ველზე ლურჯი ია ამოსულიყო და მიწას თვალებში ცრემლებივით უკამკამებდა. გადმოხედა მზემ დედამიწას, რაზედ ტირიხარო, - ჰკითხა. - არ ვტირივარ, შენი ჭირიმე, - შესძახა დედამიწამ თავის მაცოცხლებელს, - აბა, ცრემლები რად გადგას თვალზეო, - ისევ ჩაეკითხა მზე. - ეს, ჩემო ბატონო, ცრემლები კია არა, პატარა იებია, ახლა ამოყვეს თავი ჩემი გამთბარი გულიდან ყველას გასახარად. მალე პატარა მანანა გაიღვიძებს და სანახავად მოვაო. გაიცინა მზემ. პატარა გოგო მანანას ისიც იცნობდა, მცენარეების და ცხოველების ქომაგს. ამას წინათ მინდვრის თაგვი ლელა დაკარგულიყო. ტიროდნენ წრუწუნები, დედა დავკარგეთო. გაიგო ეს ამბავი მანანამ, მოიარა ახლომახლო მინდვრები, კაკანათში გაბმული იპოვა, ვიღაცას ჩიტისთვის დაეგო. გაათავისუფლა, ამასაც უნდა ცხოვრება, პატარები სახლში ელიანო. მას მერე თაგვი ლელა და მანანა დამეგობრდნენ. დილაობით, როცა კარგი ამინდია, მინდორში სათამაშოდ გამოდის გოგონა, თან გამხმარი პურის ნატეხიც მოაქვს ლელასთვის. ახრამუნებს თაგვი მოსაკითხს, თვითონ კი ყვავილებს და პეპლებს ეთამაშება, წითელი კაბა აცვია, ყაყაჩოსფერი, პეპლებს რომ მოეწონოთ. ასხდებიან ხელისგულზე პეპლები, ისიც მათთან ერთად ტრიალებს, ტრიალებს, იცინის და ამბობს: ყველაფერი ბრუნავსო: ხეები, მინდვრები, მთები, ცა. სკოლაში უკვე ისწავლა, რომ დედამიწა ბურთივით მრგვალია და მზის გარშემო ტრიალებს. ერთ დღეს გადაწყვიტა კიდეც, შეემოწმებინა ასე იყო თუ არა, უნდა ევლოთ, ევლოთ მას და მინდვრის თაგვ ლელას, დედამიწისთვის შემოევლოთ და ისევ აქ, ამ მინდორში, თავის სახლთან ახლოს დაბრუნებულიყვნენ. დაადგნენ გზას, მაგრამ დიდი ხნის სიარულის შემდეგ დაიღალნენ, მოშივდათ, სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს, ექსპერიმენტი სხვა დროს ჩავატაროთო. ლელას სოროში თავისი წრუწუნები ელოდებოდნენ, ამდენი ხანი თუ უნდოდა იმის შემოწმებას, რომ დედამიწა მრგვალია და მზის გარშემო ბრუნავს, არ ეგონა. მისი აზრით, დედამიწა ის ორი-სამი მინდორია, სადაც დასუნსულებს ხოლმე საკვების მოსაპოვებლად, ერთ დღე-ღამეში შემოუვლის ხოლმე იქაურობას, თუმცა საშოვარზე წასვლა მაინც ღამით ურჩევნია, გარშემო სიწყნარე როცა არის, მანქანა არ გადაუვლის მოსავლის აღების დროს და კაცი ფეხს არ დააბიჯებს, მაგრამ არც ღამე არის უსაფრთხო, ბუ და ჭოტი მასზე ნადირობს.
იმ ერთ მშვენიერ დღეს, როცა იები აკამკამდნენ მინდორში ტყის პირას, მანანა მართლაც გამოვიდა მათ სანახავად, მიესიყვარულა, მეც მინდა თქენსავით ლურჯი თვალებიო, - უთხრა. იებმაც სიყვარულით შეხედეს ბუნების ქომაგს, გადაწყვიტეს გოგონასთვის საჩუქარი გაეკეთებინათ. სთხოვეს, დილის ნამმა ძალიან დაგვასველა, ჭურჭელი მოიტანე და წვეთები მოკრიფეო. ასეც ქნა გოგონამ, სახლიდან ჯამი გამოიტანა და ყვავილების ფოთლებიდან ნამი ჩამოწურა, რომელიც მზის სხივებში ათასფრად ელვარებდა. რა საოცარი სითხეაო, - გაიფიქრა. ყვავილებმა დაუბარეს, დილაობით ამით დაიბანე ხოლმე პირიო. შეასრულა იების დანაბარები. ტრადიციად ექცა, მხოლოდ ყვავილების ფოთლების ჩამონაწურიდან იბანდა ხელ-პირს. იზრდებოდა და ლამაზდებოდა გოგონა, მზესავით ანათებდა მისი სახე, ხელები კი ოქროსი ჰქონდა, ყველაფერი გამოსდიოდა, რასაც ხელს მოჰკიდებდა. მის თვალებში მოხვედრილი ნამი კი ლურჯად აკიაფდა. როგორც მიხვდით, იებმა თავისი სილამაზით დააჯილდოვეს. ასეთი რამ კი ყველას არ ემართება, მხოლოდ - კეთილისმქნელთ.

Apr 2, 2019
No comments:
Post a Comment