Monday, May 30, 2016

გზადაგზა ვკრეფდი შენს ნაფეხურებს

გზადაგზა ვკრეფდი შენს ნაფეხურებს,
კვალში გედექი, როგორც ჯაშუში,
ეჭვმიტანილის მკლავდა ეჭვები,
ეს იყო გუშინ, ახლო წარსულში.
განშორების წუთს ჩემს გულში ვმალავ,-
ზეცის ერდოზე გავამზეურებ,,,
სიზმარშიც, ცხადშიც, ჩემთან ხარ მარად...
მე შენი კიბის ვთვლი საფეხურებს.


Sunday, May 29, 2016

ლომონის გემო

შენი ტუჩიდან ავიტაცე
ლიმონის გემო,
ტკბილი და მჟავე,
სანამ სხეულში ჩამისახლდი,
დამიტრიალდი,
ცრემლები ვყლაპე
შენთან სიშორის,
ახლა ერთად ვართ
და ლიმონის
უცნაურ გემოს
ვეღარ ვიშორებ.



ზამთარი (საბავშვო)

მე ზამთარი ვარ, ცივი ზამთარი,-
თოვლი და ყინვა, რომ გტეხავთ ძვლებში,
გადავახურე თეთრი ნაბადი ველებს,
ქარაშოტს დავუთმე გზები.
ნამქერით მთაში დავფარე ბზები,
ხეზე დავკიდე თოვლის გუნდები,
ვიცი, გახარებთ და მეც მახარებს
რომ პატარების დამაქვს გულები.

სიტყვა

სიტყვა დავწერე ფერადი,
მუზებთან დავდე ფიცი,
ჩამოვიშორე სიბრიყვე,
გონი დავტვირთე ფიქრით,
ჩემი ცხოვრება გაქრება,
სიტყვა დარჩება, ვიცი.

Saturday, May 28, 2016

ფულისთვის გაყიდული სინდისი

ფულისთვის გაყიდული სინდისი,
სულის წილ მიღებული ქონება,
მითხარი, რისთვის გჭირდება,
თუ კი არ გელის ცხონება?!

ვისთანა ხარ, ვისთვის მღერი?!

ვისთანა ხარ, ვისთვის მღერი,
როცა დედას გული სტკივა,
როცა შენს ძმას მგლები გლეჯენ,
კარი მტრისთვის გაგიღია.
ვისთანა ხარ, ვისთვის მღერი,
ზარი ისმის ქართლის დედის,
დაუფლითავს ხორცი ტყვიას,
შენ კი მტრების გულზე გძინავს..

მთის ჰაერივით მჭირდები ახლა

მთის ჰაერივით მჭირდები ახლა,
სულს კაეშანი ჩრდილივით ახლავს.
როგორც ირემი, გეძახი, გელი,
შენთვის სათქმელი შემომრჩა ბევრი.

მოვიხსენი სადედოფლო სამკაული

მოვიხსენი სადედოფლო სამკაული,
თან წაიღო სილამაზე უღვთო დრომან,
ტვირთი მაწევს ხარ-კამეჩის სათუთ მხრებზე,
ცხოვრება კი ადიდებულ ტალღებს მოჰგავს.
ოცნებისთვის მაინც დამრჩა გულის სითბო
და ბავშვივით კვლავ მახარებს ზღვების კენჭი,
გავიხადე მე სამოსი სადედოფლო,
მზად ვარ ახლა, ვატრიალო უფლის კევრი.

მიყვარს

მიყვარს, როდესაც ზღვა არის ლურჯი,
ცისარტყელებად ირწევა მზეზე,
თოლიასავით მოჩანს ფრეგატი,
მე კი, სივრცეში შენს სახეს ვეძებ.

Saturday, May 21, 2016

ვინ შეძლებს ჩახმახს გამოკრას ხელი?!

გაჩხერილი ვარ ლულაში ტყვია,
მინდა დავხვრიტო სამშობლოს მტერი,
მაგრამ ვაი, რომ ძმა არის ჩემი, -
ვინ შეძლებს ჩახმახს გამოჰკრას ხელი?!

