Friday, April 26, 2019

მზე არ ანათებს ჩემს ფანჯრებში

მზე არ ანათებს ჩემს ფანჯრებში, იქნებ სხვისაშიც
და მხოლოდ ჩრდილებს ახამხამებს, ძირს დაწოლილებს,
ქვეყანას ვუცქერ, მაგონდება ძველი ვიტრაჟი,
ძველია, მაინც ფიქრებს ისვრის სხივაყოლილებს.


Thursday, April 25, 2019

სამშობლო ქრება

სანთელს ვანთებ და ტკივილი ქრება,
მსურს, ვმორჩილებდე უფალის ნებას,
ვხედავ, ტეტია ქცეულა კერპად,
მცოდნე შიმშილობს, ეზოს ვერ სცდება,
ხალხი ბრმაა და დააცვდა ხედვა,
დაღლილი დარდით ვერაფერს ხვდება,
ორის და სამის მორჩილებს ნებას,
სამშობლო ქრება სულ ნება-ნება.

Wednesday, April 24, 2019

ტკივილმა ტკივილ შეჭამა

ტკივილმა ტკივილ შეჭამა,
მეც აღარაი ვუწყი,
ფიქრ ლაღ ღრუბლებში ვერ წავა ,
შავ მიწას ფხოჭნის მუჭით.
კლდიდან მავალი ცივწყარო
ტყვე არის ქვათა ზღუდის,
მაინც ჩუმ მიიპარება,
ქვეყნიერებას უვლის.
.

Wednesday, April 17, 2019

ვიღას დავეძებ, თვითონ არ ვიცი

ვიღას დავეძებ, თვითონ არ ვიცი, 
- მე ვარ თუ არ ვარ?! - ღმერთთანაც ვდავობ,
- ნუთუ, ეს მე ვარ, - ვამბობ, - ოსანა!
სული დაცლილა, დააკლდა მაქო
საკერავ დაზგას, მიმზადებს ჯადოს 
ეშმაკი, ფიქრში ხელს აფათურებს, 
მიწონებს, ცდილობს, მაცდური, მაქოს
და ჩემს სიტყვებსაც დიდებით ამკობს.
მაგრამ არ მჯერა დითირამბების, 
ბილწი და მავნე, ვიცი, მატყუებს,
გულში გამჩრია მთლად დაჟანგული,
მახვილი, მხოლოდ ენას ახურებს,
გუთანსაც უკვე დააკლდა კბილი, 
სულის მიწები ვერავინ მოხნა
და დარჩენილა ქალ-ვაჟი მარტო, 
რომ ვერ გამრავლდეს ადამის მოდგმა.
ვეღარა ყივის მამალი ღამით, 
გვაუწყოს ყველას შემოსვლა დილის,
აღარავინ ხსნის სახლის დარაბებს, 
მინებში ჩარჩა პატრონის ღიმი,
სიხარულს ვიღამ გაუღოს კარი, 
ჭიაკოკონას ცეცხლივით მორჩა
და უდაბური სახლის  ჭინჭრები 
მოგაგებებენ ცრემლების ხონჩას.
ახლა კი, ისევ ჩემს თავთან ვდავობ, 
იქნებ შემეძლო ბორკილთა მოხსნა, 
როგორ გადარჩეს ძველი სამყარო, 
თუ ვერ იმარჯვებს ეს სული ხორცთან,
და აჰყოლია იგი ხვაშიადს, 
ვერანაირად ვერ იკლავს სურვილს,
მხოლოდ თავის თავს სცნობს და ბატონობს, 
ქვა და საფლავი განაგრძობს წუხილს.
ეტრატი ძველი ხელნაწერების 
იწვის ფარულად, დამთავრდა ხანა,
ალბათ, დრო არის უკვე გავცივდეთ, 
საქმეს თუ სჯობნის ენების ფხანა,
სალბუნად თუ არ იქცევა სიტყვა,
სიტყვას კი, ვხედავ, არ მოსდევს საქმე,
ყველა ქმედება იქცევა ჟამად, 
მონებისთვის მზადა აქვთ სახრე.
ამოტვიფრულა ჩემს გულში სახე, 
სახე ადამის, ღვთის სახე-ხატად,
ვერას დაგვაკლებს ეშმა და მავნე, 
თუ გადარჩენის დავაცხობთ ქადას,
ღმერთო, ვერა ვცნობ ჩემს თავს და მიხსენ, 
მომმადლე ნიჭი, წავართვა მადა
ქვეყნის მაქცევართ, იტეხდნენ კისერს, 
მტერი ვერაგი დავტოვო სახტად.










