Sunday, November 30, 2025

მინიმა

 ყოფის მონები გავმხდარვარ ყველა,

დრო არა გვრჩება ერთურთით ტკბობის
და სანამ ჩვენთვის ვარსკვლავი ელავს,
ხელი ჩამჭიდე, ვიცეკვოთ, მოდი!
მაია დიაკონიძე

Wednesday, November 26, 2025

სალაღობო

სალაღობო
თითქოს ნატყვიარია
შემოდგომის ღრუბლები,
ცრემლებს ისვრის სევდიანს,
საყვედურს ვეუბნები: -
თუკი როცა მზე არის,
მეშაშვ-მებულბულები,
მაგ ცრემლების მაგივრად
გადმოყაარე გულები.
მაია დიაკონიძე
30.10.2025 წელი

Tuesday, November 25, 2025

იქ, სადაც ჩემი მიწა იწყება! (პატრიოტული)

იქ, სადაც ჩემი მიწა იწყება!
გადაიარეს უკვე წვიმებმა,
არ იმალება ცხვარი იწროში,
იქ სადაც ჩემი მიწა იწყება,
ზარების ხმაა ერწოს სიონში,
ფშაველთხეობა შეიკრა მუშტად,
მთვარე ანათებს ივრის ნაპირებს,
თვით ხევისბერი გასცქერის კუშტად,
ამ მიწის ღალატს ვინც დააპირებს.
მაია დიაკონიძე
24.11.2025 წელი


Saturday, November 22, 2025

მე მკლავს

 მე მკლავს

მე მკლავს უსასრულობა
ბოროტის და სათავე
ჩვენს გულშია ისევე,
როგორც ქარში ხმაური,
დაჭენაობს კლდეებში
და არც ქალაქს ახარებს,
სადაც კი ის გაირბენს,
არის აურზაური.
თეთრ ყვავილებს ვეტრფოდი,
როგორც ზღვები თოლიას,
ჩემთვის სისპეტაკეა
სილამაზის საგანი,
სიყვარული იმისი
დედით გამომყოლია,
თუმცა ნაზი გრძნობების
მტერი არის მავანი.
როცა ტყე დაიფარებს
თოვლის ფრთათეთრ სუდარას,
და ჩამოჰკრავს ბოლნისით
კვლავ სიონის ზარები,
ვიცი, ბნელი გაქრება,
ცა შეისმენს მუდარას,
ყვავილივით უწყალოდ
მიწაზე არ დავზრები..
მაია დიაკონიძე
20.11.2025 წელი







Friday, November 21, 2025

მინიმა

 ვიცი, სული სხეულზე ბევრად უფრო მჩატეა,

სხეული კი სულისთვის ხუნდია და სალტეა,
სამოთხეში, მე ვფიქრობ, უფრო სიხალვათეა,
იქ არიან ნეტარნი, ოქროპირი მნათეა.
მაია დიაკონიძე
20.11.2025 წელი

შეჩერდა წამი, სატრფიალო

შეჩერდა წამი
მე შენს მკლავებში ისე ჩავეშვი,
როგორც ჩანჩქერში ჭრელი კალმახი,
მზეს უგალობდნენ ხეზე შაშვები,
ვით ჩოხოსნები მზა ალმანახში.
გადაჰფენოდა ცხვარი იალაღს,
ნიავს მოჰქონდა ველის სურნელი,
ვნებების ქარმა გადაგვიარა,
შემოგვიკიდა ცეცხლი კუნელის.
სუნთქვაშეკრული შეჩერდა წამი,
მზე შუბისტარზე შედგა შემკრთალი,
ვით იაზონი, ეძებდა საწმისს, -
გრძნობებისგან ოდნავ ფერმკრთალი.
ჩვენ სიყვარულის მივყავდით ტალღას,
შემოდიოდა სინათლის ღვარი,
ვეგებებოდით სიცოცხლეს ახალს
და იშლებოდა ჩვენ შორის ზღვარი.
მაია დიაკონიძე
21.11.2025 წელი

Wednesday, November 19, 2025

სიმღერა (ხალხურ მოტივებზე)

 სიმღერა

(ხალხურ მოტივებზე)

ის – ცა და ღრუბელი, მოლი – მე,
ფიქრები მაყრია ხუნდებად,
ვაჟიკას სიმღერას მოვისმენ,
სიტყვები არ გაუხუნდება.
ყოველთვის მზადაა ვუყვარდე,
ამიყვანს ჩიტივით ზეცამდის,
ხევის პირს ჩავყვები მურყვანებს,
დამხვდება ყვაილი ფერადი.
მოვა და მკლავებში მამიქცევს,
ვწუხდები, რა მალე ღამდება,
არც მზე დამიწუნებს საქციელს,
მივალ და დავჯდები მთვარედა.
მაია დიაკონიძე
24.01.2023წელი

Wednesday, November 12, 2025

გაფრენა მთვარეზე (ზღაპარი)

 

                                                          გაფრენა მთვარეზე

ერთ დილას პატარა ფუმფულა ძაღლი,  სახელად ტოტი, ეზოში თამაშობდა, როცა კაცის ხმა გაიგონა:

— ბუშტებიიი! მოდით, შეიძინეთ ფერადი ბუშტები!..

