Monday, June 30, 2025

არ მესმის ზოგი პოეტის!

 არ მესმის ზოგი პოეტის!

არ მესმის ზოგი პოეტის,
გულით კი მინდა, გავიგო,
რომ დავიჭირო მომენტი
და დავუძახო ,,ამიგო".
უჭირვარამოდ ტირიან
და მეფეს ცვლიან პაიკით,
ლექსი ხომ გუდასტვირია,
სიტყვის სიტყვასთან არშიყი.
არც ყალბი პოზა უხდებათ,
და არც ნიანგის ცრემლები,
სიტყვებს ისვრიან გუნდებად,
სადღაა სიტყვის ელჭექი.
მაია დიაკონიძე
30.06.2025 წელი

Sunday, June 29, 2025

მინიმა

 მდინარის ზვირთებს ვათამაშებდი,

თან შევყურებდი ვარსკვლავებს ცაზე,
და, რა მეგონა, თუკი ჩანჩქერში,
დავეშვებოდი პირდაპირ თავქვე.
დამალეწავდა ძვლებს და სუნთქვასაც
ვეღარ შევძლებდი, დავთმობდი სამზეს.
მაია დიაკონიძე
24.06.2025 წელი

ბოლო სურვილი

 არ აძლევ თავს მოდუნების საშუალებას, -

სხვისთვის იღწვი, ხნავ, თოხნი და ფარცხავ,

გეტყვიან, ვინ მოგცა შენ ეგ დავალება,

იქნებ შენს თავს მოციქულად რაცხავ?!


გადის წლები, უფრო მეტს და მეტს ითხოვენ,

შენ იმქვეყნად გზას დაიდებ საცა,

ბოლო სურვილს მოყვასისთვის რომ იტოვებ,

უმადურნი შეგაყრიან ნაცრად.

.

ლექსო, ისე მავსებ!

 ლექსო, ისე მავსებ!

ვით ცარიელ ღვინის სასმისს,
ლექსო, ისე მავსებ,
უმაღლესი, წარაფისა,
წინაპრებმა მასვეს.
ლექსს და ღვინოს ვითავსებდი
ჯილაგსა და ჯიშში,
მიტომაც არ მეშინოდა
ქვეყნად არავისი.
მოდიოდა მტერი ჯგროდ
და მეც ვკრთებოოდი ელვად,
ახლა რაღამ შემისუსტა,
ა ემ გულის ღელვა?!
მაია დიაკონიძე
24.06.2025 წელი

მინიმა

 ვიღაცა ვხედავ პოზიორობს,

თავს სწევს მაღლა და მაღლა,
ფიგურას ვითომ ოდიოზურს,
პატივს აღარ ვცემ, აღარ!
მაია დიაკონიძე
25.06.2025 წელი

ლურჯი ფერი (ჩანახატი)

 ლურჯი ფერი

ფერი დააკლდა თითქოს პალიტრას,
შენი თვალების აღარ ჩანს ლურჯი
და ტილოებიც თითქოს ატირდა,
როცა დააკლდა მონასმი ფუნჯის.
ისროდა შხეფებს წვიმა დილიდან,
ვიჯექი სკამზე ქვასავით მუნჯი,
არა ჰყოფნიდა, ვგონებ, სიცილად
ჩემი დარდები მათხოვარს ქუჩის.
5.05.2025 წელი

ეს სულიწმინდის მადლია

ეს სულიწმინდის მადლია
მზე ჩამომაყრის ორდენებს,
გამაბრწყინ-გამაბრდღვიალებს,
თითქოს მეწყერი მომდევდეს,
თერგივით ამაღრიალებს.
ეს სულიწმინდის მადლია,
უხვად გადმოდის ჩვენზედა,
კეთილს ანგელოზს ადრიან,
ნათელი ადგას წვერზედა.
მაია დიაკონიძე
25.06.2025 წელი

აღარაფერი მესიზმრება, მინიმა

 აღარაფერი მესიზმრება,

დრო- ჟამს დავნებდი,
ნეტავ, რამდენი ეღირება
ოქროს ყანები,
ბაბუაწვერა და ყაყაჩო
ქარებ-ალებით,
პეპლების ფრთებით,
რა ხანია, რომ ვემალები.
მაია დიაკონიძე
26.06.2025 წელი
ოვნება