Friday, April 12, 2019

პატივმოყვარე კაცუნებს!

პატივმოყვარე კაცუნებს
მადლს რომ სიავით ებრძვიან,
მხარზე ეშმაკი შეუვსამთ,
ჩამოიშორეს ღმერთია.
გულგრილობაა კაცთაგან
ბოლოს იმათი ხვედრია,
კაცი რომ შენზე ტიროდეს,
რა უნდა გსურდეს მეტია.


შევიცან ბევრში ბოროტი

შევიცან ბევრში ბოროტი,
აფრქვევს თვალთაგან ლავას
სიძულვილის და ზიზღისა,
უკმეხად, აღარც მალავს.
ასე სიშლგე კაცისა
მაოცებს, ტანში მზარავს,
სული როგორღა უცხონდეს
იმის დედას და მამას?!

Thursday, April 11, 2019

მასწავლებელი (მოთხრობა)

     მას მერე, რაც ქართველებსა და ოსებს შორის დაპირიპირება დაიწყო, პაპა ვანო ერთ საზღვრისპირა სოფელში გადასახლდა, გორის რაიონში. ადრე ცხინვალში ცხოვრობდა, იქ დაიბადა და გაიზარდა. უყვარდა იქაურობა. მამა ქართველი ჰყავდა, დედა- ოსი, გვარად კოდალაევი. ერთი დის ქმარი ქართველი ჰყავდა, მეორე- ოსი. თვითონ ოჯახი ვერ შექმნა და სხვის შვილებს იყო გადაყოლილი. ამბობდნენ, რუსეთში ერთი-ორი წყება ცოლ-შვილი ჰყავსო, მაგრამ ტყუილსა და მართალს ვინ გაარკვევდა?! სტუმართმოყვარე ოჯახში მუდამ სუფრა იყო გაშლილი, რომელზეც თავს იწონებდა  ქართული ხაჭაპურიცა და ოსური ხაბიზგინაც, ქართული ღვინოცა და ოსური ლუდიც. ნათესავიც ბევრი ჰყავდათ, ქართველიცა და ოსიც, სტუმრის ნაკლებობას არ უჩიოდნენ. მამამისი სკოლის დირექტორი გახლდათ, დამსახურებული პედაგოგი, იტორიკოსი, დედა ქართულის მასწავლებელი იყო, მათი ოჯახი საბჭოთა დროს დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ინტერნაციონალურ ქალაქში სითბო და სიყვარული ტრიალებდა, ოსიც ცხოვრობდა, ებრაელიც, რუსიც, უკრაინელიცა და ქართველიც. ახალგაზრდა ვანოც მშობლების კვალს გაჰყვა და   თბილისის ალ.პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. უყვარდა თავისი პროფესია. არეულობა რომ დაიწყო, ქართველობას ვერ უღალატა, იძულებული გახდა დას გაჰყოლოდა თბილისში, შვილებითა და შვილიშვილებითურთ გაქცეულს, თვითონ დიდ ქალაქში ვერ გაჩერდა, მშობლიური ადგილებისაკენ მიუწევდა გული, საზღვრისპირა სოფელში ჩასახლდა. თავისი კავშირების წყალობით მეორე მხარეს ადვილად გადადიოდა,  სახლ-კარს ნახულობდა და უვლიდა, სხვა ქართველებსაც ეხმარებოდა, მოსავალსაც გამოატანინებდა ხოლმე. ოსები ეუბნებოდნენ,- შე, კაცო, არავინ გერჩის, აქ იცხოვრეო,- მაგრამ სამუშაოს ვერ თმობდა, სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა, სხვა მასწავლებელი არც ჰყავდათ, არც არავინ მოდიოდა საშიშ ზონაში სამუშაოდ. ვანო პაპა ხშირად იტყოდა ხოლმე,- კიდევ კარგი, ჩემი მშობლები არ მოესწრნენ ამ ამბავსო,- თვითონაც ძალიან განიცდიდა ქართველებისა და ოსების დაპირისპირებას, ვისთან ეომა?! ოსებიც მისიანები იყვნენ და ქართველებიც. ქართულ სოფელში საერთო საცხოვრებელში გაამწესეს, ერთი ოთახი მისცეს, მაინც კმაყოფილი იყო, სამუშაოც ჰქონდა და თავშესაფარიც, თუმცა სოფელში ბოლომდე არ ენდობოდნენ, ოსების ჯაშუშიაო, ჩუმ-ჩუმად ლაპარაკობდნენ, პირში კი  არავინ არაფერს ეუბნებოდა.