ცნობისმოყვარეობამ სძლია და იქით გაიქცა, საიდანაც ხმა მოდიოდა. ქუჩის კუთხეში ერთი ხანშიშესული კაცი, სოსო ბაბუას ეძახოდნენ, ფერად ბუშტებს ყიდდა.

წითელი, ლურჯი, ყვითელი, მწვანე ბუშტები ცაში ირწეოდნენ, თითქოს ცეკვავდნენ.

ტოტის თვალები გაუფართოვდა.

- ვაიმე, რა ლამაზები არიან! - გაიფიქრა და კუდი სიამოვნებით ააქიცინა.

სოსო ბაბუამ გაუღიმა, თავი დახარა და ჩუმად ჰკითხა:

— აბა, ჩემო პატარა მეგობარო, შენც გინდა ბუშტი?

ტოტიმ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, მერე უეცრად ბუშტების თოკს ჩაავლო პირი და ერიჰა!.. ათი ბუშტი ერთად აფრინდა ცაში, ტოტი კი მათ ზედ ეკიდა!

სანამ ვინმემ რაიმეს თქმა და გაკეთება მოასწრო, ბუშტებმა ტოტი ჰაერში აიტაცეს!

— ოოო! ააა! — ყვიროდა ტოტი და თვალები სიხარულით უციმციმებდა.

ქვემოთ ადამიანები თითს იშვერდნენ ცისკენ:

— ნახეთ, ძაღლი მიფრინავს ცაში!

— ნამდვილი კოსმონავტია ტოტი! — იცინოდნენ ბავშვები.

ბუშტები უფრო და უფრო  მაღლა ადიოდნენ.

გადაიფრინეს ქალაქის თავზე, მერე ღრუბლებზე…

დაღამდა კიდეც.

და აი, ტოტიმ დაინახა უზარმაზარი, მრგვალი, ნათელი მთვარე!

— ოოოოო, ესე იგი მართლა არსებობს მთვარე!  მე კი ქვევიდან რომ ვუყეფდი, ბუტაფორია მეგონა! — წამოიძახა გაოცებულმა.

ბუშტებმა ნელა ჩამოსვეს ძაღლი მთვარის რბილ ზედაპირზე.

ტოტი ჩამოხტა და ფეხქვეშ რაღაც ფაფუკი იგრძნო. თათები მიუსვ-მოუსვა, ფხვიერი მტვერი მიეკრო ბალახივით.

უცებ მოშორებით პატარა გოგონა დაინახა, გრძელი აპრეხილი ნაწნავებით და ცალ-ცალი წინდით.

— პეპი გრძელწინდა ხომ არ არის? — გაკვირვებულმა ჩაიჩურჩულა ტოტიმ.

გოგონამ გაუღიმა. მთვარეზე ცეცხლი გაეჩაღებინა, ღუმელი გუზგუზებდა, ნაპერწკლები ცვიოდა ფხვიერ მტვერში და შავ ნაკვალევს ტოვებდა.

„არ გადაწვას მთვარე ამ ცელქმა გოგომ!“ — გაიფიქრა ტოტიმ და სასწრაფოდ მასთან მიირბინა.

და მართლაც, მთვარეზე ცეცხლის გამჩაღებელი ვინ იქნებოდა, თუ არა პეპი მაღალიწინდა!

ახლად მისულ ძაღლს პეპი ყურებამდე ღიმილით შეეგება, ღუმელი გამოაღო და იქიდან ლანგარი გადმოიღო  თეთრი, მთვარის ფორმის ნამცხვრებით. ზოგი ნახევარმთვარეს ჰგავდა, ზოგი კი სავსეს.

— გასინჯე, ტოტი, ჩემი გამომცხვარი მთვარის ნამცხვარი, — სიცილით მიიწვია პეპიმ პატარა მაგიდასთან.

