როგორ გაჩნდა გვირილა დედამიწაზე!
ცაზე თეთრი ღრუბლები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ, გადადიოდნენ, გადმოდიოდნენ, ქარმა ერთად მოკრიფა ეს ყურუმსაღები და წინ გაირეკა, როგორც მწყემსმა ცხვრის ფარა. ჩამორჩა ერთი ღრუბელი, მარტოდმარტო მიჩანჩალებს ცაზე. სად იყო და სად არა, შავი ღრუბელი გამოჩნდა, გამოედევნა თეთრს, მისდევს, როგორც მგელი კრავს.
ქვემოდან უყურებს ამ ყველაფერს დიმო. ეცოდება თეთრი ღრუბელი, არ სტაცოს პირი შავმა და არ ჩაახრამუნოსო. ცა ნელ-ნელა შავმა ღრუბლებმა დაიკავეს. ბიჭმა შავ
ღრუბლებში შემალულ მზეს სთხოვა: გამოდი, მიეშველე პატარა თეთრ ღრუბელს, შავი ღრუბელი გააქრეო. ესმის დიმოს თხოვნა მზექალს, უნდა ბიჭს დაეხმაროს, მაგრამ ხელ-ფეხი გაუკრეს შავმა ღრუბლებმა, ცალი თვალით გამოიჭყიტება, რამდენიმე სხივს გადმოაგდებს და ისევ მიიმალება. ქარმა თეთრი ღრუბლები შორს გადარეკა, მხოლოდ მაჩანჩალა თეთრი ღრუბელიღა ჩანს ცაზე.
წამოჟინჟლა.
თეთრი ღრუბელი უფრთხის შავებს. კანკალებს, ეშინია. მაინც არ ტოვებს ცათა სივრცეს, იქნებ ჩემები მოვიდნენო. ბიჭმა ახლა ქარს სთხოვა დახმარება, გეხვეწები, თეთრი ღრუბლები დააბრუნეო. შეისმინა ქარმა ბიჭის თხოვნა. თეთრი ღრუბლები უკან გადმორეკა. ქარბორბალამ შავი ღრუბლები სხვა მხარეს წაიღო, წვიმას ხომ ბევრგან ელიან.
დიდებულად გამობრძანდა მზე ცაზე და ოქროს ტახტზე დაბრძანდა. ნაზირ-ვეზირებივით მიეახლნენ თეთრი ღრუბლები, ფერხთით წამოუწვნენ, გვიბრძანე, რა გავაკეთოთო.
– მომგვარეთ, პატარა მაჩანჩალა ღრუბელი! - ბრძანა მზექალმა. მაშინვე მოიყვანეს დიდმა თეთრმა ღრუბლებმა.
- ვინაიდან თეთრ ღრუბლებს ჩამორჩი, მაგრამ შავებსაც არ შეერიე, ჩემო პატარავ, - ალერსით უთხრა მზემ ღრუბელს, - მინდა დაგაჯილდოვო და ყვავილად გადაგაქციო, ჩემფერი გული გექნება, თეთრი ფურცლები და სიყვარულის ყვავილს დაგიძახებენ! - თქვა მზემ, ხელი მიარტყა პატარა ქუნქულა თეთრ ღრუბელს და მიწაზე ისროლა. დაიფანტა ღრუბელი ათას ნაწილად მთელ დედამიწაზე.
დიმოსაც ქარმა ღრუბლის ფთილა მიაწოდა ხელში, მზემ გამოგიგზავნაო, დახედა დიმომ საჩუქარს, ხელში თეთრი ყვითელგულა ყვავილები ეჭირა.
- ნეტავ, რამე ახალი ყვავილი თუ არისო, გაიფიქრა ბიჭმა, მოჭუტული თვალებით შეხედა მზეს, ხელი დაუქნია და თავი დაუხარა მადლობის ნიშნად. მერე ქარს გადაუხადა მადლობა, თეთრ ღრუბელს რომ დაეხმარა. რა იცოდა, რომ ხელში სწორედ იმ ღრუბლის ნაფლეთი ეჭირა.
ამ მზისგულა ყვავილს ჩვენთან გვირილას ეძახიან.
- ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, - გაიძახიან მთელი დედამიწის გოგო-ბიჭები და მართლაც, ამ მინდვრის ყვავილს სიყვარულის ყვავილი შეარქვეს.
,- ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ
ყვავილიან ველიანს?!
- დიდებო და პატარებო,
გვირილები გელიან!"
მღერის საქართველოს მთა-ბარი.