       ერთ დღესაც ვანო პაპა ოსურ მხარეს გადასულიყო ნათესავების მოსანახულებლად, ცოტა დაელია კიდეც და უკანა გზაზე შეზარხოშებული ბრუნდებოდა. შორიდან ბავშვის ყვირილის ხმა მოესმა, მიაყურადა, ქართული სიტყვები გაიგონა, იქით დაიძრა. დაინახა ორ კაცს 11-12 წლის ბიჭი დაეჭირა და უმოწყალოდ ცემდნენ. ახლოს მივიდა, ყმაწვილი ეცნო, მისი მოსწავლე აღმოჩნდა. ბიჭს სახეზე აეფარებინა ხელები და პატიებას ითხოვდა. მოხუცმა აათვალიერა ბიჭი, დახეული შარვლის ჯიბეები დაბერვოდა, ჩანდა კაკლები მოეპარა. - რას ერჩით ბიჭს? - წყნარი ხმით იკითხა მოხუცმა ოსურ ენაზე, თუმცა იცოდა, რაშიც იყო საქმე,  მაგრამ გამოსავალს ეძებდა, როგორ დახმარებოდა ბავშვს. კაცებმა ახედ-დახედეს, თითქოსდა, შენ ვიღასი ტიკიტომარა ხარო და თავისი საქმე განაგრძეს, -დაინდეთ, - კვლავ განაგრძო მოხუცმა, - შეცდა, შეეშალა, მეორეჯერ აღარ იქურდებს, ..ოსის ბიჭია, მამა არ ჰყავს, ქართველებთან იზრდება, ოსურიც იმიტომ არ იცის,- მათ შეჩერებას ცდილობდა კაცი, მაგრამ კაციჭამიებს ჰგავდნენ დამსჯელები. იცნო, ვინც იყვნენ. ორი ძმანი, მათ შესახებ ბევრი რამ სმენოდა კიდეც, მაგრამ მათმა საქციელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, იცოდა რა დაუნდობლები და კაცისმკვლელები იყვნენ, ასეთები ყველა ერში გამოერევა ხოლმე და სამარცხვინო ლაქასავით დაედება, რომლის ჩამორეცხვაც მერე ადვილი არ არის.- მე დავავალე კაკლების მოტანა სკოლაში,- აგრძელებდა მოხუცი, - მათემატიკის მასწავლებელი ვარ, რა ვიცოდი, აქეთ მხარეს თუ გადმოვიდოდა, - სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, - არაფერი ჭრიდა, ერთმა სახეში მოარტყა მუშტი ბიჭს და ცხვირი გაუტეხა, სისხლი დაედინა ბავშვს მკრთალ გამხდარ სახეზე, რამდენიმე წუთში ისედაც უსუფთაო ტანსაცმელი სისხლში ამოესვარა, ამას კი ვეღარ გაუძლო მოხუცმა და ბრაზმორეული ყავარჯნით ხელში მაცემარებისკენ გაექანა. მოუტრიალდნენ გამხეცებულები, მასაც მოხვდა ერთი-ორი, თუმცა მოხუცი ხმას არ იღებდა, ისე უდრტვინველად იტანდა ყველაფერს, იმედი ჰქონდა,  ცემის ჟინი გადაუვლიდათ და ბიჭს თავს დაანებებდნენ, მაგრამ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა. ბავშვს ხელებზე თოკი მოაბეს და ძაღლივით წაათრიეს იქვე ახლოს მდგომი სახლისაკენ. ძირს დაგდებულ მოხუცს თავი დაანებეს. ვანო პაპა ადგა,  გამოუდგა წასულებს, ეხვეწებოდა, ბავშვი გაუშვით, დედამისი ინერვიულებს, მაგის მეტი არავინ ჰყავსო. არავინ უსმენდა, თავჩაქინდრულ ბიჭსაც ხმა ჩაწყვეტოდა ყვირილისგან. პატარა დამნაშავემ ახლაღა იცნო თავისი დამცველი, დასიებული თვალებიდან ძლივს იყურებოდა. გაუკვირდა, არ ეგონა,  თუ  მათემატიკის მასწავლებელი დაიცავდა ქურდსა და აბეზარს და მისი გულისთვის საშიშროებაში ჩაიგდებდა თავს, გაკვეთილებზეც არ უსმენდა, ხშირად აცდენდა, ერთხელ არ გასულა დაფასთან. მოხუცი უკან მიჰყვებოდა წინ მიმავლებს. ძმები უკან იხედებოდნენ, დაცინვით უყურებდნენ მოხუცს, რომელიც ბიჭის გათავისუფლებას ითხოვდა, რომ ვერაფერს გახდა, სთხოვა ნება დაერთოთ ბიჭს თან ხლებოდა, დათანხმდნენ. ეზოში შესულებს მეზობლები შემოეხვივნენ, მათაც გაეგოთ ყვირილის და ჩხუბის