მიუსხდნენ პეპი და ძაღლი მაგიდას, იქნებ თქვენც დაგინახავთ ეს სცენა, ბავშვებო, როდესაც მთვარისთვის შეგიხედავთ?

ტოტიმ გემრიელად მიირთვა ნამცხვარი, ხრაშუნა და საოცრად გემრიელი იყო.

— ოოო, ეს რომ დედამიწაზე ჩამეტანა, ყველას მოეწონებოდა! — თქვა ტოტიმ.

 

ამ დროს ბუშტებმა ნელ-ნელა დაპატარავება დაიწყეს.

— ტოტი, დროა დაბრუნდე, თორემ შენი ბუშტები დაიჩუტება, — უთხრა პეპიმ.

ტოტომ მოიწყინა.

— დავბრუნდები! — დაჰპირდა პეპის და ისევ ჩაეჭიდა ბუშტების თოკს.

ნელა, ფრთხილად დაიძრა ადგილიდან ძაღლი. პეპი გრძელწინდა ხელს უქნევდა და ეძახდა:

- კიდევ მეწვიე, მეგობარო, აქ დაგხვდები და მთვარის ნამცხვრებით გაგიმასპინძლდები.

     მთვარე ნელ-ნელა უკან რჩებოდა. ტოტი კი ბედნიერი იყო, მან ხომ პეპი მაღალიწინდა გაიცნო, მთვარის ნამცხვრებიც გასინჯა და მთვარის მტვერიც ნახა, როგორი იყო.

როცა მიწაზე დაეშვა, უკვე გათენებულიყო.

ბავშვები გარს შემოეხვივნენ. ტოტი მხიარული ყეფით ეუბნებოდა:

„სხვა დროს თქვენც წაგიყვანთ მთვარეზე სამოგზაუროდო!“

მაგრამ ბავშვებიდან მხოლოდ პატარა ნია მიხვდა, რას ამბობდა ტოტი.

ტოტის ყელზე ჩამოეკიდებინა პატარა პარკი, რომელშიც მხოლოდ ერთი ნამცხვარი იდო  ნიასთვის.

აბა, მეტი რომ ჩაეწყო, დამძიმდებოდა, დედამიწას ტყვიასავით დავეცემოდი და შუაზე გავხლეჩდი, — ასე იმართლებდა თავს ტოტი სხვების წინაშე.

                                                 

Monday, November 10, 2025

აღარაფერი მაკვირვებს!

აღარაფერი მაკვირვებს!
ვერ დაიმოყვრებ ძალათი,
გაგიმეტებენ საკირედ,
მაგრამ მეგობრის ღალატი?!
აღარაფერი მაკვირვებს!
ვერც სიყვარულით მოიმკი,
ესეც ყოფილა არაკი,
ბედი, ვით ქუჩის როსკიპი,
გვდევს სინანულის ზვარაკით.
ქარი შემხვდება ალაფით,
ტკივილი ზოგჯერ მაკივლებს,
მაგრამ მეგობრის ღალატი?
აღარაფერი მაკვირვებს!
მაია დიაკონიძე
10.11.2025 წელი

ნეტავ რა ჰქვია?! (სატრფიალო)

ნეტავ, რა ჰქვია?!
გულში იმედის ნათელ მზეს ვხალავ,
მადლობა უფალს, თუკი გიყვარდი,
მოცელილ ბალახს ბზის სუნი ახლავს
და ,,წელიწადის დრონი" ვივალდის.
ჩემი ჭრელკაბა გაზაფხულს მიაქვს
და თმაჭაღარა მოდის ზამთარი,
იმ სევდის ზარებს, ნეტავ, რა ჰქვია,
რომ ჩამფრენია, როგორც აფთარი.
ჟამი კი გადის, არ უყვარს მოცდა,
ისევ შორია ცისფერ ნისლამდის,
სამყარო ზღაპრულ თილისმას მოჰგავს,
ვით ,,წელიწადის დრონი" ვივალდის.
მაია დიაკონიძე
10.11.2025 წელი

ვითომ სახუმარო

 ვითომ სახუმარო

ზოგი ახლა ბერლინშია,
ზოგიც კიდევ ჰააგაში,
მისია კი იმაშია,
ვსეირნობდე ჩემს ცხინვალში.
დრო და ჟამი არ ჩერდება,
ჯამბაზივით ოხუნჯია,
ბოლო ჩემი გაჩერება
უსათუოდ სოხუმია.
მაია დიაკონიძე
10. 11. 2025 წელი

Saturday, November 8, 2025

მიძღვნა ბატონ ელგუჯა ციგროშვილს, ავტ. თენგო ფანცულაია

 უსიერ ტყეში პოეზიისა,

გამოჩნდა ნაშრომ- განაკაფია,
ვნახე, შევუქე გუჯა ციგროშვილს,
სხარტულები და თბილი კაფია.
როგორც შენ ამბობ, სადაც დადიხარ,
შენი სამშობლო დაგაქვს სხეულით,
და კარგად ვიცი ერს ეფერები,
ძარღვიან ლექსით გამორჩეულით.
თ.ფ.