Tuesday, May 17, 2016

გული

გული ბევრ სევდა-ვარამს ინახავს,
სიხარულისთვის პოულობს ნათელს,
რაც არ გვეკუთვნის, ის გვსურს ხანდახან,
ბედი კი, რაც გვაქვს, იმასაც გვართმევს.

Sunday, May 15, 2016

ნატვრა

სახე მქონდეს თამარისა,
დედოფალის მეპყრას კვერთხი,
მიმაფრენდეს თეთრი რაში,
თავზე მედგას ნათლის სვეტი.

Saturday, May 14, 2016

ღმერთო, მომეცი იმედი!

გამომიგზავნე იმედი,
კრიტიკულ ზღვარზე მივედი,
სულში ჩამდგარა წყვდიადი,
მიზნები მქონდა დიადი.
ჩემი ბავშვობის ოცნება,
დამდგარა მუხლზე მლოცველად,
ტვირთი მკიდია ლოდებად,
გულში ჩამდგარა გოდება.
ღმერთო, მომეცი იმედი,
ნუღარ მატარებ მღვიმეთი,
ირგვლივ მოფინე ნათელი,
აღარ ტიროდეს ქართველი!


Friday, May 13, 2016

ოჰ, ეს ქერა ქალები

ოჰ, ეს ქერა ქალები,
სხივებს მინამგვანები,
შავგრემანი ბესტია,
ღამის ქალაქს ეწვია,
ჭორფლიანი, წითური,
გამოხედვა ციური,
თინათინობს მიდამო,
ყველა ჩვენთან ბინადრობს.
ანდამატით იზიდავს
ზოგს- მზისფერი ყაყაჩო,
სიყვარულში დაახრჩობს,
ზოგს - გვირილა, თეთრგულა,
საბნად ზეცა ებურა,
ზოგსაც -- ია, ცისთვალა,
ედემის ბაღს ებარა,
ზოგს კი -ვარდი, ნარნარი,
ნატიფი და ნანატრი.
ლამაზია მანანა,
ციურ ცვარმა დაბანა,
მომაისობს ქეთინო,
გული არვის ეტკინოს,
ყველას ჯობნის სოფიო,
გააკვირვა მსოფლიო,
ალუბალის სიმწიფე
მის ტუჩებზე იძინებს.



Thursday, May 12, 2016

ის მიყვარდა, მაშინ ვერ ვთქვი

სიყვარულის მფენდა სხივებს 
ჩემი სახლის ახლოს ვერხვი,
გავივლიდი, ხელს მოვხვევდი,
ის მიყვარდა, მაშინ ვერ ვთქვი...
მინდა წელზე შემოვერტყა,
მაგრამ ხელით ვეღარ შევწვდი,
უწინდელი ნაზი, ნორჩი,
ცას უსწორებს ტოტებს ვერხვი.

Thursday, May 5, 2016

შენში ვარ

სულმოუთქმელად ველი დილას,
ღამემ დამღალა, აცეკვდეს სხივი
შენს თვალებში, ღიმი მომგვაროს,
დამასვენებდეს ნეტავ იმ დღეს
მტანჯველი ფიქრი, ხელში დავწურავ
შენი სულის ფერად სამყაროს.
გამინათდება, უსათუოდ გამინათდება
სულის კუნჭული, სადაც სძინავთ
შავ-თეთრ  დემონებს, ადამის სახით
ჩასაფრებულებს, რომელთა ხილვა
ისევ მაშფოთებს, დედას მაგონებს
და ბავშვობას, აკვნის არტახებს, ქალთა სალონებს,
საღებავის სუნს, მეტროს ვაგონებს,
სოფლის ბილიკებს,  თავსაფრით ბებოს,
დოს, ხაჭაპურებს, დაზვინულ ფერდობს.
სხეულში იძვრის მამულის სიყვარული,
მოჭიდებული ხეებს, სიმინდის ყანებს,
ვენახის ჭიგოებს, აღარ მინდობენ
მოგონებები, დაამინდობენ...
ისევ შენთან ვარ, გამეჩხირა
ყელში აკვანი, ღვინის მარანი,
ცხენის უზანგები, ჭრელი მუთაქები,
ჩხირები, საქსოვი ძაფები,
ალვები, ჭადრები, კაკლები,
ჩურჩხელა, თათარაში ნავლები,
ნეტავ რა ვპოვე მე ამაზე უფრო მაგარი?!
დავტოვე მიწა, მამა-პაპის ნაამაგარი,
მეძახის, მელის კვირტი  ყოველი,
შენში ვარ, შენზე გულით მლოცველი.








მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს

მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს,
დრომ ვერ ჩააქრო კორიანტელი,
მე უბედობას თითქოს ვთამაშობ, -
შენთვის დავანთე ყველა სანთელი.

Tuesday, May 3, 2016

ხანმოკლე არის ქვეყნად სიცოცხლე

სული მიფრინავს, როგორც პეპელა,
ხანმოკლე არის ქვეყნად სიცოცხლე,
და რამდენ ბოროტ და რამდენ კეთილ
საქმეს ასწრებს და მძევლად გვიტოვებს.

მენატრები, მერე როგორ ავიტანო ( სიმღერა)

მენატრები, მერე როგორ ავიტანო,
უშენობის მხარზე მაწევს ზვავები,
გულში ზიხარ, დანთებული ნაკვერჩხალი,
სახეზე კი მომდებია ალები.
მთვარის შუქმა გამინათა ეზო-კარი,
აივანზე რომ გეძინა ტანკენარს,
დედოფალი უგვირგვინო
შენ ხარ მხოლოდ, ახლობლები
გეძახიან მზევინარს.
მზე ვინ არის შენთან,
ჩემო, ერთადერთო,
ოკეანის მარგალიტო, საუნჯე,
შენი სახე თან წამყვება სამარეში,
თვალთა ელვა დამბრმავებს, მამუნჯებს.

,



გიყვარდეთო საქართველო მუდამ!

გიხაროდეთ, სასოება იშვა, 
ჩვენს ოცნებებს მოუსხია ფრთები,
-"გიყვარდეთო, საქართველო მუდამ,
იცოცხლებს და იდღეგრძელებს თქვენით!"
-სამრეკლოა, აჟღარუნებს ეჟვნებს.

ძველმოდური ლექსი


-მიყვარხარო, ჩემო კარგო,
-მომაძახა ალუბალმა,
-შენნაირი ლამაზიო,
არის ფერთა გადასახვა,
პირი ვარდის კოკორს გიგავს,
თვალი იას, ლურჯთვალებას,
იასამნის სურნელი გაქვს,
მიჰყოლიხარ ქარის ნებას,
-გავუღიმე ჩემს მაქებარს,
ნიავს კოცნა გავატანე,
ტუჩი ტუჩსა შევაწებეთ,
მარტოობა ვასამარეთ!

ეფემერა

რთული არის საპოვნელად, 
ვეძებთ, ვეძებთ მთელი გულით,
გვშურს, თუ ვინმეს ეფემერა 
გახვევს თავის დიად შუქში.
ოცნებებში გაიტაცებს,
შემოახვევს თავის კალთებს,
აჭრის ზევით, მერცხალივით,
ბოლოს მიწას დაანარცხებს.

მოვიხდი სასჯელს

მე შენს სიზმრებში გავინავარდე,
მოვიმკე ყანა, დავკრიფე ვარდი,
და დავრჩი შენში, როგორც სახადი,
ამისთვის ალბათ მოვიხდი სასჯელს.

Sunday, May 1, 2016

ჩამომეცალეთ, ყვავებო!

სევდამ ჩამიკრა თვალი,
ყალბად მიცინის, ვხედავ,
უნდა მიმიღოს სახლში,
მერე მაგინოს დედა.
ცრემლი მაწვიმოს სახიდან,
ვიძახდე, ვაი, ჩემს თავს,
სასო წამართვას, დამაგდოს,
წამების ცეცხლი მედვას,
მივხვდი, ყალბია ღიმილი,
სევდას რა უნდა ჩემთან,
ჩამომეცალეთ, ყვავებო,
უნდა გიტიროთ დედა!