ლიტერატურული ფესტივალი-2025 ,,იმერული საღამოები"

 ლიტერატურული ფესტივალი-2025

,,იმერული საღამოები"
ძვირფასო მეგობრებო! გიწვევთ ახალ
პროზისა და პოეზიის ფესტივალზე,
სახელწოდებით ,,იმერული საღამოები"
მონაწილეობის მისაღებად.
პროექტი ხორციელდება თერჯოლის მერიის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის, ასევე გაზეთების ,,სახალხო განათლებისა" და ,,ლიტერატურული საქართველოს" გვერდით დგომით.
პროექტის დამფუძნებელი და ორგანიზატორია
სტამბა - გამომცემლობა ,,პოეზიელის"
ხელმძღვანელობა.
ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართება 2025 წლის 10 სექტემბერს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში, მისსავე დაბადების დღეზე.
სწორედ ამ ღონისძიებაზე დავაჯილდოვებთ სამ გამარჯვებულს პროზასა და სამს პოეზიაში.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები და სამახსოვრო სიგელები.
მსურველებმა 20 ივლისამდე უნდა გამოგზავნოთ სამი გამოუქვეყნებელი ლექსი, ან 5 გვერდამდე გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები, თემა ნებისმიერი.
ერთი ავტორისგან მიიღება ნაშრომები ან პროზა, ან პოეზია.
ავტორებმა მასალა უნდა მოგვაწოდოთ გასწორებული ვორდის ფაილით, შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე
Leksisakvani@gmail.com
იმუშავებს რამდენიმე ჟიურის წევრი,
გულდაწყვეტილს არავის დაგტოვებთ. დავბეჭდავთ წიგნად ყველა მიღებულ ნაწარმოებს და საჩუქრად გადმოგეცემათ მონაწილე ავტორებს გამოცემის ერთი ეგზემპლარი.
ფესტივალი ემსახურება ნიჭიერ ავტორთა გამოვლენას.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფესტივალს მხარს უჭერს საქრთველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია და გაზეთები, ,,ლიტერატურული საქართველო"
და ,,სახალხო განათლება",
რომლებიც თავის მხრივ სამახსოვრო სიგელებს გადასცემენ რჩეულებს.
ფესტივალში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
პატივისცემით ჯგუფის
,,საზოგადოება პოეზიელი"
ხელმძღვანელობა.
(თუ არ შეწუხდებით
გთხოვთ გააზიაროთ პოსტი).
ნუ მიწყენთ რომ ყველანი ვერ მოგნიშნეთ, ეს სახალხო პროექტის...
2025 წ.
(ტ.574224841)

Saturday, June 28, 2025

მინიმა, უიმედობის მსხვერპლი

უიმედობის მსხვერპლი


უკვე ჩამიქრა ამ გულში ცეცხლი,

გამომერია ოქრო და ვერცხლი,

აღარც ჭიკჭიკი ჩამესმის მერცხლის,
უიმედობის გავმხდარვარ მსხვერპლი.
მაია დიაკონიძე
18.06.2025 წელი

Friday, June 27, 2025

ვერ დავუთმობ

 ,,ესა მესა, გადის ესა, 

ავიშენებ სასახლესა"...

გავითვალე, გავიხედე, 

სასახლეს სხვა იშენებსა,

სასახლეში შედის მელა,

აბა, დელი, დელი, დელა,

მე რომ მქონდა სახლი ძველად,

შევუდექი იმას ძელად,

რა პასუხი ვუთხრა ძველებს?!

მივატოვო იგი ძნელად..

მამა-პაპის დანატოვარს,

ვერ დავუთმობ ქურდს და მსტოვარს.


რად გიღირს?! (პატრიოტული)

რად გიღირს?!

თუკი დაეცა ეს ქვეყანა, შენც დაეცემი,
ჯოჯოხეთისკენ გზას გაჰყვები ხელისცეცებით,
რად ვერ აივსე ეგ მუცელი, - უძირო ქვევრი,
როცა მშიერი კაცი იყო შენ ირგვლივ ბევრი?!