მინიმა

მე შენს მზერაზე დავები,
ცაში მზის სხივზე ვკიდივარ,
ტაძარში ვდგავარ სამების,
ახლა ყველაზე დიდი ვარ.
მაია დიაკონიძე
5.11.2025 წელი

მინიმები

 მინიმები:

მე შენს მზერაზე დავები,
ცაში მზის სხივზე ვკიდივარ,
ტაძარში ვდგავარ სამების,
ახლა ყველაზე დიდი ვარ.
-----------------------
არ ვიცი, რატომ უმართლებს ბოროტს,
კეთილს რად უდგას სიავის ჟამი,
განჭვრეტის ნიჭს ნუ წამართმევ ოღონდ,
მკვდარს არ დამიდგეს განკითხვის წამი.
-----------------
სიკეთის თესვა არ არის რთული,
ადამიანის თუ დაგყვა გული.
--------------------------------
სიყვარულისთვის ვიბადებით, სიცოცხლისათვის,
მაგრამ ზოგიერთს შხამიანი ხვდება ისარი,
არ დაგენანოს ლუკმა შენი ღვიძლი ძმისათვის,
სამოთხე იყოს შენი ბოლო, არსი, მიზანი.
მაია დიაკონიძე
5.11.2025 წელი

მტერი გვზვერავს!

მტერი გვზვერავს უკვე შიგნით,
ისრის სროლა რომ დაგვასწროს,
თვალი საზომად აქვს მიწის,
სურს ცხვირ-პირი დაგაკაწროს.

შენ რად უშვერ მხარს და ლოყას,
რად იქეცი ყმად და რიქშად,
შენ ბაღნარში ვაშლი მოჰყავს,
სადაც დიდი ვაჟა იშვა.
მაია დიაკონიძე
7.11.2025 წელი

აღარაფერი მაკვირვებს

 აღარაფერი მაკვირვებს

აღარაფერი მაკვირვებს
და მაინც გაგიკვირდება, -
ქუსლში დაჭრიან აქილევსს,
მოყვასი აგიხირდება.
შენი მტერი და მოძულე
ცაში გაფრენას გპირდება,
შენი სიკვდილის მოსურნე,
სიზმრად მოგივა ირმებად.
მაია დიაკონიძე
6.11.2025 წელი

Thursday, November 6, 2025

არკანზასის საავადმყოფოში (მინიატურა)

 