ხმა და მოსულიყვნენ, ზოგი სეირის საყურებლად, ზოგიც- საგულშემატკივროდ, ზოგიც -  ღმერთმა იცის, რისთვის. არავინ მოუწონა ძმებს საქციელი, მაგრამ უკან ვერ დაახევინეს, თურმე აპირებდნენ ქურდისთვის საბოლოოდ ესწავლებინათ ჭკუა, მაგრამ რა გზით, ჯერ არ ჰქონდათ გადაწყვეტილი. ვანო პაპამ მოსულებში ერთი-ორი  ნაცნობი აღმოაჩინა, დახმარება სთხოვა, დაჰპირდნენ, ძმებს დავათრობთ და მერე ბიჭს გამოვაპარებთ და წაიყვანეო, ასევე ბიჭის დედასაც შეატყობინებდნენ, რომ ბავშვი ცოცხალი იყო და საღ-სალამათი, ოსურ სოფელში დარჩა ვანო მასწავლებელთან ერთად და დილით დაბრუნდებაო. მოხუცი ცოტა დაწყნარდა, ნაცნობთან შეაფარა თავი. საწოლზე წამოწვა, ის იყო მიეძინა, გააღვიძეს, ბავშვი თავისუფალია და წაიყვანეო, სიხარულის ელდა ეცა, გული ეტკინა,  მარცხენა მხარეს ხელი წაივლო, მაგრამ ხვდებოდა რომ ამის დრო არ იყო, ბავშვს ხელი მოჰკიდა და სიბნელეში გაუჩინარდა. მოხუცმა ყველა კუთხე-კუნჭული ზეპირად იცოდა, ამიტომ იოლად მიიკვლევდა გზას. ხანდახან გული შეახსენებდა ხოლმე თავს და ჩერდებოდა, ტკივილი მატულობდა, მოხუცი ჩქარობდა, თენდებოდა, არავინ დაგვეწიოსო, მერე უფრო გართულდებოდა ბავშვის გამოხსნა. მიმავალთაგან არც ერთი არ იღებდა ხმას, ისე უსიტყვოდ მიუყვებოდნენ გზას მოსწავლე და მასწავლებელი. ბიჭი ახლა ძალიან ნანობდა, რომ კარგად არ სწავლობდა მათემატიკას, აბრაზებდა დედას, მერე ღმერთს პირობას აძლევდა, რომ თუ სამშვიდობოს გავიდოდნენ, კარგი მოსწავლე გახდებოდა, დედას გაახარებდა, ვანო მასწავლებელსაც... საზღვარს მიუახლოვდნენ, ქართული სოფელიც გამოჩნდა, - გაიქეცი, მე აქ დავრჩები, - თქვა მოხუცმა და მიწაზე დაჯდა, ტკივილისგან ბალახები მობღოჯა, მეორე ხელი გულზე მიიდო, სახე მოეღრიცა,- წადი, წადი, - ეძახდა ბიჭს, რომელიც ჩასჭიდებოდა მოხუცს და მის წამოყენებს ცდილობდა, - გაიქეცი, თუ დაგიჭირეს, მოგკლავენ,- ეუბნებოდა კაცი,- მათ დანდობა არ იციან, ისინი ადამიანები არ არიან, ხომ ნახე, - ძლივსღა ლუღლუღებდა, - წადი და პირობა მომეცი, რომ დიდი ადამიანი გახდები, - დაამთავრა მოხუცმა, ბიჭმა თავი დაუქნია, მიხვდა, რომ ავადმყოფის დახმარებას მარტო ვერ შეძლებდა, ხელი გაუშვა და ქართული სოფლისკენ გაიქცა. მოხუცი ხვდებოდა, რომ ბიჭი აუცილებლად მოიხედავდა უკან, არ უნდოდა წაქცეული დაენახა, სამუდამოდ დაამახსოვრდებაო, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა... როცა ბიჭმა მოიხედა, გაუნძრევლად იჯდა, თავი გვერდზე დაეხარა და მას შესცქეროდა, თითქოს მის ყველა მოძრაობის იმახსოვრებდა, თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს მასწავლებელმა და მოსწავლემ, თითქოს ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
       მეორე დღეს მთელ სოფელს მოედო ეს ამბავი, ცოტა ხანი ეძებეს მოხუცი. რომ ვერაფერი გაიგეს,  მიივიწყეს, ალბათ ოსებთან დარჩაო...იმიტომ, რომ იმედი არ გაჰქრობოდათ, ცოცხალიაო.  სკოლაში ახალი მათემატიკის მასწავლებელი მოვიდა. ბიჭს კი არასოდეს დავიწყებია თავისი მასწავლებელი, ის დღეს მართლაც დიდი კაცია და სამშობლოს ემსახურება. 