რად გიღირს ნეტავ ეგ სიმდიდრე, ოქროს ქოშები?!
ქვრივ-ობოლს თუ არ შეეწევი თუნდაც გროშებით,
ხელს მოგიმართავს, დაგიდგება გვერდით უფალი,
თუკი გახდები უმწეოთა ჭირისუფალი.
მაია დიაკონიძე
27.06.2025 წელი

Wednesday, June 25, 2025

ელგუჯა ციგროშვილის ბიოგრაფია

  პოეტი - ემიგრანტი, ელგუჯა  სტეფანეს  ძე  ციგროშვილი, დაიბადა საქართველოში, ქ. თელავში, 1953  წლის  3  ივლისს. დააამთავრა თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი (1976 წ.) და თბილისის სასულიერო სემინარია ( 1993 წ.). სხვადასხვა დროს მუშაობდა წითელწყაროს (დღევანდელი დედოფლისწყაროს) რ-ნის სოფ. არხილოსკალოსა და ქვემო ქედის საშუალო სკოლების მასწავლებლად, ასევე,  წითელწყაროს (დღევანდელი დედოფლისწყაროს) განათლების განყოფილებაში დირექტორის მოადგილედ თელავის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმსა და იყალთოს პროფტექსასწავლებელში;  რუსთაველის საზოგადოების თელავის რაიონული ორგანიზაციის (თავ-რე – გოგი შათირიშვილი ) პასუხისმგებელ მდივნად; დემოგრაფიული საზოგადოების კახეთის სადროშოს ( თავ-რე, მწერალი ლადო მრელაშვილი) პასუხისმგებელ მდივნად; თელავის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს. 1994 წლიდან დღემდე, 30 წელი,  იმყოფება ემიგრაციაში,  საბერძნეთში, ქ.თესალონიკი. არჩეული იყო ქართული დიასპორის კონფედერაციის თავმჯდომარედ; 2010 წელს მან დააარსა და გახლდათ  ქ. თესალონიკის ვაჟა-ფშაველას სახელობის ქართული საკვირაო სკოლის  ხელმძღვანელი და პედაგოგი. 

2011 წელს მისი თაოსნობით ქ. თესალონიკში ჩატარდა  ,,ვაჟაობის" სახალხო დღესასწაული.

    იგი არის ოთხი პოეტური კრებულის ავტორი: ,,წიქარა", ზღაპარი ლექსად  (გამომცემლობა ,,ცოდნა", 2008 წელი), ,,მე მოვინატრებ" , სატრფიალო ლირიკა  (თბილისი, 2022 წელი, გამომც. ,,მწიგნობარი"), ,,ოღონდ ნუ დამიღონდები"( თბილისი, 2023 წელი, გამომც. ,,მწიგნობარი"), ,,მე ვარ ადამი",100 რჩეული ლექსი (2023 წელი, შპს ,,გრადაციის" სტამბა"). მისი ლექსები იბეჭდება ქართულ პერიოდულ გამოცემებსა და პოეტურ კრებულებში.

   2023 წელს ქ. თესალონიკში, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს,   გადაეცა საპატიო ემიგრანტის წოდება.

   საბერძნეთში ცხოვრების მრავალი წლის მანძილზე ელგუჯა ციგროშვილს სხვა მრავალ ჯილდოებთან ერთად 2024 წელს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგან გადაეცა მადლობის სიგელი განათლებისა და ქართული კულტურის იდენტობის შენარჩუნების საქმეში, ხოლო 2025 წელს თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოსგან მიიღო მადლობის სიგელი  საზღვარგარეთ ქართული პოეზიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.  