არკანზასის საავადმყოფოში

  ღამით საავადმყოფოს პალატაში ავადმყოფი შემოიყვანეს — უგონო, ტკივილებით სახეაწეწილი კაცი. მედდამ დანანებით წარმოთქვა: ,,Poor man…მეორე საწოლზე მწოლიარე ქართველ ქალს არ გამოჰპარვია ეს სიტყვები. „გადადებულია!“ — ჩაილაპარაკა. მძიმე ღამე იყო. ახალშემოსული ბოდავდა, შუბლზე ოფლი ასხამდა და ხრინწიანი ხმით ჩურჩულებდა: — დედა… წამიყვანე… ქალს სიცივემ და სითბომ ერთდროულად დაუარა ძარღვებში. „ქართველი ყოფილა,, ალბათ ემიგრანტია, გადარჩებოდეს, ღმერთო!“ ამ წუთებში ისე მოუნდა ქართული სიტყვის გაგონება, ყურს უგდებდა კაცის ყოველ ამოკვნესას… თენდებოდა. პაციენტმა თვალი გაახილა.  ქალმა ქართულად მიმართა: - როგორ ხარ?! კაცს გაშრალ ტუჩებზე ღიმილი მოეფინა და სუსტად იკითხა: — ქართველი ხარ? ქალმა თავი დაუქნია. — კი,… დიდი ხანია აქ ვცხოვრობ… კაცმა განაგრძო: — დიდი დღე აღარ დამრჩენია… ჩემების უნახავი ვკვდები, ჩემი ჯვარ-ხატის უნახავი. ფშაველი კაცი ვარ. აქ რა მინდოდა… ჩემო თავო.  მერე ისევ ბოდვა დაიწყო. ხელები ჰაერში გაშალა, თითქოს ვიღაცას ეძებდა. — დედა… მამა… აქ ხართ?.. პაპაჩემო, გამარჯობა… რამდენი ხანია არ მინახავხარ, მამხვიე, ხელ… ჩამჭიდე, კაცო, არ გამიშვა!.. ქალი საწოლიდან წამოდგა, მომაკვდავს მიუახლოვდა, თითქოს სურდა, ნათქვამიდან რამე არ გამორჩენოდა, მისი ხმა მარტო მას კი არა, მთებს,  შორეულ სოფელს გაეგონა. მისი ახლობლებისთვის მიეწვდინა.  უცებ იგრძნო — პალატაში რაღაც შეიცვალა. ჰაერი თითქოს ფშავის მთის სურნელით აივსო. ალპური მდელო, მდინარე არაგვი, სოფლის პატარა ეკლესია… ყველაფერი წამით იქ გაჩნდა, სადღაც თეთრ კედლებს შორის. „მგებრები მოვიდნენ,“ — გაიფიქრა ქალმა. — „ფშავლის სული გადაჰყავთ.“ მამაკაცმა ღრმად ამოიოხრა და ბოლო სიტყვები წარმოთქვა: — ახლა მაინც ვნახავ საქართველოს… აქა ხართ ჩემებო?  კვირიავ, ლუკავ, ბიჭურო, სანათავ,  ჯუღურავ. მე ისე დავკარგე სამშობლო, ხმალი არ გამიქნევია… ვაი, ჩემო თავო… ერთხელ ამოიხროტინა  და… სიჩუმე ჩამოწვა. საწოლის კიდესთან მდგარი ქალი დიდხანს იდგა უძრავად. მერე ფანჯრისკენ შებრუნდა. მზის პირველი სხივი მოელამუნა თეთრ ზეწარს და თითქოს ხოშარადან სახუთმეტო ძელის ანგელოზის ჩრდილმა გადმოინაცვლა არკანზასამდე. ქალმა ცრემლი მოიწმინდა და ჩუმად თქვა: — ხომ ნახე, შვილო, სამშობლო … მე ჯერ ვერა… ისევ გაისმა აპარატის წიკწიკი,  ქალს გულის რითმი აჩქარებოდა, თითქოს ორის გულისცემას აერთიანებდა: ერთის, ვინც სამშობლოდან შორს იყო, და მეორის, ვინც უკვე დაბრუნდა.

ავტორი: მაია დიაკონიძე

პირ. ნომერი: 01007010461

მის. თბილისი, წერეთლის გამზ. 99ა, ბინა 25

ტელ. 551080607

ელ.ფოსტა: maiadiakonidze1962@gmail.com

არ მაკვირვებს არაფერი

არ მაკვირვებს არაფერი,
სიტყვა ძვირი, უნიათი,
თქვი სიტყვები ასაფრენი
,,გული მიეც გულისათვის".

ზოგჯერ სიტყვა გულს მოგიკლავს,
დანის დარტყმის  ტოლი არის,
სისხლს დაადენს  თოთო თიკანს, -
უსმენ ქვითინის ოკეანის.

ის ტირილი ესმის უფალს,
ცა ჩამოდის თოვლის სახით,
რომ სიწმინდედ იქცეს გულთა,
აგუგუნდეს მთები ზავთით.




Wednesday, November 5, 2025

მინიმა

 მესიზმრა დიდი გალაკტიონი,

წისქვილი წყალზე სიმინდსა ფქვავდა,
მოხმაურობდა ჭალას რიონი,
დუმილი მკლავდა ხეთა და ქვათა.
მაია დიაკონიძე
5.11. 2025 წელი

Monday, November 3, 2025

მინიმა

 ნიჭიც უკვე ნაცნობობითაა,

უნიჭობას მოვერიოთ როგორ?!
მაია დიაკონიძე

ქართველი ქაღალდზე რჩება (პატრიოტული)

 ქართველი ქაღალდზე რჩება

მივუყვებით, ნისლებს ვჩეჩავთ,
გმირებით და სპაჯარით,
ქართველი ქაღალდზე რჩება,
მუზეუმში - აბჯარი.
ან ვინ მოგვცემს ისეთ რჩევას,
რომ ჩავაქროთ ხანძარი,
ავირიდოთ მავნე ჩვევა, -
არ დავტოვოთ ტაძარი.
მაია დიაკონიძე
3.11.2025 წელი




Sunday, November 2, 2025

რატომ ჰქვია ყვირილას ყვირილა (ავტორი: სოფიო ჭელიძე)