Sunday, April 7, 2019

და როგორც შვილი...

და როგორც შვილი ველური ვნების,
უფრო მინდვრების ყაყაჩოს ვგავარ,
დამიცვეთია თითქოს ქუსლები,
ვესაუბრები მიწას ფურცლებით.

და სევდას, ჩემში ამოუწურავს

და სევდას, ჩემში ამოუწურავს,
დააკვდებიან შენი ბაგენი,
შორს, სადღაც, მთაც კი მხრებს აიწურავს,
-არ დაგადგათო, - იტყვის, - საშველი.
გაფრინდი ჩემგან, როგორც ვარსკვლავი,
მაინც ციმციმებ, მაინც ანათებ,
და სევდას ჩემში ამუწურავს,
ჩამოარიგებ, როგორც ბარათებს.

Tuesday, April 2, 2019

მანანა (საბავშვო ზღაპარი)

                 მანანა

    ველზე ლურჯი ია ამოსულიყო და მიწას თვალებში ცრემლებივით უკამკამებდა. გადმოხედა მზემ დედამიწას, რაზედ ტირიხარო, - ჰკითხა. - არ ვტირივარ, შენი ჭირიმე, - შესძახა დედამიწამ თავის მაცოცხლებელს, - აბა, ცრემლები რად გადგას თვალზეო, - ისევ ჩაეკითხა მზე. - ეს, ჩემო ბატონო, ცრემლები კია არა, პატარა იებია, ახლა ამოყვეს თავი ჩემი გამთბარი გულიდან ყველას გასახარად. მალე პატარა მანანა გაიღვიძებს და სანახავად მოვაო. გაიცინა მზემ. პატარა გოგო მანანას ისიც იცნობდა, მცენარეების და ცხოველების ქომაგს. ამას წინათ მინდვრის თაგვი ლელა დაკარგულიყო. ტიროდნენ წრუწუნები, დედა დავკარგეთო. გაიგო ეს ამბავი მანანამ, მოიარა ახლომახლო მინდვრები, კაკანათში გაბმული იპოვა, ვიღაცას ჩიტისთვის დაეგო. გაათავისუფლა, ამასაც უნდა ცხოვრება, პატარები სახლში ელიანო. მას მერე თაგვი ლელა და მანანა დამეგობრდნენ. დილაობით, როცა კარგი ამინდია, მინდორში სათამაშოდ გამოდის გოგონა, თან გამხმარი პურის ნატეხიც მოაქვს ლელასთვის. ახრამუნებს თაგვი მოსაკითხს, თვითონ კი ყვავილებს და პეპლებს ეთამაშება, წითელი კაბა აცვია, ყაყაჩოსფერი, პეპლებს რომ მოეწონოთ. ასხდებიან ხელისგულზე პეპლები, ისიც მათთან ერთად ტრიალებს, ტრიალებს, იცინის და ამბობს: ყველაფერი ბრუნავსო: ხეები, მინდვრები, მთები, ცა. სკოლაში უკვე ისწავლა, რომ დედამიწა ბურთივით მრგვალია და მზის გარშემო ტრიალებს. ერთ დღეს გადაწყვიტა კიდეც, შეემოწმებინა ასე იყო თუ არა,  უნდა ევლოთ, ევლოთ მას და მინდვრის თაგვ ლელას, დედამიწისთვის შემოევლოთ და ისევ აქ, ამ მინდორში, თავის სახლთან ახლოს დაბრუნებულიყვნენ.  