პოეტის გზა

 

პოეტის გზა
პირველად სულში მზის შუქი გაკრთა,
სიტყვამ იპოვა კალამ-ფურცელი,
მე კი ვიდექი, ვით შვილი ქართა
და ვნეტარებდი ცაცხვის სურნელით.
როგორც ჩიტები, ხტოდნენ რითმები
და ჟღერადობას გავყევი ლექსის,
გადავიკითხე ძველი მითებიც,
ფერიც მომწონდა ზღვისფერი მელნის.
ვისწავლე, ვიყო მჟღერი სიჩუმე,
ხმა იბადება ზოგჯერ ნუგეშით,
მერე ბუმბულიც ბევრი ვიჩუქე,
გამოვიწვიე ჩიტი დუელში.
სიტყვის ვირწმუნე ღვთიური ძალი,
ლექსი აზრია და არა ფორმა,
დრო მდუმარებდა. ვით პატარძალი,
და ვერა ავნო მას თავად ომმა.
თუ პოეტი ხარ, იყავი სარკე,
რომ აირეკლო ეს რეალობა,
ერის დიდება გზად დაისახე,
ვინც მოგცა შენ ეგ გენიალობა.
მაია დიაკონიძე
24.06.2025 წელი

Tuesday, June 24, 2025

არ მიკვირს (ხალხურ მოტივებზე)

 არ მიკვირს

(ხალხურ მოტივებზე)
არც არაფერი არ მიკვირს,
კეთილიც ვნახე, ავიცა,
ვიყავი მეფეც, პაიკიც,
არსად დავხარე თავიცა.
თუმცა კი ბევრნი ეცადნენ,
რომ შემოეხსნათ მანტია,
თვალში მიყვავის კესანე,
ქარი რას მიზამს მარტისა.
მაია დიაკონიძე
20.06.2025 წელი

რით სჯობია?!

 რით სჯობია?!

გული მწყდება ქვეყანაზე,
ამ ჩვენ ხალხზე, უფრო მეტად,
სიყვარული ჩვენს ენაზე
რატომღაც ვერ შეიმეცნა.
რომ გიყვარდეს შენი ენა,
ნეტავ რაა, მითხარ, რთული,
რით სჯობია ჩვენს ტკბილქართულს
ფრანგული ან ინგლისური.
გული მწყდება ქვეყანაზე,
ამ ჩვენ ხალხზე, უფრო მეტად,
სიყვარული ჩვენს ენაზე
ვერა და ვერ შეიმეცნა.
მაია დიაკონიძე
18.06. 2025 წელი

მხოლოდ გალაკტიონის


მხოლოდ გალაკტიონის
ვის ან როგორ ედრები,
თუნდაც ძმა ვიიონის,
სულ მეგონა შედევრი,
მხოლოდ გალაკტიონის.
ანოდი და კათოდი,
წრე შეიკრას დიოდის,
მადლი ჩემზე გადმოდის,
მხოლოდ გალაკტიონის.
კვლავ იისფრად დის თოვლი
და ბობოქრობს რიონი,
შედევრს თუ კი ვიტყოდი,
მხოლოდ გალაკტიონის.
მაია დიაკონიძე
16.06. 2025 წელი

დასხმია ზეცას ყვავილების თეთრი ღრუბლები


დასხმია ზეცას...

დასხმია ზეცას ყვავილების თეთრი ღრუბლები,
ანარეკლია შროშანების და ალუბლების,
თეთრონ ცხენს ვხედავ, მიაგელვებს თეთრი მხედარი,
შორენა არის, დედოფალი ციხე კვეტარის.
უტაც გამოჩნდა, დააჩოქა თავის იაბო,
სამგზის სანატრელს პატივი ვით მტრედმა მიაგო,
ზღვისფერ თვალებში ჩაიცალა მზის ყვავილები
და აასრულა უტამ თავის დანაპირები.
ანგელოზების გაისმოდა ჰანგი ღვთიური,
მარადისობას შეეხიზნა ორი მიჯნური.
მაია დიაკონიძე
17.06. 2025 წელი








კაფია - თინა თურქიაშვილს! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

კაფია - თინა თურქიაშვილს!
    ჩემი მამიდაშვილი - თინა თურქიაშვილი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სოფელ კოჭბანში გაანაწილეს მასწავლებლად.მამაჩემმა მისთვის წერილის წერა დაიწყო ნაწილ-ნაწილ. გავიდა ერთი კვირა, ორი. მაშინ ჩაიწერა ეს კაფია.
                       (ფშაურ კილოზე)

საშვიდნოემბროდ დაიწყო 
პაპაშენმ შენი წერილი,
ახალ წელ კარზე მოადგა, 
ზის და წერს ყელმოღერილი,
9 მაისისთვის თუ შეძლო
დაწერა, კალმის დადება,
სულ ზალპით უნდა აღვნიშნო,
როგორც ბერლინის აღება.