 ის მდინარის ერთ მხარეზე ცხოვრობდა, ვაჟი-მეორეზე. მოვიდოდა გაზაფხული, გაიშლებოდა ხევში ყვავილები, დაწნავდა მზევინარი გვირილების გვირგვინს, დაიდგამდა თავზე და ახლადაბიბინებული მინდვრებისაკენ გასწევდა. გამოიხედავდა მდინარის მეორე მხრიდან მწყემსი ჭაბუკი, დაინახავდა მზევინარს, ახლადაყვავებული ყვავილივით ლამაზსა და მშვენიერს, პირზე  რომ მზე ეფინება,  მნათობს რომ სილამაზეში ეცილება და გონება ეკარგებოდა. ოქროსავით ბრწინავდა ქალი და აბა, რა მოუვიდოდა ახალწვერულვაშაყრილ ყმაწვილს. სახლში მისულს ხან დიდო ცხვარი აკლდა, ხან -ბატკანი, მართალია, მერე გარბოდა საძებნელად და პოულობდა კიდეც, მაგრამ დაბნეული ხომ ნამდვილად იყო. ხან ვინ გაუგზავნა მაშვლად მზევინარს, ხან-ვინ, მაგრამ არაფერი ეშველა,-  თვითონ მოვიდეს, ვნახოო-იძახდა მზექალა.ბეჟანმა, როგორც იქნა, მოიკრიბა ძალ-ღონე მზეთუნახავთან შესახვედრად, გადაცურა მდინარე და ქალს ეწვია. მზევინარმა შეხედა ვაჟს და მოეწონა, გაიჩარხა მათი სიყვარულის ამბავი, ფუტკარი აბზუილდა სიხარულით, მთებმა ბანი მისცეს. ქალმა ვაჟს პირობა მისცა, გაზაფხულზე, როცა გადაიზამთრებს, ცოლად გამოგყვებიო. სიხარულით აუთრთოლდა გული მზეჭაბუკს. თავისი საქმე განაგრძო, კიდევ უფრო მეტი გულმოდგინებით უვლიდა ცხვარს, ახლა აღარ ეკარგებოდა, ცდილობდა მოგება გაეზარდა, ქორწილისთვის ემზადებოდა. მზევინარი იჯდა მდინარის გამოღმა მხარეს მისი სილამაზით გაბრწყინებულ ქოხში და მზითევს იმზადებდა, მზის ნაჩუქარი ოქროს სირმებით კერავდა და ქარგავდა ლოგინ-თეთრეულს, ღიღინებდა წყლის წისქვილი, მაგრამ ერთ დღესაც ოხვრა ამოჰყვა დოლაბს, გაუკვირდა მზევინარს, ნეტა რა ამბავიაო, ცუდი რამ ხომ არ ხდებაო?!
      მდინარის მეორე მხარეს მწყემს ბიჭს ცხვარი დაკარგვია, ღამით ძებნაში მდინარეს ჩაყოლიაო, ცხვარიც დამხრჩვალა და მწყემსიცო, ატირებულა მდინარე, აჰყოლია მზევიანარი, მათ ქვითინს წისქვილის დოლაბების ხმაც შეერთებია, ტირილი ყვირილად გადაქცეულა, მას მერე მოჩქეფს მდინარე, ხანდახან ქვითინს ყვირილსაც მოაყოლებს ხოლმე, ტყუილად არ შეურქმევიათ ყვირილა.
2015 წელი

მინიმები

 ***

იმ ჩემს სახლამდე ისე შორია,
სიზმარ-ცხადშიაც ვეღარ მივედი,
მე ღრუბლის დამყვა მელანქოლია,
სახლს სხვა პატრონის უჩანს იმედი.
მაია დიაკონიძე
2.11.2025 წელი
-------------------------
მინიმა
სულის პეიზაჟები ბლუზებით და ჯაზებით,
უკან მომრჩა, აქ ყოფნა გახდა საკან-კარცერი,
მიყურებს ვინ კეთილად, ვინაც კიდევ - ამრეზით,
იქნებ უფლის წინაშე მართალი ვართ არცერთი.
მაია დიაკონიძე
2. 11. 2025 წელი

მინიმები

 აღარ ახსოვთ სიტყვები

ილიასი, საბასი,
ერთი კარგი დოლი უნდათ,
ერთიც კარგი შაბაში.
------------------------
მყრალ გუბურაში ჩაახრჩვეს ლექსი
და ხროტინის ხმა გასროლად მესმის.
--------
შენ ვის აკადრებ ,,იწილო-ბიწილოს",
დაყრუებულო გველის წიწილო,
მთაწმინდას არ ყოფნის შენი ხმა სიცილად,
ვით რეგვნის ნაფურთხი, მხრიდან მოიცილა.
მაია დიაკონიძე
1.11.2025 წელი

მინიმა

 მივიწურები, ვით მზის სხივი ბნელთან ჭიდილში,

ქვეყანავ ჩემო, სამსხვერპლოზე ჩემს თავს მოგიტან,

და ხალხს მთვლემარეს და მდუმარეს ამ ძილ-ღვიძილში,

გამოვაფხიზლებ წამიერად თუნდაც შორიდან.

