Monday, February 26, 2018

ჯავრი

ჯავრი - ქვეყნად ყველას ხვედრი,
მეუბნება ახლაც ყვედრით,
- უჩემოდ თქვენ ვერ მიხვდებით,
რომ არსებობს ქვეყნად ღმერთი.
ქეიფსა და სმა-ჭამაში
გაილევა თქვენი დღენი,
არ მორჩება ზოგი ძილს და
ტახტზე გდებას ქონის გდებით.
დაივიწყებს ბევრიც ცოლ-შვილს, -
ეშმაკს უხდის ამით ღალას...
გულს გიწყალებთ მიტომ ჯავრით,
გულს მდუღარე შანთით ვღარავ.
მიტომა ვარ ყველას ხვედრი,
გაიხსენოთ იქნებ ღმერთი,
ცისკენ თვალი რომ აღაპყროთ,
სატკივარი უფალს ანდოთ.
ვინ წასვლია ჯავრთან ჭიდილს,
მაგრამ შვება ჰპოვა ბევრმა,
თუ ხანდახან უსმენთ სინდისს,
განუგეშოთ იქნებ ღმერთმა.









Saturday, February 24, 2018

ჭურებს სძინავთ

ჭურებს სძინავთ, საწნახელში
ჯერ წვენი არ დაიწურა,
ელოდება რთველს და ნადიმს
კაციცა და ძაღლი მურა,
მაჭახელას შემოძახილს
გაიგონებს ვაზის ჭიგო,
დაგვირიგებს თითო მტევანს,
მწე და ძიძა ტყუილად იყო?!
გაიღვიძებს დიდი ჭურიც
და ზმორებით გვეტყვის სალამს,
ტკბილი წვენი ჩამასხითო,
იმ ცარიელ სტომაქს მალავს.
გაივსება ლხინით ეზო,
მარნის კარებს ქარი აღებს,
ჩხავერი და რქაწითელი
ტოლს არ უდებს ზურმუხტ-ლალებს,
დამაჭრდება, დაღვინდება,
აამღერებს კაცს და ასულს,
დაგვილოცავს წლებს მომავალს,
ნაჯაფარსაც, უკვე გასულს.





,
,



Friday, February 23, 2018

ღარავს მიწას წვიმის ღვარი

ღარავს მიწას წვიმის ღვარი,
წაუღია ღვარცოფს ღორი,
ისევ იხდის გლეხი ღალას,
სტიქიას ვერ ჯობნის ღონით,
ღადარში ვერ ცხვება პური,
კაცი გუდა-ნაბადს იკრავს,
ეღირსებათ, ნეტავ, როდის,
მშობლიური ცა და მიწა?!

Wednesday, February 21, 2018

მინდა, სახლი ავიჩინო...

მინდა, სახლი ავიჩინო,
საჩემოვ და თვალის ჩინო,
გაგიფინო ხალიჩები,
ბაღი გვქონდეს მხოლოდ ჩვენი.
რომ ხარობდეს იქ ჩინარი,
დარი იდგეს უწყინარი,
რომ ჩურჩულით გითხრა, ჩემო,
ედემში ვართ ახლა ჩვენო.
ღვთის მადლით და უფლის ნებით
სიყვარულის გვედგას დღენი,
თუ გვიმუხთლა ამ საწუთრომ,
შემოგვიწყრა მადლისმჩენი,
ტივს შევკრავთ და შორს გავცურავთ,
ქუდს მოვირგებთ უჩინმაჩინს,
აღარ გვესმას ჩვენ ეს ყოფა,
გავხდებით სულ უჩინარნი.
მაგრამ სანამ ღმერთი გვწყალობს
და შენს მკერდზე ტკბილად მძინავს,
ჩავიფიქრებ ჩემს ჩუმ სურვილს,
სახლი მქონდეს, თუნდაც ჩია.



Tuesday, February 20, 2018

ჩუმი იყო ჩემთვის ღამე...

ჩუმი იყო ჩემთვის ღამე,
ცეცხლი კრთოდა მოღიმღამე,
შენი მზერა, თითქოს თბილი,
როდი ჰგავდა ნამდვილ ღიმილს?!
წვიმა ღვრიდა ცრემლის ღვარებს,
ატირებდა ქარი ღარებს,
საკინძეზე ამწყდა ღილი,
შენთვის მხოლოდ ქვა და მღილი.
ჩუმი იყო ჩემთვის ღამე,
სანთლის ალზე მოღიმღამე,
დაგველია გრძნობის დენთი,
თითებს აჰყვა სანთლის ღვენთი,
ჩემთან იყო მხოლოდ ღმერთი,
დავრჩი ობლად, ისევ ერთი.



Monday, February 19, 2018

თავზე დამატყდა თოვა და ნდომა

თავზე დამატყდა თოვა და ნდომა, -
ბავშვებთან ერთად გუნდებით ხელში
დავსეტყვო სახლთან პატარა გორა,
ციგებზე მსხდომებს თოვლს ვაყრი პეშვით.
მინდა, დავბერტყო ტვირთისგან ხენი,
ხელისგულებით გავწმინდო ბუჩქი,
პირში ჩავიდო ყინვის ლოლუა,
შაქარლამაა ის დღესაც ჩემთვის.
სახლში მისულებს ხელს გვითბობს მამა,
სულს ჩაუბერავს თითოეულ სისხლძარღვს,
დედა გაგვაძრობს ნესტიან წინდებს,
დალოცავს მქსოველს და ძაფის მთრთილავს.
თავზე დამატყდა ფანტელთა გროვა,
ვხუჭავ თვალებს და ვერ ვხედავ ზეცას,
თვალებს მიფარავს ფიფქების ჯარი,
ცრემლებში ტყდება, ვით დროთა კვეთა.





Friday, February 16, 2018

თეთრი კნუტი (საბავშვო)

- პაპა, შენ ხომ არ გინახავს,
ჩემი  თეთრი კნუტი?
დილით ერთად ვთამაშობდით,
დამრჩა ნერგთან თუთის,
იქნებ ვინმემ წაიყვანა,
ჩაიპურჭყნა მუჭში,
მერე ვიღას ვეთამაშო,
მურიკელას უნდილს?
- ჩემო გოგო, არ გცოდნია
გაფრთხილება კნუტის,
მამალმა რომ უნისკარტოს?
მიეცემა წუხილს,
ანდა ვირმა წიხლი გაჰკრას,
სხვამ ითრიონ კუდით?
ფაქიზსა და ბამბის ქულას
დააჩნდება წყლული,
აქ არის და წაიყვანე,
რომ არ დაგწყდეს გული,
მაგრამ სხვა დროს, რომ იცოდე,
გაგექცევა კნუტი.
,