                      მე-20 საუკუნის 80-იანი წლები

პირფერობის ნიჭი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 პირფერობის ნიჭი


ღმერთი მაშინ გვაგონდება,

როცა რამე გვიჭირს,

თავს წამოყოფს ჩვენში მჯდარი

პირფერობის ნიჭი.

თითქოს გვინდა, ღვთის წინაშე

მოვიხადოთ ვალი...

და ნიანგის მსხვილი ცრემლით 

აგვევსება თვალი.

დამბადებლის მოტყუებას 

ურცხვად როცა ვბედავთ,

შეგზიზღდება კაცთა მოდგმა,

ამას როცა ვხედავთ.


3.10.1997 წელი


ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები" ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"

                       ***

მზეს სულაც არ ჰგავს სიყვარული,

სითბო ეკარგება და ნელდება,

ყველა გრძნობასა აქვს დასასრული,

ყველა მოგონება ძველდება.


ქ. თესალონიკი, 14.05. 2019 წელი


ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"

    ***

წუთისოფელი უსაზღვროა, უძიროდ ღრმაა,

ვერ ვიგებ, მასში სტუმარი ვარ, თუ მასპინძელი,

უმეტესობა ჩემ გარშემო ყრუა და ბრმაა,

სამაგიეროდ ენები აქვთ სუყველას გრძელი.


  ქ. თესალონიკი, 10.06. 2019 წელი


ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"

***

შენ მითხარი: ,,მითხარიო რამე,

ვიდრე თეთრად დაგვათენდა ღამე"...

ტუჩებით ვთვლი შენი გულის ფეთქვას,

უკეთესი, ვეჭვობ, რამე მეთქვას.


ქ. თესალონიკი, 18.04. 2020 წელი


ბოლოს მაინც...


ირგვლივ ყოველი უჩვენოდ ხდება,

ერთ წესს მორჩილებს კეთილი, ავი,

არავინ იცის, როდის მოკვდება,

რამდენი წლით აქვს სიკვდილთან ზავი.


საკმარისია, პატარა გუნდა,

მთის ფერდობიდან რომ მოწყდეს ზვავი,

თუნდა იცოცხლოს სამასი წელი,

ბოლოს ხომ მაინც მოკვდება ყვავი.


ქ. თესალონიკი, 5.05.2024 წელი


შენ, რა წყნარად დახვალ! (პატრიოტული)

შენ, რა წყნარად დახვალ!

იტაცებენ შენს მიწა-წყალს,
ჩრდილი ადგას ხახმატს,
შენ, ქართველო, ქვეყანაზე,
ო, რა წყნარად დახვალ.
ქვათახევს, სამშვილდეს, უბისს,
რა ეწევა ან ხვალ,
აკიდებულ ნაცრის გუდით
ო, რა წყნარად დახვალ.
ამჩნევია შენ სისხლს, უტეხს,
ამ მიწა-წყლის დამღა,
რომ გვიღერებს მტერი მუშტებს,
შენ, რა წყნარად დახვალ.
მაია დიაკონიძე
23.06. 2025 წელი

Monday, June 23, 2025

ექსპრომტად ლეილა არჩემაშვილს! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ექსპრომტად ლეილა არჩემაშვილს!

(ლეილა არჩემაშვილმა, როგორც  საქართვლოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულმა, მედალი მიიღო)

   (ფშაურ კილოზე)

სიხარულს დიდი მუხტი აქვ,

სხეულს დაუვლის რო დენი...

წესით შენ ძეგლიც გეკუთვნის,

ცოცხალ რომ იყოს როდენი.

ალალი იყოს შენზედა,

მედალია თუ ორდენი,

კიდევაც ბევრი აგეღოს,

ღამის ცის ვარსკვლავთოდენი.