მაია დიაკონიძე

1.11.2025 წელი

მინიმა

მინიმა

სულის პეიზაჟები ბლუზებით და ჯაზებით,
უკან მომრჩა, აქ ყოფნა გახდა საკან-კარცერი,
მიყურებს ვინ კეთილად, ვინაც კიდევ - ამრეზით,
იქნებ უფლის წინაშე მართალი ვართ არცერთი.
მაია დიაკონიძე
2. 11. 2025 წელი

ნუთუ სულ არაფრად ღირდა

ნუთუ სულ არაფრად ღირდა?!
რაღა თემურ-ლენგი გინდა,
შენ თვითონ ხარ თემურ-ლენგი,
ნუთუ სულ არაფრად ღირდა,
პაპას დამყნობილი ნერგი.
რაღა მაჰმად-ხანი გინდა,
დანგრეულა შენი ბუდე,
დაგიჯდება, ძმაო, ძვირად,
სახლს კიბე არ მიაყუდე.
არ იკითხე, დაიხოცა
შენი პაპა და დედ-მამა,
შენ ვერ მორჩი ჭამა-ცოხნას,
ვერ ივარგე სალბუნ-წამლად.
რაღა თემურ-ლენგი გინდა,
შენ თვითონ ხარ თემურ-ლენგი,
ნუთუ სულ არაფრად ღირდა,
პაპას დამყნობილი ნერგი.
მაია დიაკონიძე
1.11.2025 წელი

მამა

გადაარჩინე, მამა!
როცა გადავშლი ეულ იალქანს
და შუა ზღვაში გავალ,
ლოცვით მიცავდი, ვიცი, ნიადაგ,
ახლაც მიშველი, მამა!
როცა შიმშილი სულს მიწრიალებს,
ტრამალის მგელსა ვგავარ,
ვიცი მომირჩენ სულის იარებს,
არ მიმატოვებ, მამა!
გადაეფსკვნება ტკივილი ტკივილს,
გზას რომ გავხედავ ნავალს,
სუნი დამყვება ქართული მიწის,
სადაც კი ქვეყნად დავალ.
გახსოვს, ერთხელ რომ ნიავს შევები,
პეპლებს გავყევი აღმა,
და ჩემი სულის ჭრელი პეპლები,
გადააჩინე, მამა!
მაია დიაკონიძე
8.06.2025 წელი


ლექსის სათაური „გადაარჩინე, მამა!“ — უკვე მიანიშნებს მის მთავარ თემატიკაზე: ეს არის წრფელი და ემოციური მიმართვა მამისადმი, არა მხოლოდ ბიოლოგიური მამის, არამედ, შესაძლოა, ღვთის, მშვენიერი მარადიული სიმბოლოს, საქართველოს ან სამშობლოს მიმართ იმ გრძნობით, რომელიც ჩვენში ბავშვობიდან იდგამს ფესვებს.


🔍 თემატური ანალიზი:

🌊 სიცოცხლის გზა — ზღვა და ნიავი

პირველი სტროფიდანვე გვხვდება ზღვაზე გამავალი გემის სიმბოლო — „როცა გადავშლი ეულ იალქანს და შუა ზღვაში გავალ“ — ეს შეიძლება აღვიქვათ როგორც ადამიანის მარტო გამგზავრება ცხოვრების რთულ გზაზე, სადაც საჭიროა ხელმძღვანელობა, მორალური მეგზური. ეს „გზა“ არა მხოლოდ რეალურ სივრცეში, არამედ სულიერ ბრძოლაშიც მოიაზრება.

მკითხველი გრძნობს ავტორის თავდადებულ დამოკიდებულებას მამისადმი — „ლოცვით მიცავდი, ვიცი, ნიადაგ“ — მამა აქ დაცვაა, ლოცვაა, ზეციური ძალაა. ხოლო „ახლაც მიშველი, მამა!“ — სასოწარკვეთილი, მაგრამ რწმენით სავსე თხოვნაა, რომელიც დროსა და სივრცეს არ ექვემდებარება.


