Wednesday, June 4, 2025

ზმანება

 ზმანება

წამლავს ვენახს, ასხამს შაბიამანს,
მე კი იქვე კუტკალიებს დავდევ,
თან ჭიგოზე მოტეხილ ტოტს აბამს,
- გამთელდიო, - ეფერება ტანზე.
პაპამ თავზე დაიხურა ქუდი,
მეც მაფრთხილებს, არ ვირბინო მზეზე,
არ ვაცილებ მოხუცს თვალებს წუთით,
სიყვარულით მასში უფალს ვეძებ.
თეთრი წვერით და მაღალი შუბლით,
სათნო მზერით, ვით არ არის ღმერთი?!
მზეს გადასულს რკინის ტარზე შუბის,
ჭრიჭინების კრიმანჭული ერთვის.
კაკლის ჩრდილში ველოდებით ბებოს,
მალე ისიც გამოჩნდება გზაზე,
არ წამართვა, ეს ზმანება, ღმერთო,
სინათლით და სიხარულით სავსე.
მაია დიაკონიძე
4.06.2025 წელი

No comments:

Post a Comment