ქ. თესალონიკი, 7.12. 2022 წელი

Sunday, June 22, 2025

ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები", ავტოპორტრეტი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"

ავტოპორტრეტი


ჩემი ცხოვრება უჩემოდ მიდის,

დავცქერ, ვით სული საკუთარ ცხედარს...

მიმაჭენებენ ლურჯა ცხენები,

ოცნების რაინდს, – უთავო მხედარს!

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი, 14.11. 2023 წელი

,,შენც, ბრუტუს?!"(იულიუს კეისრის შეძახილი), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ,,შენც, ბრუტუს?!"

( იულიუს კეისრის შეძახილი)

ბევრს ბედისწერა მეცხრე ცაზე მაღლაც შეისვრის...
მათი იღბალი არასოდეს მშურდა, უფალო!
ზოგს მეფის ტახტი ერგუნა და ზოგსაც კეისრის, –
თუმც შურის თვალმა არ დატოვა არვინ უკვალო!
არ მითხოვია არ კუთვნილი ხოტბა – დიდება,
ზიზღი მაქვს, როცა უსინდისოდ მოითხოვს ზოგი...
და ამის შემდეგ უფრო მეტად გამიკვირდება,
ზურგს უკან რატომ მიგროვდება ,,ბრუტუსთა ჯოგი!"
მე არც ტახტი მაქვს, არც კეისრის დაფნის გვირგვინი,
არც სხვა დიდება, –
ჩემი ვინმეს შეშურდეს რამე...
არ მივითვისე არავისი დაფნა თუ ჩინი,
ჩემი ლუკმაც სხვას გავუყავი, – მე ცოტა ვჭამე!
დავითმენ ღალატს, არ დავიწყებ მოთქმას და ჩივილს,
ვისმენ ზურგს უკან აგორებულ ჭორების ბჟუტურს;
არ ავიცილებ, ვაჟკაცურად ავიტან ტკივილს,
კეისარივით შემოგძახებ: – ,,ნუთუ შენც, ბრუტუს?!"
ორივემ ვიცით, საწუთროში დღეს შეცვლის ხვალე,
რად მიმამსგავსე ვიღაც ტლუსა* და ვიღაც უტუს*?!
ზურგში მახვილის ჩარტყმა დღემდის ვერ მოიშალე?
რას მერჩი ბრუტ უ ს ? !
ელგუჯა ციგროშვილი,
ქ. თესალონიკი, 22. 12. 2022 წელი
ტლუ * – ( ქართლ) უტოტო, სწორი მაღალი ხე, გადატანით: ტლუ ბიჭი –
მარტოხელა, ობლად გაზრდილი ბიჭი.
უტუ * – (რაჭ. გურ.) რეგვენი, გაუნათლებელი, უწიგნური

Wednesday, June 18, 2025

ორპირი ქარი (საბავშვო)

 ორპირი ქარი

(საბავშვო)
შემოუბერა უეცრად
სახლში ორპირმა ქარმა,
- ორპირი რატომ გქვიაო, -
ჰკითხა პატარა ბალღმა,
- აქეთ-იქიდან ვუბერავ
და ვაჯახუნებ კარებს,
მაგრამ ორპირი კაცივით,
არ ვიცვლი ნიღაბს, სახეს. -
ეს თქვა და გაუჩინარდა,
გაიშლიგინა ველად,
გაგიჟებულ ქარს ვინ ეტყვის,
უბერე ნელ-ნელა.
მაია დიაკონიძე
18.06.2025 წელი

ორპირი ქარი

(საბავშვო)

შემოუბერა უეცრად
სახლში ორპირმა ქარმა,
- ორპირი რატომ გქვიაო, -
ჰკითხა პატარა ბალღმა,
- აქეთ-იქიდან ვუბერავ
და ვაჯახუნებ კარებს,
მაგრამ ორპირი კაცივით,
ნიღაბს მე არ ვატარებ! -
ეს თქვა და გაუჩინარდა,
გაიშლიგინა ველად,
გაგიჟებულ ქარს ვინ ეტყვის,
უბერე ნელ-ნელა.
მაია დიაკონიძე
18.06.2025 წელი

