა სარკე ხელად,
ბებოს რისხვას შიშით ველით,
ჩვენ ყვირილით ჩაგვწყდა ყელი.

Tuesday, November 12, 2013

აღარ გსურს ძილი

მაგ ცხელ სხეულში ჩაიფსკვნება ლურჯი ვენები,
ტკივილიც თითქოს რიტმულია კარგა ხანია,
იძინებ, დგები, არ გეშვება, აღარ გპატიობს,
იმასაც ნანობ, ცხოვრებაში რაც გაპატია.
მთვარეს შეჰყურებ, როგორც მცურავს, - შხამს ანთხევს მხოლოდ,
წვეთ-წვეთობით რომ შედის სისხლში, გიბინდავს თვალებს,
აღარ გსურს ძილი, გირჩევნია ტკივილით მოკვდე, -
ჩამოიშორო ის ლაქები, ჭუჭყად რომ გადევს.
ადნები საწოლს, იღვენთები, როგორც სანთელი,
არ გიყუჩდება სიზმარშიაც, გღალატობს გონი,
ასობით კითხვას, დასმელსა და, ხშირად, დაუსმელს,
ლურსმნებივით რომ ჩაგრჭობია და გაცლის ღონეს,
ეჯაჯგურები, ხორცს აყოლებ, ხანდახან სულსაც,
ქანცგაწყვეტილი გაიძრობ და გაჰყვები ნაპირს,
რომელსაც იქნებ, არც მიჰყავხარ, მგონი, არსაით,
თუმცა ხომ ცდილობ და იმედი თანა გდევს მაინც.

Sunday, November 10, 2013

მე კი გაზაფხულს ველი!

ჩამოეცალა ფოთლები ხეებს,
ქერქი დააზრო სიცივემ, ყინვამ,
გაყინულია ძარღვებში სისხლი,
ცრემლი მოჟონავს ზეციდან წვიმად.
ქარს მარტოობის სურნელი მოაქვს,
კვამლმა შეჭამა ოცნების ხედი,
ბუხართან კატას ლამაზად სძინავს,
მე კი ნაღველით გაზაფხულს ველი.

მე შენთან მოვალ!

მე შენთან მოვალ, დამაგლეჯენ ზვირთები მკლავებს,
იქნებ ვეღარ მცნობ, დაგავიწყდი დიდი ხანია,
მოვარდნილ გრძნობებს, როგორც ზღვაში ნაფოტებს წყალი,
გადმოისვრიან ამ სხეულის ყველა უჯრედით
რეცეპტორები, დამწყდარ ნერვებს რომ აბარია.
ჩემს მოგონებებს შემოვიცმევ, როგორც სამოსელს,
მონატრება კი თავს მევლება ფრთათეთრ თოლიად,
ნუ კი გამკიცხავ, ჩემო კარგო, გულით დამლოცე,
თავი ვანებო უცხო ქვეყნად ტანჯვა-ბორიალს
და მივაკვლიო სასურველის ადგილსამყოფელს,-
- ზღვის სამეფოში უფლისწულის ტახტი გქონია.

Saturday, November 9, 2013

ჩვენს აფხაზეთს

სევდით ისევ დაცვარულა მინდვრები,
საუკუნემ ჩვენთან ვერა გააწყო,
ჩაქრებიან ხიდის გაღმა ფიქრები,
ჩვენ წარსულის მოგონებებს ვთავაზობთ.
არ წაშლილა კვალი ჩვენი ერთობის,
ჩვენ ორივეს ერთი ძუძუ გვდებია,
ფრთებს შეისხამს სიყვარულის მერანი
და საზღვრები მზის სხივებზე ქრებიან.


ზამთრის ეტიუდი

ვხედავ, გარეთ თოვლის ფიფქი თამაშობს,
თავის წილი აუკენკავთ ჩიტებს,
დაბურულ ცას ჩემს სიმღერას ვთავაზობ,
მზის საყელო შემოადნათ ფიფქებს.
თეთრმა თოვლმა გადაფარა მიდამო,
ერთი გახდა დედამიწა, ზეცა,
მე კი ლამაზ ოცნებებთან ვთამაშობ,
ჩიტი კიდევ თოვლის გუნდას კენკავს.

Thursday, November 7, 2013

ნეტავ. სიკეთედ მაქცია!

სამშობლო ზოგიერთისთვის
ძნელად საკითხი წიგნია,
ობლისთვის ლუკმის გაყოფას
ზედმეტ გმირობად ითვლიან,
სადღეგრძელოში იტყვიან:
"ხალხზე ზრუნვაში ვათენებ",
კაზინოებში გართობა
ეშმაკისაკენ ახედებთ...
ხორცს გახრწნის,
გულსაც დაგესლავს,
სულს შეაშფოთებს ნანახი,
ნეტავ, სიკეთედ მაქცია, -
დრო მოვიყვანო ნანატრი.

Monday, November 4, 2013

მახსენდება დედაჩემის თავსაფარი...

მახსენდება დედაჩემის თავსაფარი,
შემოდგომის ფერებივით ჭრელზე-ჭრელი,
ცისკარივით ანთებული ნაზი სახე,
იავნანა - ცის ფრინველი გადამფრენი.

ბავშვობა და ბევრი ტკბილი მოგონება,
ჩემი ძმები - ღელის პირას ბადით ხელში,
პაპაჩემის თეთრი ცხენი, უზანგებით,
ოდა-სახლი აკინძული ფოლაქებით.

შევინახავ მოგონებებს, როგორც სიზმრებს,
იმ ქვეყანას მამაჩემი გრდემლზე ჭედავს,
იქნებ ისევ დავუბრუნდე მშობელ კუთხეს, -
დაღრეჯილ კარს დასტყობია პირზე წყენა.

მეომარი ვარ!

თავი ამიწევია და ავადობას ვებრძვი,
მეომარი ვარ სიღატაკესთან, არაადამიანობასთან,
ჩემს სურვილებს ქაღალდზე ვწერ და ბოთლში ვაგდებ.
მდინარეს ის ცხრა მთას იქით მიაქვს,
იქნებ დედამიწაზე გაქრეს ყველაფერი ცუდი,
სურვილი ხომ ძალიან მნიშვნელოვანია,-
იქნებ ყველამ ერთად მოვინდომოთ!

Sunday, November 3, 2013

ზარს ჩამოჰკრავს გაფრთხილებით მაღლა ღმერთი

ამ სამყაროს შემოაცვდა თითქოს ჩოხა, -
იღვენთება, ახალ სამოსს ვეღარ ირგებს,
ზეცას მისწვდა აზიური ცათამბჯენი,
ევროპა კი იდეალებს ახალს იძენს:
დახურდავდა კაცობა და ვაჟკაცობა,
ფულის სუნზე დაგეშილან ძაღლებივით,
ზარს ჩამოჰკრავს გაფრთხილებით მაღლა ღმერთი,
ჩვენ კი ლოცვას თავშალივით მხრებზე ვიხვევთ.

Saturday, November 2, 2013

ზამთრის ბოლო

მანდილივით ჩამოცურდა კლდიდან თოვლი,
შემოეხვა დედამიწას სათუთ მხრებზე,
გზას მიაპობს გულისაკენ წმინდა წყალი, -
მზე უკოცნის საქართველოს სათუთ ხელებს.
დავარდნილა ტალახივით ეშმა ფლიდი,
აუვსია სიბინძურით შავი ორმო...
თეთრი თოვლი, ანგელოზის ფრთებზე მჯდარი,
უკვდავებად გადააქცევს ზამთრის ბოლოს.