დაადგნენ გზას, მაგრამ დიდი ხნის სიარულის შემდეგ დაიღალნენ, მოშივდათ, სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს, ექსპერიმენტი სხვა დროს ჩავატაროთო. ლელას სოროში თავისი წრუწუნები ელოდებოდნენ, ამდენი ხანი თუ უნდოდა იმის შემოწმებას, რომ დედამიწა მრგვალია და მზის გარშემო ბრუნავს, არ ეგონა. მისი აზრით, დედამიწა ის ორი-სამი მინდორია, სადაც დასუნსულებს ხოლმე საკვების მოსაპოვებლად, ერთ დღე-ღამეში შემოუვლის ხოლმე იქაურობას, თუმცა საშოვარზე წასვლა მაინც ღამით ურჩევნია, გარშემო სიწყნარე როცა არის, მანქანა არ გადაუვლის მოსავლის აღების დროს და კაცი ფეხს არ დააბიჯებს, მაგრამ არც ღამე არის უსაფრთხო, ბუ და ჭოტი მასზე ნადირობს.
       იმ ერთ მშვენიერ დღეს, როცა იები აკამკამდნენ მინდორში ტყის პირას, მანანა მართლაც გამოვიდა მათ სანახავად, მიესიყვარულა, მეც მინდა თქენსავით ლურჯი თვალებიო, - უთხრა. იებმაც სიყვარულით შეხედეს ბუნების ქომაგს, გადაწყვიტეს გოგონასთვის საჩუქარი გაეკეთებინათ. სთხოვეს, დილის ნამმა ძალიან დაგვასველა, ჭურჭელი მოიტანე და წვეთები მოკრიფეო. ასეც ქნა გოგონამ, სახლიდან ჯამი გამოიტანა და ყვავილების ფოთლებიდან ნამი ჩამოწურა, რომელიც მზის სხივებში ათასფრად ელვარებდა. რა საოცარი სითხეაო, - გაიფიქრა. ყვავილებმა დაუბარეს, დილაობით ამით დაიბანე ხოლმე პირიო. შეასრულა იების დანაბარები. ტრადიციად ექცა, მხოლოდ ყვავილების ფოთლების ჩამონაწურიდან იბანდა ხელ-პირს. იზრდებოდა და ლამაზდებოდა გოგონა, მზესავით ანათებდა მისი სახე, ხელები კი ოქროსი ჰქონდა, ყველაფერი გამოსდიოდა, რასაც ხელს მოჰკიდებდა. მის თვალებში მოხვედრილი ნამი კი ლურჯად აკიაფდა. როგორც მიხვდით, იებმა თავისი სილამაზით დააჯილდოვეს. ასეთი რამ კი ყველას არ ემართება, მხოლოდ - კეთილისმქნელთ.

Apr 2, 2019

Monday, April 1, 2019

მიფრინავენ დარდიანი წეროები...

მიფრინავენ დარდიანი წეროები,
მიფრინავენ რიგ-რიგად და წყება-წყებად,
ნეტავ, როდის, როდის მოვა გაზაფხული,
დაგვიბრუნდნენ, ნუთუ, ჩვენზე ღმერთი წყრება?!

ამპარტავნობს, ვხედავ, ზოგიერთი

ამპარტავნობს, ვხედავ, ზოგიერთი
და გვასწავლის დღენიადაგ ჭკუას,
თბილი სიტყვა ზოგ ჭრილობას შველის,
თბილი სიტყვა მოკლულ გულსაც კურნავს.

ვერ ვურიგდები...

ვერ ვურიგდები, დამაბერა თოვლმა და ყინვამ,
მომტეხა მხარი, გამთელების არ მაქვს იმედი,
ტოტებდამტყდარი გაზაფხული მიყურებს მყივანს,
სასო ვერ მომცა გადალახვის ქვეყნის დილემის.