Monday, June 16, 2025

სიჩუმის ქალაქი

სიჩუმის ქალაქი
სიჩუმის ქალაქს დავცქერი თავზე,
ამისი ნიჭი ღმერთმა მიბოძა,
მალავენ კაცნი ხასიათს, ავზნეს,
ყვითელ შუქს აფრქვევს მხოლოდ მიმოზა.
დუმს საქართველო, გულში კი რამდენს
მალავს სათქმელს და მალავს ტკივილებს,
ვეღარ ვუყურებ თვალებში გამვლელს,
უიმედობის ცრემლით იტირებს.
სიჩუმის ქალაქს დავცქერი თავზე,
ამისი ნიჭი ღმერთმა მიბოძა,
მალავენ კაცნი ხასიათს, ავზნეს,
ყვითელ შუქს აფრქვევს მხოლოდ მიმოზა.
მაია დიაკონიძე
16.06.2025 წელი

შენ სად ხარ, ადამიანო? (პატრიოტული)

შენ სად ხარ, ადამიანო?!
ზეცამ თვალები დახუჭა,
აღარც შაშვები ხმიანობს,
მიწა დამრჩალა ერთმუჭა,
შენ სად ხარ, ადამიანო!
რატომ არ გესმის ღაღადი
შენი მშობელი დედისა,
ვერ მოიცილა სახადი,
ყველა ჭირი მას ეკვრისა.
ზეცამ თვალები დახუჭა,
აღარც შაშვები ხმიანობს,
მიწა დამრჩალა ერთმუჭა,
შენ სად ხარ, ადამიანო!
მაია დიაკონიძე
16.06. 2025 წელი

ექსპრომტი, ესე ,,პოეზია, როგორც გადარჩენის ფორმა" ლექსის ,,ექსპრომტი" მიხედვით

ექსპრომტი
წამოახველებს საცაა პოეტს
ან სისხლს ან კიდევ დარდიან სიტყვას,
და ამ სისხლის თუ სიტყვების კოლტებს
მიკვირს, სამყარო როგორღა იტანს.
ვით იტანს ერი ასეთ წამებას,
ასობით დიდი, უხმო პოეტის,
თითო ხომ სისხლში კალამს აწებდა,
დღემდის, მგონია, მიტომ მოვედით.
მაია დიაკონიძე
15.06.2025 წელი


პოეზია როგორც გადარჩენის ფორმა

(მაია დიაკონიძის ლექსის „ექსპრომტი“ მიხედვით)

პოეზია ხშირად მხოლოდ ხელოვნებად აღიქმება — ლამაზი სიტყვების ნაკადად, ესთეტიკის ერთ-ერთ ფორმად. თუმცა, არსებობს ისეთი პოეზია, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე მხატვრული გამოსახულება. ის არის გადარჩენის ფორმა — ინდივიდისთვის, ერისთვის. მაია დიაკონიძის ლექსი „ექსპრომტი“ სწორედ ამ მნიშვნელობას აჩვენებს მკაფიოდ, გულწრფელად და მძიმე ემოციური ფორმით.

პოეტი თავის ტექსტში პირველივე სტროფებიდან გვეუბნება იმ სიმართლეს, რომ სიტყვა იბადება ტკივილიდან:

„წამოახველებს საცაა პოეტს / ან სისხლს ან კიდევ დარდიან სიტყვას,“
აქ სიტყვა არ არის მსუბუქი, ჰაეროვანი – იგი სულის ყელისა და სხეულის ტკივილიდან მოდის, როგორც წამება. ეს წარმოსახვა ღრმა სიმბოლიკას ატარებს – პოეზია არ იწერება სიმშვიდეში, ის ჩნდება როგორც შიდა კრახზე, დამარცხებებზე რეაქცია, როგორც რღვევისგან დაცვის ინსტინქტი.