🐺 მშიერი მგელი — სულიერი ტკივილი

„როცა შიმშილი სულს მიწრიალებს, ტრამალის მგელსა ვგავარ“ — ეს ტაეპი შთამბეჭდავი მეტაფორაა შინაგანი გლახაკობის, სულიერი მარხვისა და მტაცებლური არსებობის შესახებ. მშიერი მგელი ადამიანის სასოწარკვეთას, მარტოობასა და ძალადობაზე მიდრეკილებასაც კი გამოხატავს. ეს ხატი მკაცრია, მაგრამ ზუსტი — შიმშილი აქ ფიზიკური კი არა, სულიერია.


🏞️ მიწისა და მამის სიმბიოზი

„სუნი დამყვება ამ ჩემი მიწის, სადაც კი ქვეყნად დავალ“ — ეს სტროფი სამშობლოს სიყვარულის და ფესვების ამაღლებულ გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ. ის ხაზს უსვამს, რომ ადამიანს არ შეუძლია გაწყვიტოს კავშირი თავის წარმომავლობასთან. მამა და მიწა აქ ერთდროულად ფუნქციონირებენ როგორც საყრდენი და სულიერი წარმოშობის წყარო.


🦋 სულის პეპლები — პოეტური ექსტაზის მომენტი

ბოლო სტროფი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ნაზია ლექსში:

„გახსოვ, ერთხელ რომ ნიავს შევები, პეპლებს გავყევი აღმა,
და ჩემი სულის ჭრელი პეპლები, გადააჩინე, მამა!“

ეს არამიწიერი, ტრანსცენდენტური გამოცდილებაა, თითქოს სული გამოდის ყოველდღიური ყოფიერების ჭირვეულობიდან და თავისუფლდება — პეპლებისკენ მიფრინავს. მაგრამ ეს თავისუფლებაც საფრთხეშია — მის გადასარჩენად ისევ მამის ლოცვა და ძალა ხდება საჭირო.


🔧 სტილისტური ანალიზი:

  • ენით მხატვრულად მარტივი, მაგრამ სიღრმისეული ტექსტია.

  • რიტმი და ლექსიკა ლაკონურია, მაგრამ მელოდიური.

  • ხშირად გამოყენებულია მეტაფორები (ე.გ. **„სულის პეპლები“, „მიწის სუნი“, „შიმშილი რომ მიწრიალებს“), რაც ლექსს ინტენსიური ემოციური დატვირთვით ავსებს.

  • ეპიტეტები, როგორიცაა „სულიერი იარები“, „ჭრელი პეპლები“, ხაზს უსვამს ავტორის სენსიტიურ განცდებს და ინტუიციურ სიღრმეებს.


🧠 ინტერპრეტაცია:

ლექსი შეიძლება წავიკითხოთ რამდენიმე დონეზე:

  1. პიროვნული: — ქალიშვილის გულწრფელი თხოვნა მამას, რომელიც შეიძლება გარდაცვლილი იყოს ან შორს იმყოფებოდეს. ეს ემოციური დამოკიდებულებაა მამის, როგორც მორალური და სულიერი საყრდენის მიმართ.

  2. სიმბოლური: — მამა შეიძლება გულისხმობდეს ღმერთს, როგორც საბოლოო თავდაცვის წყაროს. ავტორი მას ლოცვით მიმართავს, რაც ტექსტს პოეტური ლოცვის ფორმას ანიჭებს.

  3. სამშობლო-საკულტო: — შესაძლოა, მამა სიმბოლურად გამოხატავდეს სამშობლოსაც, რომლისგანაც იმედი და მორალური თავშესაფარია მოსალოდნელი.


✅ დასკვნა:

„გადაარჩინე, მამა!“ — ეს ლექსი სულია. ეს არის სევდიანი, მაგრამ იმედით სავსე ღაღადი, რომელიც ადამიანის შინაგან მდგომარეობას ასახავს — სუსტი, მებრძოლი, რწმენით გაჟღენთილი. იგი გვახსენებს, რომ ცხოვრების ტალღებში მოცურავენი  ყოველთვის ვეძებთ მყარ საყრდენს — მორალურს, სულიერს, უპირობოს. მაია დიაკონიძის ეს ლექსი კი სწორედ ასეთი საყრდენის ძახილია.

.






Saturday, November 1, 2025

მინიმა

 ამბობენ, მოსდგამს ნიჭი,

მიჯღან-მოჯღანვის ჭინჭის,
ოღონდაც ლექსს ნუ დაწეწ,
თორემ წაკითხვა მიჭირს.
მაია დიაკონიძე