მეორე სტროფში ავტორი უბრუნდება ამ ტანჯვის კოლექტიურ განზომილებას და კითხულობს:

„და ამ სისხლის თუ სიტყვების კოლტებს / მიკვირს, სამყარო როგორღა იტანს.“
სიტყვა და სისხლი ერთმანეთს უთანაბრდება. ეს არის არა უბრალოდ მეტაფორა, არამედ შეფასება იმისა, რომ პოეზია შთანთქავს სიცოცხლეს, რომ მის უკან დგას მსხვერპლი, ცოცხალი ტკივილი და ადამიანური სტიქია. სიტყვა ამ კონტექსტში იარაღივით მძიმეა — და მაინც, სამყარო მას ატანს. და, რაც მთავარია, საჭიროებს კიდეც.

ლექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ღერძი ჩანს მესამე და მეოთხე სტროფებში, სადაც საუბარია პოეტებზე, რომლებიც:

„სისხლში კალამს აწებდნენ... და დღემდის მგონია, მიტომ მოვედით.“
აქ ჩანს ავტორის რწმენა, რომ პოეზია იყო და არის ერის გადარჩენის საიდუმლო წყარო. ვისაც ხმალი არ ეჭირა, ის კალმით იბრძოდა. ვინც არ ილაპარაკა ხმამაღლა, თავისი დუმილითაც იხსნა ერის ღირსება.

ესეს მთავარი დასკვნა სწორედ ეს არის:
პოეზია არა მხოლოდ ლექსია — ის არის მეხსიერება, გამოძახილი, სულიერი შეკავება იმისა, რაც სხვაგვარად დაიღუპებოდა.
სწორედ ამიტომ, როცა ერი ისტორიულ ცეცხლში იწვოდა – პოეტები წერდნენ. როცა ხალხს სიტყვის უფლება არ ჰქონდა – მათ მაგივრად პოეზია ლაპარაკობდა. სწორედ ამ დუმილში, ამ სისხლისმიერ სიტყვებშია ეროვნული ხმის გადარჩენა.


დასკვნა

მაია დიაკონიძის „ექსპრომტი“ არ არის მხოლოდ ლექსი პოეტზე — ეს არის აღიარება იმისა, რომ პოეზია ერის სულის გადამრჩენია.
დღეს, როცა სიტყვა ხშირად დაცლილია შინაგანი სიმძიმისგან, მისი ლექსი გვახსენებს, რომ ნამდვილი პოეზია — ეს არის სუნთქვა, რომელიც არ ჩერდება მაშინაც, როცა ხმის უფლებას გართმევენ. 



მინიმები

 ***

ნემსივით ჩავკარგულვარ თივის ზვინში,
და იქ კი მიპოვის ვინმე?!
მაინც ხომ არ მიშველის ვაი-ვიში,
ვიტოვებ სიცოცხლის იმედს!
მაია დიაკონიძე
14.06.2025 წელი

***
გავცქერი სამყაროს ჩემი აივნიდან,
ხმა მოდის ლონდონიდან, ხმა მოდის პარიზიდან,
სანამდე იქ მივალ და იმათ მივწვდები,
ჩემსალოცავების ცრემლებით ვიწვები.
მაია დიაკონიძე
14.06.2025 წელი

მეგობარი ერთი- ორი, თუღა შემომრჩენია,
ბევრის ვეღარ გამიგია, მოყვარე თუ მტერია,
სიყვარულში რომ მეცხოვრა, რა თქმა უნდა, მერჩია,
მაგრამ მტერიც ნუ იქნება ამ ჩემ ფეხთა მტვერია.
მაია დიაკონიძე
14.06.2025 წელი

Sunday, June 15, 2025

ზღარბი თვალებნამცეცა (საბავშვო)

ზღარბი თვალებნამცეცა
მაიმუნი ჰკიდია აგერ ერთ ლიანაზე,
თუთიყუში ჩხავილით გადახტომას ავალებს,
მიუპყრია სამყაროს ყურადღება ავაზებს,
დედამიწის ფაუნას სწორედ ის ალამაზებს.
აგერ ზებრა, კანჯარი, ჯიხვი, შველი, იაბო,
დათვი, მელა, მგელუკა, ყველაზე მსურს გიამბოთ,
თუმცა ერთი გამომრჩა, ზღარბი, თვალებნამცეცა,
შემოდგომა ამ დილით ფოთლის კაბას აცმევდა.
მაია დიაკონიძე
14.06. 2025 წელი